ამერიკელი „ფოლადის მეფე“, რომელმაც ქონების 90% ქველმოქმედებას მოახმარა! ენდრიუ კარნეგის ბიზნეს ისტორია

ამერიკული ბიზნესისტორიების გადახედვისას, ნათლად ჩანს ფაქტი, რომ მსოფლიოს ეს კუთხე კარგი და სამაგალითო ბიზნესმენებით ნამდვილად დაიკვეხნის. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, 1 საუკუნეში უკვე ჰყავდა ძლიერი და მისაბაძი პიროვნებები. ისტორიის ამ მცირე მონაკვეთში თავისი ღვაწლით თავი ბევრმა ბიზნესმენმა დაგვამახსოვრა, თუმცა, თუკი თემას ოდნავ გავცდებით და  საუბარს ქველმოქმედ ბიზნესმენებზე დავიწყებთ, პირველ რიგში, ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილანთროპი – ენდრიუ კარნეგი გაგვახსენდება.

მისი ცხოვრებაც, მსგავსად ბევრი სხვა ცნობილი ბიზნესმენისა, უკიდურესი სიღარიბით და გაჭირვებით დაიწყო. ენდრიუ კარნეგი 1835 წელს შოტლანდიაში, ფეიქრის ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. სასკოლო განათლება Free School in Dunfermline-ში მიიღო, რომელიც ქალაქს, თავის დროზე, ფილანტროპმა ადამ როლანდმა აუშენა. გარდა სკოლისა, მის განათლებაში უდიდესი როლი ითამაშა თავისმა პოლიტიკოსმა ბიძამაც, რომელიც ენდრიუს პერიოდულად სხვადასხვა ლიტერატურას აკითხებდა და აზროვნებას უყალიბებდა. ენდრიუსთან ერთად იზრდებოდა მისი ბიძაშვილი, რომელიც შემდგომ, მისი ბიზნესპარტნიორი გახდა. ოჯახისთვის შოტლანდიაში ცხოვრება სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, იმ პერიოდში, ქალაქში შიმშილობა მძვინვარებდა. ამიტომაც, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, 13 წლის ენდრიუ ძმასთან და დედ-მამასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში გადავიდა. როგორც ჩანს, საკუთარი ცხოვრების არც თუ ისე სახარბიელო პრელუდია კარნეგისთვის დიდი მოტივაციად იქცა საიმისოდ, რომ ყოფილიყო მომავალში ძალიან წარმატებული პიროვნება. ამას ამტკიცებს სიტყვები, რომელიც მან, როგორც შემდგარმა ბიზნესმენმა, წარმოთქვა: „ახალგაზრდა ადამიანისთვის საუკეთესო მემკვიდრეობაა სიღატაკეში დაბადება. არავითარ უნარებსა და შესაძლებლობებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანი შეძლებულია.“

უნდა ითქვას, რომ კარნეგის ოჯახი სწორ დროს სწორ ადგილზე გადავიდა საცხოვრებლად, რადგანაც იმ დროისთვის, პენსილვანია ინდუსტრიულად ძლიერი ქალაქი ხდებოდა, ბიზნესის სფერო სულ უფრო ვითარდებოდა. მათ ჩასვლას „ნაყოფიერ მიწებზე“ მალევე მოჰყვა პირველი სამსახური. კერძოდ, მამამ და შვილმა მუშაობა დაიწყეს შოტლანდიური ბამბის ქარხანაში. აქ ენდრიუ უდიდეს შრომას ეწეოდა – კვირაში 6 დღე 12 საათს მუშაობდა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი, კვირის ბოლოს 1.2 დოლარს იღებდა. (დღევანდელი კურსით 34 დოლარი) მალევე, კარნეგიმ ერთ-ერთი ფაბრიკის მფლობელისგან მიიღო წინადადება, რომელიც კვირაში 2 დოლარიან ანაზღაურებას სთავაზობდა. ინტერვიუებში იგი ხშირად საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელსაც გამუდმებით ეჩეხებოდა ამ სამსახურში მუშაობისას. 1849 წელს მუშაობა დაიწყო Pittsburgh Office of the Ohio Telegraph Company-ში კურიერად.უნდა აღინიშნოს, რომ იგი ძალიან პასუხისმგებლიანი თანამშრომელი იყო და მარტივად იმახსოვრებდა პიტსბურგის ბიზნესების დასახელებებს და მნიშვნელოვანი პირების სახეებს. 1 წელიწადში კარნეგი დააწინაურეს და ოპერატორად დანიშნეს.

მიუხედავად დატვრითული გრაფიკისა, იგი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა საკუთარ ინტელექტს. კარნეგის სწავლისადმი და კითხვისადმი მიდრეკილება კიდევ უფრო გაამძაფრა მახლობლად მდებარე ჯეიმს ანდერსონის პერსონალური ბიბლიოთეკის გახსნამ. ამის შემდეგ, იგი ბიბლიოთეკის რეგულარული კლიენტი გახდა. უნდა ითქვას, რომ განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, ვისაც აქვს პირობები და საშუალება, ისწავლოს და იყოს ყოველმხრივ განვითარებული, ენდრიუ კარნეგიმ ეს ყოველივე თავისით მოახერხა. ბიბლიოთეკის მფლობელისადმი მადლიერების გრძნობით განმსჭვალული ენდრიუ ამბობდა ხოლმე: „თუკი ოდესმე მდიდარი გავხდები, ვეცდები, სხვა ღარიბმა ბიჭებმა იმ შესაძლებლობებით ისარგებლონ, რომლებითაც მე ვსარგებლობდი.“

1853 წელს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, თომას სკოტმა მონდომებული კარნეგი პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიაში მდივნად აიყვანა. უნდა ითქვას, რომ ენდრიუს ხელფასი დრო და დრო სულ უფრო იზრდებოდა, თუკი მან 1.2 დოლარიდან დაიწყო, ახლა უკვე კვირაში კარნეგს 4 დოლარი ჰქონდა (იგივე 118 დოლარი). აქ მან წინა სამსახურზე ბევრად მეტი გამოცდილება შეიძინა. მალევე გახდა უფროსი და დაასაქმა თავისი 16 წლის ძმაც, სახელად ტომი. სარკინიგზო კომპანია მისი წარმატებული კარიერის დასაწყისი იყო. ამერიკაში რკინიგზის ბიზნესი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა ბიზნესმენებს.

ამასობაში, ენდრიუ ბევრს სწავლობდა მენეჯმენტის და ფასების კონტროლის შესახებ. სარკინიგზო კომპანიის მფლობელი ტომას სკოტი მალევე იქცა ენდრიუ კარნეგის მესიად, რადგანაც სწორედ იგი დაეხმარა გამოუცდელ ენდრიუს პირველი ინვესტიციის ჩადებაში. მან 500 დოლარი დააბანდა იმ დროისთვის არსებულ ექსპრეს კომპანიაში, სახელად „Adams Express“, რომელიც თანამშრომლობდა სკოტის კომპანიასთან. დრო გადიოდა, კარნეგი კი ნელ-ნელა აგროვებდა კაპიტალს, რაც შემდგომ ინვესტიციებში ჭკვიანურად გამოიყენა. მალევე ენდრიუ გაერთიანდა კომპანიასთან, სახელად Woodruff’s company, იგი აწარმოებდა იმგვარ მატარებლებს, რომლებშიც მგზავრებს შეეძლოთ, მოესვენათ, დაეძინათ და ამავდროულად, გადაადგილებულიყვნენ 500 მილის მანძილზეც კი. კარნეგი არ შემცდარა ინვესტიციის ჩადების დროს, ბიზნესმა ნამდვილად გაამართლა და კომპანიას უდიდესი წარმატება მოუტანა.

ამერიკის სამოქალაქო ომი, რომელიც 1961 წელს დაიწყო და 5 წელს გაგრძელდა, კარნეგისთვის კარიერული აღმასვლის ხანა აღმოჩნდა. ამ დროისთვის ენდრიუ გამოცდილებას უკვე აღარ უჩიოდა. იგი 1861 წელს დაინიშნა სამხედრო რკინიგზის უფროსად. აღსანიშნავია, რომ კარნეგი თავდაუზოგავად მუშაობდა, მან მიიღო უდიდესი აღიარება საზოგადოების მხრიდან საკუთარი სიმამაცის და ნიჭიერების გამო. იგი ამბობდა: „არასდროს ავა მაღლა ის, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. და ისიც, ვინც იმაზე მეტს არ აკეთებს, ვიდრე ეუბნებიან.“

კარნეგი ცოლთან ერთად

ბიზნესმენისთვის მორიგი შანსი იყო ასევე პენსილვანიაში არსებული სანავთობო ბიზნესი, სახელად „Oil Creek“, რომელშიც მან ინვესტიციის სახით 40 000 დოლარი ჩადო. ერთ წელში მას მოგების სახით მილიონზე მეტი დოლარი დაუბრუნდა.

იმ პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო რკინით დამზადებულ მასალებზე, რომლებიც საბრძოლო აღჭურვილობისთვის იყო საჭირო. მოთხოვნამ ფოლადის პროდუქციაზე (ჯავშანტექნიკა და ზარბაზნები), პიტსბურგი საომარი მოწყობილობების ცენტრი გახადა. კარნეგიმ ყურადღება სარკინიგზო ბიზნესიდან სწორედ ამ საქმიანობაზე გადაიტანა და ფოლადის საწარმოს შექმნა გადაწყვიტა. შედეგად, მან შექმნა ისეთი კომპანია, რომლის პროდუქციაც იყიდებოდა მინიმალურ ფასად. კომპანია იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ 1887 წლისთვის დღეში, დაახლოებით, 2000 ფოლადის დეტალს აწარმოებდა. მისი ფირმა გახდა ფოლადის რკინიგზისა და თუჯის პირველი მწარმოებელი.

სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ 1870 წლისთვის რკინისა და ფოლადის წარმოებით აშშ მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ინგლისსა და საფრანგეთს. შემდგომი ორი ათეული წლის განმავლობაში, ამერიკელმა მრეწველებმა გაუსწრეს ინგლისელებსა და ფრანგებს ამ სფეროში, ხოლო ამერიკული მეტალურგიული საწარმოების პროდუქციამ მთელი მსოფლიოს საერთო პროდუქტის მესამედს გადააჭარბა. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი მიუძღოდა ნიჭიერ ბიზნესმენს, ენდრიუ კარნეგს.

1868 წელს, როცა უკვე შეძლებული კაცი იყო, მოინდომა, დაეწერა საკუთარი აზრები წარმატებისა და სიმდიდრის შესახებ. იმ პერიოდისთვის კარნეგი 33 წლის იყო და წელიწადში 50 000 დოლარს გამოიმუშავებდა. იგი წერდა: „არ არსებობს მსოფლიოში ადამიანისთვის უფრო დამამცირებელი ღვთაება, ვიდრე ფული… თუკი მე კიდევ დიდხანს ვიქნები დაკავებული ბიზნესის სფეროთი და მთელი ჩემი ყურადღება გადატანილი იქნება იქითკენ, რომ დავაგროვო, რაც შეიძლება მეტი ფული უმოკლეს დროში, მე მემუქრება უიმედო გადაგვარება.“ იგი 2 წელში ბიზნესიდან წასვლას გეგმავდა. სურდა, გადასულიყო ინგლისში, დაემთავრებინა ოქსფორდის უნივერსიტეტი, შემდეგ კი ლონდონში დაეარსებინა ჟურნალი და მხოლოდ საზოგადოებრივი საკითხებით, განსაკუთრებით, განათლებისა და ღარიბთა კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაკავებულიყო. ამგვარი იყო მისი სამომავლო ზრახვები, თუმცა, მან ბიზნესს თავი არა 2, არამედ 30 წლის შემდეგ დაანება.

კარნეგის კომპანიის ქარხნები

გარდა იმისა, რომ იყო კარგი ბიზნესმენი, ასევე წერდა წიგნებსაც. მაგალითად, 1886 წელს ბრიტანეთში მოგზაურობისას დაწერა წიგნი, სახელად „An American Four-in-hand in Britain.“ მისი ძალიან ცნობილი წიგნებია ასევე „Round the World“, „The empire of Business“ და სხვები. უნდა ითქვას, რომ იგი ხალხში საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, მაგალითად მისი ერთ-ერთი წიგნი, სახელად „Triumphant Democracy“ გამოსვლიდან მალევე გაიყიდა 40 000-იანი ტირაჟით. მასვე ეკუთვნის ყველასათის კარგად ცნობილი წიგნი „სიმდიდრის სახარება“. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, იგი ასევე იყო მრავალი გაზეთის აქტიური ხელშემწყობიც და დამფინანსებელიც.

კარნეგიმ კარიერის მიწურულს იყიდა მისი მეტოქე კომპანია, სახელად Homestead Steel Works. 1892 წელს კი ყველა „შვილობილი კომპანია“ გააერთიანა ერთი კომპანიის ქვეშ, რომელსაც ეწოდა კარნეგის ფოლადის კომპანია (Carnegie Steel Company). საბოლოოდ, 1901 წელს ამერიკელმა ფინანსისტმა მორგანმა იყიდა კარნეგისა და მისი კომპანიონების ყველა საწარმო დაახლოებით 500 მილიონ დოლარად. მათ შორის 300 მილიონი ნაღდი და აქციების სახით მიიღო თვითონ კარნეგიმ.

კარნეგის კომპანიის ქარხნები

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ენდრიუ კარნეგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესს და უცებ აღმოჩნდა დიდი კაპიტალის მფლობელი კერძო პირი. ის დაუბრუნდა ახალგაზრდობის ოცნებას – თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გადადო. კარნეგი ადამიანის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფდა: სიმდიდრის დაგროვებისა და მისი დარიგების პერიოდებად. მან 2811 საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა, ეკლესიებს აჩუქა 7689 ორღანი (საეკლესიო მუსიკალური საკრავი), ააშენა „კარნეგი-ჰოლი“ ნიუ-იორკში, შექმნა კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში, დააარსა კარნეგის ფონდი 125 მილიონიანი საწყისი კაპიტალით. ეს გახლდათ პირველი საქველმოქმედო ფონდი. 10 წლის განმავლობაში, საქველმოქმედო მიზნებისთვის ენდრიუ კარნეგიმ 350 მილიონზე მეტი დახარჯა. ამ სამუშაომ იგი ძლიერ გადაღალა, რაც აღიარა კიდეც. „ქველმოქმედება – უმძიმესი პროფესიაა“, – წერდა იგი 1913 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. შემდგომ წლებში, კარნეგი მშვიდობისთვის მებრძოლი გახდა, ჰააგაში მშვიდობის სასახლე ააშენა. ბიზნესმენი ცნობილია ფონდებითაც – მისი 10-მდე ფონდი არსებობს. ენდრიუ კარნეგის მიერ, საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებულმა თანხამ 350 695 653 დოლარი შეადგინა, რაც მისი ქონების 90%-ს შეადგენს! მან ბრიტანეთის იმპერიაში 62 მილიონი, ხოლო ამერიკაში 288 მილიონი დოლარი დახარჯა.

ამგვარია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის, ენდრიუ კარნეგის წარმატებული ცხოვრების გზა. ადამიანის, რომელმაც თითოეული შესაძლებლობა წარმატებად გარდაქმნა და ამერიკის ისტორიაში შექმნა „ფოლადის ეპოქა“. მისთვის სიმდიდრე არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ფული იყო საშუალება, რომლითაც აცოცხლებდა გონებაში წარმოსახულ იდეებს. და ბოლოს, კითხვაზე პასუხი, თუ როგორია წარმატებული ადამიანი, კარნეგი ასე გვპასუხობს: „ნამდვილად წარმატებული ის არის, ვინც ერთი გზა აირჩია და მთელი ცხოვრება მასზე იარა.“

 

წყარო: marketer

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.