ფრანსუა რაბლე – განგანტუა და პანტაგრუელი (რომანის მოკლე შინაარსი)

ფრანსუა რაბლე

განგანტუა და
პანტაგრუელი

—1552—

რომანის მოკლე შინაარსი
კითხვის დრო: 15-20 წთ.

პირველი წიგნი

ამბავი პანტაგრუელის მამის დიდი გარგანტუას საზარელი ცხოვრებისა,
შეთხზული როსმე მაგისტრ ალკოფრიბრას ნაზიესგან,
რომელიცა იყო კვინტესენციისა გამომხდელი.
წიგნი, აღვსილი პანტაგრუელიზმითა.

მიმართავს რა სახელმორჭმულ მემთვრალეთა და პატივცემულ ცუდჭირშეყრილთ, ავტორი მოუწოდებს მათ გაერთონ და იმხიარულონ მისი წიგნის კითხვის დროს და არ დაივიწყონ მისი სადღეგრძელოს შესმა: „ოღონდ უდღეგრძელებელი არ დამაგდოთ, თქვე ვირისთავნო, თქვენა, მე კი აბა ისე რას გაგიშვებთ!“
გარგანტუას მამას გრანგუზიე ერქვა, ეს გოლიათი დიდი ხუმარა ვინმე ყოფილა, ყოველთვის ბოლოდე სმა და მჟავის დაყოლება ჰყვარებია. ცოლად მოუყვანია გარგამელა და მანაც, თერთმეტი თვე ატარა რა ბავშვი მუცლით, დღესასწაულზე ფაშვი ჭამა და შვა გოლიათი ვაჟი, რომელიც მისი მარცხენა ყურიდან გამოსულა. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავიხსენებთ, რომ ბაკხუსი იუპიტერის თეძოდან იშვა, ხოლო კასტორი და პოლუქსი — ლედას დადებული კვერცხიდან გომოიჩეკნენ.
ახალშობილმა ტრადიციული „აღუს“ ნაცვლად პირველ სიტყვად „ნუნუა“ თქვა — ხოლო გრანგუზიეს წამოუძახის, „ე რამხელა გქონიაო“ („კე გრან ტუ ა!“, ყანყრატოს გულისხმობდა) და ყველამ ჩათვალა, ეს პირველი სიტყვაა მამისა შვილის შობაზეო და ახალშობილს სახელად უწოდეს გარგანტუა. ბავშვს ღვინო გაასინჯეს და ძველი ქრისტიანული ჩვეულებით მონათლეს. ბავშვი ფრიად გონიერი გამოდგა და ექვსი წლისამ უკვე იცოდა, რომ გამოსახოცად საუკეთესო საშუალებად ფუმფულა ბატი თქმულა. დაუწყეს წერა-კითხვის სწავლება. მისი მასწავლებელი იყო ტუბალ ოლოფრენი, შემდეგ აბუენტო ბენტერა და ბოლოს პონოკრატე.
განსწავლის გასაგრძელებლად გარგანტუა პარიზს გაემართა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრის ზარები მოიწონა და თანა წარიტანა, რათა თავისი ცხენისთვის ჩამოეკიდა კისერზე და ძლივს დაითანხმეს, რომ უკან დაებრუნებინა.
ერთხელ ლერნეელ მეპურეებს ქალაქში ქადა-ნაზუქი მიჰქონდათ. გარგანტუას მწყემსებმა თხოვეს, როგორც ბაზარში ჰყიდით, იმ ფასად მოგვყიდეთო, მაგრამ მეპურეებმა უარი უთხრეს, თანაც უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღეს. მაშინ მწყემსებმა ძალა იხმარეს და ნაზუქები წაართვეს. მეპურეებმა თავის მეფე პიკროშოლ მესამეს შესჩივლეს და პიკროშოლის ლაშქარი თავს დაესხა გრანგუზიეს. გრანგუზიემ სცადა, საქმე მშვიდობიანად მოეგვარებინა, მაგრამ წარუმატებლად. ამიტომ საშველად გარგანტუას უხმო. შინისაკენ გზაში გარგანტუამ და მისმა მეგობრებმა მტრის ციხე-სიმაგრე გაანადგურეს ვედის ფონზე და მთელი გზა გარგანტუა თმებიდან პიკროშოლის ზარბაზნის ჩარჩენილ ბირთვებს ივარცხნიდა.
როდესაც გარგანტუა მამის ციხე-სიმაგრეში ჩავიდა, მის საპატივცემულოდ სუფრა გაიშალა. მზარეულებმა ხვლეპიამ, ტვლეპიამ და ლოკიამ მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვეს კერძებში, რომლებიც ისეთი გემრიელი იყო, რომ გარგანტუამ სალათს თავისდა უნებურად მიაყოლა ექვსი მწირი, რომლებიც, მათდა საბედნიეროდ, კბილებში გაეჩხირა და კბილის საჩიჩქნით ამოყარა. გრანგუზიემ მოუთხრო თავის ომზე პიკროშოლთან და ფრიად შეაქო ძმა ჟან ბრდღვინისმდენელი — მონაზონი, რომელმაც სამონასტრო ვენახის დაცვისას გამარჯვება მოიპოვა. ძმა ჟანი მხიარული მეინახე გამოდგა და გარგანტუა მას უმალვე დაუმეგობრდა. მამაცი მეომრები სალაშქროდ გაემზადნენ. ტყეში ისინი პიკროშოლის გზირებს გადაეყარნენ, რომელთაც გრაფი ალაჯუნე მეთაურობდა. ძმა ჟანმა გაანადგურა ისინი და გაათავისუფლა მწირები, რომლებიც გზირებს ტყვედ ჰყოლოდათ აყვანილი. ძმა ჟანმა პიკროშოლის ლაშქრის მხედართმთავარი შარაბუტა შეიპყრო, მაგრამ გრანგუზიემ გაათავისუფლა და პიკროშოლთან დაბრუნებულმა შარაბუტამ მეფეს გრანგუზიესთან ზავი ურჩია, ხოლო როდესაც დაბდურამ ღალატში დასდო ბრალი, ბრალმდებელი დაშნით განგმირა. ამის გამო პიკროშოლმა თავის მოისრეებს გააგლეჯინა შარაბუტა. მაშინ გარგანტუამ პიკროშოლს ლაროშ-კლერმოში ალყა შემოარტყა და მისი არმია გაანადგურა. თვით პიკროშოლმა გაქცევით უშველა თავს და გზაში კუდიანმა დედაბერმა უწინასწარმეტყველა, ისევ მეფე გახდები, როცა ვირი ხეზე გავაო. ამბობენ, ახლა ლიონში ცხოვრობს და ყველას ეკითხება, ხომ არ გაგიგიათ, სადმე ვირი ხომ არ გასულაო ხეზე, ეტყობა, თავისი სამეფოს დაბრუნების იმედი აქვს. გარგანტუამ შეიწყალა დამარცხებლები და უხვად დააჯილდოვა თანამებრძოლები. ძმა ჟანისთვის მან ააგო თელემის სააბატო, რომლის მსგავსი არსად არ არსებობს. სააბატოში კაცებიც ყოფნაც დასაშვები იყო და ქალებისაც, მით უმეტეს, თუ ახალგაზრდა და ლამაზები იქნებოდნენ. ძმა ჟანმა გააუქმა უმანკოების, სიღარიბისა და მორჩილების პირობა და გამოაცხადა, რომ ყველას ჰქონდა ქორწინებისა და გამდიდრების უფლება და, საერთოდ, ყველას შეეძლო და სრული თავისუფლება ეგრძნო. თელემიტების წესდებაში ერთადერთი წესი ეწერა: აკეთე, რაც გსურს.

მეორე წიგნი

პანტაგრუელი დიფსოდთა ანუ წყურვეულთა მეუფე
წარმოჩენილი უტყუარი სახითა,
მთელი თავისი შესაზარი მექმეობითა და საგმირო ღვაწლითა.
აღნაქვი აწ განსვენებულ მაგისტრ ალკოფრიბრასისა
კვინტესენციისა გამომხდელისა.

ხუთასოცი წლისა იყო გარგანტუა, როდესაც შვა თავისი ძე მეუღლე ბადბეკისაგან, უტოპიის მახლობელ ამავროტელთა მეფის ასულისაგან. ახალშობილი ისეთი დიდი იყო, რომ დედა მშობიარობას გადაჰყვა. იგი იშვა დიდი გვალვის დროს, რომელიც ოცდათექვსმეტი თვე, სამი კვირა, ოთხი დღე და კიდევ თითქმის თორმეტი საათი გრძელდებოდა. ამიტომაც დაერქვა პანტაგრუელი („პანტა“ ბერძნულად „ყველას“ ნიშნავს და „გრუელი“ აგარელთა ენაზე „მწყურვალს“). გარგანტუამ დიდად განიცადა საყვარელი მეუღლის დაკარგვა, მაგრამ ბოლოს დაასკვნა, ბევრსა ტყებასა და ვიშვიშსა ისევ ბევრისა დალევა მიჯობსო და პანტაგრუელის აღზრდას შეუდგა. პანტაგრუელს ისეთი ძალა მოსდგამდა, რომ ჯერაც აკვანში იწვა, როცა დათვი დაგლიჯა.
ბიჭი გაიზარდა და მამამ სასწავლებლად გააგზავნა. პარიზისკენ მიმავალი პანტაგრუელი გზად ვინმე ლიმუზენელს გადაეყარა, რომელიც სამეცნიერო ლათინურისა და ფრანგულის ისეთ ნაზავზე მეტყველებდა, რომ მისი ერთი სიტყვის გაგებაც კი შეუძლებელი იყო; თუმცა, როდესაც განრისხებული პანტაგრუელი ყელში წვდა, ლიმუზენელი უბრალო ფრანგულ ენაზე აბღავლდა და პანტაგრუელმაც ხელი გაუშვა. პარიზში რომ ჩავიდა, პანტაგრუელმა გადაწყვიტა განევრცო თავისი განათლება და დაიწყო წმინდა ვიქტორის ბიბლიოთეკაში წიგნების კითხვა, ეს უაღრესად საინტერესო და სულის მარგებელი წიგნები იყო: „ვითარ გამოეცადა წმინდა გერტრუდა პუასისა მოლოზანსა, ოდეს იგი შობდა“, „სამრევლო ხუცესთაგან ერთმანეთისა ცხვირთა ზედა წკიპურტისა ცემისათვის“, „ვითარ აქანებენ ზარისა მრეკელნი საკუთარ კაკალთ“ და მრავალი სხვა ასევე სასულიერო და ამაღლებული.
ერთხელ სეირნობისას პანტაგრუელს უცხოდ ახოვანი და წარმოსადეგი კაცი შემოხვდა, რომელიც უღმერთოდ ნაცემი ჩანდა. პანტაგრუელი დაინტერესდა, რა თავგადასავალმა მიგიყვანა ამგვარ მდგომარეობამდეო, მაგრამ უცნობი ყველა კითხვას სხვადასხვა ენაზე უპასუხებდა, მათ შორის გერმანულ, იტალიურ, ბასკურ, შოტლანდიურ, დანიურ, ებრაულ, ბერძნულ და ერთ-ორ გამოგონილ, არარსებულ ენაზე. პანტაგრუელმა ვერაფერი გაიგო. მხოლოდ მაშინ, როდესაც უცნობი ბოლოს და ბოლოს ფრანგულად ალაპარაკდა, პანტაგრუელმა გაიგო, რომ უცხოს პანურგი ერქვა და თურქეთიდან იყო ჩამოსული, სადაც ტყვედ ყოფილა. პანტაგრუელმა პანურგი შინ მიიწვია და უმალვე მეგობრობა შესთავაზა.
ამ დროს ცილობდნენ უფალნი გავალოკია და ხაპია. საქმე იმდენად ბნელი და აბურდული ყოფილა, რომ „დიდი სამსჯავრო ხალხთა საკრებულოსი თავსა ისევე ადვილად ართმევდა, ვითა ძველზემოგერმანულსა ენასა“. ამიტომ მიმართეს საშველად პანტაგრუელს, რომელსაც საჯარო დისპუტებში სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. მანაც, უპირველეს ყოვლისა, ბრძანა გაენადგურებინათ ყველა ქაღალდი და აიძულა მომჩივანნი, ზეპირად მოეხსენებინათ საქმის არსი. მოისმინა რა მათი უაზრო სიტყვები, პანტაგრუელმა გამოიტანა სამართლიანი განაჩენი: მოპასუხე ვალდებულია „თივა და ძენძი მოიშოვოს, ვითარმედ უკლებლივ დაჩურთოს ხორხისა ხვრეტილნი, ხვიმირისა კრიჭაში გატარებულ ხამანწკთაგან დაგრეხილნი“. ბრძნული გადაწყვეტილებით ყველა აღფრთოვანდა, კმაყოფილთა შორის იყო ორივე მოდავე მხარეც, რაც ფრიად იშვიათად ხდება.
პანურგი მოუყვა პანტაგრუელს, როგორ იყო ტყვედ თურქებთან. თურქებმა ის შამფურზე წამოაცვეს, მანამდე კი თითქოს ბოცვერი იყო, ღორის ქონი წაუსვეს და შეწვა დაუწყეს. რომელიღაც უზენაესმა პანურგის ლოცვა გაიგონა და მისი შემწველი მიაძინა. პანურგმა მოახერხა და თავის მწვალებელს მუგუზალი ესროლა. ისეთი ხანძარი აბრიალდა, რომ მთელი ქალაქი გადაიწვა, პანურგი კი სასწაულებრივად გადარჩა და მძვინვარე ძაღლებსაც თავი დააღწია, რაკი ქონის ნაჭრებს ესროდა მათ.
დიდი ინგლისელი მკვლევარი თავმასტი ჩამოვიდა პარიზში, პანტაგრუელი რომ ეხილა და გამოეცადა მისი განსწავლულობა. მისი წინადადება იყო, ისე წარემართათ დისპუტი, როგორც ამას პიკო დელა მირანდოლა აპირებდა რომში — უსიტყვოდ, ნიშნებით. პანტაგრუელი დათანხმდა და მთელი ღამე დისპუტისთვის ემზადებოდა: კითხულობდა ბუდას, პროკლეს, პლოტინსა სხვა ავტორებს, ხოლო პანურგმა რომ ნახა, ღელავსო, შესთავაზა, შეგცვლი ამ დისპუტზეო. პანურგი წარუდგა ინგლისელს როგორც პანტაგრუელის მოსწავლე და მის კითხვებს ისე მოხერხებულად მიუდგა — შარვლის „დუქნიდან“ ხან მოზვრის ნეკნი ამოიღო, ხან ფორთოხალი, უსტვინა, იხვიხვინა, კბილები აკნატუნა, ხელით უცნაური ფიგურები მოხაზა და იოლად დაამარცხა თავმასტი, რომელმაც განაცხადა, დიდი სახელი აქვს პანტაგრუელს, მაგრამ არასაკმარისი, რადგან სახელი და დიდება მეათასედადაც ვერ შეესაბამება იმას, რაც სინამდვილეში გვაქვსო.
როდესაც ცნობა მოვიდა, რომ განგანტუა ფეა მორგანამ მოიტაცა და ფეების ქვეყანაში გადაიყვანა და რომ ამის გამგონე დიფსოდებმა საზღვარი გადალახეს და გააცამტვერეს უტოპიის ქვეყანა, პანტაგრუელმა სასწრაფოდ დატოვა პარიზი. მეგობრებთან ერთად მან გაანადგურა მტრის ექვსას სამოცი რაინდი, თავისი შარდით წალეკა მტრის ბანაკი, ხოლო შემდეგ გაუსწორდა გოლიათებს, რომელთაც მგელკაცი მეთაურობდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა პანტაგრუელის მოძღვარი ეპისტემონი, მას თავი წააცალეს, მაგრამ პანურგმა თავი ისევ მიაკერა და გააცოცხლა. გაცოცხლებული ეპისტემონი მოჰყვა, რომ ჯოჯოხეთში იყო, იხილა ეშმაკები, ისაუბრა ლიუციფერთან და კარგა გვარიანადაც მიირთვა. იქ უხილავს სემირამიდა, რომელიც მათხოვრებს ბაღლინჯოებს უჭერდა, პაპი სიქსტუსი, რომელიც ცუდი დაავადებისგან ხალხს კურნავდა, ოქტავიანე, რომელიც ეტრატს ფხეკდა, აქილევსი, რომელიც თივას აბულულებდა და ბევრი სხვა ვინმე: ყველა, ვინც ამქვეყნად დიდი კაცი იყო, იქ პატარა კაცია და პირიქით. ეპისტემონს გული დაწყდა, პანურგმა რომ ასე მალე მოაბრუნა სიცოცხლისკენ და არ აცალა სანუკვარ ჯოჯოხეთში მეტი დრო გაეტარებინა. პანტაგრუელი ამავროტების დედაქალაქში შევიდა, მათი მეფე არანქი ბებერ მეძავზე დააქორწინა და მწვანე სოუსის გამყიდველად გადააქცია. როდესაც პანტაგრუელი თავისი ლაშქრით დიფსოდიის მიწაზე შევიდა, დიფსოდებმა გაიხარეს და სასწრაფოდ დანებდნენ. მხოლოდ ალმიდორები გაჯიუტდნენ და პანტაგრუელი თავდასხმისთვის მოემზადა, მაგრამ აქ წვიმა წამოვიდა და მისი მეომრები სიცივემ ააკანკალა, ხოლო პანტაგრუელმა თავის ლაშქარს ენა გადააფარა, წმინისგან რომ დაეცვა. ამ ნამდვილი აბების მთხრობელი ოროვანდის ფურცელს ამოეფარა, იქიდან ენას გაჰყვა და პირდაპირ პანტაგრუელის პირში აღმოჩნდა, სადაც ნახევარ წელზე მეტი გაატარა და როცა გამოვიდა, პანტაგრუელს მოუყვა, რომ ამ ხნის განმავლობაში იმასვე მიირთმევდა, ჭამდა და სვამდა, რასაც პანტაგრუელი და დასძინა რაოდენიცა ყელშიგან ლუკმა ჩაგსვლია, ყველასა ბაჟსა ვადებდიო.

მესამე წიგნი

კეთილი პანტაგრუელის გმირულ საქმეებსა და მჭევრმეტყველებაზე,
შეთხზული მედიცინის დოქტორის,
მეტრ ფრანსუა რაბლეს მიერ
ავტორი თხოვს კეთილგანწყობილ მკითხველებს სიცილისგან თავი შეიკავონ სამოცდამეთვრამეტე წიგნამდე

დიფსოდების დამორჩილების შემდეგ პანტაგრუელმა მათ მიწაზე უტოპიელები დაასახლა, რათა აეღორძინებინა და გაელამაზებინა ეს მხარე, აგრეთვე ჩაენერგა დიფსოდებში მოვალეობის, მადლიერების გრძნობა და ეიძულებინა ისინი, შემდგომში დამჯერენი ყოფილიყვნენ. პანურგს პანტაგრუელმა რაგუს ციხე-სიმაგრე უბოძა, რომელიც ყოველდღიურად 6 789 106 789, ზოგჯერ კი მეტ რეალს იძლეოდა მოგებას; მაგრამ პანურგმა ორ კვირაში წინასწარ დახარჯა მთელი თავისი სამი წლის შემოსავალი, უბრალო რამეებში კი არა — ღრეობასა და ნადიმებში. ის პანტაგრუელს დაჰპირდა, რომ ვალებს როდინობის კვირას (ესე იგი არასოდეს) გადაიხდიდა, რადგან ცხოვრება ვალების გარეშე, აბა რა ცხოვრებაა. ვინ ლოცულობს დღედაღამ მევალის ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეზე, თუ არა გამსესხებელი. შემდეგ პანურგმა ცოლის შერთვაზე დაიწყო ფიქრი და პანტაგრუელს სთხოვა რჩევა. პანტაგრუელი ყველა მის მოსაზრებას დაეთანხმა, მათაც, რომლებიც ქორწინებისკენ იხრებოდნენ და მათაც, რომლებიც ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ. ასე რომ, საკითხი ღიად რჩებოდა. მათ გადაწყვიტეს, ვერგილიუსისთვის მიემართათ, ალალბედზე გადაშალეს წიგნი და ამოიკითხეს, რაც იქ ეწერა, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად განმარტეს ციტატა. იგივე მოხდა მაშინაც, როდესაც პანურგმა პანტაგრუელს თვისი სიზმარი უთხრა. პანტაგრუელის აზრით, როგორც ვერგილიუსი, ისე პანურგის სიზმარი, მას უქადდა, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ იქნებოდა რქიანი და გაქურდული. პანურგი კი მათში ბედნიერი ოჯახური ცხოვრების წინასწარმეტყველებას ხედავდა. შემდეგ მან პანზუს სიბილას მიმართა რჩევისათვის, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებაც სხვადასხვაგვარად ახსნეს მეგობრებმა. მოხუცმა პოეტმა კოტან მორდანმა დაწერა ლექსი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით იყო სავსე. „დაქორწინდი, არც იფიქრო დაქორწინება; არ იჩქარო, მაგრამ აჩქარდი; გაიქეცი, მაგრამ ნაბიჯი შეანელე; დაქორწინდი ან არ დაქორწინდე“ და ასე შემდეგ. ვერც ეპისტემონმა, ვერც გერ-ტრიპამ, ვერც ძმა ჟანმა შეძლეს პანურგის შემოჯარული ეჭვების გაფანტვა. მაშინ პანტაგრუელმა რჩევის საკითხავად ღვთისმეტყველი, ექიმი, მსაჯული და ფილოსოფოსი მოიხმო. ღვთისმეტყველმა და ექიმმა პანურგს ურჩიეს, დაქორწინებულიყო, თუ ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ რაც შეეხება რქებს, ამაზე ღვთისმეტყველმა განაცხადა, რომ ეს უკვე ღვთის ნებაა, გახდება თუ არა პანურგი ქორწინების შემდეგ რქიანი. ექიმმა კი თქვა, რომ რქები ქორწინების ბუნებრივი დანართია. ფილოსოფოსმა კითხვაზე, ექორწინა თუ არა პანურგს, უპასუხა: „ერთიც და მეორეც“. პანურგმა კი თქვა: „არც ერთი და არც მეორე“. მსაჯულმა ყველა კითხვას ისეთი მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა, რომ პანურგმა ვეღარ მოითმინა და წამოიყვირა: „უკან ვიხევ… ამ საქმეზე ხელს ვიღებ… ვნებდები“. ამის შემდეგ პანტაგრუელი მსაჯულ ბრიუდასთან გაეშურა, მისი მეგობარი კარპალიმი კი — მასხარა ტრიბულესთან. ბრიუდას ამ დროს ასამართლებდნენ. მან უსამართლო განაჩენი გამოუტანა ერთ განსასჯელს კამათლის საშუალებით. ბრიუდა, რომელიც უხვად ამკობდა თავის საუბარს ლათინური ფრაზებით, იმით იმართლებდა თავს, რომ დაბერდა და ცუდად ხედავს. ამიტომ ვერ გაარჩია კამათლის ქულები. პანტაგრუელმა მის დასაცავად წარმოთქვა სიტყვა, რის შედეგადაც მართლმსაჯულებამ იგი გაამართლა.
რაც შეეხება მასხარა ტრიბულეს, მისი საიდუმლოებით მოცული სიტყვა პანურგმა და პანტაგრუელმა კვლავ სხვადასხვაგვარად გაიგეს; მაგრამ პანურგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ მასხარამ ცარიელი ბოთლი შეაჩეჩა მას და ჯადოსნური ბოთლის მისანთან შესთავაზა გამგზავრება. პანტაგრუელი, პანურგი და მათი მეგობრები სამოგზაუროდ გაემზადნენ. მათ დატვირთეს გემები სურსათ-სანოვაგით, ტანსაცმლით, ფულით, ყველაფრით, რაც მოგზაურობისთვისაა საჭირო და ზღვაში გავიდნენ.

მეოთხე წიგნი

მამაცი პანტაგრუელის გმირულ საქმეებსა და
მჭევრმეტყველებაზე,
შეთხზული მედიცინის დოქტორის,
მეტრ ფრანსუა რაბლეს მიერ

მეხუთე დღეს ისინი შეხვდნენ სავაჭრო ხომალდს, რომელიც ფარნების ქვეყნიდან მოდიოდა. გემზე ფრანგები იყვნენ. პანურგი ერთ ვაჭარს წაეჩხუბა, რომელსაც დენდონს ანუ ჭუკს ეძახდნენ. ჩხუბისთავი ვაჭრისთვის ჭკუა რომ ესწავლებინა, პანურგმა მისგან სამ ოქროდ ყოჩი იყიდა, ხელში აიყვანა და წყალში გადაუძახა. როგორც კი ყოჩი წყალში აღმოჩნდა, დანარჩენი ცხვრებიც მას მიყვნენ და დაიღუპნენ. შეშფოთებული ვაჭარი ცდილობდა, შეეჩერებინა ისინი, მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთმა ცხვარმა ისიც თან გადაიყოლა. ვაჭარი დაიხრჩო. ამის შემდეგ პანტაგრუელი თავის მეგობრებითურთ დავაქრების კუნძულს მიადგა. ამ კუნძულის მცხოვრებლებმა მოგზაურებს არც საჭმელი შესთავაზეს და არც სასმელი. ისინი თავს მეტად უცნაური საშუალებით ირჩენდნენ: შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს მანამ, სანამ წონასწორობიდან არ გამოიყვანდნენ და თავს არ აცემინებდნენ, შემდეგ კი დაჭერით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ. ძმა ჟანმა იკითხა, ვის უნდა ოცი ათასი ეკიუ იმისთვის, რომ ერთი კარგად მიეტყიპათ. მსურველები მრავლად იყვნენ. ძმა ჟანმა მათგან ერთ-ერთი ამოირჩია, რამაც დავაქრების უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჟანმა ის მაგრად გაჯორა, ყველა შურის თვალით უყურებდა ამ კაცს, რადგან მას ამის საფასურად ოცი ათასი ეკიუ ერგო.
ძლიერი ქარიშხლის შემდეგ მათ ახლოს აუარეს ტაპინუას, ანუ გულჩათხრობილთა კუნძულს, სადაც დიდმარხვა მეფობდა და მიცურეს ფარუშის კუნძულზე, სადაც დიდმარხვის დაუძინებელი მტრები, ძეხვები ცხოვრობდნენ. მათ პანტაგრუელი და მისი მეგობრები დიდმარხვის მეომრები ეგონათ და ჩაუსაფრდნენ. პანტაგრუელიც მოემზადა საბრძოლველად და ჯარის მეთაურად ძეხვის მჭრელი და ძეხვის მთლელი დააყენა. ეპისტემონმა აღნიშნა, რომ მხედართმთავრების სახელები მხნეობას მატებენ და გამარჯვების იმედს უნერგავენ მებრძოლებს.
ძმა ჟანმა უზარმაზარი ღორი ააგებინა და დამალა მასში გამოცდილი მზარეულების მთელი არმია, როგორც ოდესღაც ტროას ცხენში დამალეს ბერძნებმა სახელოვანი მეომრები. ბრძოლა ძეხვების სრული კრახით დამთავრდა და, ალბათ, იმ დღეს დედამიწაზე ძეხვთა სახსენებელი გაწყდებოდა, უეცრად ცაზე უზარმაზარი რუხი ტახი რომ არ გამოჩენილიყო და მიწაზე ოცდაშვიდი კასრი მდოგვი არ ჩამოეგდო, რომელიც მალამოდ დაედო მომაკვდავ ძეხვებს.
კუნძულ რუა ხის მონახულების შემდეგ, რომლის მცხოვრებნი მეტად უცნაური ხალხი იყო — არაფერს ჭამდნენ და სვამდნენ გარდა ქარისა — პანტაგრუელი და მისი მეგობრები პაპეფიგების კუნძულს მიადგნენ. ეს ადამიანები ოდესღაც მდიდარი და თავისუფლები ყოფილან, ამიტომ მათ უდარდელებსაც ეძახდნენ, მაგრამ ერთ დღესასწაულზე, მათ მეზობლად მყოფ პაპიმანების კუნძულზე მისულან, სადაც ერთ-ერთ მათგანს პაპისთვის ბრაწი უჩვენებია. პაპიმანები ამ ამბავს ძლიერ განურისხებია, თავს დასხმიან უდარდელთა კუნძულს და დაუპყრიათ იგი. მათთვის კი პაპიფიგები, ანუ პაპისთვის ბრაწის მჩვენებლები დაურქმევიათ. პანტაგრუელი და მისი მეგობრები პატარა სამლოცველოში შევიდნენ, ნახეს, რომ ემბაზში ვიღაც კაცი იწვა, რომელსაც თავზე სამი მღვდელი ადგა და ეშმაკს სწყევლიდა. მათ პანტაგრუელს უამბეს, რომ ეს კაცი მიწის მუშა იყო. ერთხელ, როდესაც ის ხნავდა, მასთან ახალბედა ეშმაკი მისულა და გლეხისთვის უთქვამს, მოსავალი გავიყოთო. ეშმაკმა აირჩია ის, რაც მიწის ქვეშ იქნებოდა. როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, გლეხს ხორბალი ერგო, ეშმაკს კი — თავთავის ძირები. ეშმაკი მიხვდა, რომ მოტყუვდა. მაშინ მხვნელს უთხრა, შემდგომში მე მერგება ის, რაც მიწის ზემოდან იქნებაო. გლეხმა თალგამი დათესა. ეშმაკუნა ისევ ცარიელზე დარჩა. მაშინ მან შესთავაზა, ერთმანეთი ფჩხილებით დაეკაწრათ, მინდორი კი გამარჯვებულს დარჩენოდა; მაგრამ, როდესაც დათქმულ დროს ეშმაკი მხვნელთან მივიდა, მისმა ცოლმა ტირილით უთხრა, რომ გლეხმა ვარჯიშის დროს ნეკა თითი გაიკაწრა და სულ გადმოაყრევინა ნაწლავები. ამ სიტყვებით ქალმა მას ფეხქვეშ ცხვრის შიგნეული დაუყარა, რომელიც წინა დღეს საგანგებოდ დაუკლავს და მისი ნაწლავები შეუნახავს. ეშმაკმა ამჯობინა გაქცეულიყო.
პაპიფიგების კუნძულის დატოვების შემდეგ, პანტაგრუელი და მისი მეგობრები პაპიმანების კუნძულს მიადგნენ. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა როდესაც შეიტყვეს, რომ მათ სტუმრებს ცოცხალი პაპი საკუთარი თვალით ჰყავდათ ნანახი, დიდი პატივით მიიღეს ისინი და დიდხანს უქეს მათ პაპის მიერ დაწერილი წმინდა დეკრეტალიები. პაპიმანების კუნძულიდან წამოსულ მოგზაურებს შუა ზღვაში რაღაც ხმები მოესმათ. ეს იყო ცალკეული სიტყვები და ცხენების ჭიხვინი, მათ ირგვლივ მიმოიხედეს, მაგრამ ვერაფერი დაინახეს. ლოცმანმა ახსნა, რომ ისინი ყინულოვანი ოკეანის ახლოს იყვნენ. აქ ზამთარში სიტყვები იყინება. სწორედ ამ ადგილას, შარშან ზამთარში შეტაკება მომხდარა და სიტყვები, შეძახილები, ცხენების ჭიხვინი ჰაერში გაყინულა და ახლა, როდესაც ზამთარი უკვე გადის, ისინი ლღვება და სწორედ ეს ხმა ესმით მათ.
პანტაგრუელმა გემბანზე გაყინული, მრავალფერადი სიტყვები დაყარა. გალღობის შემდეგ გაირკვა, რომ ზოგი მათგანი სალანძღავიც კი იყო. მალე მოგზაურები მიადგნენ კუნძულს, რომელზეც ყოვლისშემძლე ბატონი გასტერი მეფობდა. კუნძულის მცხოვრებნი თავიანთ ღმერთს სწირავდნენ ყველაფერს, რაც მოეპოვებოდათ, პურით დაწყებული, არტიშოკით დამთავრებული. პანტაგრუელმა გაარკვია, რომ გასტერს გამოუგონებია მიწის დამუშავების ხერხი, პური რომ მოეყვანა; საბრძოლო იარაღები, რათ დაეცვა მოსავალი; მედიცინა, ასტროლოგია და მათემატიკა — რომ შეენახა იგი. როდესაც პანტაგრუელმა და მისმა მეგობრებმა ქურდებისა და ავაზაკების კუნძულს ჩაუარეს, პანურგი ტრიუმში, გამხმარი პურის ტომრების უკან დაიმალა. იქ ფუმფულა კატა ეშმაკად მოეჩვენა და შიშისგან ჩაისვარა, შემდეგ კი, როდესაც გაარკვია, თუ რაში იყო საქმე, ამტკიცებდა, რომ ოდნავაც არ შეშინებია.

მეხუთე წიგნი

უკანასკნელი წიგნი კეთილი პანტაგრუელის
გმირულ საქმეებსა და მჭევრმეტყველებაზე,
შეთხზული მედიცინის დოქტორ,
მეტრ ფრანსუა რაბლეს მიერ;
წიგნი მოიცავს ღვთაებრივი ბაკბუკის სამისნოს მონახულებას
და თვით სიტყვას ბოთლისა,
რომლის გამოც ჩატარდა ეს ამოდენა მოგზაურობა

მოგზაურები ჟღარუნა კუნძულს მიადგნენ, სადაც ისინი მხოლოდ ოთხდღიანი მარხვის შემდეგ შეუშვეს. მარხვა საშინლად მძიმე აღმოჩნდა. პირველ დღეს იმარხულეს „რაც ძალი და ღონე ჰქონდათ“, მეორე დღეს — „თავქუდმოგლეჯით“, მესამე დღეს — „ჭენებ-ჭენებით“, ხოლო მეოთხე დღეს „ფეხის გაფშეკამდე“. კუნძულზე ფრინველები ცხოვრობდნენ: კლერსიჟესები, მონაჟესები, პრეტრეჟესები, აბეჟესები, ევეჟესები, კარდინჟესები, პაპეჟესები და ერთი პაპეგო. ისინი მღეროდნენ ყოველთვის, როცა კი ზარების ხმა ესმოდათ.
რკინა-კავეულის და თაღლითების კუნძულების მონახულების შემდეგ, პანტაგრუელი და მისი მეგობრები დილეგის კუნძულზე მოხვდნენ, რომელიც საზიზღარი ცხოველებით, ბამბურა კატებით იყო დასახლებული. ისინი იჭერდნენ ყველას და შემდეგ ქრთამს იღებდნენ მათგან. მათ ნავსადგურში ქრთამებით დატვირთული უამრავი გემი მოდიოდა. ბოროტი კატების ბრჭყალებიდან თავის დაღწევის შემდეგ, მოგზაურებმა კიდევ რამდენიმე კუნძული მოინახულეს და მიადგნენ მეტეატახნეს, ანუ ურგებ მეცნიერთა ნავსადგურს, სადაც ისინი კვინტესენციის დედოფლის სასახლეში მიიყვანეს. ეს ქალბატონი არაფერს ჭამდა, ზოგიერთი კატეგორიის, ქარაგმის, ოცნებისა და შარადის გარდა. მისი მსახურები თხას წველიდნენ და რძეს ცხრილში ასხამდნენ, ქარს ბადით იჭერდნენ და სხვა მრავალი ამგვარი სასარგებლო საქმით იყვნენ დაკავებულნი.
მოგზაურობის ბოლოს პანტაგრუელი და მისი მეგობრები ფარნების ქვეყანაში მივიდნენ, სადაც ბოთლის მისანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ფარანმა ისინი ტაძარში მიიყვანა, აქ მათ წინაშე პრინცესა ბაკბუკი წარდგა თავისი ამალით. ტაძრის შუაში დიდებული შადრევანი იყო აღმართული, წყალი შადრევნიდან სამ ჭავლად მოჩქეფდა. თავიდან მოგზაურებს ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი ეგონათ, მაგრამ როდესაც ბაკბუკმა ბრძანა, ძვირფასი ჯამები მიერთმიათ სტუმრებისთვის და მათ წყალი გასინჯეს, იგრძნეს, რომ მხნეობა მოემატათ, რომ უბრალო წყალი კი არა, ჯადოსნური სითხე მიირთვეს. თითოეულ მათგანს ეს წყალი იმ ღვინოდ მოეჩვენა რომელიც მას ძალიან უყვარდა. ამის შემდეგ ბაკბუკმა იკითხა, ვის უნდოდა გაეგო ღვთაებრივი ბოთლის სიტყვა. როდესაც გაიგო, რომ ეს პანურგი იყო, შეიყვანა ის მრგვალ სამლოცველოში, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც განათებული იყო. მის შუაგულში, აუზში, წყლით სანახევროდ დაფარული ბროლის დიდი ბოთლი იდგა, როდესაც პანურგი მუხლებზე დაეცა და სარიტუალო სიმღერა იმღერა, ბაკბუკმა რაღაც ჩააგდო აუზში, საიდანაც გაისმა ხმა „ტრინკ“. შემდეგ მან კარადიდან ვერცხლისყდიანი წიგნი გამოიღო, გადაშალა და თქვა, რომ სიტყვა „ტრინკ“ ნიშნავს „დალიე“, მაგრამ მარტო ჩვეულებრივ სმას კი არა, ეს ნიშნავს, დალიო ის სასმელი, რომელსაც დღენიადაგ უნდა ეწაფებოდეს ადამიანი, რათა ამ სასმელმა სამართლიანნი, ღონიერნი, ძლიერნი გაგვხადოს, ცრურწმენისგან, ბოროტი სულებისგან, უსამართლობისგან გაგვათავისუფლოს, სწორედ ამგვარად შევძლებთ სწორი გზით ვიაროთ და ქვეყნად სიკეთე ვთესოთ. პანურგის კითხვაზე, თუ რა აზრისა ბრძანდება ქორწინებაზე, ბაკბუკმა უპასუხა, რომ, როდესაც ჭეშმარიტ ცოდნას შეიძენს, მაშინ შეძლებს, ადვილად განასხვავოს ავი კარგისგან და ღირსეული საცოლის შერჩევა აღარ გაუჭირდება. განშორებისას ბაკბუკმა პანტაგრუელს გარგანტუასათვის განკუთვნილი წერილი გადასცა და მოგზაურები უკან, თავიანთ სამშობლოში, დაბრუნდნენ.

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.