მარიამი ქებურია – ადამიანი და სამყარო

… – დედა, მე სამყაროს ნაწილი ვარ?
– კი, შვილო.
– შენი აზრით, ადამიანი ამით კმაყოფილი უნდა იყოს?
დედამ ჩაი დაასხა, ხელი ხელზე დამადო და მითხრა:
– ამქვეყნად გატარებული ყოველი დღისთვის ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა, უმიზეზო თვითკმაყოფილება არ ვარგა შვილო, არავის წაადგება.
– დედა, შენ კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს? ნუთუ, არ მოგბეზრდა ამ ნანგრევებში ცხოვრება, ყოველდღე ერთი და იგივე საკვების მირთმევა და ჩემი უკმაყოფილების ატანა? არ გინდა, შენც ისე ლაღად ცხოვრობდე, როგორც სხვები?
– არ მესმის შვილო, რითი უნდა ვიყო უკმაყოფილო, საკუთარი თავის გარდა?! მე ხომ არასდროს მიყვარდა თავის გამოჩენა და ჩემი მიზნების განხორციელება, ზედმიწევნით ისე, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ… კმაყოფილი ვარ იმით, რომ სიცოცხლის ხალისი მაქვს, რადგან შენ მყავხარ, შენ, ჩემო გოგონა!
– დედა, იცი, სკოლაში ერთმა კეთილმა კაცმა ფუნთუშა მიყიდა, მადლობა გადავუხადე და მორიდებით ჩანთაში ჩავიდე, ვიცოდი, რომ შენც გეშიებოდა, გთხოვ, მიირთვი ჩემთან ერთად.
დედა გაჩუმდა, ხმა აუკანკალდა და თვალები აუცრემლიანდა, ცდილობდა ეს მე არ შემემჩნია, მაგრამ ვერ გამომაპარა.
– ჩემო გოგო, ასე აღარასდროს მოიქცე, ახლა კი მიირთვი, მე უნდა წავიდე, იქნებ დღეს მაინც გავყიდო ცოტაოდენი მზესუმზირა.
– დედა, არა, არ წახვიდე, გთხოვ, შენც დანაყრდი და ერთად წავიდეთ.
– ნუ მიჯიუტდები, დედას დაუჯერე!
– კარგი, მაგრამ მე მხოლოდ ნახევარს შევჭამ.
დედამ გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და ისე გაიქცა, თითქოს სადმე აგვიანდებოდა…
მივხვდი, რომ დედას მშვენიერება მხოლოდ გარეგნობით არ მთავრდებოდა, მისი უსასრულოდ სპეტაკი სული, გამძლეობა და ღვთისმოშიშობა ყოველდღე პუნქტებად იწერებოდა ჩემს გონებაში. მინდოდა მას დავმსგავსებოდი, მაგრამ სიღარიბეში არ მეცხოვრა, ჩემს შვილებს ნახატებიანი წიგნები, ფანქრები და ლამაზი რვეულები თავიანთი თანატოლებისგან არ შეშურებოდათ, ამიტომაც, გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვნა და მივაკვლიე კიდეც, სახელად: “თ ვ ი თ რ ე ა ლ ი ზ ა ც ი ა.”

მიზნად დავისახე, რომ თავდაჯერებული, მოხერხებული, დაუზარელი ვყოფილიყავი და ჩემი შრომის ფასად მიმეღწია საწადელისთვის, დღითიდღე უფრო მიადვილდებოდა ამის კეთება და ვცდილობდი ჩემი ცხოვრების წესი, ყოველი ეტაპი გაკვეთილად მექცია ყველასათვის; ავიღე ფურცლები და ძალიან წვრილი ასოებით აღვბეჭდე რა მიმძიმდა და მიხაროდა (ყოველდღიურად). გაკვეთილებსაც ბეჯითად ვსწავლობდი, დამატებით წიგნებს თანაკლასელები მაძლევდნენ და ვამჩნევდი, რომ ახლანდელი ცხოვრება ძველებურად რუტინული არ იყო… ეს ჩემი პირველი, მცირე მიღწევაა, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. ამდენად, ვასკვნი, რომ ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართება ის დოვლათია, რომელსაც თავდ ადამიანი ქმნის და მართლაც, შეუძლებელი არაფერია!

ჩემი სამყარო ვიპოვე, ის დედას თვისებებმა და მდგომარეობამ მაპოვნინა. ადამიანები ვიბადებით, ცხოვრებისეული მაგალითებით ვყალიბდებით და სწორედ ჩვენ ვქმნით სამყაროს, რომელიც სუბიექტურ შესაძლებლობებსა და ქმედებებს პროპორციულად მიემართება.

ადამიანი – სულიერი, რომელიც თავისი ნამოქმედარ-ნაღვაწარით სამყაროს მნიშვნელოვანი, ან უმნიშვნელო ნაწილი ხდება.
სამყარო – გარემო, რომელსაც სხვადასხვა სოციალური ფენა ქმნის, სადაც შეიძლება ურთიერთობები კომუნიკაციამ, განხეთქილებებმა, ან ლოიალურმა დამოკიდებულებებმა დააბალანსოს.
ღვთისა და მშობელი დედისგან ნაბოძები სიცოცხლით, დაბადების წამიდან სიკვდილის ჟამამდე, სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი ვხდებით და ამის შემდგომ ჩვენი მისია პირნათლად უნდა შესრულდეს, სააქაოსთვის, უფლისა და ერის წინაშე.

სამყაროში ყველაფერი ქაოსური და ცვალებადია, ისევე როგორც ადამიანის ხასიათსა და ცხოვრებაში. მაშასადამე, პიროვნების მდგომარეობა სამყაროში მომხდარ სხვადასხვა გარემოებას ეფუძნება.

ყველა სხვა ღირებულებაზე უპირატესი ადამიანური ფასეულობებია და იგი უფრო მეტად გვამშვენებს ჩვენ. პირადი ინტერესებისა და მთავარი მოტივის დაგეგმარება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ამ მეთოდით გვიადვილდება სამყაროში თავის სრულყოფილად დამკვიდრება.

ხალხი ქმნის სამყაროს, ის კი თითოეულ ადამიანს აყალიბებს. აქ ყოველი ახალი სიტყვა და ნაბიჯი თვითრეალიზაციის საწინდარია, ყოველივე ზემოხსენებული – ჩვენი შანსი…

რაც უფრო დამოუკიდებელი, ნოვატორი და ინდივიდუალურია ადამიანი, მით უფრო მარტივდება არსებობა (სამყაროს ღირსეულ ნაწილად ქცევა) და პიროვნული თავისუფლება.

“რამდენადაც შეუმჩნევლად ვიბადებით, იმდენად შესამჩნევად უნდა წავიდეთ ცხოვრებიდან.“ ვფიქრობ, ეს არის ფუნდამენტური იდეა, იმისა, რომ გავხდეთ სამყაროს ინდივიდუალური და მნიშვნელოვანი წევრი.

ალბათ, ნამდვილი უტოპიაა, რომ ადამიანები სამყაროს ქმნიან, ხოლო სამყარო ადამიანებს. კანონზომიერი და უეჭველად აღსანიშნავია შეგნებული და ღირებული არსებობა, ცნობიერების ამაღლება, დაფიქრება – რა არის სამყარო, რას ან ვის მოჰყავს იგი სრულყოფაში?!
ვპასუხობ, – ადამიანის რაობასა და მზაობას, გახდეს დამოუკიდებელი და ამდენად, სრულყოს გარესამყაროც.
დაბოლოს, როგორც კოსმოპოლიტ მწერალს, ნიკოლოზ ბარათაშვილს უთქვამს:
“არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.