ნავთობმრეწველი ძმები ზუბალაშვილები, რომელთაც „ქველმოქმედება სისხლში ჰქონდათ გამჯდარი“

„საქართველოში ბევრია მდიდარი, მაგრამ ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი არავინაა“, – ნიკო ნიკოლაძე.

კათოლიკე ზუბალაშვილების – მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი საგვარეულო შტო, რომელთა შესახებაც ცნობები საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება, გარდა იმისა, რომ დროული და რისკიანი სამრეწველო გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ, ამასთანავე, ქვეყნისთვის გაწეული უანგარო სამსახურისთვის, ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ ეროვნული ღირებულებების დაცვის კუთხითაც. მაგალითად, როგორც ვალერიან უთუირგაური ამბობს: „ქველმოქმედება არ იყო ზუბალაშვილების ოჯახის მხოლოდ უბრალოდ ძლიერი ტრადიცია. ქველმოქმედება მათ სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, როგორც მეცენატობა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა“.
ზუბალაშვილები, გარდა ბიზნესის კეთების გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭისა, დაწინაურებულები იყვნენ ოქრომჭედლობაში, ხუროთმოძღვრულ ოსტატობაში; აგებდნენ მშვენიერ სასახლეებს, ხიდებს, ეკლესიებს. ამიტომაც, ამბობდნენ, რომ: „დღეს, ქალაქი თბილისი გამშვენებულია ზუბალაშვილების აგებულ ძეგლებით. სადაც კი გაიხედავთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზეით თუ ქვეით, ამათ ნაშენ ძეგლებს დაინახავთ“, – წერს ზაქარია ჭიჭინაძე, ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.

ძმები ზუბალაშვილების: სტეფანეს, ლევანის, პეტრესა და იაკობის მოღვაწეობაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მათი ბაბუის, იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილისა და მამის, კონსტანტინე, იაკობის ძე ზუბალაშვილის დამსახურებებს, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური თუ მატერიალური რესურსები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს მოახმარეს, რომელიც დღემდე ფასდაუდებელ მონაპოვარს წარმოადგენს საქართველოსთვის.

მაგალითად, იაკობ ზუბალაშვილი იყო, ვინც 1838 წელს, მთელს ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა ააშენა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე, დღეს, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. მისი ინიციატივით, იმერეთში დაფუძნდა პირველი არყის სახდელი ქარხანა. ასევე, პირველი იყო, ვინც საქართველოში, ადგილობრივი გლეხებისაგან შესყიდული ხორბლითა და ფქვილით დამზადებული პურით ვაჭრობა დაიწყო, მამასა და ძმებთან ერთად. როგორც გონიერი და ჭკვიანი კომერსანტი, ზრუნავდა, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი სამრეწველო საწარმოები, სადაც ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებდა. იაკობ ზუბალაშვილი წურბელებითაც კი ვაჭრობდა. 1840-იანი წლებიდან, მას თბილისში, ავლაბარში ჰქონდა ცალკე ქარვასლა, რომელშიც იყო „10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი“.იაკობის მიერ, ქალაქის ცენტრში აშენდა სასტუმრო „პალასი“, რომელმაც იმპერატორი ნიკოლოზ I-ც კი აღაფრთოვანა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეგზარხოსსაც ძალიან მოეწონა სასახლე და ზუბალაშვილებს სთხოვა, დაეთმოთ იგი თბილისის სასულიერო სემინარიისათვის, რომელიც თითქმის უსასყიდლოდ მიიღო სემინარიამ. დღესდღეობით, ეს შენობა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სტატუსს ატარებს.

სასტუმრო პალასის გვერდით, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე (მაშინდელი ერევნის, შემდგომში თეატრის, ხოლო დღეს, თავისუფლების მოედანზე), იაკობმა ააგო მეორე სასახლეც, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ევროპულ ყაიდაზე მოაწყო. ამ სახლში, 1858 წელს, საქართველოში ჩამოსული ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და ორ ოთახსა და ერთ დარბაზს იკავებდა.

დიმიტრი ერმაკოვი – www.tbilisi.gov.ge, საზოგადოებრივი საკუთრება

იაკობ ზუბალაშვილზე არანაკლებ გამჭრიახი იყო და ქველმოქმედი, უფრო მეტადაც კი, მისი შვილი კონსტანტინე ზუბალაშვილი (1828-1901), რომლის მეუღლეც, ასევე, კათოლიკე და ღრმად მორწმუნე ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი გახლდათ. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ 8 შვილი, 5 ბიჭი და სამი გოგო, მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ მას შემდეგ შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: სტეფანე, ლევანი, პეტრე და იაკობი, რომლებმაც საგვარეულო ტრადიცია არ დაარღვიეს და ცნობილი მეცენატები და ქველმოქმედები გახდნენ.
კონსტანტინე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა ნავთობის სარეწები ბაქოში, კუნძულ ბიბი ებიათზე, რომელიც მან 1860 წელს შეიძინა ინგლისელი მრეწველის, როტშილდისგან ხელსაყრელ ფასად იმ მიზეზით, რომ კუნძულიდან ნავთობის მოპოვება თითქმის შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში, კონსტანტინეს ამ საქმემ დიდი ზარალი მოუტანა, მაინც განაგრძობდა ნავთობის ძიებას. ბიბი ებიათი ხშირად გამხდარა ძმებს შორის დავის საბაბიც, თუმცა რელიგიური თუ ჩვეულებრივი ქიმიური მიზეზით, ერთ დღესაც, კუნძულზე ნავთობმა ამოხეთქა.

გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე და ელისაბედი რევმატიზმით დაავადნენ და როგორც ყველა შეძლებული ოჯახი, სამკურნალოდ, ისინიც საფრანგეთის ბასკეთში, პირენეის მთებში, ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტზე წავიდნენ. იმ დროს, გავრცელებული იყო აზრი ლურდის ღვთისმშობლისა და იქაური წმინდა წყლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. იმის გამო, რომ თერმულმა წყლებმა კარგად იმოქმედა ცოლ-ქმარზე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ  შეძლებდნენ ლურდში წასვლას, საქართველოში ბიდონებით წამოიღეს სამკურნალო წყალი. რაღაც ნაწილი კი, ელისაბედის დაჟინებული თხოვნით, წაიღეს ბაქოში, კუნძულზე. მოხუცებულმა ელისაბედმა მთელი კუნძული მოიარა და ყველა ჭაბურღილში თითო ჭიქა წმინდა წყალი ჩაასხა. იმავე ღამეს, ნავთობმა ამოხეთქა და სწორედ აქედან დაიწყო ზუბალაშვილების გამდიდრებაც.

ნავთობის ამოქმედების მიზეზი გეოლოგებმა ქიმიურ პროცესს მიაწერეს, რადგან ჭაბურღილებში დაგროვილი გაზი აფერხებდა ნავთობის ამოსვლას და ზემოდან სითხის ჩასხმით წარმოქმნილმა ქიმიურმა რეაქციამ ნავთობს გზა გაუხსნა, თუმცა ელისაბედის აზრით, ეს ლურდის ღვთისმშობლის დამსახურება იყო.

ბიბი ებიათის კუნძულს, გარდა იმისა, რომ საოცარი ისტორია აქვს, განსაკუთრებული იმითაც არის, რომ კარგ არგუმენტად გამოდგება ზუბალაშვილების დამოკიდებულების შესაფასებლად, დაქირავებულ მუშებთან მიმართებაში. ასე მაგალითად, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ 1905 წლის ბაქოს მუშათა საყოველთაო გაფიცვაში, ბიბი ებიათის მუშებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან როგორც თავადვე თქვეს, უსინდისობა იქნებოდა, მათი მხრიდან, ასეთი მზრუნველი პატრონების წინააღმდეგ გამოსვლა.

კონსტანტინე ზუბალაშვილმა, შვილებს, ძმებ ზუბალაშვილებს თანაბრად გაუნაწილა კუნძული ბიბი ებიათი და ისინიც ნავთობმრეწველებად იქცნენ:

სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (1860-1904): „როცა სხვა გთხოვს და მერე დაეხმარები, ამას მადლი აღარ აქვს“
როგორც დავით გურამიშვილი იხსენებს, ის შესწრებია სტეფანეს საუბარს ძმა პეტრესთან, რომელსაც ეუბნებოდა: „იცი, ძმაო, რა გითხრა! ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელ გაშლით უნდა ვიცხოვროთ, რომ ხალხს სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ ზედ რომ კრუხებივით დავსხდეთ, ბევრს ვერაფერს გამოვჩეკავთ, ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაც“. ასე და ამგვარად, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“.
სტეფანე ზუბალაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის უბიწოდ ჩასახვის ეკლესიის – ქართველ კათოლიკეთა ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება, რომლის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და ტაძარიც ამოქმედდა. რეალურად, სტეფანემ დედის, ელისაბედის თხოვნა, ბათუმში კათოლიკური ეკლესიის აშენება აასრულა, რადგან მის უდიდეს სურვილს წარმოადგენდა გამაჰმადიანებული ქართველების გაქრისტიანება. თავად ელისაბედი ვერ მოესწრო ტაძრის კურთხევას, რადგან 60 წლის ასაკში, 1894 წელს გარდაიცვალა.

„ტაძარი ესე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა მარიამისა, თვისის ზღუდითურთ, აღვაგე მე სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა, საცხოვნებლად სულისა ჩემისა, მშობელთა, ძმათა და დათა ჩემთასა“.სტეფანე ზუბალაშვილი, ძმებთან ერთად, აქტიურად უწევდა ფინანსურ მხარდაჭერას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ამის დასტური კი 1904 წლის 5 აპრილით დათარიღებული წერილია, რომელიც სტეფანე ზუბალაშვილმა ბაქოდან „ფულის ბილეთთან“ ერთად გამოაგზავნა: „ჩვენის საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანვე გიგზავნით 10.000 მან. და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივრის ქართველისაგან. ღრმა პატივისცემით დავშთები. სტეფანე ზუბალაშვილი. ბაქო“ (შენიშვნა: 1904 წლისათვის 1 მანეთი, დაახლოებით, 30-40 ლარს უდრიდა).

ძმებმა ზუბალაშვილებმა, 1901 წელს, მამის, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისთვის თეატრის, „სახალხო სახლის“, დღევანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აშენება გადაწყვიტეს: „ავაშენებთ ისეთ სახლს, რომელიც იქნება საკუთრება მუშებისა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა“, – განაცხადა სტეფანე ზუბალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო, თეატრში სიარული გაჭირვებულ ხალხსაც შეძლებოდა. ამ შენობაში, გარდა თეატრისა იქნებოდა ბიბლიოთეკა და საჩაიე, სადაც „პიროჟკებითაც“ გაუმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა „სახალხო სახლი“, ოფიციალურად,  1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა და ქალაქს გადაეცა საჩუქრად. „სახალხო სახლის“ საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: „კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების: ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ ს. კრიჩინსკის პროექტის მიხედვით“.

სტეფანე ზუბალაშვილი იყო თბილისში „უპოვართა სახლის“ დაფუძნების ძირითადი თაოსანი. ძმები ზუბალაშვილების (ყოფილი „არსენალის“, შემდეგ „სასამართლოს“, ხოლო საბჭოთა პერიოდში „ათარბეგოვის“) ქუჩა N48-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. შენობა ყურადღებას არა მარტო კარგი არქიტექტურით, არამედ თავისი ისტორიითაც იქცევს. ის უკავშირდება ზუბალაშვილთა გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ქველმოქმედის – ნიკოლოზ იაგორის ძე ზუბალაშვილის სახელს, რომლის ანდერძის თანახმადაც, თავისი ქონების ნაწილი (ფული და სახლი სასამართლოს ქუჩაზე), ღარიბ ქრისტიანთა თავშესაფრის გასამართავად დაუტოვა თბილისის გამგეობას. თავშესაფარში თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები – კათოლიკეები, მართლმადიდებლები და სომეხ-გრიგორიანები. ანდერძი ითვალისწინებდა თავშესაფრისათვის ახალი შენობის აგებას. შენობის პროექტი თბილისელმა არქიტექტორმა მიხეილ ოჰანჯანოვმა შეადგინა. მშენებლობა 1902-1906 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო, როგორც თავშესაფარმა, 1920 წლამდე იფუნქციონირა.
ტასო ზუბალაშვილი, ზუბალაშვილების უკანასკნელი შთამომავალი (1915-2007): „1921 წლის 25 თებერვალს, ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენს სახლში აქოშინებული შემოვარდა უპოვართა სახლის დარაჯი და მამაჩემს უთხრა: რუსის ჯარი შემოვიდა, ყველაფერს აფუჭებენ; წამობრძანდით, იქნებ რაიმე გადავარჩინოთო. მამა სასწრაფოდ გაემართა ეტლით შენობისაკენ, მაგრამ მალე დაბრუნდა საშინლად შეწუხებული: ახალგაზრდებს ყველაფერი გაუნადგურებიათ, ნიკოლოზის ბიუსტიც ნამსხვრევებად უქცევიათო. მამას ხელში ეჭირა ამ ბიუსტის სამი ნატეხი (მწვანე ფერისა იყო), მაგიდის უჯრაში ჩადო. ისიც მახსოვს: მამა უჯრიდან ხშირად ამოიღებდა ამ ნატეხებს, გულდაწყვეტით დახედავდა და მერე ისევ შეინახავდა მოწიწებით…“
შენობაზე ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА 1902-1906 ეწერა – დღეს კი მხოლოდ თარიღია შემორჩენილი.

სტეფანე ზუბალაშვილმა ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისათვის გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა. შედეგად, ავლაბარში, ახლანდელ I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული  სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (1851-1914) – დიდებული სასახლეები და სტალინის „კომპლექსები“
„ეს იყო პიროვნება, რომელსაც დახმარებას კი არ სთხოვდნენ, არამედ თვითონ ეძებდა გასაჭირში მყოფ ადამიანებს და თავად სთავაზობდა დახმარებას“, – რ. სურმანიძე. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, სტეფანესგან განსხვავებით, უფრო ქველმოქმედი იყო, ვიდრე მეცენატი. 1851 წელს, თბილისში დაიბადა, თუმცა, ძირითადად, მოსკოვში მოღვაწეობდა. მის სახელს უკავშირდება მოსკოვის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისათვის თავისი მეუღლისა და შვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნა თვეში, 50 მანეთის ოდენობით და სტუდენტური კლუბებისა და სამკითხველოების დაარსება მოსკოვში. ლაზარე შურღაია იგონებს, თუ როგორ მფარველობდა ლევან ზუბალაშვილი მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს: „ჩვენ თუ 5 მან-ის სათხოვნელად მოვიდოდით, ის 50 მან. გვაძლევდა, ჩვენ თუ ერთი პალტოს ფულს დავესესხებოდით ის სამი პალტოს ფულს გვაძლევდა, თქვენ უახლოეს ამხანაგებსაც უყიდეთო, ხშირად თვეობით დავდიოდით მასთან სადილად“.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ზუბალაშვილი გულუხვი იყო, ფინანსებს მხოლოდ საკუთარი ღირებულებების შესაბამის კარგ საქმეებს ახმარდა. მაგალითად, ერთხელ ის იქცა გამომძალველობისა და შანტაჟის ობიექტად – წერილი მიიღო, იატაკქვეშა რევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, რომელიც რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ათას მანეთს ითხოვდა და თან იმუქრებოდა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ზუბალოვს, თუ ის დროზე არ გაიღებდა ამ ფულს. დაძალებულმა ქველმოქმედებამ, თანაც საქმისთვის, რომლის გულშემატკივარიც ის ვერაფრით იქნებოდა, გაუჩინა ძლიერი პროტესტი. და რადგან პრინციპულად არ ეთანხმებოდა საქმიანობას, რომლის დაფინანსებასაც სთხოვდნენ, გადაწყვიტა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ფულს, კაპიტალს კი მოიხმარდა შესაძლო და დაპირებული ძალადობისგან თავდაცვისთვის. ამიტომაც, მან დაიქირავა სანდო მცველები და თავისი სახლი, წითელ კარიბჭესთან, გადააქცია ციხესიმაგრედ.ლევანს, მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში, ჰქონდა აგარაკი, საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი (სასახლე): ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის. 1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდნენ ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი – მიქოიანმა (არტემ ივანეს ძე მიქოიანი, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, საკონსტრუქტორო ბიუროს გენერალური კონსტრუქტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი)

ტასო ზუბალაშვილი: „ალილუიევას, [სტალინის შვილის] ლაპარაკს გიყვებით, სვეტლანასი, რომ მიქოიანმა ყველაფერი დასტოვა აგარაკზე, ის, რაც ჰქონდათ ზუბალაშვილებს. იქ იყო ფრანგული გობელენები, შესანიშნავი სურათები, მარმარილოს ქანდაკება პარკში, ყველაფერი დასტოვა. და სტალინმა ყველაფერი გამოიტანა იქიდან და ძალიან სადად მოაწყო. მე მგონია, რომ სტალინს რაღაც კომპლექსები ჰქონდა, რადგან მისი დედა ემსახურებოდა ჩემს ბებიას, ულაგებდა, ურეცხავდა და მერე ისე ამაღლდა, წარმოიდგინეთ, ხომ ძალიან ბევრი აგარაკია, ზუბალაშვილებზე უფრო კარგი, მოსკოვის ირგვლივ. დასახლდა ზუბალაშვილის სახლში“.

ლევან ზუბალაშვილი 1914 წელს გარდაიცვალა და პატივი მიაგეს, როგორც ქველმოქმედს საქართველოსა და მოსკოვში.პეტრე და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები (1862-1903), (1876-1941) – ბიბლიოთეკა ჟენევაში და ლუვრის მუზეუმისთვის შეწირული 581 უნიკალური ერთეული
პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებიც, ძმების მსგავსად, დიდი ქველმოქმედები იყვნენ. პეტრე, ძირითადად, დაკავებული იყო ქართველი სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენით. 1906 წელს, ჟენევაში დააარსა ბიბლიოთეკა ქართველი სტუდენტებისათვის. მან თავისი ფულით მრავალი წიგნი შეიძინა: „იყიდა ბიბლიოთეკისათვის ინვენტარი, გამოუწერა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და 500 ფრანკით დაეხმარა“.რაც შეეხება იაკობ ზუბალაშვილს, მისი ინიციატივით, საქართველოში შედგა სწავლულთა წრე, რომლის მიზანიც იყო ქართულ და რუსულ ენაზე მეცნიერული ენციკლოპედიის შედგენა და გამოცემა. ასევე, აპირებდნენ, საქართველოს ენციკლოპედია დაებეჭდათ ინგლისურ ენაზე, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპისთვის საქართველოსა და მისი კულტურის გაცნობის თვალსაზრისით. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა.იაკობ ზუბალაშვილის, რომელმაც ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა და იქ მოიხსენიებდნენ, როგორც ჟაკ მიშელ ზუბალოვს, უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, სულ 581 ერთეული. თავიდან აპირებდა, რომ ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძიც (უნიკალური ნახატები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები) ეჩუქებინა სამშობლოსათვის, ამისთვის ანდერძიც შეადგინა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და თავის სიცოცხლეშივე, ნახატების კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებს.

იაკობის უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ, „ზუბალოვის დარბაზში“. იაკობის გვარი მოხსენიებულია ლუვრის კედელზე, მარმარილოს დაფაზე, იმ პირთა შორის, რომლებმაც ამ მუზეუმისათვის დიდი შეწირულობა გაიღეს ხელოვნების ნიმუშების სახით.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ვერ შეძლო იაკობის ღვაწლის სათანადოდ დაფასება და როცა მას, 1936 წელს, უკიდურესად გაუჭირდა და პარიზის მუზეუმის დირექციას სთხოვა, რომ უბრალო სამსახურში აეყვანათ, როგორც ნახატების ინვენტარიზატორი, ეს თხოვნა ვერ შეუსრულეს, 2 წლის შემდეგ კი, ერთჯერადად დაეხმარნენ ფულით და ამგვარად, გამოხატეს თავიანთი პასუხისმგებლობა ჟაკ მიშელ ზუბალოვის მიმართ.

ძმები ზუბალაშვილების სტიპენდია
ძმებ ზუბალაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში. ამასთან დაკავშირებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების, თავიანთი მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი და პირობები შეიმუშავა და 1908–1914 წლებში, ჯამში 47 სტუდენტის სრული, 4 წლიანი კურსი დააფინანსა, მათ შორის, შალვა ელიავასსარგის კაკაბაძისა და გერონტი ქიქოძის. ძმები ზუბალაშვილების ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში. იგი სორბონის უნივერსიტეტში 1907 წელს ეუფლებოდა ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიასა და პოლიტეკონომიას. სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებითაც, ცნობილია სარატოვის სასულიერო სემინარიაში ქართველ სტუდენტთათვის დაწესებული ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის პირველი მფლობელი იყო ზაქარია დიდიმამიშვილი.

ძმები ზუბალაშვილების მიერ, კოჯრის გზაზე, ფუნქციონირებდა პირველი უფასო  სასადილო „სამადლო“, რომელიც დღეს აღარ არსებობს. სტეფანეს თაოსნობით, ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიისუნივერსიტეტის I კორპუსისისა და თბილისის მუსიკალური სკოლის, დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს 5 კათოლიკურ ეკლესიას თბილისში, ბათუმსა და გორში. როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ძმები ზუბალაშვილების დახმარებით შეიძინა ზაქარია ფალიაშვილმა როიალი და ა.შ.

„არსენალიდან“ „ძმები ზუბალაშვილების“ ქუჩამდე
ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ადრე ტყვია-წამლის საწყობი იყო, ე.წ. „არსენალი“ და ამიტომაც, ქუჩა „არსენალის“ სახელს ატარებდა. შემდეგ აქ დადგეს მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და გადაერქვა „პატარა სასმართლოს ქუჩა“. 1911 წლის 21 იანვარს, თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება – „პატარა სასამართლოს ქუჩა“ იწოდებოდეს „სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად“, რამაც 1934 წლამდე გასტანა. ამის შემდეგ, ქუჩას ერქვა ვინმე ათარბეგოვის სახელი. 1990-იანი წლებიდან კი, საქართველოს I პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი. ახუაშვილის დიდი ძალისხმევით, ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით, ქუჩას „ძმები ზუბალაშვილების“ სახელი დაუბრუნდა.

1906 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს, ოთხივე ძმა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენლებმა ფასდაუდებელი საგანძური დაუტოვეს ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით. ზუბალაშვილების საქმიანობა იქცა ნიმუშად, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭებათ მეცენატებს ქვეყნის ისტორიული მახსოვრობისთვის.

გამოყენებული რესურსი:

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.