დავით კლდიაშვილი – “სამანიშვილის დედინაცვალი” (განხილვა)

სამანიშვილის დედინაცვალი

სამანიშვილის დედინაცვალი“ — დავით კლდიაშვილისნაწარმოები, რომელიც მან 1896 წელს დაწერა. მასში სატირული ფორმით არის აღწერილი ბატონყმობის შემდეგ დაუძლურებული აზნაურების ცხოვრება.

სიუჟეტი

მოთხრობა ასახავს XIX საუკუნის საქართველოს. „ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც“. აქ სიტყვა „რასაკვირველია“ აღნიშნავს თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო იმ დროინდელ საქართველოში და კერძოდ იმერეთში ეკონომიკის მხრივ. ერთ მხარეს ბეკინა სამანიშვილია, რომელიც გადაწყვეტს სიბერეში ცოლი მოიყვანოს, მეორე მხარეს კი პლატონ სამანიშვილი მისი შვილი და რძალი მელანო. პლატონი ამბობს, რომ თუ მამამისს შვილი შეეძინება მისი ისედაც რუდუნებით შეკოწიწებული ქონება გაიყოფა და ის ცარიელ ტარიელი დარჩება. ბევრი თხოვნის შემდეგ პლატონი მაინც ვერ შეძლებს მის დარწმუნებას. საბოლოოდ ის გადაწყვეტს მამამისს შეურჩიოს ისეთი ქალი, რომელიც ორჯერ იქნება გათხოვილი და შვილი არ ეყოლება, რადგან ეს მანიშნებელია იმის, რომ თუ ამდენ ხანს სხვებთან არ გაუჩნდა შვილი, აღარც მამამისთან არ ეყოლება. ამ მიზნის ასრულებისთვის ის მის დას დარიკოს მიაკითხავს და მოუყვება მის ისტორიას. დარიკოს ქმარი კირილე, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა ამ ფაქტშიც თავისთვის სასიკეთოს ნახავს, რადგანაც იგი ქორწილში კარგად მოილხენს. საბოლოოდ კირილე და პლატონი შეარჩევენ პლატონისთვის სასურველ კანდიდატს. ბეკინასაც მოეწონება და იქორწინებენ. თუმცა შვილი მაინც გაუჩნდებათ. ჭკუიდან შეშლილი პლატონი ბეკინას ცოლს ფეხმძიმე მუცელში ფეხის ჩარტყმას სცდის, მაგრამ ააცილებს და ელენეს მუცელი მაინც არ მოეშლება.

პერსონაჟები

  • ბეკინა სამანიშვილი
  • პლატონ სამანიშვილი
  • მარიკა (ბეკინას ცოლი)
  • მელანო (პლატონ სამანიშვილის ცოლი)
  • დარიკო სამანიშვილი(პლატონ სამანიშვილის და)
  • კირილე მიმინოშვილი(დარიკოს ქმარი)
  • სალომე მიმინოშვილი (კირილეს მამიდა)
  • ჯიმშერ სოლაბერიძე (სალომეს ქმარი)
  • ვერიჩკა სოლაბერიძე (სალომეს და ჯიმშერის შვილი)
  • ელენე (ბეკინას II ცოლი)
  • არისტო ქვაშავიძე (ელენეს ძმისწული)
  • ივანე გვერდევანიძე (ადვოკატი)

მოთხრობის მხატვრული ანალიზი

„სამანიშვილის დედინაცვალი“ ქართული პროზის კლასიკადაა მიჩნეული. იგი იმერეთისთვის დამახასიათებელი საოცარი რეალობითაა აღწერილი. კლდიაშვილი პროზის ნამდვილი გენიოსია. მისი სიცილი და წამიერი მწარე რეალობა ადამიანს კითხვის საოცარ სურვილს უღვიძებს. „სამანიშვილის დედინაცვალი“ დადგეს მრავალჯერ თეატრში და გადაიღეს კინოში ამავე სახელწოდებით „სამანიშვილის დედინაცვალი“.

განხილვა

“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია. ტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა.

ცხოვრების ამ გაუსაძლის პირობებს, ფორმაციათა ცვლილებისა და ქონების ხელახალი გადანაწილების პირობებში, ადამიანთა “სოციალური დაბნეულობა” და “დროში გაურკვევლობაც” ემატება.

თავისთავად, ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე ლოკალური მნიშვნელობისა რომ არ იყო, ამას კარგად გრძნობდა ავტორი. ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეული პროცესი სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო და იმერეთიც (საქართველო) ვერ იქნებოდა გამონაკლისი. აქ მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პარალელები ესპანური, რუსული ლიტერატურიდან, საიდანაც შევიტყობთ, რომ სამანაშვილები, ბრეგაძეები, ქვათაძეები, ქამუშაძეები თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში ხასიათის ერთსა და იმავე თვისებებს ამჟღავნებენ.

მართლაც, თუ “სამანიშვილის დედინაცვალს” სიძე-ცოლისძმის მოგზაურობის სცენას (დროებით) ჩამოვაცილებთ, ნაწარმოებში თითქმის აღარაფერი დარჩება იმ ყბადაღებული კომიზმისა. გვრჩება მხოლოდ ტრაგიკული საგა მამა-შვილის ურთიერთობისა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (იქ, სადაც ღარიბი ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ) თანაბარი წარმატებით შეიძლება მომხდარიყო.

დავით კლდიაშვილმა სწორედ ამოიცნო ამ პრობლემის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი და ამის გამო მისი ინტერესი იმ სოციალურ-პოლიტიკური თეორიებსადმი გაღვივდა, რომლებიც მეცნიერების “ახალ სიტყვად” ითვლებოდა პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

მომავლის შიში

მშრომელი, პატიოსანი, მოხუცებულ მამაზე მზრუნველი, თავშეკავებული, ზრდილი – ასე ახასიათებს ავტორი პლატონს და ამ თვისებების გამო, პერსონაჟზე თავსადატეხილ უბედურებაში თითქოს მკითხველის თანაზიარობასაც ითხოვს.

პლატონის ეს თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს გარემოს და იმ მდორე ცხოვრებას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ის, რაც საკმარისი იყო ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის, სრულიად უსარგებლო გამოდგა იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელიც ცხოვრებამ სამანიშვილების ოჯახს მოუწყო.

როცა დედინაცვლის მოსაკლავად გამხეცებულ პლატონს ვხედავთ, უნებურად (დაეჭვებულნი) ვუბრუნდებით რომანის პირველ თავებს, რათა პლატონში ჩაბუდებული მხეცის ნიშანი აღმოვაჩინოთ.

არაფერი, ან თითქმის არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს პატიოსანი და ზრდილი “აზნოურიშვილი” ამგვარი სისასტიკეს მალავდეს საკუთარ თავში. გარეგნულად მაინც, პლატონიც ისეთივე უვნებელი ჩანს, როგორც დავით კლდიაშვილის ყველა პერსონაჟი, მის თითქმის ყველა ნაწარმოებში.

ისინი თავისუფალი ადამიანები არიან. ბუნებით ყველა თანასწორია. აქ ვერ ვხედავთ, ვერც პოლიტიკური და ვერც სოციალური ჩაგვრის კვალს… ამ საზოგადოებაში დაცულია აზროვნების თავისუფლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა…

მართალია, მათ უკვე დაუთრგუნავთ ღვთის შიში, მაგრამ ისინი უფრო დიდ შიშს შეუპყრია, რომლის წინაშეც ისეთივე უძლურნი არიან და მტანჯველ მოლოდინშიც ისევე განილევიან, როგორც მათი შორეული წინაპარნი…

ეს არის მომავლის შიში. მომავლისა, რომლისადმი წინააღმდეგობის ერთადერთი ბერკეტი – რწმენა, მათ უკვე ხელიდან გაუშვიათ და ახლა წონასწორობადაკარგულნი, ათასნაირ საყრდენს ეპოტინებიან, რათა თავი შეიკავონ დაცემისაგან…

მათში რაციონალური აზროვნება უფრო სჭარბობს.

ისინი დარწმუნებულნი არიან ადამიანის გონების უსაზღვრო ძალაში და სწორედ ამ გონების კარნახით, მიდიან იმ დასკვნამდე (პლატონისა და გვერდევანიძის საუბარი), რომ ომია საჭირო (“ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე ქვეყანა, თვარა……”), რათა მოსახლეობა შემცირდეს და დარჩენილმა ნაწილმა ბედნიერად იცხოვროს.

პლატონისა და გვერდევანიძის საუბარში პირდაპირა ციტირებული მალთუსის აზრები (ინგლისელი ბერის გვარი ამ ნაწარმოებთან მიმართებაში პირველად ბეჟან ბარდაველიძემ ახსენა), რომელიც საკვების რაოდენობის მოსალოდნელი სიმცირის გამო, მოსახლეობის ზრდის ტემპის შესაჩერებლად მათზე “პოზიტიური კონტროლის” დაწესებას ემხრობოდა.

ამ თეორიის მქადაგებლად პლატონი და განსაკუთრებით კი, ეს “კაციჭამია” გვერდევანიძე გვევლინება: ..” ი დალოცვილი ღმერთიც ჩვენზე მოწყალებას ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს და ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს…- მადლიანს თითო-ოროლა შვილი დაეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებინა. ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? “

“სამანიშვილის დედინაცვალში” დავით კლდიაშვილმა თავისი პერსონაჟები სწორედ ამ თეორიის ცდისპირებად აქცია და ისედაც ყოველმხრივ “გაღატაკებულ” აზნაურობას, მძიმე ტვირთად ახალი მსოფლიოს სევდა აჰკიდა.

საინტერესო ეს იყო, სად მიიყვანდა მალთუსის გზა პლატონს და გაუძლებდა თუ არა ჩვენებური იმერელი (ქართველი) გლეხკაცის მხრები პრობლემებით დამძიმებული ზოგადსაკაცობრიო ლიტერატურული ტიპაჟის ტვირთს?

ეს კითხვა საშინაო დავალებასავით გაჰყვა დავით კლდიაშვილის მთელ შემოქმედებას.

პლატონის მანქანება

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურა ადამიანის საქციელში ჯერ კიდევ განარჩევს ღვთის საამებელ მოქმედებას _ განმგებლობას და ადამიანური სიბრძნის ნაღვაწს _ მანქანებას (განმგებლობა კეთილი, ხოლო მანქანება _ არა. სულხან-საბა).

მანქანება არს საქმისა კაცობრივისა სიბრძნით ბრუნება საძლევლად სხვათათვის _ განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველი.

იმ დღიდან, როდესაც პლატონმა მამის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ცხადად იგრძნო მოსალოდნელი საშიშროება, სწორედ თავის კაცობრივ სიბრძნეს მოუხმო საშველად.

მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით (ჭახრაკივით) დაბრუნდა და ცოლსაც აიძულებდა რაიმე ხერხი მოეგონებინა:

“_ იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე… ე ოხერი თავი აღარ მუშაობს! ბრუ მესხმის მხოლოდ…”

თურმე, პლატონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თავის გონებრივ შესაძლებლობაზე.

ავტორი მკითხველს ქართული ანდაზას: “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახვებო,” ახსენებს და დასძენს, პლატონ სამანიშვილი კი ქართველი კაცი იყო…

გაჭირვებული ქართველი კაცის გონებამ კი ისეთი რამ მოიფიქრა, რომ ბეკინაც, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა შვილის სიმარჯვესა და მოხერხებულობაში, გაოცებული დარჩა:

“_ მამაშვილობას მითხარი! ა! შენს ცოლ-შვილს გაფიცებ!… რა მოიგონე ახლა შენ?”

პლატონიც ხვდება, რომ მისმა კაცობრივმა სიბრძნემ, ამჯერადაც საეჭვო ღირებულების ნაყოფი დაბადა. ამიტომაც, თავის საიდუმლოს, რომ სადედინაცვლოდ ორნაქმარევ, უშვილო ქალს დაეძებს, საგანგებოდ მალავს. თუმცა, ეს სიფრთხილე სრულიად ზედმეტი ჩანს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის მისი. სალობერიძეებთანაც განსაკუთრებული “გაგებით” ეკიდებიან პლატონის გადაწყვეტილებას (მათ არ უკვირთ პლატონის მანქანება, რადგან თვითონ ამ ოჯახის უფროსს, დღემდე იმავე მანქანებით შეუნარჩუნებია ქონება…), არისტო კი უთქმელადაც ხვდება მის სურვილს.

როგორც ჩანს, ამგვარი მცდელობები არცთუ იშვიათი იყო იმდროინდელ საზოგადოებაში. ერთადერთი, ვისაც სასაცილოდაც კი არ ყოფნის პლატონის ეს გადაწყვეტილება, კირილეა (ვეთანხმები მაკა ჯოხაძეს, რომელმაც კირილეს ჯანყში მისი გაუცნობიერებელი სურვილი, მოძრაობისკენ ლტოლვა დაინახა), რომლისგანაც, მიუხედავად მისი ქცევისა, ბევრად მეტი სიკეთე მოდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეშმაკი თხრიდა მის გულს

მას შემდეგ, რაც პლატონი დარწმუნდა, რომ ელენე ფეხმძიმედ იყო (მკითხველსაც არ ჰქონდა იმედი, რომ ის ამ ამბავს შეეგუებოდა) და ნიადაგიც მომზადდა, მისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად, პლატონს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა კაენობამდე. თუმცა, ავტორმა აქ უკანასკნელ საშუალებას მიმართა და პერონაჟს სინდისთან გამამრთლებელი რამდენიმე ქმედების ჩატარება კიდევ დავალა.

პირველი და უმთავრესი, პლატონისთვის მსხვერპთშეწირვის რიტუალია, რომელსაც ის მორწმუნის გულმოდგინეობით ასრულებს.

პლატონმა რომ მიუსაფრად იგრძნო თავი, დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რატომ მოუვლინა ღმერთმა ამგვარი სასჯელი.

მან გადახედა თავისი ცხოვრების გზას და ვერაფერი ნახა იქ ისეთი, რასაც შეეძლო ღვთის რისხვა გამოეწვია:

“კაცი არ მოულავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ, ჯერეთ არ უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი წაურთმევია…”

აქ პლატონს ახსენდება, რომ ბრეგაძეებს ართმევს.. დაირწმუნებს თავს, რომ ესაა მიზეზი მის თავზე დატრიალებული უბედურებისა და გადაწყვეტს ეს სადავო საქმე მოსპოს…

პლატონმა თვითონ გადაუხადა გვერდევანიძეს გასამრჯელო, რათა ბრეგაძეები ზედმეტი ხარჯისგან გაეთავისუფლებინა… ეს იყო ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც პლატონმა შეძლო, რათა უზენაესისთვის გული მოელბო. Aამის შემდეგ, პლატონს გაეღვიძა იმედი, რომ მის მსხვერპლს ღმერთი შეიწირავდა და დედინაცვალს მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩანასახი მუცელში გაუწყალდებოდა…

ღმერთთან ურთიერთობაში პლატონიც ლუარსაბ თათქარიძის მაგალითს იმეორებს. თუმცა, მათი სურვილები განსხვავდება ერთმანერთისგან. ლუარსაბი შვილს სთხოვს ღმერთს, ხოლო პლატონი ნაყოფის მოსაშორებლად სწირავს მსხვერპლს…

(დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელიც ამ ორი ნაწარმოებს აშორებს ერთმანერთისგან, ქართველ საზოგადოებას მართლაც არნახული ნახტომი გაუკეთებია.)

მაგრამ ღმერთმა არ მოხედა პლატონის შესაწირს და ისიც იძულებული გახდა ისევ საკუთარ გონებას მინდობოდა.

გონებამ უკარნახა, რომ ბეკინასთან მისულიყო და ეთხოვა ცოლისთვის მუცელი მოეშლევინებინა.…

პლატონისთვის ეს ნაბიჯი უფრო სახიფათო გამოდგა, ვიდრე უზენაესთან ურთიერთობა. რადგან, თუ ყოვლისმპყრობელმა მამამ უპასუხოდ დატოვა პლატონის თხოვნა, ხორციელმა მშობელმა ლამის ცა დააქცია თავზე:

“_ ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?…

ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?… ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?… გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ?…”

მართალია, უღვთო საქმე განიზრახა პლატონმა, მაგრამ ღმერთი როდი დავიწყნია? პირიქით, მას არ უთქვამს ბეკინასთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყო, მსხვერპლიც კი შესწირა ღმერთს… არ უთხრა, თორემ რომ ეთქვა, იქნებ ბეკინაც მიეხვედრებინა, რომ მისი პასუხი პლატონის თხოვნაზე, უფლის სიტყვადაც შეეძლო ჩავთვალა, ისევე როგორც ის ხელი, რომელმაც ელენე პლატონის თავდასხმისგან იხსნა.…

უნებური მამა

ბეკინა უნებური მამაა. ის მხოლოდ შესაფერი ამხანაგს დაეძებდა, სიბერე რომ ტკბილად გაეტარებინა, მაგრამ ბუნებამ სხვაგვარად ინება და თამაში სინამდვილედ უქცია.

ბეკინა გულწრფელადაა შეწუხებული თავისი ახირების გამო:

“_შევცდი, შვილო, შევცდი – აღარ მეპატივება?! ნუ მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ! მინდოდა ასე რომ მომხდარიყო? მეგონა?

შემაცდინა ეშმაკმა…

თუმცა, იქვე, თითქოს სურს თავისი როყიოდ წამოსროლილი სიტყვები უკანვე დაიბრუნოსო, დასძენს:

_ ღმერთმა ასე ინება,… ჩვენ რა გაგვეწყობა! _

გულსაკლავია დაბეჩავებული მოხუცის ხვეწნა-მუდარა საკუთარი შვილის მიმართ. თუმცა, ასეთად რომ არ დარჩეს ის ჩვენს მეხსიერებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის ასეთი როდი იყო ბეკინა სამანიშვილი. ერთ დროს ერთობ გადაპრანჭული და მაინც ბატონკაცურად ყაბალახით მხარდამშვენებული მოხუცი, თუმცა ოდნავ ფერმკრთალი და შელახული (არა სიბერის გამო), მაგრამ მაინც გვირგვინია ბუნებისა და ბუნებამაც სწორედ ის აირჩია (ღმერთმა ასე ინება) მომავლის მამად…

ის და არა შეუბრალებელი, სისხლისმსელი მხეცი, რომელმაც პლატონში დაიბუდა.

ლიტერატურული საიდუმლო

ლიტერატურაში მოულოდნელად არაფერი ხდება. მხატვრული სინამდვილე შემთხვითობას არ ცნობს. ტექსტში სასწაულებს არ ელის მკითხველი, აქ ყველა ქმედებას მოტივაცია სჭირდება. მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მკითხველიც ამაოდ დაიწყებს მასში რაციონალური მარცვალის ძებნას.

სწორედ ასეთ ლიტერტურულ საიდუმლოდ მეჩვენება ელენეს დაფეხმძიმების ამბავი, რომელიც თავისი ხასიათით აშკარად დაუჯერებელია და ისეთივე მრავლისმეტყველ ღიმილს იწვევს მკითხველში, რომელსაც მხოლოდ ბიბლიური სარას გაოცებული სახე თუ შეედრება, როდესაც მან თავისი მომავალი დედობის შესახებ შეიტყო.

არა, არისტოს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მოუტყუებია პლატონი. ელენე თხუთმეტი წელიწადი უცნობილაძეს ჰყავდა ცოლად, რვა წელიწადი ბრეგაძეს, შვილი კი არცერთთან არ ჰყოლია. ბეკინას ხელში კი სწორედ საოცრება მოხდა. ტყუილად კი არ ამბობს არისტო ქვაშავაძე, მართლაც უცნაური კაცი ყოფილა ბეკინა სამანიშვილი…

ამიტომაც გაუჭირდა მისი ცნობა მკითხველს.

ის მაინც დაიბადა

“და სწუხდა საშინლად, თვალები სისხლით ევსებოდა, მთელის ტანით, ბოროტ-მღელვარებისა გამო, თრთოდა…

მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო განკარგულება ღვთისა? _ ამბობდა იგი დაჟინებით, ეკითხებოდა თავის თავს…”

პლატონსაც მოუხდებოდა ასეთი ტექსტი, მაგრამ ეს არაა პლატონი. თუმცა ბოროტი ძალის გამძვინვარებული სახე, რომელიც ახალი ადამის დაბადებითაა გამოწვეული (ვაჟა-ფშაველა “ეშმაკი”), ისევე ზუსტად მიესადაგება მის გარეგნულ და სულიერ მდგომარეობას, როგორც ბოროტზე არანაკლებ გაბოროტებული მისი ქცევა და სიტყვები:

“არ მოკვდები! არ მოკვდები! ახლაც არ მოკვდები! _ და ელენე მარჯვედ გადმოისროლა კარებისკენ.”

არ მოკვდა. დაიბადა და ოთხი- ხუთი წლის წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, რომელიც სასამართლოს კარზე იზრდება, ერთადერთი ლიტერატურული მემკვიდრეა მეცხრამეტე საუკუნისა, რომელიც ამანათივით გადმოეცა ჩვენს მხატვრულ სინამდვილეს.

მან ჯერ არ იცის, თუ რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და რომ არა ის, ეს ქვეყანა მთლიანად პლატონ-კაენის შთამომავლობას დარჩებოდა.

ამიტომაც იცქირება ასე ხალისიანად და მომავალსაც ჯერ კიდევ იმედით შეჰყურებს…

****

ნაწარმოების ფინალში, პესონაჟები, რომლებიც აქამდე ერთგვარად “არბილებდნენ” სიტუაციას და ტრაგედიისთვის უჩვეულო თეატრალიზებულ, სანახაობით მხარეს ქმნიდნენ, სადღაც გაუჩინარდნენ. კირილე, არისტო, დარიკო, რომელთაც შეეძლოთ ხალისი თუ არა, მეტ-ნაკლები ნუგეში მაინც შემოეტანათ სამანიშვილების ოჯახში, უკვალოდ გაქრნენ. ისინი ლანდებივით გადაცვივდნენ სცენიდან, მოშალეს დეკორაცია, თან წაიღეს რეკვიზიტი და რაც მთავარია, მათი წასვლის შემდეგ სრულიად დაიკარგა იმერული დიალექტის ის სიმსუბუქე (ვიღაცამ ფონოგრამა გამორთო), რომელიც ერთგვარად, თითქოს ძალას აცლიდა სისასტიკეს.

სცენაზე კი, მხოლოდ სამყაროს უამური ფერები და ხმები გაბატონდა.

მთლიანად გაშიშვლდა შესახედავადაც კი უსიამოვნო ჩონჩხი ბიბლიური სქემისა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე კარგად იფარავდა თავს.

ამ გაუსაძლის გარემოს ახლა მხოლოდ მელანო დაჰფუსფუსებს და მარადიული დედის მზრუნველობით ცდილობს მომავლის გადარჩენას.

სამანიშვილის დედინაცვალი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მიჩვეული ვართ, ქალი პერსონაჟები, უმრავლეს შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია, იშვიათია ისეთი გამონაკლისი, როგორიც „ოთარაანთ ქვრივია.“ მით უფრო იშვიათია, რომ ქალი პერსონაჟის სახელი რაღაც ფორმით ერქვას ნაწარმოებს. რა თქმა უნდა, ასეთები ქართულ ლიტერატურაში მაინც გვხვდება, მაგრამ პროგრამაში _ ნაკლებად. საინტერესო გამონაკლისია „სამანიშვილის დედინაცვალი,“ რომელიც თავის თავში გულისხმობს ელენეს, ბეკინას მეორე ცოლს, თუმცა მოთხრობა მასზე არაა, მოთხრობა პლატონზეა, ის არის მთავარი გმირი.

მიუხედავად კომიკური სიტუაციებისა, ვეთანხმები თ. ვასაძეს, რომ „სამანიშვილის დედინაცვალი“ ტრაგედიაა, ყველა ნიშანი აქვს კლასიკური ტრაგედიისა. პერსონაჟი ბედისწერის პირისპირაა და როგორც არ უნდა ეცადოს გაქცევას, მაინც მოუწევს მასთან შეხვედრა. თუმცა თუკი კლასიკური ტრაგედია სიკვდილით უნდა სრულდებოდეს, აქ გმირის ტრაგიკული აღსასრული მისი ზნეობრივი დაცემითაა ჩანაცვლებული:  „სამანიშვილის დედინაცვლის“ ფინალში არის ნაწარმოებიდან „განდევნილი“ ტრაგედიის ნაშთი _ იღუპება ადამიანის სული, მისი სინდისი; სიკეთეს პლატონის არსებაში ახშობს შეუბრალებლობა, გაბოროტებულ სულში იბადება შურისმაძიებელი კითხვა: „მე შემიბრალა ვინმემ?“ პლატონს არ შეუძლია დათმობა, ბედს დამორჩილება, ამის საფასური კი მისი ზნეობრივი სიკვდილია.“(თ. ვასაძე)

თუმცა ეს სტატია პლატონზე არაა, მისი ამბავი, ხასიათი, პიროვნული დამარცხება ისედაც წინა პლანზეა „სამანიშვილის დედინაცვლის“ სწავლებისას.

შედარებით უკანა პლანზეა და შესაბამისად, მიჩქმალულია ქალთა სახეები.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატორი და მოაზროვნე, გერონტი ქიქოძე წერდა: „ დავით კლდიაშვილი დიდი ჰუმანისტია, არა მარტო იმ აზრით, რომ მას ადამიანი უყვარს მისი ნაკლისა და სიმახინჯის მიუხედავად, არამედ იმ აზრითაც, რომ მას ადამიანობის იდეა ყველაზე ამაღლებულ იდეად მიაჩნია.“ ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა, მაშინ სად არიან პირველხარისხოვანი ქალი პერსონაჟები, მაშინ რატომაა, როცა ქალების ბედსა და პრობლემებზე წერს, მაშინაც კი ( „ ქამუშაძის გაჭირვება“ ) მთავარი მოქმედი პერსონაჟები კაცები არიან? ჰუმანიზმი ხომ თავის თავში ადამიანთა თანასწორობის შეგრძნებასაც გულისხმობს. თუკი ვაჟა-ფშაველას ჰყავს ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა: ლელა და აღაზა, რატომ არ არის დავით კლდიაშვილთან პირველხარისხოვანი ქალები? პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: დავით კლდიაშვილი აგრძელებს რეალიზმის ხაზს და ამასთანავე მის ნაწარმოებებში არ არის გმირული სულისკვეთება, ამის გარეშე კი იმ პერიოდისათვის წინა პლანზე მდგომი ქალი წარმოუდგენელი იყო. ანუ თავისთავად პირველხარისხოვანი როლის მიღება უკვე გმირობას ითხოვდა ქალისგან. ამიტომ „სამანიშვილის დედინაცვალიც“ კი სინამდვილეში „პლატონ სამანიშვილია,“ მიუხედავად იმისა, რომ მწერალს ყველგან, და აქაც, ადარდებს და აინტერესებს ქალის როლი.

რახან ტრაგედია ვახსენეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტრუქტურაც ნაწარმოებისა ანტიკურობაშივე იღებს სათავეს. აუცილებელია პერსონაჟი გავიდეს სახლიდან და დაბრუნდეს უკან, ან მარცხით, ან გამარჯვებით.  ლეო ქიაჩელი სწორად აღნიშნავს:  „ოდისეადან“ დაწყებული, ვიდრე ჩვენს დრომდე, ჩამოთვლაც კი ძნელია იმ განუმეორებელი, უკვდავი ქმნილებებისა, რომლებიც ამ კომპოზიციის პრინციპზე არიან აგებულნი. ამნაირმა კომპოზიციამ, ჩვენგან არც ისე დაშორებულ დროში, კლასიკური გამოხატულება ჰპოვა სერვანტესის „დონ კიხოტში.“

უახლოეს ქართულ ლიტერატურაში ისე ბრწყინვალედ არავის გამოუყენებია ეს ხერხი, როგორც კლდიაშვილმა გამოიყენა  „სამანიშვილის დედინაცვალში.“

აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ თუკი გმირი სახლიდან უნდა გავიდეს და ნადავლით დაბრუნდეს, როგორც ეს, ვთქვათ, ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურაშია, მაშინ გამოდის, რომ პლატონის ნადავლი ელენეა, რომელიც თავისთავად აღძრავს მშვენიერი ელენეს პაროდიულ ასოციაციას და მწერლის იუმორის უფრო დაფარულ, ღრმა შრეებზე მიგვანიშნებს. მით უფრო, რომ პლატონიც ანტიკური სამყაროდან მომავალი სახელია და იქნებ აქაც დამატებითი ირონია დევს. ორნაქმარევი და უშვილო სადედინაცვლოს მაძიებელ კაცს ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსის სახელი ჰქვია. თუმცა ეს სახელები ისედაც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ჩემი სოფლის სასაფლაოზე, გურიაში უამრავი პლატონი, არისტოტელე და სოკრატე განისვენებს.

საინტერესოა თვითონ ელენეს მხატვრული სახე, მისი პიროვნული თვისებები თუ უფლებრივი მდგომარეობა.

ნაწარმოების დასაწყისში ის სოფელ ქვედურეთში, ბრეგაძეების დედინაცვალია. ბრეგაძეები ერთობ გაჭირვებულები არიან და მათთან ცხოვრება გაუსაძლისია. ირკვევა, რომ კიდევ ერთხელ გათხოვების შემთხვევაში ელენეს ეკუთვნის საქვროვო, ანუ მან უკან უნდა წამოიღოს ის მზითვი, რომელიც ოჯახში შეიტანა. თუკი ბრეგაძეებთან ცხოვრება ასე აუტანელია და თუკი მას რაღაც წილი ეკუთვნის, დღევანდელი გადასახედიდან ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება, ელენე საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს? როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დღეს გაჩენილი კითხვაა. იმ სინამდვილეში, რომელშიც ელენე ცხოვრობს, ქალის უკან დაბრუნება სირცხვილია, მაშინაც კი, თუ ის უშვილოა და ქვრივი.

მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილება დღევანდელ ახალგაზრდებთან საჭიროა, რადგან, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი ნიუანსი მათთვის დღეს გაუგებარია.

საინტერესოა, როგორ წყდება ელენეს ხელახლა, მესამედ გათხოვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ის გაუსაძლის მდგომარეობაშია, და როგორც ჩანს, თავადაც აქვს უკეთესი მომავლის იმედი, ამ გათხოვება-მოტაცების ამბებსაც კაცები წყვეტენ. არსადაა მისი კონკრეტული პასუხი, მას ან ნაკლებად ეკითხებიან აზრს, ან არაეთიკურად ითვლება ქალისგან თანხმობის გამოცხადება.

ელენე ყოველმხრივ დადებითი პერსონაჟია. ის ოჯახში შესვლისთანავე მოიპოვებს სამანიშვილების სიმპათიასა და სიყვარულს.

„პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე, სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და სიამტკბილობა შეჰმატა სახლს“.

მეორე შტრიხი, რომელიც მის შინაგან ბუნებაზე მეტყველებს,  მადლიერების გრძნობაა. მტრულად განწყობილ გარემოში, რომელიც ბავშვის გაჩენით შეიქმნა, მას მხოლოდ მელანო პატრონობს, ელენე კი სულ გამოხატავს მადლიერებას.

სულ ბოლოს, ნაწარმოების ფინალში, ელენე იბრძვის საკუთარი და შვილის უფლებებისათვის და ხშირადაა სასამართლოს კარზე. მართალია, ბუნდოვანია, რამდენად ქმედითი შეიძლებოდა ყოფილიყო სოფლის სასამართლო თავისი იმდროინდელი მოხელეებით, მაგრამ, ფაქტია, სასამართლო იყო ელენესთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი იარაღი და ქვრივი ამას იყენებდა.

სამანიშვილის დედინაცვალი თავისი ბედით, ხასიათითა და თავგადასავლით ერთ რომანსაც კი გასწვდებოდა, მაგრამ მას მხოლოდ მოთხრობის მეორეხარისხოვანი როლი ერგო.

საინტერესოა, როგორები არიან ამ მოთხრობის  სხვა პერსონაჟი ქალები?

მელანო, პლატონის ცოლი,  ქმრის ღირსეული მეორე ნახევარია. ის მთლიანად იზიარებს პლატონის მერკანტილურ მოსაზრებებს. მხარში უდგას მეუღლეს და ცდილობს იმავეს, არ დაიბადოს ოჯახში მოწილე. როდესაც სალომე დაფეხმძიმდება, ისიც განიცდის ამ ამბავს, გაბრაზებული და შეწუხებულია, თუმცა პლატონივით საშინელ სიზმრებამდე არ მიდის და  ცდილობს  ქმრის დამშვიდებას, იქნებ გოგო დაიბადოს, იქნებ ბოლომდე არ გაწიროთ ღმერთმა.

ყველაზე მძიმე სცენაში, კულმინაციისას, როდესაც პლატონი შეეცდება წიხლი ჩაარტყას ელენეს და შემდეგ კიბეზე დააგორებს, მელანო, ბეკინასთან ერთად, თავს დასტრიალებს გულწასულ დედინაცვალს.

ბავშვის დაბადების შემდეგ ის ერთადერთია, რომელიც უვლის მელოგინე ქალს და ამისთვის მისგან ლოცვასა და მადლობებს ღებულობს. უვლის, მიუხედავად იმისა, რომ ქმრისაგან აკრძალული აქვს ბავშვის სახელის  ხსენებაც კი.  მიუხედავად მერკანტილური ზრახვებისა, მელანოს გადამწყვეტ მომენტში არ ღალატობს ადამიანობა და ის ქმართან ერთად არ ნადგურდება ზნეობრივად.

კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, მესამეხარისხოვანი ქალი პერსონაჟია პლატონის და, დარიკო, რომლისაც თითქოს ეშინია ლოთ და დროისმატარებელ, ქარაფშუტა ქმარს, მაგრამ ეს შიშიც ფასადურია, რადგან დარიკოსი მართლა რომ ეშინოდეს კირილეს, ის სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა.

შედარებით პატივსაცემ და გავლენიან ქალად გამოიყურება სალომე, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს და ამიტომ არისტო ყელგამოღადრული ეხვეწება, პლატონთან საქმე ჩამიწყვეო.

„სამანიშვლის დედინაცვლის“ ქალები ,საბოლოო ჯამში, უფრო   მორალურები არიან, ვიდრე – მამაკაცები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უუფლებობიდან გამომდინარე, მათ პასუხისმგებლობაც ნაკლები აქვთ და შეიძლება ამიტომაც პლატონივით არ კარგავენ ადამიანურ სახეს.

ვფიქრობ, ამ და მსგავს საკითხებზე მსჯელობა მოსწავლეებთან აუცილებელია, რათა მათ სწორად გაიგონ ნაწარმოების შექმნისას არსებული გენდერული კონტექსტი და კრიტიკულად გააანალიზონ თანამედროვეობასთან თუ მომავალთან მიმართებაში.

პლატონის ტრაგედია

ნოველაში გამოჩენილ პერსონაჟთაგან, ჩემთვის, რიგითი მკითხველისათვის პლატონი ყველაზი საინტერესო პერსონაჟია. გმირი, ერთი შეხედვით გვაგონებს ბათუს ა. წერეთლის ,,გამზრდელიდან”. მისი ბედი განსაკუთრებით ტრაგიკულია, რადგან იმ დროში მცხოვრები თავადებისგან განსხვავებით მას ატყდება, როგორც მატერიალური ისე მორალური პრობლემა.
ბეკინა სამანიშვილის, ერთადერთი ვაჟი და მემკვიდრე იმ მცირედითაც სავსებით კმაყოფილია, რაც მას ბედმა არგუნა. მოთხრობის დასაწყისში მას არც ვინმეზე მეტი აქვს, არ ნეკლები. მის მცირედ ქონებას დართული, შეხმატკბილებული ოჯახი მას ასე თუ ისე ბედნიერ კაცად აღგვაქმევინებს ან პერსონად რომელიც არსებულით სავსებით საკმარისია. ,,მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა”, პლატონსაც მსგავსად უმეტესი ცხოვრებისუელი ნაწარმოებების პერსონაჟებისა(თუმცა, არც თუ ისე მოულოდნელად) ბედის უღელი მძიმედ აწვება. ხანში შესული ბეკინა გადაწყვეტს დათმოს მგლოვიარის ამპლუა და შეირთოს ცოლი, განურჩევლად მრავალი ფექტორისა, ოღონდ სიბერის ჟამს მარტო არ იყოს. ასე იწყება პლატონის ტრაგედია და პერსონაჟის ბრძოლა არსებულის შენარჩუნებისთვის, შემდეგ კი ნაკლებად ცუდი ვარიანტის ძიება. ბეკინას სურვილი სავსებით ლოგიკური და ადამიანურია, მაგრამ ეს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გააჩენდა ბზარს სამანიშვილების ოჯახში, ფატალური შედეგი კი პატარა მემკვიდრე იქნებოდა, მეორე მეუღლისაგან, რომელიც გახდებოდა მიზეზი ისედაც მინიმუმამდე დასული ქონების დაყოფის. ახალგაზრდები გულის სიღრმეში ელოდნენ ბეკინას ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ გამოიჩინეს გამჭრიახობა და მოხუც ოდნავადაც არ მოაკლეს ყურადღება. თუმცა, ყველაფერი ამაო აღმოჩნდა.
ტრაგიკული ბედისთვის განწირული პერსონაჟი ყველანაირად ცდილობს შეიმსუბუქოს მდგომარეობა და აირიდოს მოსალოდნელი ქარიშხალი. მამას, ორნაქმარევ ,,უშვილო” დედაკაცს მიათხოვებს. ქალი კი ამდენი მესამე ქმართან, პლატონის გასაკვირად, ორსულდება. ეს მართლაც ტრაგედიაა იმ პერსონაჟისთვის, რომლის ღირსებაც ავტორმა ირონიულ სიტუაციებში წარმოგვიდგინა. მამის ,,კაპრიზის” უწევს შეამციროს ისედაც იოტისოდენა ქონება.
მიჭირს თქმა ლოგიკურია პლატონის მიერ მამის უარყოფა, იმ არგუმენტის გამო, რომ მამას არ უფიქრია შვილზე და არც შვილია ვალდებული გააკეთოს იგივე, მეტიც გასაკვირიც კია ასეთი პერსონაჟისაგან, მაგრამ ასე თუ ისე გასაგები.
ჩემი აზრი, პლატონის ყველაზე დიდი ტრაგედია თავის დაკარგვაა. მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა – მე, ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის მოკვლის მცდელობით და სისხლისა და ხორცის უარყოფით, რამაც საცოდავი მოხუცი სიკვდილამდე მიიყვანა.

დ. კლდიაშვილის სამყარო

პლატონის სახე

ბეკინას სახე

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.