კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა” (განხილვა)

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

“დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტობრივად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.

“დიდოსტატის მარჯვენა” იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.

შექმნის ისტორია

“დიდოსტატის მარჯვენა” მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“[1]. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა[2].

კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი[3]. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.

სიუჟეტი

სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010 -იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსუკიძის მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია,მაგრამ არა ისეთი მორწმუნე,როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად.. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან.მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგი აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია..

მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთი მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რომ დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას , თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს( რომელიც არ არის სპარსი) ავალებს.. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზების გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.

ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვიტავს და როცა გაიგებს არსაკიძის და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.

ტაძრები და ციხეები

ნაწარმოებში მრავალი ისტორიული ხუროთმოძღვრების ნიმუშია ნახსენები. მათ შორისაა ეკლესიებიც და ციხესიმაგრეებიც.

ციხეები
  • ქორსატეველა
  • ხერკი
  • პანკისი
  • ყველისციხე
  • ღართისკარის ციხე
  • თუხარისი
  • კვეტარი
  • ცხვილო
  • თმოგვისციხე
  • ლარგვისი
  • ოჩანი
  • ტორღვა
  • შურის ციხე
  • თავადიციხე
ეკლესიები და ტაძრები
  • სვეტიცხოველი
  • სხალტბის ეკლესია
  • ბედია
  • აია სოფია
  • ბაგინეთი
  • ბაგინეთის მთის ლეგენდა
  • ბოლნისის სიონი
  • გელათი
  • ზედაზენი
  • ჯვრის მონასტერი
  • ოლთისი
  • სამთავროს დედათა მონასტერი

პერსონაჟები

სოსო სიგუას აზრით „დიდოსტატის მარჯვენაში” ავტორის „მე” ორ ნაწილად განიყო – გიორგი მეფედ და კონსტანტინე არსაკიძედ. პირველი ეროვნული იდეალების მტვირთველია, მეორე – შემოქმედებითი სულისა. პოლიტიკა და ხელოვნება პიროვნების ძალმოსილების გაცხადებაა, ერთი – რეალობაში, მეორე – ოცნების სფეროში. ორივე პერსონაჟის პროტოტიპი არის თავად ავტორი, ხოლო ფორმალურად – საქართველოს მეფე გიორგი და სვეტიცხოვლის ამგები არსუკიძე, რაც მწერალმა არსაკიძედ აქცია, რადგან „სუკი“ სხვა ასოციაციებს აღძრავდა….

საინტერესოა ისიც, რომ ბავშვობაში კონსტანტინე გამსახურდიას მამა მოფერებით „უტას” ეძახდა. ასევე, უტას არქმევს დედა არსაკიძეს და ამ სახელს ეძახის მას შორენაც.

კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენას” რომ წერდა, იმ პერიოდში დაიბადა ზვიად გამსახურდია. მოგეხსენებათ, ნაწარმოებში არის ერთი პერსონაჟი – სპასალარი ზვიად ერისთავი, გიორგი პირველის ჯარების სარდალი. თითქოს სარდლის სახელი დაანათლა მწერალმა შვილს. სახელი „ზვიადი“ ისტორიულად არსებობდა ძველ დროში, მაგრამ, ამ მივიწყებული სახელის, ისევე როგორც „შორენას“ გავრცელება, კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურებაა. ეს სახელი მწერალმა თავის პირველ შვილიშვილს დაარქვა.

როგორც ვიცით, ოვსთა მეფის ასული ბორენა იყო გიორგი პირველის ვაჟის – ბაგრატ მეოთხის მეუღლე, რომელსაც მიეწერება ერთი მშვენიერი ლექსი – „რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი“. კონსტანტინე გამსახურდიამ „ბორენა“ შორენათი“ შეცვალა, მიანიჭა ამ სახელს უფრო მეტი კეთილხმოვნება და, ამიტომაც, სწრაფად გავრცელდა. თუმცა, არის ცნობა, რომ ეს სახელი არსებულა ძველ საქართველოში. როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, ბორენა ყოფილა სკვითურ-ალანური სიტყვა და ნიშნავს „წაბლისფერთმიანს”.გიორგი პირველის მეორე ცოლი იყო ალდე, ოვსთა მეფის ასული, რომელთანაც შეეძინა ვაჟი – დემეტრე (დემეტრეს შთამომავალი იყო დავით სოსლანი – თამარის მეორე ქმარი). ეს ფაქტი აირეკლა მეფე გიორგისა და შორენა კოლონკელიძის ურთიერთობაში. ამდენად, ალდეს კოლონკელიძის ასულის პროტოტიპად მივიჩნევთ.

ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები

  • გიორგი — საქართველოს მეფე
  • მარიამი — დედოფალი
  • კონსტანტინე არსაკიძე — ხუროთმოძღვარი, სვეტიცხოვლისამშენებელი
  • მელქისედეკი — კათალიკოსი
  • ზვიად სპასალარი — მეფის გულდინჯი მრჩეველი
  • ფარსმან სპარსი — მეფის მრჩეველი
  • გირშელი — ყველისციხის პატრონი
  • თალაგვა კოლონკელიძე — ურჩი ფეოდალი
  • შორენა — თალაგვა კოლონკელიძის ასული
  • გურანდუხტი — თალაგვა კოლონკელიძის მეუღლე
  • მამამზე ერისთავი — ურჩი ფეოდალი
  • ჭიაბერი — მამამზე ერისთავის ვაჟი
  • ბორდოხანი — მამამზე ერისთავის მეუღლე
  • შავლეგ ტოხაისძე-ჭიაბერის ძუძუმტე
  • ვარდისახარი — ოსთა მეფის ხარჭა
  • კატაი — მამამზე ერისთავის ასული

კონსტანტინე გამსახურდია ხშირად იმეორებდა: ისე ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც ბიბლიური იაკობი – თავის მრისხანე ღმერთსო. როგორც ვხედავთ, ამ სიმბოლიკით ქართულ სიტყვას ღმერთთან აიგივებდა, თავის თავს – იაკობთან.

იაკობს ჰყავდა თორმეტი ძე, რომელთა სახელები დაერქვა მათგან წარმოშობილ ისრაელის თორმეტ ტომს. ღმერთი მფარველობდა იაკობს, მაგრამ, ღამით, იორდანეზე გადასვლის წინ, დაუხვდა თავის რჩეულს და ანგელოსის სახით დაეჭიდა. მთელი ღამე იბრძოდნენ, მაგრამ ვერ სძლია ანგელოსმა იაკობს, მხოლოდ დააკოჭლა იგი – თეძოს სახსარი უღრძო (დაბადება, თ. 32, მ. 24-32).

იაკობი ღმერთმებრძოლი გმირია, უფლის მეტოქე და მძლეველი…

განგების ნებასთან ბრძოლას ადარებს მწერალი შემოქმედებას, უფლისთვის კურთხევას თუ მარადიული ცეცხლის წართმევას, რათა იგი ხალხს გადასცეს…

ეს მოდელი გადავიდა „დიდოსტატის მარჯვენაში”, სადაც არსაკიძე ხატავს იაკობის შერკინებას უფალთან. ღმერთს კათალიკოს მელქისედეკის თვალები აქვს, იაკობს – ხუროთმოძღვრისა. სასიკვდილო ზმანებაშიც მგლისფერთვალება მოხუცს ერკინება მკლავმოკვეთილი არსაკიძე, მაგრამ, არ მისცა სული კათალიკოსის სახით მოსულ ქრისტიანულ ღმერთს მომაკვდავმა, რადგან სვეტიცხოვლისთვის, ანუ ხელოვნებისთვის შეეწირა იგი.

იაკობი და ისაევი ტყუპები იყვნენ. მათი მეტოქეობა დაიწყო დედის მუცლიდანვე და მთელი ცხოვრება გაგრძელდა. განმეორდა აბელისა და კაენის მითი, რომლის სიმბოლიკითაც კაენი იაკობს უნდა ეწოდოს, როგორც ძმის მოშუღლარსა და მამის კურთხევის მოტყუებით მიმტაცებელს.

რევაზ მიშველაძე წერს: მეფე გიორგი `დიდოსტატის მარჯვენის~ ერთი უაღესად საინტერესო და გამოკვეთილი სახეა. ბაგრატიონთა ამ სახელოვან შთამომავალს მძიმე დროში მოუხდა მეფობა. მას, ჯერ კიდევ უწვერულ ჭაბუკს, თორმეტი წლის ყმაწვილს სამეფო სკიპტრა მისცეს ხელთ და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების ურთულეს პოლიტიკაში გარკვევა მიანდეს. ავტორმა საოცარი ზომიერებით, მოკრძალებით და მხატვრული ტაქტით შექმნა მეფე-მონარქის კოლორიტული სახე. გვიამბო ტრაგიკულ ბედზე ახალგაზრდა ბრძენი მეფისა, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველა ღირსება და ნაკლი თავისი ერისა შეურცხვენლად ატარა, როგორც მეფემ და როგორც კაცმა.

პრობლემები და ესთეტიკა 

ქართულმა ქრისტიანულმა ხელოვნებამ არაერთი „ქვის ბიბლია“ (ვიქტორ ჰიუგო) შექმნა, მათ შორის, ბევრი იქცა მწერალთა შთამაგონებლად, მაგრამ ამჯერად სვეტიცხოველს გამოვარჩევთ, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ რომანის „პერსონაჟად“ აქცია. ერთი შეხედვით, პასუხგაუცემელი კითხვა: „რა ხელმა ააგო?“ (გალაკტიონი, „ქებათა ქება ნიკორწმინდას“) კონსტანტინე გამსახურდიას რომანით  ერთ მშვენიერ  „პასუხად“ იქცა. ამ რომანში მწერალმა გამოიყენა  ევროპული თუ ქართული ისტორიული   რომანის ტრადიცია, გამოგონილი და ისტორიული მასალის იმგვარი სინთეზი შექმნა, რომელმაც მკითხველი მოთხრობილ ამბავთა „რეალობაში“ დააჯერა.  „ოცზე მეტი საუკუნის განმავლობაში არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში. ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არანაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვრის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას, მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე“, – მწერალი ამ სტრიქონებით კარგად გამოხატავს, რამ უბიძგა რომანის შესაქმნელად. მან ნაწარმოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა:

  1. ხელოვნების უკვდავების იდეა;
  2. საქართველოს თავისუფლების იდეა (ისტორია და თანამედროვეობა).

ხელოვნების უკვდავების იდეა მან  ხუროთმოძღვარ კონსტანტინე არსაკიძის მხატვრული სახის შექმნით წარმოაჩინა. მას თვალწინ ჰქონდა სვეტიცხოველი, როგორც  საქართველოს ერთიანობისა და დიდი რწმენის სიმბოლო, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ამიტომ მიზნად დაისახა, ეჩვენებინა, რა ვითარებაში როგორ და ვის მიერ იქმნება მსგავსი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურის სახეს წარმოაჩენენ.

ტაძართან დაკავშირებით რა ისტორიული წყაროები გააჩნდა ავტორს?

  1. ხალხური გადმოცემა (ეპიგრაფად წარუმძღვარა ეს ლექსი რომანს);
  2. სვეტიცხოვლის კედლის წარწერები და ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული მარჯვენა;
  3. ეპოქის კონტექსტის შესაქმნელად ქართული, ბიზანტიური და  სხვა ისტორიული წყაროები და ქრონიკები;
  4. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხელთ ჰქონდა წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების, მის მიერ ხის სვეტიცხოვლის აგების, შემდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ ამავე ადგილას ქვის ეკლესიის აგების ამბები. თუმცა, რომანში  ტაძრის მშენებლობის მხოლოდ  მეთერთმეტე საუკუნის მოვლენები გააცოცხლა, რადგან ხელოვნება და თავისუფლება ერთმანეთთან დააკავშირა და უპირველესი, ერის სასიცოცხლო იდეალები გამოხატა:
  5. მეფე გიორგი I იბრძვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის;
  6. ხუროთმოძღვარი არსაკიძე აშენებს სულიერი თავისუფლების გამომხატველ ძეგლს.

ტაძარზე მარჯვენის გამოსახულება ლეგენდის ამბავს ამტკიცებდა (თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამგვარი გამოსახულებები ერთგვარი ავტოგრაფის ფუნქციას ასრულებდა), დაქარაგმებული წარწერა, რომელშიც ავტორმა არსაკიძე ამოიკითხა (ისტორიკოსები არსუკისძეს ხედავენ) და სახელად კონსტანტინე დაარქვა, ამგვარად,  მწერლისეული ალტერ ეგოს დატვირთვა შესძინა.

რომანში  ავტორი ქმნის მრავალმხრივ განტოტვილ ამბავს არსაკიძისას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, როგორც ხელოვანი. ეს ზრდა მიმდინარეობს როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარემოსა და საზოგადოებასთან ბრძოლასა და წინააღმდეგობაში (გიორგი მეფე, მელქისედეკ კათალიკოსი, შორენა კოლონკელიძე, დედა და სხვ.).

რა ეხმარება არსაკიძეს სულიერ-შემოქმედებით ზრდაში?

  • რწმენა იმისა, რომ შექმნის ისეთ ღირებულ ძეგლს, რომელიც უკვდავებას მოუტანს;
  • ტაძარი დროს „შეებრძოლება“, საუკუნეებს გაუძლებს;

3)    მისი შექმნილი საზოგადოებას გამოადგება.

ეს რომანში შესანიშნავად არის გამოხატული კონცეფციურად და კონკრეტულად  შემდეგ ციტატებში: „ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“. „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება“.

ხელოვნების უკვდავების იდეის წარმოსაჩენად ავტორმა გამოიყენა ბიბლიური იაკობის სახე და მას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.

ვინ არის იაკობი? ის არის ისაკისა და რებეკას შვილი, ესავის ტყუპისცალი. ძმასთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა, გადახვეწილიყო და გზაში გადახდა ისეთი ამბავი, რომელმაც ის სხვათაგან  გამოარჩია. მან ნახა საოცარი სიზმარი, იხილა ცამდე მიწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ. კიბის თავში კი უფალი იდგა, რომელმაც იაკობი დალოცა და შემწეობა აღუთქვა. ხანგრძლივი განშორებისა და ხიფათების შემდეგ იაკობი შინ დაბრუნდა, გზაზე ისევ სასწაული მოევლინა. ღამით მასთან გამოცხადდა უცხო და დილამდე ეჭიდავა. დილას უცხომ იაკობი აკურთხა,  უწოდა ისრაელი – „ღმერთთან მოჭიდავე“ და ხალხის მამამთავრობა აღუთქვა. ამ ბრძოლამ იაკობს თეძო დაუზიანა და დაკოჭლდა. იაკობი იყო კაცი, რომელიც ღმერთს შეებრძოლა.

ბიბლიური სიმბოლიკა მწერალმა რომანის მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად გამოიყენა. ღმერთთან „ჭიდაობა“ გულისხმობს მასთან გატოლების წადილს და უკვდავებასთან ზიარების წყურვილს.

რომანში ბიბლიური იაკობის სახე ორგვარად არის  წარმოჩენილი:

  1. მას ედარება არსაკიძე („იგი ისე ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“);
  2. მასთან შედარებულია სვეტიცხოველი („სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“).

არსაკიძეს ამ შერკინებით მწერალი გამოხატავს იმ აზრს, რომ შემოქმედი ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც ღვთის შექმნილს გაუტოლდება და ამგვარად მოიხელთებს უკვდავებას. არსაკიძემ მოიპოვა უკვდავება, როგორც ხელოვანმა, ტაძარმა გაუძლო საუკუნეებს და ისიც მარადისობას ეზიარა.

არსაკიძე ღმერთთან მეტოქეობის გამო დაისაჯა  (სურათიც ხომ დახატა – იაკობის შერკინება ღმერთთან. ნახატზე იაკობს თავისი სახე მისცა), მაგრამ ამ მეტოქეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ღირებული, ადამიანი ხომ ღმერთს სწორედაც შემოქმედების უნარით ჰგავს და იმ თავისუფლებით, რომელსაც ყველაზე უკეთესად ხელოვნების შექმნის ჟამს შეიგრძნობს.

არსაკიძემ ყველაფერი, მათ შორის, შორენას სიყვარული, შესწირა ხელოვნების საქმეს.  მისთვის ტაძარი ქვა კი არა, ცოცხალი არსება იყო, რომელიც ზრდისა და სრულყოფილებისათვის უდიდეს, სხვასთან გაუყოფელ სიყვარულსა და თავგანწირვას ითხოვდა. ამიტომაც ვერ გადაწონა რეალური ქალის სიყვარულმა საბედისწერო სასწორი.  ამიტომაც ვერავის მისცა სული არსაკიძემ. რომანის ბოლოს შთამბეჭდავად ხატავს მწერალი ამ მსხვერპლშეწირვას: „დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი“.

ნაწარმოებში ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ორიგინალურობის იდეაც შესანიშნავად წარმოჩნდება. გიორგი ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ წარმოდგენილ ტაძრის მაკეტებს  დაიწუნებს: „გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე“.

რომანში გიორგი მეფე განასახიერებს ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უპირველესია, ამიტომაც ებრძვის ასე ბიზანტიას. მწერლის განსაკუთრებულმა სიყვარულმა და აღტაცებამ განაპირობა ის, რომ იგი რომანის მთავარ გმირად იქცა. ამ შემთხვევაში, სვეტიცხოვლისა და გიორგის ბედიც რაღაცნაირად ერთმანეთს გადაეჯაჭვა, რადგან სწორედ გიორგის მეფობის დროს აშენდა ის იმ ფორმით, როგორადაც დღემდე მოაღწია, თუმცა მრავალგზის დაინგრა და რესტავრირდა. მწერალი ბოლოსიტყვაობაში წერს:  „ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი. სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე კურაპალატი.

ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართამმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს „უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, ქართულ ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი დიდი მდუღარება ჩემი სულისა“.

მწერლის ენობრივი სტრატეგიაც განსხვავებულია და ემყარება მის მიერვე მოსწრებულად ნათქვამს: „წინ, მერჩულისაკენ“, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ დროისთვის (მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სოცრეალიზმის ლიტერატურის) გაღატაკებულ-გაშაბლონებული ენის გამდიდრებას არქაიზმებითა თუ პოეტური ნეოლოგიზმებით. რომანში  ენა იმგვარადაა სტილიზებული, რომ, ერთი შეხედვით, ხელოვნურობის იერი დაჰკრავს, განსაკუთრებით, მის სინტაქსს, რომელიც, ამავე დროს,  მუსიკალურობას მატებს სტრიქონებს. პოეტური პროზისთვის დამახასიათებელი ლირიზმი, რიტმულობა, მეტაფორულობა, ფერადოვნება  ერთგვარი მანერულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მოჩვენებითია და ზუსტად შეესაბამება რომანის რეალისტურ-რომანტიკულ სულისკვეთებას.

როგორც ცნობილია, რომანში შეფარულად გამოხატულია  ბიზანტია-რუსეთის იგივეობა. ორივე იმპერია იტაცებდა საქართველოს ტერიტორიას, ქრისტიანული რწმენის სახელით დამოუკიდებლობას ართმევდა, ენას კრძალავდა და იდენტობის გამომხატველ ყოველგვარ მოვლენას ებრძოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი რომანი, რა თქმა უნდა, შეფარულადგამოხატავდა პროტესტს ამავე რეჟიმის მიმართ, რადგან საქართველოს ერთობა მასთან ძალადობრივი და იძულებითი იყო. ამიტომაც მეფე გიორგი წინააღმდეგია ყოველივე ბიზანტიურისა:

  1. „ძაღლთაპირს“ უწოდებს ბასილი კეისარს და არ აპირებს მის მორჩილებას: „ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“;
  2. კეისრის ნაჩუქარი სამეფო მწვანე ეტლით მწევრები დაჰყავს;
  3. ბერძნული სახელის მქონე მალემსრბოლ ანაქსიმანდრეს სახელს უცვლის და პიპას არქმევს;
  4. სასახლეში ბერძნულად არ ლაპარაკობს, არც ჩამოსულ სტუმრებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცის;
  5. იწუნებს ბიზანტიელ ხუროთმოძღვრებს და სხვ.

ბიზანტიონის „სიდამპლეს“ მამამზეს სახლთუხუცესი ტოხაისძეც არაერთი მაგალითით ადასტურებს და ფიქრობს, რომ მეფე გიორგის სისასტიკე სწორედ ბიზანტიაში ასწავლეს.

მიუხედავად ამისა, გრიგოლ რობაქიძემ  ცალკეული ეპიზოდის გამო 1939 წ. დაწერილი   ეს რომანი მაინც საბჭოთა რეჟიმის პირობებში ერთგვარ `დათმობად~ მიიჩნია.  მან დაიწუნა და გაუგონარ მკრეხელობად მიიჩნია გიორგი მეფის მიერ ძელიცხოვლის ხატის მოწამვლის ამბავი. ამგვარად,  მისი აზრით, რომანში `1. მეფე `გაბითურებულია~ – რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს? 2. `გაბითურებულია~ ხატიც – რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ? ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში“.

რობაქიძის აზრით, შესაძლოა რომელიმე ქართველი მეფე ვერ იდგა თავის მეფურ სიმაღლეზე; ამის მაგალითებსაც ვხედავთ საქართველოს ისტორიაში, ხოლო აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს `ხელმწიფების~ იდეაც არის `გაკაწრული~, ის იდეა, რომლითაც გამართულია `ცხოვრება ქართლისა~, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავი და თავი აქ ხატის შელახვაა. `სვეტიცხოველი~ საკრალური შუაგულია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის… მცხეთის გვერდით ეგულებოდათ კარდუს საფლავი; მცხეთაში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული… აქ გამოჭრა წმინდა ნინომ ჯვარი, რომელსაც თავისი თმები მოახვია… მცხეთა უძველესი დედაქალაქი იყო საქართველოსი, მის წიაღში განისვენებენ მეფენი და მთავრები. არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ აქ აგებულ ტაძარს `სვეტიცხოველი~ დაერქვა, გასაგებია ისიც, რომ ქართველთა განცდასა და შეგნებაში ამ სვეტის გარდამქმნელი ძალა `გასაგნდა~, როგორც სასწაულმოქმედი ხატი. და აი, გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული. რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია. ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთს წვეთს საწამლავისა შეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას `დათმობა… ამ დათმობით `მოწამლა~ მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოეთის ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ `დათმობას~ იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა~.

გრიგოლ რობაქიძემ წერილში „სულის დაშლა“ მწერლური ოსტატობაც დაუწუნა გამსახურდიას. იგი წერს: „აქ მხოლოდ ჩემს პირველ შთაბეჭდილებას გავაცნობ მკითხველს:

  1. ეპიურ ნაწარმოებში `მთელი~ ისე უნდა სჩანდეს, როგორც კამარა მოვლებული განფენილი ლანდშაფტი; ამ რომანში კი დეტალები ნთქავენ მთელს.
  2. ისტორიული რომანი მეცნიერული კვლევა არაა, ცხადია, იქ არყოფილსაც აქვს ადგილი. ხშირად სწორედ ამას, ხოლო არყოფილი ისე უნდა იყოს იქ გადმოცემული, თითქო იგი მართლაც ყოფილიყოს; ეს მოითხოვს დიდს ვიზიონერულ ნიჭს, აუცილებელს გზნებისათვის წასულის `სულიერი ჰავისა~; წარმოსახული, ამ შემთხვევაში არაყოფილი, უნდა იყოს სახიერებული ვითარ ნამდვილი: ესე იგი როგორც ყოფილი. გამსახურდიას რომანში კი მრავალი სცენები `ზღაპრების~ შთაბეჭდილებას სტოვებენ.
  3. რომანში ყოველი ამბავი ცოცხლად უნდა იყოს თხრობილი, ეს თავისთავად ცხადია. ხოლო იქ, სადაც მოთხრობილია საუკუნეებში გადასული ამბავი, ეს `ცოცხალი თხრობა~, ასე ვთქვათ, შორეთიდან უნდა ჰქროდეს. ესე იგი, ამბის აღქმევისას ერთგვარი `მანძილი~ უნდა იყოს დაცული. აქ კი ხშირად ისეა ამბავი თხრობილი, თითქო იგი გუშინ მომხდარიყოს. ეს სხვათა შორის ზემო მუხლში ნათქვამითაც აიხსნება: თუ ვერ წვდები წარსულს ვიზიონერულად, მაშინ ძალაუნებურად შეგაქვს იქ `ჰავა~ აწმყოსი.
  4. მეორე ნახევარი რომანის იმპრესიონისტულ-ფელეტონისტურად არის გაშლილი, რის გამოც მოთხრობა ჰკარგავს ეპიურ ნელ განფენილობას, ეგზომ აუცილებელს წარსულის გადმოსაცემად“.

მიუხედავად გრიგოლ რობაქიძის დიდი ავტორიტეტისა, მისი ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საკამათოდ მივიჩნიოთ, თუმცა ფიქრისა და განსჯის კარგ მიზეზს გვთავაზობს.  მკითხველი შეიძლება გააოცოს ერთი მწერლის მიერ მეორის ამგვარმა შეფასებამ, ნაკლზე ხაზგასმამ,  მაგრამ თან კრიტიკული აღქმისა და აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს.

გიორგი პირველი – პერსონაჟის განხილვა

კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი „დიდოსტატი მარჯვენა“ ასახავს გამოგონილ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს ერთიანი საქართველოს მეორე მეფის, გიორგი I-ის ზეობის ფონზე. მეფე გიორგი ნაწარმოებში თავადაც საკმაოდ საინტერესო და რთული პერსონაჟია. მიუხედავად იმისა, რომ ის სულაც არ იყო სამაგალითოდ ქრისტიანი მონარქი, მისი დამოკიდებულება სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ გამუდმებით იცვლებოდა. ეკლესია მისთვის ერთ დროს მოწინააღმდეგე იყო, სხვა დროს პოლიტიკური იარაღი, საბოლოოდ კი თაყვანისცემის ობიექტი. მის ამ ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო მისმა სულიერმა მდგომარეობამ, რომელზეც წარუშლელი კვალი დატოვა და დაღად დაესვა ოლთისის ეკლესიის დაწვის ისტორია. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის დადანაშაულება და სინდისის ქენჯნა იმდენად ძლიერია, რომ გიორგის ერთხელ ნადირობის დროს ალში გახვეული ტაძარიც ელანდება. მეფე ყოველმხრივ ცდილობს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას, რადგან ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური დასჯის ეშინია. ამ მხრივ იგი თავს ნაბუქოდონოსორსაც კი ადარებს.

აშკარაა, რომ მეფე გიორგი თავის ყველაზე ცუდ კოშმარებში სწორედ ბაბილონის ისტორიული მეფის ხვედრს იზიარებს. მისი შიშით, ორივე მათგანი საკუთარი ცოდვებისგან გამოწვეულ სასჯელს იმკიან. კონსტანტინე ტექსტში ნაბუქოდონოსორის ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ ხაზი გაესვა გიორგის, პირდაპირი გაგებით, ღვთის მოშიშობისთვის.

ეს შედარება ცენტრალურია მოცემული მონაკვეთის მიხედვით გიორგის პიროვნების ამოხსნის საქმეში. გამსახურდია, ამასთან, მეფის აზრებისა და გრძნობების გასამძაფრებლად იყენებს ბუნების აღწერასა და ცხოველთა ქცევას. იმავე მიზეზს ემსახურება დიალოგი მეგობრებთან ნადირობის შემდეგ.

კონსტანტინე არსაკიძე – პერსონაჟის განხილვა

ერთიანი საქართველოს იდეის განმსახიერებელია მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე. პიროვნულად არსაკიძეს ჰქონდა მიზეზი, მეფის ხელისუფლების სიძლიერეზე არ ეფიქრა, პირიქით, საფუძველი სწორედ იმის ჰქონდა, განაწყნებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.
მან კარგად იცოდა, რომ მოკვდავ ადამიანს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაყოფი უკვდავებასთან ხდის წილნაყარს და შეულებელი იყო, სვეტიცხოვლის შემოქმედს შინაგანი მეტოქეობის გრძნობა არ ჰქონოდა ამა სოფლის რაგინდარა ხორცით ძლიერი პირის მიმართ.  ის კი არა, ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათიც კი დახატა, სადაც იაკობში საკუთარი თავი მოიაზრა, ხოლო ღმერთი მექისედეკის სახით გამოსახა…

აქედან გამომდინარე, ის არ არის უბრალო ხელოვანი, რომელიც შიშით შეიძება ცახცახებდეს ვისიმე წინაშე. კონსტანტინე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი, როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის, მდგომარეობა სრულიადაც არ არის ადეკვატური მისივე სულიერი ყოფისა.
მან იცის საკუთარი თავის ფასი, ამიტომ იყო ტყვედქმნილმა იწყინა კიდეც, როცა მეფემ მიმინოებით იხმო სანადიროდ – „მე არ შემიძლია“ მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევითავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო“ – ამ სიტყვებსაც არსაკიძეს ათქმევინებს მწერალი.
კონსტანტინე არსაკიძეს უდგას ალტერნატივ: ხელოვნება, სვეტიცხოველი თუ შორენა, მაგრამ არასოდეს დასცდენია: მეფის შიში თუ შორენა?  ქალის სიყვარულს იგი ისე ბუნებრივად ეწაფება, თითქოს მისი მეტოქე მეფე კი არა, ჩალვარდი ყოფილიყო. ესეც ერთი მააგლითი იმისა, რომ კონსტანტინე შინაგანად ნამდვილად არ გრძნობს თავს დათრგუნვილად და ხელოვანის თავისუფალი  სული  არც არავის ბატონობას ანებებს და არც ქვეშევრდომობას.

არც ვაჟკაცობაში უდებს ტოლს არავის ხუროთმოძღვარი. ოთხი კაცის ასაწევი ქვა მარტომ შეიკავა სვეტიცხოვლის ხარაჩოზე, რათა ბოდოკიას არ დასცემოდა, ხოლო ჟამის გავრცელებისას იმ ფარდულში შევიდა, სადაც ავადმყოფი იწვა და საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.
ამ სცენის შემდეგ მეფისა და ხუროთმოძღვრის შეხვედრა, როცა მეფე ძალით ჩამოართმევს ლაზს ხელს, რომელიც, თავის მხრივ, მეფეს უფრთხილდება, – ავადმყოფობა არ გადაედოსო, ორი დიდი ადამიანის წარუშლელ პორტრეტს წარმოადგენს.
არსაკიძე მეფე გიორგივით ყველა მოვლენას ერთი დიდი გადასახედიდან უყურებს – რამდენად წაადგება იგი სამშობლოს.

სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს ჟამიანობით დამფრთხალ ლაზებს ასე არიგებს ხუროთმოძღვარი: „რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები, იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გვერიდებოდეს, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი.

საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო. ხოლო იბერიელნი ძმებია ჩვენი“.
ამ მონოლოგის ავტორი და მეფე საქართველოსი ერთნაირად და ერთი მიმართულებით იხედებიან, ამიტომ სულაც მეათეხარისხოვანია მათი პირადი ურთიერთობა, მათ ისეთი საერთო აქვთ, რის გამოც საყოველთაო სიყვარულს იმსახურებენ და, კაცმა რომ თქვას, რომანის მიხედვით არც ურთიერთსიმპათიის დეფიციტს განიცდიან რომანისა და არა კრიტიკის მიხედვით, რომელმაც მეფისა და მისი ხუროთმოძღვრის ურთიერთობა რატომღაც აბსურდული ფორმულირებით განსაზღვრა – ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოშიო.

კათალიკოსი – კი, მაგრამ მეფე არც კი ცარეულა ხელოვანის შემოქმედებით საქმეებში სვეტიცხოვლის მშენებლობისას, რაც შეეხება ეჭვიანობის ნიადაგზე არსაკიძის დასჯას, თუ ეს ფაქტი ხსენებული საკითხის წამოწევის საფუძველს იძლევა, ვიმეორებ, ასეთივე წარმატებით უნდა ვლაპარაკობდეთ დეიდაშვილების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (გირშელი) ან ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (ჭიაბერი).
გიორგი პირველი და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს როგორც მეფე, ისე ხუროთმოძღვარი მისი.

ფარსმან სპარსი – პერსონაჟის განხილვა

ფარსმან სპარსი ერთი სრულიად გამორჩეული და ორიგინალური პერსონაჟია არა მარტო გამსახურდიას შემოქმედებაში, არამედ, საერთოდ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
„დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟთა შორის არავინ არის ისეთი ტრაგიკული, საცოდავი და იმავდროულად საშინელი კაცი, როგორიც ფარსმანია.
ფარსმან სპარსი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა მას დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის გამოჩინებაზე მეოცნებე ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად.
თავის ფენომენალურ განათლებასა და გენიალურ ნიჭს იმავე ნადიმის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს, საიდანაც იგი უცერემონიოდ იქნა გაძევებული.
ტრაგიკული განცდა გვეუფლება არა იმდენად თვით ფარსმან სპარსთან მიმართებაში, არამედ მისი მშობელი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან ეს კაცი თავისი გენიალური ჭკუით ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა ქვეყანას დიდ სიკეთედ მოვლენოდა, როგორი წარმატებითაც დიდი ბოროტების ქმნა შეუძლია.
ერთია ქვეყნისათვის დაკარგული ნიჭი, მეორეა ამ დანაკარგის ბოროტებად შემობრუნება იმავე ქვეყნისთვის. მსოფლიოს დიდი ქვეყნის ბედს წარმატებით ატრიალებდნენ ქართველი კონდოტიერები. იმავდროულად ან ანგრევდნენ საკუთარ ქვეყანას, ან სულაც დავიწყებული ჰქონდათ მისი არსებობა. დღემდე გაწვალებს კაცს ფიქრი: რა იქნებოდა, მათ რომ კეთილი ნება ჰქონოდათ და, ამდენი თუ შეეძლოთ, იმის მეათედი მაინც ერგოთ საკუთარი სამშობლოსათვის, რაც ავნეს…
ფარსმან სპარსი ფლობდა უამრავ ენას, უდიდეს ცოდნას. იყო საუკეთესო ექიმი, ვარსკვლავთმრიცხველი, სამყაროს იდუმალებათა  შემცნობი.
გაბედულება და სულიერი სიმტკიცეც საარაკო ჰქონდა. მეფე გიორგის ირიბად, ისეთ მწარე სიმართლეს მიახლის ხანდახან, კაცთაგანი რომ ვერ უბედავს გვირგვინოსანს.
ხელოვანიც იყო, დიდი მეომარიც და დიდი მეცნიერიც, მაგრამ სწორედ ამით, ყოველივე ამით აღჭურვილი, იგი შემაძრწუნებლად საშიში გახლდათ გარშემო მყოფთათვის, ვინაიდან მას ამოძრავებდა მხოლოდ ცინიზმი და სიძულვილი ადამიანთა მიმართ.
ერთი სიტყვით, სხვაზე აღმატებული ყველაფერი ჰქონდა ამ კაცს – ცოდნაც, გაბედულებაც, სიმტკიცეც.
არანაირი პრინციპი ფარსმანს არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი პრინციპი უპრინციპობაა.
იმ საზოგადოებაში, სადაც თვით მეფესაც კი სჯერა, რომ შეცოდებათა გამო ხატი შემოსწყრა და სასახლის პალატიდან ნიკორნის მონასტერში გაიპარა, ყოვლისმცოდნე და სხვათაგან დაწიხლული ფარსმანის ცინიზმს იქნებ ჰქონდეს კიდეც ახსნა, მაგრამ შემზარავია ის სცენა, როდესაც იგი თანამემამულეებს, თვით საკუთარ შვილსაც კი, რომელიც გონჯი მისცა განგებამ და ამითაც დასაჯა, მიწისძვრის დროს დასაღუპად იმეტებს.
წინასწარ იცის და არავის, ვარდისახარის გარდა, არ აუწყებს მოსალოდნელი საშინელი უბედურების შესახებ.
არც ამ მიზანტროპ კაცთმოძულედ ქცეული გენიოსის სიცოცხლე დასრულდა ბუნებით სიკვდილი. ჯერ დადაღეს, როგორც მწვალებელი, შემდეგ წამებაში ამოხდა სული.
ეს კაცი შურისძიების წყურვილმა გააბოროტა. ბაგრატიონების სიძულვილი კი მთელი ქვეყნის სიძულვილად ექცა. ქვეყნის ღალატის მოლიპულ გზაზე ესეც ერთი ნაცნობი სურათია.

მამამზე და ჭიაბერ ერისთავები – პერსონაჟების განხილვა

ეს ორი დიდებულიც იმავე გზას ადგას, რომელმაც ისინი უფრო მეტი დიდების კარიბჭესთან კი არ მიიყვანა, პირიქით, ამ გზით უბედურებამ ტაატით იარა და ბოლოს მათსავე ოჯახსა და ციხე-დარბაზს ეწვია. ქვეყნის მოღალატეს ურმით დასდევს სამართლიანი განაჩენი და ბოლოს მაინც წამოეწევა მას – ესეც ისტორიის კანონზომიერება გახლავთ.

მამამზე ერთგული  თანამებრძოლი იყო ბაგრატ მესამისა, ბრძოლის ველზე სიკვდილს  გადაარჩინა ბაგრატის ვაჟი გიორგი პირველი.
არც გიორგი ჩანს უმადური. მეფისა და ერისთავის მამაშვილური მეგობრობა თითქოს უხინჯო უნდა იყოს, მაგრამ აქაც თავს იჩენს პირველობის პატივმოყვარე, „უჩემოდ ვინ იმღერეთას“ ჟინი.
ხელოვნურად და ვერაგულად დადგმული შინააშლილობის სურათებს ვხედავთ ჭიაბერისა და გიორგი პირველის დაპირისპირების მაგალითზე.
მაშინ, როცა მცხეთაში საახალწლოდ მეფესთან ჩაბრძანებული მამამზე ერისთავი ფარისევლურად ლოცავდა ტახტისმპყრობელს: „მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველმან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა  შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედავი ტახტისა შენისა“-ო, მისი ვაჟი ჭიაბერი მეფის ჩამოსაგდებად ხალხს აჯანყებდა. რაც ასეა გადმოცემული მისი ძუძუმტის, შავლეგ ტოხაისძის მიერ:
„ბერძნებს ეს სწადიათ ჩვენი, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვძარცვონ, მათი ჩავიცვათ. ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა“
რომელი ბერძენთმოყვარე გიორგი იყო?
ტოხაისძის სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ არავითარი იდეოლოგიური საფუძველი ამ შინაომს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ამ ომის სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ ქორსატეველას ციხეში გვერდიგვერდ ჩაწვნენ ძმების მიერ განგმირული ძმები, რომ მტრის წინააღმდეგ გასაღები სიცოცხლე მოღალატის იარლიყით დაასრულეს ბრძოლებში გაჭაღარავებულმა ლომკაცმა მამამზემ და მისმა ვაჟმა, ასევე რჩეულმა მებრძოლმა ჭიაბერმა.
ამ ომს შეეწირნენ მეფის საუკეტესო მხედრები და ერისთავი გირშელ, რომელიც გარეშე მტრებთან ბრძოლებს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ აჩეხეს გაუგონარი სისასტიკით.
ამ სიუჟეტითაც შინააშლილობის მიზეზად ისევ ავადმყოფური პატივმოყვარეობა და უცხო ქვეყნის ნებაზე კუნტრუში გვევლინება, ჭიაბერის მკვლელობის შემდეგ კი – შურისძიების გრძნობა.

თალაგვა კოლონკელიძე – პერსონაჟის განხილვა

კვეტარის ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე ერთი იმ ტიპიურ ქართველთაგანია, რომელნიც საკუთარი დიდების ტკბობით იწყებენ ქვეშევრდომთა მართვას და თანდათანობით ამ ტკბობას ხინჯად გასდევს შეგრძნება იმისა, რომ მის თანამემამულეთა შორის კიდევ მოიძიება სხვა კაცი, მასზე მეტი დიდებით შემოსილი. კაცი, რომელსაც პირველდაძახებისთანავე ქედდადრეკილი უნდა ეახლოს და საკუთარი დიდების უზრუნველსაყოფად ისევე უქიცინოს კუდი, როგორც მას მისივე ყმები ემლიქვნელებიან.
კვეტარის ციხე-დარბაზში გამოკეტილს ერთგულად იცავენ მისი ყმანი და კაცთაგან ფეხდაუდგმელი ქარაფები.
მაგრამ მაინც არსებობს ის ერთი, მასზე აღმატებულად წოდებული და, ამდენად, მისი ტკბობა დიდებით სრულყოფილი კი არა, ხანდახან შიში წამოუვლის ამპარტავან ერისთავს – ხომ შეიძლება, მეფეს მისი მამულების სხვისთვის ბოძება მოეხასიათოს, ხომ შეიძლება, მის ერთგულ ქვეშევრდომობაში ეჭვი შეეპაროს და გზიდან ჩამოიცილოს. ჯერ არ უქნიათ მეფეებს ამგავრი რამ, თუ რა?!
ამგვარი ფსიქოლოგიური განწყობილება, ერთი მხრივ, მეფისადმი პირფერობაში აჯიბრებს სხვა პირფერებთან, მეორე მხრივ, ბადებს იმ წინაპირობას, როცა ქვეშევრდომი მუდმივად მზად არის ზურგში მახვილის ჩასაცემად და მბრძანებლისაგან გასათავისუფლებლად. თუ ამ განწყობას ისიც დაერთო, რომ უფრო ძლიერი მფარველი გამოუჩნდა, უცხო და შორეული, ავადმყოფობადქცეულ პატივმოყავრეობას სარქველი ეხდება. თუ მორჩილებაა, სჯობს შორეული მბრძანებლის მორჩილებაში იყო, ვიდრე  იმისა, ვინც ცხვირწინ გიზის და მუდმივად უნდა შეჰყურებდე თვალებში…
ამბოხებისთვის კოლონკელიძესა  და მასთან შეთქმულთ საბაბიც ჰქონდათ – მეფე ქრისტეს რჯულს  ახვევდა თავს მთიელებს, როცა მათ საკუთარი , მამაპაპური ბომონები ეგულვოდათ სალოცავ კერპებად.
დიდი რელიგიების შემოქმედთ: ბუდას, მოსეს, ქრისტეს, მუჰამედს, ვინ იცის, შეძრწუნების როგორი გრძნობა მოიცავდათ, რომ ეხილათ, ადამიანები რა აღტყინებით თესავდნენ სიკვდილს მათივე სახელით.
მეორე ამბოხის შემდეგ მის საერისთავოში მიბრძანებულ მეფეთა – მეფეს გულმოწყალება შეამჩნია თალაგვამ,  იმედი გაუჩნდა გადარჩენისა, გადარჩენის კი არა, უფრო წარმტაცმა ილუზიებმა გაიტაცა – იქნებ მართლა უყვარსო გიორგი მეფეს შორენა, იქნებ მის ხელს მთხოვდესო, და ამ ფიქრმა კოლონკელიძეს ახალი პერსპექტივები გადაუშალა სასახლის კარზე აღზევებისა. აღარ მოეწონა თალაგვას შეთქმულთა დანახვა. ერთ წუთში გამოიცვალა მეამბოხე და ფიქრით უკვე მეფის საშველად ემზადებოდა მის მტერზედა…
ამ ფიქრმა გასცა აქამდე ურჩი ერისთავის ჯანყის ნამდვილი მიზეზი.
აკი წინაპართა რელიგიას იცავდა აქამომდე?
მისგან წასისინებული ათასობით ფხოველი კი იწვა მიწაში და არ იცოდა არც ერთმა მათგანმა, სინამდვილეში წინაპართა რჯულს კი არა, საკუთარ პატივმოყვარეობას რომ შესწირა ისინი მათივე ერისთავმა.
ეს სიუჟეტი მკაფიო სურათია შინააშლილობის ერთი მიზეზისა – როცა ხალხის ბედი ავადმყოფობამდე მისული პატივმოყვარე მმართველის ხელითაა, ეს ხალხი ვულკანზე ცხოვრობს, რომელიც ამოიფრქვევა მაშინ, როცა ამას პატივმოყვარე მმართველი თავისთვის ჩათვლის საჭიროდ.

მხატვრული სამყარო

დიდოსტატის მარჯვენა. პროლოგი და ბოლოთქმა

არსაკიძის სახე

ხელოვნების უკვდავების იდეა

გიორგი I-ის სახე

შორენა

ფარსმანი

მხატვრული ენა

ისტორიული ფონი

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.