ევროპული გუდაური საბჭოთა კავშირის დროს! კურორტისა და სასტუმრო „მარკო-პოლოს“ ისტორია

ყოველწლიურად, გუდაურს ათი ათასობით ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ცოტა თუ იცნობს ამ კურორტის ევროპულ წარსულს. დღეს ჩვენ მოგიყვებით ისტორიას, რომელიც 1980 წელს იწყება და დღემდე, გუდაურის საბაგირო გზების, სასტუმრო „მარკო პოლოსა“ და კვალიფიციური ადგილობრივი მომსახურე პერსონალის სახით გრძელდება. გიამბობთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო გუდაურმა, საბჭოთა პერიოდში, ქცეულიყო ევროპული სტანდარტის კურორტად, თუ როგორ შეიძლება ერთი სამთო-სათხილამურო კომპლექსის მშენებლობისა და ფუნქციონირების ისტორია ირეკლავდეს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას, ასახავდეს საბჭოთა რეჟიმის „სიკეთეებს“ და ამასთან, იყოს ევროპული ხასიათის მატარებელი.

„მარკო პოლო“ 90-იანებში, კოტე გაბრიჩიძის ფოტო

ჰელი-სკიინგი, 2000 წელი, ფოტო კრედიტი – კოტე გაბრიჩიძე

საბჭოთა კავშირის ისტორიისათვის უჩვეულოდ, რუსეთის გარეთ, ავსტრიულ ფირმას მიეცა გუდაურის ტერიტორიაზე მშენებლობის, შემდგომში კი, სასტუმროს მენეჯმენტისა და კურორტის კომერციული მნიშვნელობის გააზრების საშუალება. ამ პერიოდისთვის, გუდაური პოულობს სამთო ტურიზმის ნიშას – ჰელი-სკიინგს, რომელიც მხოლოდ კანადაშია ხელმისაწვდომი და ამ და სხვა მიზეზებით, ხდება ევროპელებისთვის მიმზიდველი კურორტი. საბჭოთა წყობა, ბიუროკრატია თუ ბიზნესის მითვისებით დაინტერესებული მაღალჩინოსნები – მცირე ჩამონათვალია იმ დაბრკოლებათაგან, რისი დაძლევაც ამ პერიოდში გახდა საჭირო. სანამ ქრონოლოგიურად მივყვებით გუდაურის განვითარებისთვის ბრძოლის ისტორიას, ყურადღებას გავამახვილებთ 90-იანი წლების პერიოდზე, როცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იყო:

სამოქალაქო ომის პერიოდშიც, ევროპიდან ჩამოდიოდნენ ჰელი-სკის სტუმრები. მათი მიღება თბილისის ძველ აეროპორტში, ჭრაქების შუქზე გვიწევდა. აეროპორტიდან გუდაურამდე სტუმრების ავტობუსს აცილებდა „ორბის“ შეიარაღებული დაცვა. კუპონები პროდუქტის შესაძენად ზურგჩანთებით დაგვქონდა. მართალია, მარტო ზამთრის პერიოდში, მაგრამ სასტუმრო „მარკო პოლო“ და საბაგირო გზები მუშაობდნენ და თავს ირჩენდნენ“, – გვიყვება ქართულ-ავსტრიულ-უნგრული საწარმო „გუდაურის“ დირექტორი, ვახტანგ მიქელაძე. 

ქართულ-ავსტრიულ-უნგრული საწარმო „გუდაურის“ დირექტორი, ვახტანგ მიქელაძე

გუდაურსა და „მარკო პოლოს“ შესახებ თხრობას, ვახტანგ მიქელაძესთან ერთად, იმ პერიოდიდან დავიწყებთ, როცა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მიმართ ინტერესი გაჩნდა. მანამდე კი გეტყვით, რომ გუდაურში სამთო-სათხილამურო კომპლექსის (სასტუმრო 240 საწოლზე, 4 საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასების აღჭურვილობა) მშენებლობაზე კონტრაქტს ავსტრიასა და საბჭოთა კავშირს შორის, ხელი მოეწერა 1985 წლის ოქტომბერში. ამ გადაწყვეტილებას კი შემდეგი წინაისტორია აქვს:

1980 წლის მარტში, იტალიური საავტომობილო ფირმა „ფიატის“ ქარხნის მშენებლობის ინიციატორ – სავორეტის ხელმძღვანელობით, ბაკურიანში გაიმართა სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარებას და მასში მონაწილეობდნენ იტალიური, ავსტრიული, ფრანგული და გერმანული ფირმები. ეს იყვნენ სასტუმროებისა და საბაგირო გზების მშენებლობაში, თოვლის სატკეპნი ტექნიკის, თხილამურების, სამაგრების და სათხილამურო ტანისამოსის წარმოებაში დიდი გამოცდილების მქონე კომპანიები. იმავე წლის სექტემბერში, სავორეტიმ საქართველოში მოავლინა სათხილამურო ცენტრების (სადგურების) დაგეგმვის ორი პროფესიონალი – ილინგი და კანესტრინი. კვლევა, ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ბაკურიანში, ციხისჯვარში, ტაბაწყურზე, სამსარის ქედზე და გუდაურში. იტალიელი სპეციალისტების დასკვნა კი იყო შემდეგი: კომერციულად გამართლებული სათხილამურო ცენტრის მშენებლობისთვის ყველაზე პერსპექტიული ადგილია გუდაური. ყოფილი მთასვლელის, ცეკას მდივნის, სოლიკო ხაბეიშვილის ძალისხმევით, 1982-1985 წლებში გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრის მართვა გადაეცა საქართველოს „ცეკავშირს“. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც „ცეკავშირი“ არ ექვემდებარებოდა საკავშირო სტრუქტურებს. ამ პერიოდში „ცეკავშირმა“ გუდაურში ააშენა რამდენიმე პატარა სასტუმრო, რესტორანი და ორი დაბალი წარმადობის, რუსეთში წარმოებული ორსავარძლიანი საბაგირო გზა.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

1985 წლის გაზაფხულზე, „ცეკავშირისა“ და ხაბეიშვილის ინიციატივით, საქართველოს ეწვია ავსტრიის ფედერალური მიწის შტირიის სავაჭრო პალატის დელეგაცია. სხვა ბიზნესმენებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვენის სამშენებლო ფირმის „აბფ“-ს მფლობელი – ლეოპოლდ ბაუზბეკი და საბაგირო გზების მწარმოებელი ფირმის „დოპელმაიერის“ მფლობელი არტურ დოპელმაიერი. დელეგაციისთვის საინტერესო იყო „ცეკავშირის“ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობის მოსინჯვა, ასევე, „ცეკავშირის“ ნაწარმის ავსტრიაში გაყიდვის პერსპექტივა. ავსტრიელების დელეგაცია ესტუმრა გუდაურს. დაათვალიერა ადგილი სადაც „ცეკავშირი“ აპირებდა დიდი სასტუმროს და თანამედროვე საბაგირო გზების მშენებლობას. „როგორც იმ პერიოდის საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ინიციატივას ბუნდოვანი და ნულთან მიახლოებული პერსპექტივა ჰქონდა“.

თუმცა, იმავე წლის ზაფხულში მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. „ცეკავშირში“ ჩამოვიდა ბატონი ბაუზბეკი და განაცხადა, რომ ის მზად არის ითავოს გუდაურში სასტუმროს და საბაგირო გზების მშენებლობა და ავსტრიული ბანკისგან აქვს თანხმობა კრედიტის გამოყოფაზე. საჭირო იყო მოსკოვში საგარეო ვაჭრობის სამინისტროში თანხმობის მიღება, რაც ძალიან რთული საქმე იყო. ეს ამბავი თავის თავზე აიღო სოლიკო ხაბეიშვილმა. შემოდგომაზე მოსკოვმა, მოულოდნელად, თანხმობა განაცხადა. ეს ალბათ განპირობებული იყო ხელსაყრელი კრედიტით და იმით, რომ მოსკოვის აზრით, საბოლოო ჯამში, გუდაური საკავშირო „ინტურისტის“ ხელში მოხვდებოდა“, – გვიყვება ვახტანგ მიქელაძე.

სუათისის მყინვარი, 2000 წელი, ჰელი-სკიინგი, კოტე გაბრიჩიძის ფოტო

კონტრაქტზე მუშაობა და ხელის მოწერა დაევალა „საიუზსტროიიმპორტს“. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც ავსტრიული „აბფ“-ს გარდა მონაწილეობდა „იტალპროექტი“. ტენდერის გამოცხადება ფორმალობა იყო, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ კრედიტის გამომყოფი ავსტრიის მხარე იყო. კონტრაქტი ბოლომდე იყო მიყვანილი და გამზადებული ხელმოსაწერად. მიუხედავად ამისა, „სოიუზსტროიიმპორტის“ ყველა თანამშრომელი დარწმუნებული იყო, რომ პროექტი, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა, განწირული იყო. არ არსებობდა იმის პრეცედენტი, რომ დასავლეთის სამშენებლო ფირმებს, რუსეთის ფედერაციის გარეთ, რამე აეშენებინათ.

ოქტომბერში საბჭოთა კავშირში ჩავიდა ავსტრიის კანცლერი ფრედ ზინოვაცი. ხელი უნდა მოეწერათ ეკონომიკური თანანშრომლობის სამთავრობო ხელშეკრულებაზე, რა დროსაც  ზინოვაცმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს – ტიხონოვს უსაყვედურა, რომ ზოგიერთი პროექტი გაუგებარი მიზეზების გამო, არ ხორციელდება და მაგალითად გუდაური მოიყვანა. ტიხონოვმა იქვე გასცა კონტრაქტის განხორციელების ბრძანება. საგარეო საქმეთა მინისტრს – პატოლიჩევს კონტრაქტზე ხელის მოწერა იმდენად არ უნდოდა, რომ თავი მოიავადმყოფა, მაგრამ იძულებული იყო ტიხონოვის ბრძანება შეესრულებინა. ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, ბაუზბეკმა მოსკოვში იქირავა ფინური ფირმა „ტომესტოს“ ოფისი, სადაც ერთ დღეში დაიბეჭდა 600 გვერდიანი კონტრაქტი. ორშაბათს, „ავადმყოფმა“ პატოლიჩევმა კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ფოტო კრედიტი – კოტე გაბრიჩიძე

კონტრაქტის ღირებულება იყო 320 მილიონი ავსტრიული შილინგი, ანუ დაახლოებით, 27 მილიონი დოლარი. ამ თანხის 5%, ერთ მილიონ დოლარზე ცოტა მეტი, „ცეკავშირს“ უნდა გადაეხადა თავისი სახსრებიდან. „ცეკავშირისთვის“ ერთი მილიონი დოლარიც დიდი თანხა იყო. გადაწყდა, რომ „ცეკავშირი“ საქართველოში შეიძენს ჩაის და გაყიდის მას საზღვარგარეთ. მაგრამ აქვე აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში, გარდა ერთი რუსული ფირმისა, საზღვარგარეთ ჩაის გაყიდვის უფლება არავის აქვს. „ცეკავშირი“ იძულებული იყო შეეძინა 1 მილიონის ღირებულების ჩაი, გაეფორმებინა იგი, როგორც „ჩაის ნარჩენი მტვერი“ და ისე გაეყიდა დიდ ბრიტანეთში.

სამშენებლო პროცესი
გუდაურში ჯერ თოვლი დამდნარი არ იყო, რომ 1986 წლის აპრილში, ბევრისთვის მოულოდნელად, სამშენებლო უბანზე გამოჩნდა უცხოური მანქანები ლაფეტებით. ლაფეტებზე მძიმე სამშენებლო ტექნიკა და ბეტონის ქარხანა იყო განთავსებული. ჩამოსვლისთანავე ბულდოზერებმა და ექსკავატორებმა დაიწყეს ტერიტორიის მოსწორება და ბეტონის ქარხნის მონტაჟი. „ცეკავშირის“ სამშენებლო ორგანიზაციას, რომლის მოვალეობა იყო ქვაბულის მომზადება, იძულებული იყო მხარი აება ამ ჩვენთვის უჩვეულო მშენებლობის ტემპისთვის.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

უცხოელების პირველი დესანტი შედგებოდა, ძირითადად, შვედებისგან. იმ პერიოდში, ლეოპოლდ ბაუზბეკის ვენაში განთავსებული ფირმა იყო შვედური დიდი სამშენებლო ფირმის „აბფ“ წარმომადგენლობა ავსტრიაში. შვედური ფირმა „აბფ“ იყო სამშენებლო მონსტრი, რომელიც საცხოვრებელი სახლების გარდა, მთელ მსოფლიოში აშენებდა ჰიდროელექტროსადგურებს და საზღვაო პორტებს. ამიტომ, მშენებლობის ხელმძღვანელები, ბეტონის ქარხნისა და მექანიზმების ოპერატორები იყვნენ შვედები. პროექტანტები და სუბმოიჯარე ფირმების წარმომადგენლები იყვნენ ავსტრიელები, მშენებლობაზე დასაქმებული მუშები კი პოლონელები.

სასტუმროს გახსნა
კონტრაქტის თანახმად მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 18 თვეში. მაგრამ, 1987 წლის დიდთოვლობის გამო პროცესი შეფერხდა. გუდაურიდან თბილისში მშენებლები გამოიყვანეს ვერტმფრენებით. ორი თვის შემდეგ, მშენებლობა აღდგა და დასრულდა 1988 წლის დასაწყისში. ოთხი სავარძლიანი საბაგირო გზის მშენებლობა დასრულდა ერთი წლით ადრე, უკვე 1987 წელს. სასტუმრო კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა 1988 წლის აპრილში.

თანამშრომლების ევაკუაცია 1987 წლის დიდთოვლობისას, Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

სასტუმროს გახსნის წინა პერიოდისთვის (Preopening – სასტუმროს აღჭურვილობის და ავეჯის შეძენა, პერსონალის ტრენინგი, პროდუქტის მომარაგება, მარკეტინგული კვლევა,  და სხვ.) და მუშაობის პირველი პერიოდისთვის, გუდაურის კომპლექსს ესაჭიროებოდა საბრუნავი საშუალებები და კრედიტი უცხოურ ვალუტაში. „ვნეშეკონომბანკი“ იყო ერთადერთი საბჭოთა საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც შეეძლო ასეთი კრედიტის გამოყოფა. ბანკმა უარი გვითხრა. საქართველოს მთავრობას დაუფარავად გამოუცხადეს, რომ გუდაურის კომპლექსი კრედიტს მიიღებდა მხოლოდ იმ პირობით, თუ გადავიდოდა მოსკოვის დაქვემდებარებაში, „ინტურისტის“, ან „სპუტნიკის“ ხელში.

სასტუმროს ოფიციალური გახსნა, 1988 წელი, Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

სასტუმრო აშენებული იყო, მაგრამ ფუნქციონირებას ვერ იწყებდა. ამ მძიმე პერიოდში გამოსავალი ლეოპოლდ ბაუზბეკს ეკუთვნის. გუდაურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაუზბეკის სამშენებლო ფირმა „აბფ“ გამოეყო შვედურ კონცერნს და გახდა დამოუკიდებელი. ლეოპოლდ ბაუზბეკის ამ მომენტისთვის მთავარი ამოცანა იყო ფირმის შემდგომი ზრდა, საბჭოთა კავშირში მიღებული გამოცდილების რეალიზაცია და ახალი დაკვეთების მიღება. ამიტომ, მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო პირველი ობიექტის, გუდაურის სრულყოფილად და სამაგალითოდ ამუშავება.

ეს არის ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გახდა გორბაჩოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ედუარდ შევარდნაძე. გამოცხადებულია „პერესტროიკა“ და უცხოურ ფირმებთან თანამშრომლობით, იქმნება ერთობლივი საწარმოები. „პერესტროიკის“ მიუხედავად, სასტუმროების მენეჯმენტის ფირმები, „ჰილტონი“, „შერატონი“, „ჰაიეტი“ და სხვები არ ჩქარობენ საბჭოთა კავშირში საქმის დაწყებას და ფეხს ითრევენ. გუდაურის სასტუმროს მენეჯმენტზე ყველა უარზეა. მხოლოდ ერთმა ფირმამ, „ვინ-ინტენეიშენმა“ განაცხადა თანხმობა და ჩაატარა კიდევაც სასტუმროში ტრენინგი, მაგრამ მალე მანაც გადაიფიქრა.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

სიტუაცია კრიტიკული იყო. ზაფხული გადიოდა, სასტუმრო კი იდგა ცარიელი, სტუმრების მოლოდინში. სასტუმროს მფლობელი, ამ მომენტისთვის, იყო  „საქკურორტი“, საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი გამოცდილება ჰქონდა ამ დარგში. მის განკარგულებაში იყო მხოლოდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და რამდენიმე ფინური კოტეჯი შოვში. იმედი იმისა, რომ ასეთ ორგანიზაციას, რომელიმე უცხოური ბანკი გამოუყოფს კრედიტს, ნულის ტოლი იყო.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

ბაუზბეკის წინადადებით შეიქმნა სამმხრივი ქართულ-ავსტრიულ-უნგრული ერთობლივი საწარმო „გუდაური“. დამფუძნებლები იყვნენ „საქკურორტი“, ავსტრიული ფირმა „აუსტრიან ტურიზმ კონსალტანტი“ და უნგრული „უნგარჰოტელი“. ერთობლივ საწარმოსა და სასტუმროს მფლობელს „საქკურორტს“ შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 20 წლის ვადით. ავსტრიულმა ბანკმა, ავსტრიელი მონაწილის გარანტიით, საბრუნავი საშუალებების შესაძენად და გახსნისთვის გამოყო კრედიტი. „უნგარჰოტელის“ კი ევალებოდა სასტუმროს მენეჯმენტის ნოუ-ჰაუ უზრუნველყოფა.

გორბაჩოვის მართვის პერიოდში, უცხოელებთან ერთობლივად დაარსებული საწარმოები სოკოებივით მრავლდებოდნენ და იქვე კოტრდებოდნენ. ერთობლივი საწარმო „გუდაური“ რიგით 70-ე იყო რეგისტრირებულთა შორის. ორ წელიწადში, იგი ერთ-ერთი მცირეთაგანი აღმოჩნდა, რომელიც გადაურჩა დროის გამოცდას. სასტუმროში სამუშაოდ ჩამოვიდნენ უცხოელი სპეციალისტები. მენეჯმენტი მიჰყავდათ ავსტრიელებს. რესტორანში და ჰაუზკიპინგში მუშაობდნენ უნგრელები. პერსონალის ძირითადი მასა კი ქართველები იყვნენ. ეს იყვნენ თბილისიდან ჩამოსული „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები. მაგრამ, დაახლოებით, ერთ წელიწადში თბილისელების უმეტესობა შეცვალა ადგილობრივმა პერსონალმა, მოხევეებმა და მთიულებმა. უცხოელებთან მუშაობა მარტივი არ იყო, მაგრამ ნოუ-ჰაუ რომელიც მათ გადასცეს ადგილობრივ პერსონალს, იყო ფასდაუდებელი.კომპლექსი მუშაობდა, მაღალი იყო მომსახურეობის დონე, მომრავლდა სტუმრების რაოდენობა და ერთობლივმა საწარმომ დაიწყო ვალების გასტუმრება.

ფოტო კრედიკი – კოტე გაბრიჩიძე

სამთო ტურიზმის ნიშა, რომელსაც მიაგნო საწარმოს პარტნიორმა „აუსტრია ტურიზმ კონსულტანტმა“ იყო ჰელი-სკიინგი, მოთხილამურეთა მთის წვერზე ტრანსპორტირება ვერტმფრენის მეშვეობით და მათი დაშვება გაუკვალავ თოვლში. იმ პერიოდში, ასეთი ტიპის სამთო ტურიზმი შესაძლებელი იყო მხოლოდ კანადაში. ტურიზმის ამ სეგმენტში გუდაური კონკურენტუნარიანი გახადა ევროპასთან სიახლოვემ, სასრიალო ფერდების, პრაქტიკულად, უსაზღვრო რაოდენობამ და ვერტმფრენით ფრენის სიიაფემ. ჰელი-სკის ასამოქმედებლად ერთობლივმა საწარმომ იქირავა ჩარტერული თვითმფრინავი მარშრუტით – ვენა-თბილისი-ვენა. დასაწყისში ჰელი-სკის გიდები გერმანელები იყვნენ. შემდგომში დაიდო ხელშეკრულება შვეიცარიულ ფირმასთან „ალპინ-ტრაველთან“. ამ ფირმას კარტოტეკაში ათასობით გერმანელი, შვეიცარიელი, ავსტრიელი და იტალიელი  კლიენტი ჰყავდა და იგი თვითონ უზრუნველყოფდა მარკეტინგს ამ მიმართულებით.

გუდაური, ვერტმფრენი ჰელი-სკიინგისთვის, Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

გუდაურის გარდა, 1990 წლისათვის ლეოპოლდ ბაუზბეკს უკვე აშენებული ჰქონდა სასტუმრო ნოვგოროდში და შეძენილი და განახლებული სასტუმრო მოსკოვში. შენდებოდა ახალი სასტუმროები თბილისში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ალმა-ატაში. გამოიკვეთა სასტუმროების ჯაჭვი, რომელთა მფლობელობაში გარკვეული ზომით  მონაწილეობდა „აბფ“. ამ სასტუმროების მართვისთვის საჭირო იყო მენეჯერული ფირმის პოვნა. არც ერთი ცნობილი სასტუმროების ფირმა არ გამოსთქვამდა ამის სურვილს. საბჭოთა კავშირი კი დაშლის პირას იყო. ამ გარემოებამ ლეოპოლდ ბაუზბეკი აიძულა თვითონ ეზრუნა სასტუმროების მენეჯმენტზე. მან გადაწყვიტა შეეძინა სასტუმროების მართვაში გამოცდილი  რომელიმე ფირმა. ასეთი ფირმა მოინახა ავსტრიულ ქალაქ ზალცბურგში. ფირმას ერქვა „მარკო პოლო“. იგი ცნობილი იყო ტურისტულ ბაზარზე და მის მფლობელობაში ან მართვაში იყო რამდენიმე სასტუმრო ანტალიაში, ტუნისში და ავსტრიის ალპებში. ფირმის სპეციალიზაცია იყო დასვენების ტურიზმი, რაც სავსებით აკმაყოფილებდა „აბფ“-ს მოთხოვნებს.

ვიზიტორები, 1997 წელი, კოტე გაბრიჩიძის ფოტო

ლეოპოლდ ბაუზბეკმა იცოდა, რომ ფირმა „მარკო პოლოს“ მფლობელი – ჰარერი ვალებში იყო გახვეული, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა უფრო მძიმე, ვიდრე მოელოდა. როგორც მაშინდელი ავსტრიული პრესა იუწყებოდა „ბაუზბეკმა მოულოდნელად „მარკო პოლოს“ სარდაფში უამრავი ჩონჩხი აღმოაჩინა“. ამას მოჰყვა რამდენიმე სასამართლო დავა. შედეგად, ბაუზბეკმა შეინარჩუნა ჰარერის სასტუმროების ნაწილი და ბრენდის სახელი „მარკო პოლო“. ამის შემდეგ, მოქმედი სასტუმროები „მარკო პოლოს“ სახელით მუშაობდნენ. გუდაურში ჩამოვიდა „მარკო პოლოს“ წარმომადგენელი, სასტუმროს მენეჯერი გერდ ლაბნერი.

1991 წ. დეკემბერში ბელორუსიაში ხელი მოეწერა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხელშეკრულებას. საბჭოთა კავშირის დაშლა ფაქტად იქცა. საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო. საბჭოთა კავშირის უფლებამემკვიდრე რუსეთის ფედერაცია გახდა. გუდაურის კომპლექსის მშენებლობისთვის აღებული ავსტრიული ვალიც მისი გადასახდელი აღმოჩნდა. გუდაურის კომპლექსის სრული მფლობელი, საქართველოს რესპუბლიკის სახელით, სახელმწიფო ორგანიზაცია „საქკურორტი“გახდა.

ერთობლივ საწარმო „გუდაურთან“ 1988 წელს დადებული 20 წლიანი საიჯარო  ხელშეკრულება ძველებურად მოქმედებდა. ამ დროისათვის უნგრეთში ფირმა „უნგარ-ჰოტელი“ კერძო პირებმა შეიძინეს. ახალ მფლობელს გუდაურის საწარმოში მონაწილეობის ინტერესი აღარ ჰქონდათ. „უნგარ-ჰოტელის“ წილი შეიძინა „აბფ“-მ. გუდაურის კომპლექსი დარეგისტრირდა ოფიციალურად, როგორც „შ.პ.ს. ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო გუდაური“, ოფიციალურად, სასტუმრომ შეინარჩუნა სახელი „მარკო-პოლო“, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის იგი ძველი სახელით „ავსტრიელებით“ იყო ცნობილი.

ფურშეტი „მარკო პოლოში“, Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

სასტუმროს მენეჯმენტის წყალობით, მაშინაც კი, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, გუდაურის  საბაგირო გზები და სასტუმრო „მარკო პოლო“ განაგრძობდა ფუნქციონირებას. საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც გუდაურზე გადიოდა, იყო კრიმინალური და ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი არტერია. ამ გზით შემოჰქონდათ და გაჰქონდათ საქართველოდან ბენზინი, დიზელი, სპირტი, იარაღი თუ ნარკოტიკი. გზაზე კონტროლი დიდ შემოსავალს იძლეოდა და მასზე ბატონობისთვის უამრავი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე, თუ ბანდფორმირება იბრძოდა. გაკოტრებისთვის განწირული რაღაც გაურკვეველი საბაგირო გზებისთვის და სასტუმროსთვის მათ არ ეცალათ. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორის წყალობითაც, გუდაურმა სამოქალაქო ომისა და ბნელი 90-იანების პერიოდში თავი გადაირჩინა.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

როგორც ვახტანგ მიქელაძე გვიყვება, ამ დროისათვის, მთავრობაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს სათავისოდ იყენებდნენ. მათ თვალი დაადეს გუდაურს და დაიწყო კომპლექსის გაკოტრების მცდელობა. ყოველ წელს ტარდებოდა საგადასახადო შემოწმება. ყოველ წელს ერთობლივ საწარმოს ეკისრებოდა თითიდან გამოწოვილი საგადასახადო ჯარიმები. მიზანი ნათელი იყო: საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა, შემდგომ სასტუმრო-კომპლექსის ჯერ კერძო პირზე გაყიდვა და მერე ჩამორთმევა.

Ewald Stauder-ის ფოტოარქივი

ვახტანგ მიქელაძის ცნობით, 2008 წელს, ხელშეკრულების 20 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფომ შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება და გაყიდა სატუმროც და საბაგირო გზებიც. შემდგომ, საბაგირო გზები მთავრობამ ისევ დაიბრუნა. შეიცვალა სასტუმროს მფლობელი და პერსონალიც. თუმცა, ნოუ-ჰაუ, რომელიც გუდაურში მოიტანეს ავსტრიელმა და უნგრელმა სპეციალისტებმა, უკვალოდ არ დაკარგულა. სასტუმროს ყოფილმა, ადგილობრივმა პერსონალმა წარმატებით წამოიწყო საკუთარი საქმე (საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, თხილამურების გაქირავება და სხვ.) ან განაგრძო მუშაობა სხვა სასტუმროებში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გუდაურში მომსახურე პერსონალი ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციურია საქართველოში.


დღეისათვის, „მარკო პოლო“ კურორტ გუდაურის ცენტრში ფუნქციონირებადი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც წლის განმავლობაში, დაახლოებით, 40 000 სტუმარს მასპინძლობს და ამჟამად, მისი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ილია კოკაიაა. აღსანიშნავია, რომ წელს, ძველი რენდერების მიხედვით დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, გუდაურის „მარკო პოლოს“ ძველი, ისტორიული იერი დაუბრუნდება. ხოლო, რაც შეეხება თანამშრომლებს, სასტუმროს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ცნობით, „მარკო პოლოში“ დღემდე, 20-ზე მეტი ძველი, ათწლეულების სტაჟის მქონე თანამშრომელი მუშაობს.

 

წყარო: marketer

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.