ფრანც კაფკა – პროცესი (რომანის მოკლე შინაარსი)

ფრანც კაფკა

პროცესი

—1925—

რომანის მოკლე შინაარსი
წაკითხვის დრო: 10-15 წთ.
ორიგინალში — 2-3 სთ.

იმ დილას იოზეფ კ-ს ოცდაათი წელი შეუსრულდა. მოსამსახურე ქალის ნაცვლად მის ოთახში შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი შემოდის და ეუბნება, რომ დაპატიმრებულია. მეზობელ ოთახში კიდევ რამდენიმე კაცი იმყოფება, ისინიც თავაზიანად ამცნობენ, რომ „მის საქმეს მსვლელობა მიეცა და მალე ყველაფერს შეიტყობს“. დაუპატიჟებელი სტუმრების საქციელი აღშფოთებასაც იწვევს და გაოცებასაც. კ., რომელსაც თავის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, დარწმუნებულია, რომ ეს ან გაუგებრობაა, ან უადგილო ხუმრობა. ნებისმიერი მცდელობა, რაიმე გაარკვიოს, კრახით სრულდება. ვინ არიან ეს ადამიანები? რომელი უწყებიდან? სად არის ორდერი მისი დაპატიმრების შესახებ? სად გაგონილა ასეთი განუკითხაობა სამართლებრივ სახელმწიფოში? პასუხი, როგორც ყოველთვის, ბუნდოვანია და საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კ.-ს სთავაზობენ, სამსახურში წავიდეს და საერთოდ ჩვეულ რიტმში იცხოვროს, რადგან ჯერჯერობით მის საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს. „სტუმრებს“ შორის მისი ორი კოლეგაც აღმოჩნდება, ორი უფერული არსება, რომლებიც კ-მ თავიდან ვერც კი იცნო. მათთან ერთად ტაქსით სამსახურში მიდის.
აქამდე იოზეფ კ. თავს იღბლიან კაცად თვლიდა, რადგან საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. ის სოლიდური ბანკის პროკურისტად მუშაობდა, ჰქონდა დიდი და ნათელი კაბინეტი და კოლეგებს შორის პატივისცემით სარგებლობდა. შინ დაბრუნებული პანსიონის დიასახლისს, ფრაუ გრუბახს გამოელაპარაკება, რომელიც ურჩევს, მომხდარი გულთან ახლოს არ მიიტანოს, თანაც დასძენს, რომ მის დაპატიმრებას რაღაც „მეცნიერული“ სარჩული უდევს.
თავად კ-ც ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა შინაგანად მაინც დაძაბული და აფორიაქებულია. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის უცნაური საქციელი, იმავე საღამოს რომ ჩაიდინა: ვითომდა სასაუბროდ, მეზობელ გოგონასთან შევიდა და მოულოდნელად კოცნა დაუწყო. ადრე ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
გადის რამდენიმე დღე. კ. დღე და ღამე მუშაობს და ცდილობს, მომხდარი დაივიწყოს. მალე ტელეფონით ატყობინებენ, რომ კვირას მისი საქმის წინასწარი განხილვაა დანიშნული. ეუბნებიან, რომ ყველა პროცესის დროულად დამთავრებითაა დაინტერესებული, მაგრამ საქმე მეტად მნიშვნელოვანია და სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს. კ. ჩაფიქრებული დგას ტელეფონთან. ამ დროს ოთახში დირექტორის მოადგილე შემოდის, მისი ფარული არაკეთილმოსურნე.
კვირას, დილაადრიან, საგანგებოდ გამოეწყობა და აღნიშნულ მისამართზე მიდის. ის დიდხანს დაბორიალობს მუშათა კვარტალებში და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება დანიშნულების ადგილას. მრეცხავი ქალი დარბაზში შეუძღვება. უცნობი მამაკაცი მკაცრად მიმართავს, რომ მან საათითა და ხუთი წუთით დააგვიანა, რაზეც კ. დაბნეული უპასუხებს, რომ მთავარია, მოვიდა. ამის შემდეგ კ. წინ გამოდის და იწყებს ლაპარაკს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბოლო მოუღოს ამ განუკითხაობას. საუბრობს ე.წ. გამოძიების მეთოდებზე, აბუჩად იგდებს იმ დავთრებსა და ჩანაწერებს, რომლებიც ძიების მასალებადაა მონათლული. მისი მსჯელობა დამაჯერებელი და ლოგიკურია. დამსწრე საზოგადოება ხან ტაშს უკრავს, ხანაც ქირქილებს. მხურვალე მონოლოგის შემდეგ კ. ქუდს აიღებს და მიდის. აქამდე ჩუმად მდგომი გამომძიებელი ეუბნება, რომ დაკითხვაზე უარის თქმა მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რაზეც კ. გაიცინებს და ავაზაკს უწოდებს.
ერთი კვირის შემდეგ იოზეფ კ. თავად მიდის ნაცნობ მისამართზე. კარებს იგივე ქალი გაუღებს და ეტყვის, რომ დღეს სხდომა არ შედგება. ქალი გამოელაპარაკება და აღმოჩნდება, რომ მასაც სმენია ამ პროცესის შესახებ და თანაუგრძნობს. ის ერთ-ერთი მოხელის ცოლი აღმოჩნდება, რომელსაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ღალატობს. უეცრად კ. მისდამი საოცარ ლტოლვას იგრძნობს, მაგრამ ქალი ვიღაც სტუდენტთან ერთად მიდის. მალე მისი ქმარი გამოჩნდება, რომელიც მშვენივრად ეგუება მოტყუებული ქმრის სტატუსს. კ-ს პროცესის შესახებ ისიც ინფორმირებულია და მზადაა, სასარგებლო რჩევები მისცეს. კ-ს ისიც ბრალდებულად თვლის და სთავაზობს კანცელარიაში გაჰყვეს. და აი, გაუთავებელი საფეხურები, გრძელი და ბნელი დერეფნები, გისოსებს მიღმა მაგიდებთან მსხდომი ჩინოვნიკები და ამბის მომლოდინე მნახველები. მობუზული ადამიანები, მუხლები რომ უკანკალებთ. ისინიც კ-სავით ბრალდებულები არიან.
კ. გადაწყვეტს, სასწრაფოდ დატოვოს იქაურობა. საშინელ სისუსტეს გრძნობს. ნუთუ სხეულიც აღარ ემორჩილება და მასში რაღაც უცნაური, მისთვის უცნობი პროცესები მიდის?!
სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. მიმდინარე მოვლენებმა კ-ს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი მდგომარეობაც შეურყია. გარეგნულად ეს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ თავად გრძნობს, როგორ ეფლობა რაღაც გაურკვევლობაში, რასაც პროცესი ჰქვია. ამ პროცესს გმირისთვის აუხსნელი, მეტად უცნაური მდინარება აქვს. მაგალითად, კ. ცდილობს ამის შესახებ არავის უამბოს, თუმცა კოლეგებიც, მეგობრებიცა და უბრალო ნაცნობებიც კი რატომღაც საქმის კურსში არიან. ეს გმირს მოსვენებას უკარგავს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს.
ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება. ერთხელ სამსახურში გვიანობამდე შემორჩენილ კ-ს საკუჭნაოდან უცნაური ხმები ესმის. კარს გააღებს და თვალებს არ უჯერებს: სამი მამაკაციდან ერთ-ერთი, ე.წ. ეგზეკუტორი, დანარჩენ ორს როზგებით სცემს, გაოგნებულ გმირს კი ეუბნება, რომ ამის მიზეზი მისი მამხილებელი გამოსვლაა — და ცემას განაგრძნობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი — ყველა, ვისთანაც ურთიერთობა უწევს, მას ხაზგასმული თავაზიანობით ეპყრობა და ყოველთვის მზადაა ნებისმიერი განმარტებისთვის. და თუკი ზოგიერთ მოვლენას ასე თუ ისე ახსნა მოეპოვება, საერთო ჯამში, ყველაფერი მაინც აბსურდს ემსგავსება.
კ-ს შეხება ძირითადად დაბალი რანგის მოხელეებთან აქვს, რომლებიც სიამოვნებით ესაუბრებიან საკუთარ პრობლემებზე და არწმუნებენ, რომ მის საქმესთან არაფერი აკავშირებთ. მაღალი თანამდებობის პირები კი მისთვის მიუწვდომელნი არიან. ის ებრძვის რაღაც სისტემას, რომლის არსს ვერაფრით ვერ წვდება. რაც უფრო ცდილობს, თავი დაიცვას, მით უფრო ვნებს საკუთარ თავს. ერთხელაც სამსახურში პროვინციიდან ბიძა ეწვევა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, საქმის კურსშია. ის აიძულებს ძმიშვილს, ნაცნობ ადვოკატთან წაჰყვეს. ადვოკატი ავადაა და წევს, მაგრამ მაინც მზადაა გაესაუბროს. აღმოჩნდება, რომ მასაც სმენია პროცესის შესახებ. ხანგრძლივი და დამღლელი საუბრის შემდეგ კ. ოთახიდან გამოდის. ადვოკატის ახალგაზრდა მომვლელი ქალი — ლენი კაბინეტში შეიტყუებს და პირდაპირ ხალიჩაზე აცდუნებს. ბიძა აღშფოთებულია ძმიშვილის საქციელით და დარწმუნებულია, რომ ადვოკატი მათ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს, მაგრამ ცდება. კ. კიდევ არაერთხელ ესტუმრება ადვოკატს საქმიანი ვიზიტით და ლენისაც შეხვდება, მაგრამ ქალთან სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობს — ისიც ისეთივე ცბიერი და ამორალურია, როგორც ყველა დანარჩენი.
კ. მოსვენებას კარგავს. სამსახურში დაბნეული და პირქუშია. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება აქვს და ბოლოს გაცივდება კიდეც. მომსვლელებს უფრთხის და საქმიან ქაღალდებში უაზროდ იქექება. დირექტორის მოადგილე უკვე დიდი ხანია ალმაცერად უყურებს. ერთხელ კ-ს იტალიელი სტუმრის დახვედრას დაავალებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს, შეხვედრაზე მაინც მიდის. სტუმარი არსად ჩანს. წვიმა წამოვა და კ. ტაძარში შედის.
უეცრად მღვდელი, რომელიც თავს ციხის კაპელანს უწოდებს, მკაცრი ტონით შეკითხვებს უსვამს და ეუბნება, რომ მისი საქმე ცუდადაა. ამას თავად კ-ც ხვდება, თუმცა მზადაა შეეპასუხოს, მაგრამ მღვდელი ურჩევს, რომ შეეგუოს არსებულ რეალობას.
გადის ერთი წელი. კ-ს დაბადების დღის წინა საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე მასთან შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი შედის. გმირი კართან ზის და მშვიდად ირგებს ხელთათმანს. წინააღმდეგობის გაწევაში აზრს ვერ ხედავს, თუმცა საკუთარი პასიურობით მაინც უკმაყოფილოა.
ისინი უხმოდ გადიან, თითქმის მთელ ქალაქს გაივლიან და მიტოვებულ ქვის სამტეხლოს მოადგებიან. იოზეფ კ-ს პიჯაკს და პერანგს გახდიან და თავს ქვაზე დაადებინებენ. როგორც ყოველთვის, მათი მოპყრობა ხაზგასმულად კორექტულია. ერთ-ერთი დანას ამოიღებს. კ-ს სურვილი გაუჩნდება დანა წაართვას და თავი მოიკლას, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. მისი უკანასკნელი ფიქრები დასტრიალებენ მოსამართლეს, რომელიც არც კი უნახავს, — სად არის? სად არის მაღალი სასამართლო? იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება, რომ გადარჩეს? მაგრამ უკვე გვიანაა. ყელზე ერთ-ერთის თითებს გრძნობს, მეორე კი დანას გულში დასცემს და ორჯერ მოატრიალებს. იოზეფ კ. ჩამქრალი თვალებით შეჰყურებს, როგორ ჩასჩერებია ორი მამაკაცი აღსასრულის მოლოდინში.
— ძაღლივით დამკლეს, — თქვა მან ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა.

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.