ჰერმან მელვილი – მობი დიკი (მოკლე შინაარსი)

ჰერმან მელვილი
მობი დიკი
ანუ თეთრი ვეშაპი

მოკლე შინაარსი (ავტორი — ქეთევან ლეფსვერიძე)
წაკითხვის დრო: 10-15 წთ.

ჰერმან მელვილის რომანში „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ აღწერილია მე-19 საუკუნის შუა ხანების მეზღვაურთა მძიმე და აუტანელი ყოფა. ეს თემა ნაწარმოებში იშლება სიკეთესა და ბოროტებას შორის სულიერ-მისტიკური კონფლიქტის ფონზე. რომანის მთავარი სიმბოლური სახეა მობი დიკი — თეთრი ვეშაპი, რომელიც ამქვეყნიურ ბოროტებას განასახიერებს. მას უპირისპირდება ადამიანის ინტელექტი და ნებისყოფა ვეშაპსანადირო გემის კაპიტან აქაბის (ისევე როგორც ზოგიერთი სხვა პერსონაჟის, აქაბიც ბიბლიური სახელია — ისრაელის მეფის, რომელმაც შემოიღო ბაალის კულტი და განდევნა წინასწარმეტყველნი) სახით და თუმცა კეთილისა და ბოროტის ამ ორთაბრძოლაში ბოროტება იმარჯვებს, მელვილს სწამს, რომ ადამიანმა ფარ-ხმალი არასოდეს არ უნდა დაყაროს.
ახალგაზრდა ამერიკელმა, რომელსაც სახელად ისმაილი ერქვა (ბიბლიური აბრაამის ვაჟის სეხნია), ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ფული შემოელია, ხმელეთზეც აღარაფერი მიაჩნდა საინტერესოდ და გადაწყვიტა მეზღვაურად მოწყობილიყო ვეშაპსანადირო გემზე. ამ მიზნით მან გეზი აიღო პორტ ნანტაკეტისკენ, საიდანაც ოდესღაც პირველი ვეშაპებზე მონადირენი გავიდნენ ოკეანეში. გზად ნიუ-ბედფორდში შეჩერდა. ირაურობამ ისმაილზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა — ყველაფერი ვეშაპებთან იყო დაკავშირებული: დუქანში ბუფეტი ვეშაპის თავის ქალისგან იყო დამზადებული, სასტუმროს კიბეები კაშალოტის ძვლებით იყო მოპირკეთებული, ქუჩებში ათასგვარი სუვენირი იყიდებოდა, ასევე ვეშაპისგან წარმოებული. თავად სამლოცველოშიც კი, სადაც მოძღვარი კათედრაზე მეზღვაურული თოკის კიბით ადიოდა, მხოლოდ ვეშაპებზე ლაპარაკობდნენ — მამა მეპლი შთამაგონებლად ქადაგებდა იონა წინასწარმეტყველის შესახებ, რომელიც ლევიათანმა გადაყლაპა იმის გამო, რომ უფალს ეურჩა. ისმაილს განუმტკიცდა რწმენა იმისა, რომ ვეშაპებზე ნადირობა მისი ბედისწერა იყო.
ღამე ჭაბუკმა ნიუ-ბედფორდის პატარა სასტუმროში გაათია უცნაურ მეზობელთან — სვირინგებით სახემოხატულ მებარჯე ქვიქეგთან ერთად, რომელმაც თავდაპირველად ისმაილი საშინლად შეაშინა თავისი უცნაური საქონლით — დაბალზამებული ახალზელანდიური თავებით, რომლებითაც ქვიქეგი სუვენირების მოყვარულებთან ვაჭრობდა პორტში, მაგრამ სულ მალე სვირინგებიანი წარმართი და ახალგაზრდა ამერიკელი დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს, ერთად ეძებნათ სამუშაო გემზე.
ქვიქეგი კუნზულ კოკო-ვოკოდან გახლდათ. მამამისი ადგილობრივი მონარქი იყო და მას უზრუნველი ცხოვრება ელოდა, მაგრამ კუნძულზე მოხვედრილი მოგზაურების ნაამბობმა სხვა ქვეყნების ნახვის სურვილი აღძრა და დატოვა მშობლიური კერა.
ნანტაკეტში მეგობრები მოეწყვნენ ვეშაპსანადირო „პეკოდზე“, რომელიც სამწლიან რეისში გადიოდა. ისმაილსა და ქვიქეგს წინ დედამიწის გარშემო მაცდუნებელი მოგზაურობა ელოდათ, ამიტომ დიდად არ უნაღვლიათ იმის გამო, რაც ხომალდის კაპიტნის — აქაბის შესახებ შეიტყვეს: საქმე ის იყო, რომ წინა ექსპედიციისას გემის მეთაურმა, ფაქტობრივად, დუელი გაუმართა მობი დიკად წოდებულ თეთრ ვეშაპს და ამ ბრძოლაში ფეხი დაკარგა. აუტანელმა ტკივილებმა და შელახულმა პატივმოყვარეობამ კაპიტანი ერთხანს ჭკუიდანაც შეშალა და, სავარაუდოდ, იგი ჯერაც არ იყო გამოსული ღრმა დეპრესიიდან. მეგობრებს არც იმისთვის მიუნიჭებიათ დიდი მნიშვნელობა, ერთმა ჩამოფლეთილმა მეზღვაურმა, საელდა ილიამ (ბიბლიური ილია წინასწარმეტყველის სეხნია) რომ მიანიშნათ, აქაბის გემი განწირულია, „რაც დაწერილია, უნდა აღსრულდესო“. კიდევ ერთი უცნაურობა, რაც „პეკოდის“ მომავალ ექსპედიციას მისტიკურ ელფერს აძლევდა, ის იყო, რომ ზღვაში გასვლის ღამეს ისმაილმა შენიშნა, როგორ ჩაიქროლეს უცნაურმა ლანდებმა გემბანზე, ტრიუმში გაუჩინარდნენ და შემდეგ აღარც გამოჩენილან.
ნანტაკეტის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეკიპაჟმა პირველად იხილა კაპიტანი აქაბი. ისმაილი საშინლად შეაშინა მისმა პირქუშმა გამომეტყველებამ და დაჟინებულმა, ჯიუტმა მზერამ. ხომალდის მეთაურმა მეზღვაურებს განუცხადა, განსაკუთრებული ყურადღებით ყოფილიყვნენ და ვინც თეთრ ვეშაპს პირველი მოჰკრავდა თვალს, იმ ოქროს უნციას მიიღებდა, რომელიც მათ თვალწინ ანძაზე მიაჭედა. ეს ალბინოსი ვეშაპი მონადირისათვისა მეტად საშინელ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. მის სხეულში ჩაჭედილიყო მრავალი ბარჯი, რომელთა რაოდენობა ლამის პირდაპირპროპორციული იყო მის მიერ დაღუპულ ხომალდთა რიცხვისა. აქაბი მზად იყო დედამიწის ორივე ნახევარსფეროზე მოეძებნა და თუნდაც ქვესკნელში ჩაჰყოლოდა მობი დიკს, რათა თავისი თვალით ეხილა მის მიერ ამოფრქვეული უკანასკნელი — შავი სისხლის შადრევანი. სულ ტყუილად ჩასჩიჩინებდა კაპიტანს მისი თანაშემწე სტარბეკი — „შურისძიება ცხოველზე, რომლის ბრმა ინსტინქტმა დაგასახიჩრა, უაზრობაა, პირუტყვის სიძულვილი ღვთის გმობაა და მეტი არაფერიო“. აქაბი შეუვალი იყო: „უსიცოცხლო ნიღბის მიღმა გონიერი საწყისის უხილავი ნიშნებია, ბოროტება რომ მოსპო, ნიღბიანად უნდა განგმიროო“, — ამბობდა იგი. მეძღვაურებიც, ოქროს მონეტის სიკაშკაშით მოხიბლულნი, ცდილობდნენ დაემარცხებინათ მობი დიკზე არსებული ლეგენდებით აღძრული შიში და მხარს უბამდნენ კაპიტანს.
მართალია, აქაბის თვითმიზანი თეთრ ვეშაპზე შურისძიება გახლდათ, მაგრამ იგი მაინც გულმოდგინედ ასრულებდა ვეშაპსანადირო გემის ძირითად მიზანს: ავსებდა ტრიუმში არსებულ კასრებს სპერმაცეტით, რომელსაც ვეშაპის თავში არსებული სპეციალური ღრუებიდან იღებდნენ (საერთოდ, ამ სქელტანიან რომანში მრავალი მრავალი გვერდი აქვს დათმობილი ვეშაპების სახეობების დახასიათებას, მათი ცხოვრების წესს, მათზე არსებულ ლიტერატურას, ქვის სკულპტურებისა და მინიატურების აღწერას, თანავარსკვლავედებსაც კი, რომელთა სახელიც რაიმეთი უკავშირდება ვეშაპს. აქვეა ამონარიდები ბიბლიიდან და გამოჩენილ ადამიანთა პუბლიკაციებიდან, სადაც ნახსენებია ეს არსება). კაპიტანი ოკეანეში თავისი ველბოტით გადიოდა, რომელსაც მართავდნენ სწორედ ის ადამიანები, ისმაილმა რომ იხილა ექსპედიციის დაწყების დღეს და რომლებსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა აქაბი ტრიუმში მანამ, სანამ პირველი ნადირობა არ გამართეს ვეშაპზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ გემის მფლობელებს ცალფეხა კაპიტანი უკვე უსარგებლოდ მიაჩნდათ ღია ზღვაში ვეშაპთან უშუალო ბრძოლაში ჩასაბმელად და აღარ გამოყვეს თანხა მისი ველბოტის მენიჩბეებისთის. ხოლო აქაბმა, რომელსაც სურდა პირადად გასწორებოდა მობი დიკს, ეს მეზღვაურები საკუთარი ფულით დაიქირავა.
„პეკოდის“ კაპიტანი ყველა შემხვედრი გემის ეკიპაჟს ერთადერთ კითხვას უსვამდა: ნახეს თუ არა მათ სადმე მობი დიკი. რამდენიმე თვიანი ცურვის შემდეგ ერთი ინგლისური გემის კაპიტანმა უამბო, თუ როგორ დაუსახიჩრა ამ საზარელმა ვეშაპმა მას ხელი, რომელიც ღრმა ჭრილობის გამო მოსაკვეთი გაუხდა. აქაბს ძლიერ გაუკვირდა, როდესაც შენიშნა, რომ ინგლისელი არ აპირებდა შურისძიებას. „პეკოდის“ მეთაურმა მას გამოჰკითხა, თუ რომელ მხარეს გაემართა ვეშაპი და დაუყოვნებლივ გასწია ნაჩვენები მიმართულებით — წყნარი ოკეანისკენ. ამასთან, აქაბმა გემის მჭედელს განსაკუთრებული ბარჯი გამოაჭედინა, რომელიც სამი მებარჯის სისხლში გამოაწრთო.
ისმაილისა და ქვიქეგის ცხოვრება გემზე თავიდან არცთუ მძიმე იყო, მაგრამ შემდეგში სამუშაო მოემატათ — სვირინგიანი წარმართი ტრიუმში გაამწესეს, სადაც ყოველდღიურად უნაცვლებდა ადგილს ასგალონიან სპერმაცეტით სავსე კასრებს. ასეთმა ჯაფამ ქვიქეგი ციებ-ცხელებით დააავადა და გემის ხუროს სთხოვა გაეკეთებინა მისთვის კოკოვოკოს ტომის რიტუალური პირაგუას მსგავსი კუბო, მაგრამ როდესაც დურგალმა მუშაობა დაამთავრა, ქვიქეგი მოულოდნელად გამოჯანსაღდა და საკუთარ საბოლოო განსასვენებელს სკივრის დანიშნულება მისცა, თან ლამაზად მოაჩუქურთმა გარედან. მალე ამ უცნაურ ნივთს ახალი ფუნქცია მიანიჭეს — გაფისეს და კიჩოზე მიამაგრეს მაშველი ტივტივას ნაცვლად.
ერთ დღეს „პეკოდი“ შეხვდა ვეშაპსანადირო „რაქელს“. ამ უკანასკნელის კაპიტანმა აქაბს მოუთხრო, თუ როგორ გადაეყარა წინა დღეს მობი დიკს და შეეხვეწა დახმარებოდა ვეშაპთან შერკინებისას დაკარგული ველბოტის ძებნაში, რომელშიც მისი თორმეტი წლის შვილი იმყოფებოდა. აღარსად ჩანდა არც საშველად გასული მეორე ნავი, რომელსაც კაპიტნის უფროსი ვაჟი მართავდა. სასოწარკვეთილი მამა უამრავ ფულს სთავაზობდა აქაბს დახმარებისთვის, მაგრამ ვერაფრით მოალბო მისი გული — საძულველი მტერი სულ ახლოს იყო და „პეკოდის“ კაპიტანს წამის დაკარგვაც არ სურდა. ის კვალში ჩაუდგა მობი დიკს. გზად კიდევ ერთი ხომალდი შემოხვდათ, რომელსაც ასევე ენახა თეთრი ვეშაპი. აქაბმა თავად დაიკავა მოთვალთვალის ადგილი გემის ანძაზე და ოქროს დუბლონიც მასვე დარჩა: პირველმა შენიშნა მობი დიკის თეთრი კუზი ოკეანის ლურჯ ტალღებში.
სამ დღეს გრძელდებოდა დევნა, სამჯერ მიუახლოვდა ველბოტით ვეშაპს აქაბი. მობი დიკმა ერთი კი შეუტია მომხვდურთა ნავებს, ორი მათგანი გადააყირავა კიდეც, მაგრამ ისევ ზურგი აქცია და გაცურა, მაგრამ ცალფეხა კაპიტნის ველბოტი კუდში მიჰყვა. მაშინ ვეშაპი მოულოდნელად მკვეთრად მიბრუნდა „პეკოდისკენ“, რომელიც ცდილობდა დაღუპული ნავების მეზღვაურთა ბორტზე აყვანას და მძლავრად დაარტყა შუბლი. უზარმაზარმა ნახვრეტმა თვალის დახამხამებაში აავსო წყლით ტრიუმი და „პეკოდი“ ჩაძირა. იმავე წამს აქაბმა უკანასკნელი ბარჯი სტყორცნა ვეშაპს. ლინი საოცანი სისწრაფით გასრიალდა ლარში და გამოედო. აქაბი დაიხარა, რათა გამოეხსნა იგი, მაგრამ დაცურებული მარყუში ყელზე შემოეხვია, თავი ვეღარ გაითავისუფლა და თეთრ ვეშაპთან ერთად დაინთქა ოკეანის უძირო სიღრმეში. კაპიტნის ველბოტი თავბრუდამხვევი სისწრაფით დატრიალდა წყლის იმ უზარმაზად ძაბრში, რომელიც „პეკოდის“ ჩაძირვის ადგილას წარმოიქმნა. ოკეანემ ისიც შთანთქა.
ილიას წინასწარმეტყველება ახდა: „რაც დაწერილი იყო, აღსრულდა…“ ამ საშინელ ტყრაგედიას მხოლოდ ისმაილი გადაურჩა, ისიც იმიტომ, რომ იგი ველბოტის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გადავარდა წყალში და შედარებით მოშორებით აღმოჩნდა დამღუპველი მორევისგან. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, მოულოდნელად რაღაც ძალამ ზუსტად მის გვერდით ამოაგდო ქვიქეგის კუბო, რომლითაც ახალგაზრდა ამერიკელმა მთელი დღ და ღამე იცურა ზვიგენების გარემოცვაში, ვიდრე „რაქელის“ მეზღვაურებმა არ აიყვანეს იგი ბორტზე. დაკარგული შვილების ძებნაში უნუგეშო მამამ მხოლოდ ეს ერთი ობოლი ჭაბუკი იპოვა.
„და განვერი მე მერტოი და მოვედ თხრობად შენდა“ — იობის ამ სიტყვებით ამთავრებს რომანს მელვილი.

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.