მარიამ მიქელაძე – არასრულწლოვანთა ქორწინების მიზეზები და შედეგები

თანამედროვე მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სულ უფრო მეტად იღებს ჰუმანურ შინაარსს, მრავალი ისეთი ფაქტი გვხვდება, რომელიც საზოგადოებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. გარკვეული პირების გაუაზრებელი ქმედებები საზოგადოების უკან დახევის მიზეზი ხდება. საზოგადოებამ ცივილიზაციის მიღწევამდე საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო, თუმცა ზოგიერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია.  უშეცდომო არავინაა, მაგრამ ზოგიერთი მცდარი არჩევანისგან გვერდის ავლა მაინც შესაძლებელია.
დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ მოუგვარებელია არასრულწლოვანთა ქორწინებაა, რომელიც სტატისტიკურადაც დასტურდება. პრობლემის გლობალურ მასშტაბზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გაერომ ამ საკითხს წლიური ანგარიში მიუძღვნა, სახელწოდებით – „დედობა ბავშვობაში“. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი – 30 წამში.
„ქორწინება“ განიხილება, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილების დაგვირგვინება ოფიციალურად. ხოლო არასრულწლოვანთა ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.
რა შეიძლება იყოს არასრულწლოვანთა დაქორწინების მიზეზი?
ეს კითხვა საკმაოდ ბევრს უჩნდება, თუმცა ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა ყველას უჭირს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი შეიძლება იყოს სიღარიბესთან და დაბალ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული. მეორეს მხრივ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანთა კერძოდ გოგონების გათხოვება ხდება იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობენ და სურთ, რომ ამ გრძნობის კომპენსაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინონ. ასევე არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ. თუმცა უფრო ხშირი მიზეზი არასრულწლოვანთა დაქორწინებისა არის ადრეულ ასაკში დაორსულება. რა საკვირველია ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ხშირად არასათანადო განათლებაც სახელდება, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში ბავშვები ნაკლებად იღებენ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ. პედაგოგები თითქმის არ განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გადამდები დაავადებები, მავნე ნივთიერებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ნაადრევ ქორწინებას, ორსულობას და ა.შ. მოჰყვება. ამ ინფორმაციას მოზარდები ხშირად არაფორმალური წყაროებიდან – თანატოლებისგან, ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან – იღებენ. ამგვარად მიღებული ინფორმაცია კი, როგორც წესი, არაზუსტია.  თუმცა ერთხმად აღიარებენ, რომ ხშირად არასრულწლოვანთა დაქორწინება სიყვარულის საფუძველზე ხდება.
მაგრამ ჩნდება კითხვა არის თუ არა საკმარისი სიყვარულის გრძნობა?
რა თქმა უნდა არა! რადგან არასრულწლოვნებს არ აქვთ კარგად გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობაა ოჯახის შექმნა. არასრულწლოვნები არ არიან ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებულნი. ბევრის ფიზიოლოგიური განვითარება ნახტომისებურად მიმდინარეობს და ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ ასწრებს ისე განვითარებას, როგორც ამ დროისთვის სხეულის სიმაღლისა და წონის მატება ხდება. იმ მოზარდებისთვის, რომელთა ორგანიზმმაც მომწიფების საჭირო დონეს ვერ მიაღწია, ადრეული ქორწინება შესაძლოა არასასურველი იყოს. განსაკუთრებით ეს გოგონებს ეხებათ, რადგან ეს მომავალ ბავშვზე იმოქმედებს და მისი ჯანმრთელობის დონეს განსაზღვრავს.
ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე გოგონას დაორსულების გამო შექმნილი ოჯახია. აქ შეიძლება ორი ვარიანტი იყოს: ეს გოგონა ყოფილიყო შემთხვევითი ნაცნობი, რომელიც ერთჯერადი სქესობრივი აქტის საფუძველზე დაორსულდა, ან ის, ვინც ნამდვილად უყვარს ბიჭს. პირველ შემთხვევაში, ნაკლებად ნაცნობ ადამიანთან იძულებით შექმნილი ოჯახი უფრო მეტად ექვემდებარება კრახის რისკს. სამწუხაროა, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგონების უმრავლესობა ვერ ახერხებს განათლების მიღებას. ასეთი ოჯახები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.
რა შედეგები მოსდევს ადრეულ ქორწინებას?
ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგონები სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტებში ვერ ახერხებენ, რადგან მათ ორსულობა ან ოჯახური მდგომარეობა უშლით ხელს. ეს საკითხი უფრო ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ იმიტომ განიხილება, რომ მათი პარტნიორი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ასაკობრივად ბევრად დიდია გოგონაზე, სადაც ადგილი აქვს დისბალანსს. გაუაზრებელი ქორწინება კი ხშირად წყვილის დაშორებითაც დამთავრებულა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, როგორც წესი, ახალგაზრები ამ ასაკში არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. დაუგეგმავმა სქესობრივმა ცხოვრებამ კი, შესაძლოა, გოგონები მიიყვანოს ხელოვნურ ან თვითნებით აბორტამდე, რაც მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული: სისხლდენა, ჰორმონული დისბალანსი, ანთებითი დაავადებები. დიდი შანსია იმისა, რომ ამ ყველაფერმა უშვილობაც გამოიწვიოს. ამრიგად, ადრეული ქორწინება არის სოციალური ინტეგრაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, არასრულწლოვანი, როდესაც ოჯახდება ის საკუთარი ნების გარეშე თუ ნებით უარს ამბობს ბევრ ცხოვრებისეულ ასპექტზე. მაგალითად: გართობაზე, სახლში გვიან დაბრუნებაზე, მეგობართან დარჩენაზე, სამსახურზე და თამამ განცხადებებზე, წარმატებულ კარიერაზე და წარმატებულ მომავალზე, განათლებაზე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხდება მეუღლეზე დამოკიდებული. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბიჭებს ხშირად ცოლი საკუთარი მშობლების ხარჯზე მოყავთ და აქ რა თქმა უნდა საუბარი ზედმეტია „რძლის“ უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგი იქნება ახალგაზრდები დაფიქრდნენ, არის თუ არა მათი გადაწყვეტილება სიყვარულზე ან მხოლოდ ლტოლვაზე დაფუძნებული, არის ეს მშობლებისგან გაქცევა თუ დამოუკიდებლობის სურვილი? დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა: რამდენად მზად არიან ოჯახის შექმნისთვის და რას მოელიან ქორწინებიდან? ღირს საკუთარი წარმატებული მომავლის დათმობა ქორწინების გამო, რომელიც შეიძლება კრახით დამთავრდეს?

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.