პლატონი – სოკრატეს აპოლოგია (დიალოგის მოკლე შინაარსი)

ძვ.წ. 398 წ.

დიალოგის მოკლე შინაარსი
კითხვის დრო: 10-15 წთ

აპოლოგია იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. პირველ ნაწილში სოკრატე განიხილავს ბრალმდებლებს, მეორეში – საკუთარ თავს და მესამეში – მსაჯულებს. ნაწარმოები წარმოადგენს ერთ გრძელ სიტყვას, რომელიც პირობითად შეგვიძლია დავყოთ შვიდ ნაწილად:

I ნაწილი: ბრალმდებლები
1. საბრალდებო სიტყვების შემდეგ
2. ორი სახის ბრალმდებლები
3. ძველი ბრალმდებლების კრიტიკა
4. ახალი ბრალმდებლების კრიტიკა
II ნაწილი: სოკრატე
5. სოკრატე საკუთარ თავზე
III ნაწილი: მსაჯულები
6. საბრალდებო განაჩენის შემდეგ
7. სასიკვდილო განაჩენის შემდეგ

I ნაწილი: ბრალმდებლები

საბრალდებო სიტყვების შემდეგ

თავის დასაცავ სიტყვას სოკრატე ასე იწყებს: „როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს თქვენზე ჩემმა ბრალდებლებმა, ათენელებო, არ ვიცი, მაგრამ რაც შემეხება მე, კინაღამ საკუთარი თავი დამავიწყეს: ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ. მიუხედავად ამისა, კაცმა რომ თქვას, ერთი სიტყვა სიმართლეც არ უთქვამთ“. სოკრატეს აზრით, განსაკუთრებით უტიფარი იყო მისი ბრალმდებლების მოწოდება მსაჯულებისადმი, აქაოდა, ფრთხილად იყავით, თავისი მჭევრმეტყველური სიტყვით არ შეგაცდინოთ სოკრატემო. საქმე ისაა, რომ სოკრატე აღიარებს, ძლიერი არ ვარ მჭევრმეტყველებაში და ამაში მალე ყველა დარწმუნდება, როცა ჩემს სიტყვას მოისმენსო. ის არ არის ძლიერი და მჭევრმეტყველი ორატორი, თუ ორატორის სიძლიერედ ვინმე სიმართლის თქმას არ მიიჩნევს. ამ შემთხვევაში კი სოკრატე აღიარებს: „მე ორატორი ვარ, ოღონდ არა მათნაირი“ (ჩემი ორატორობა განსხვავდება ჩემი ბრალმდებლების ორატორობისგან, რადგან მე სიმართლეს ვანიჭებ უპირატესობას, ისინი კი – ლამაზ და კაზმულ სიტყვას). სოკრატე ამბობს, რომ მისი მეტყველება გამოირჩევა ხაზგასმული უბრალოებითა და სიცხადით; მთავარი მისთვის არის სიმართლე და არა მჭევრმეტყველება და მორთულ-მოკაზმული, ზიზილ-პიპილოიანი სიტყვები.
სწორედ ეს სიმართლე არ მოსწონთ მის მტრებს. აქიდან სოკრატეს გამოჰყავს ე.წ. „მსაჯულისა და ორატორის მოვალეობანი“. მისი აზრით, მსაჯულის მოვალეობაა, სიმართლე დაინახოს, ხოლო ორატორისა – სიმართლე თქვას.

2. ორი სახის ბრალმდებლები

სოკრატე ამბობს, რომ დამსწრეთაგან ბევრს უკვე ბავშვობასა და სიყმაწვილეში „ჩააგონეს“ სოკრატეს წინააღმდეგ მიმართული უსამართლო ბრალდებები, თუმცა ამ ბრალდებებში ერთი სიტყვაც არ იყო სიმართლისა. ირკვევა, რომ დღევანდელი ბრალმდებლები პირველები არ არიან, ვინც სოკრატეს ბრალს დებენ და ცილს სწამებენ, მათ ამ საქმეში წინაპრები ჰყოლიათ. შესაბამისად, სოკრატეს ბრალმდებლები ორი სახისანი არიან, ძველები და ახლები და სოკრატეს ძველებისა უფრო ეშინია. ამიტომაც პირველად მათ ცილისწამებას გასცემს პასუხს.

3. ძველი ბრალმდებლების კრიტიკა

ძველი ბრალმდებლები ამტკიცებდნენ, რომ „არსებობს ვიღაც სოკრატე, ბრძენი კაცი, რომელიც იკვლევს, რაც მიწის ზემოთაა ან მიწის ქვემოთაა და სიცრუეს სიმართლედ ასაღებს“. წლების მანძილზე სოკრატეს ბრალს სდებდნენ, რომ ის ცდილობდა, ბუნების საიდუმლოებები გამოეკვლია და სხვებისთვისაც ესწავლებინა. სინამდვილეში კი ის ნატურფილოსოფიით არასოდეს ყოფილა არც დაინტერესებული, არც დაკავებული. ძველი ბრალმდებლებისთვის უშუალოდ პასუხის გაცემა ძნელია, მათ სასამართლოში ვერ მოიწვევ, რადგან ისინი, ერთის გარდა, როგორც წესი, ანონიმები არიან. სოკრატე ამბობს, იძულებული ვარ ბრძოლა აჩრდილს გამოვუცხადოო. ის ერთი კი, რომლის სახელიც ცნობილია, განთქმული კომიკოსი პოეტი არისტოფანეა. მართლაც, არისტოფანე („ღრებლებში“) ვიღაც სოკრატეს წარმოგვიდგენს, რომელიც მოქანავე კალათში წრიალებს და გაჰყვირის, ჰაერში დავქრივარო და კიდევ ბევრ სისულელეს ამბობს, რისიც მე არაფერი მესმის. ჰკითხეთ ერთმანეთს, – ამბობს სოკრატე, – თუ გსმენიათ ვინმეს, რომ ამგვარ საკითხებზე საერთოდ მელაპარაკოს და თავად დარწმუნდებით ამ ბრალდების უსაფუძვლობაშიო.
ასევე ტყუილია, თითქოს სოკრატე ვინმეს სწავლაში ფულს ახდევინებდა, ისევე როგორც სიცრუეა ყველა სხვა ბრალდება. მაშ, საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითქმა-მოთქმა, რატომაა ატეხილი ამოდენა ამბავი სოკრატეს წინააღმდეგ? სოკრატეს აქვს თავისი ახსნა, თუ რამ გამოიწვია მასზე ცილისწამება. ყველაფერი ამის მიზეზი ყოფილა მხოლოდ ის სიბრძნე, რომელიც მასშია, ხოლო ამ სიბრძნის მოწმედ მას მოჰყავს დელფოსელი ღმერთი ანუ აპოლონი. ოდესღაც ქერეფონმა, სოკრატეს მოსწავლემ, დელფოს სამისნოს კითხვა დაუსვა, ვინმე თუ არის ამქვეყნად სოკრატეზე უფრო ბრძენიო და აპოლონმა პითიას პირით უპასუხა, არავინო. როდესაც სოკრატეს პითიას სიტყვა აუწყეს, ის ჩაფიქრდა, რისი თქმა სურს ღმერთს და რა იმალება ამ სიტყვების უკანო. სოკრატეს გაუჭირდა, დაეჯერებინა, რომ მთელს საბერძნეთში მასზე ბრძენი ვინმე არ მოიძებნებოდა და თავად დაიწყო ძიება, იქნებ მე თვითონ ვიპოვო ჩემზე ბრძენი კაციო. ამ ძიებისას იგი შეხვდა პოლიტიკოსებს, პოეტებს, ტრაგიკოსებს, დითირამბისტებს და სხვებს და დაასკვნა, რომ თუმცა ამ ადამიანებს თავი ბრძენი ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მეო, – თქვა ფილოსოფოსმა, – მათზე უფრო ბრძენი ვარ, რადგან ის მაინც ვიცი, რომ არაფერი ვიცი და მათ კიდევ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციანო:
იქიდან წამოსული საკუთარ თავთან ვმსჯელობდი, ამ კაცზე ბრძენი ვარ, რადგან, როგორც ჩანს, არც ერთმა ჩვენგანმა, არც მან და არც მე, სრულყოფილად არაფერი ვიცით, მაგრამ მან არ იცის და ფიქრობს, რაღაც ვიციო, ხოლო მე არც ვიცი და არც მგონია, რომ ვიცი. სულ ცოტათი, მეჩვენება, მასზე უფრო ბრძენი ვარ, რადგან როცა რაღაც არ ვიცი, არც მგონია, რომ ვიცი ეს საგანი. იქიდან სხვასთან წავედი იმათგან, ვინც მასზე უფრო ბრძნად ითვლება და იქაც იგივე ვნახე; და ამის შემდეგ შემიძულა როგორც იმან, ისე ბევრმა სხვამ.
სწორედ ამის გამო გადავიმტერე ბევრი ვინმე და აქიდან მოდის ამდენი ცილისწამებაო, – ბრძანა სოკრატემ. მე ამას თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ მტრებს ვიჩენდიო. ამ ძიებისას ისინი, ვისაც ყველაზე დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი, ბრძენკაცებად კი არა, უგუნურებად და სულელებად წარმოუდგნენ სოკრატეს, ხოლო ისინი, რომელთა სახელსაც აშკარად ჩრდილავდა პირველთა დიდება – პირიქით, უფრო ნიჭიერებად და ჭკუადამჯდარებად. პოეტებს რაც შეეხება, სოკრატეს მტკიცებით, ნებისმიერი მოქალაქე უკეთ ახსნიდა მათ ქმნილებებს, ვიდრე ამას თავად შემოქმედნი აკეთებენ. ძალიან მალე მივხვდიო, – ამბობს სოკრატე, – რომ პოეტები სიბრძნით კი არ ქმნიან იმას, რასაც ქმნიან, არამედ ერთგვარი ბუნებრივი ნიჭისა და ღვთიური სიშმაგის წყალობით; ისინი ბევრ მშვენიერ რამეს გვიცხადებენ სიტყვით, მაგრამ თავად არც იციან, რას გვიცხადებენ. იგივე ამბავი ყოფილა ხელოსნებთან: ხელობაც კარგად იცოდნენ და საქმესაც მშვენივრად აკეთებდნენ, მაგრამ სიბრძნეს რაც შეეხება, ამ სიკეთესთან ახლოსაც არ გაუვლიათ.
ასე რომ, წინასწარმეტყველებას რომ დავუბრუნდე, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა მერჩივნა: ისეთი დავრჩენილიყავი, როგორიც ვარ, არც ბრძენი მათი სიბრძნით და არც უმეცარი მათი უმეცრებით, თუ მათსავით ვყოფილიყავი ერთიც და მეორეც? და ვუპასუხებდი საკუთარ თავსაც და მისანსაც – მირჩევნია დავრჩე, როგორიც ვარ.

4. ახალი ბრალმდებლების კრიტიკა

სოკრატეს ახალი ბრალმდებლები არიან წარჩინებული ათენელის, ანთემიონის ძე ანიტოსი, პოეტი მელეტოსი და ორატორი ლიკონი. მათი ფიცით დამოწმებული ახალი ბრალდებების მიხედვით „სოკრატე ფეხქვეშ თელავს კანონს, ვინაიდან რყვნის და აფუჭებს ახალგაზრდობას, არ სცნობს ღმერთებს, რომელსაც თაყვანს სცემს ქალაქი, არამედ აღიარებს რომელიღაც ახალ ღვთაებებს“. მელეტოსთან იქვე, სასამართლოში გამართულ მინიდიალოგში სოკრატე აჩვენებს, რომ ამ კაცს არაფერი ესმის არც ახალგაზრდობის და არც რელიგიის პრობლემებისა. რაც შეეხება სოკრატეს მთავარი ბრალმდებლის ჩახედულობას ფილოსოფიაში, ის ისეთი უმეცარია, რომ სოკრატეს მისივე მოწინააღმდეგეების, სოფისტების მოსაზრებებს მიაწერს. სოკრატემ იოლად გააცამტვერა მისთვის წაყენებული ორივე ბრალდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლოს მონაწილე ყველა ათენელი ვერ დარწმუნდა ამაში.

II ნაწილი: სოკრატე

5. სოკრატე საკუთარ თავზე

სოკრატე მსჯელობს სიკვდილზე და მიდის დასკვნამდე, რომ „არავინ იცის არც ის, რა არის სიკვდილი, არც ის, არის თუ არა იგი ადამიანისთვის უდიდესი სიკეთე“ და, ამის მიუხედავად, ყველას ეშინია მისი, თითქოს იცოდნენ, რა არის იგი სინამდვილეში. ჰგონიათ, რომ სიკვდილი უდიდესი ბოროტებაა. სოკრატე კი დარწმუნებულია, რომ ყველაზე სამარცხვინო უმეცრება ისაა, რომ „ფიქრობდე, რომ იცი ის, რაც არ იცი“. ამას გარდა, სოკრატე თვითდაჯერებულად მოახსენებს მსაჯულებს, რომ მთელ ქალაქში მოქალაქეებს იმაზე მეტი ბედნიერება და სიკეთე არ გააჩნიათ, ვიდრე მისი „სამსახურია ღმერთის წინაშე“:
მე მხოლოდ ამას ვაკეთებ: დავდივარ და თითოეულ თქვენგანს, ახალგაზრდას თუ მოხუცს, ვარწმუნებ, უპირველეს ყოვლისა, სხეულზე და ფულზე კი არ იზრუნოს, არამედ სულზე, რომ იგი რაც შეიძლება უკეთესი იყოს. გეუბნებით: სიმდიდრეს არ მოაქვს ვაჟკაცობა, არამედ ვაჟკაცობას მოაქვს ფულიც და ყველა სხვა სიკეთე როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თუკი სოკრატეს მოკლავენ, მასზე უფრო თავს დაიზიანებენ. სოკრატეს მიაჩნია, რომ იგი თავად ღმერთმა მოუვლინა ქალაქს, როგორც ძლიერ და კეთილშობილ, მაგრამ სიმსუქნისგან გაზარმაცებულ ცხენს მიუჩენს ღმერთი კრაზანას, რომ აამოძრაოს. სოკრატეს ევალება,„ მთელი დღე მუხლჩაუხრელად იაროს კარდაკარ, გამოაფხიზლოს და მოსვენება არ მისცეს ხალხს“ ანუ ცხოვრება ასწავლოს და სწორ გზაზე დააყენოს. თავისი სიმართლის დასადასტურებლად სოკრატე სანდო მოწმეს ასახელებს – საკუთარ სიღატაკეს. სოკრატე, როგორც ღირსების კაცი, დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მოქალაქე ვალდებულია „კანონის მხარეს იდგეს“ და არ „გადაირბინოს“ მოწინააღმდეგის მხარეს, რომ თავი იხსნას (აქ იგი იხსენებს იმ სიტუაციას, როდესაც პრიტანი იყო და საბჭოში ერთადერთი იდგა კანონის სადარაჯოზე, როდესაც სტრატეგოსების საკითხი იხილებოდა).
შესაძლოა ვინმეს უცნაურად ეჩვენებოდეს, რომ სოკრატე თავის რჩევას ყოველთვის კერძოდ აძლევს ადამიანებს და არ მიმართავს სახალხო კრების ტრიბუნას. ამის მიზეზი ისაა, რომ სოკრატეს ღვთაებრივი ხმა ჩაესმის. ეს ბავშვობიდან ხდებოდა, რაღაც ხმა უარს ათქმევინებს ხოლმე, როდესაც რამის გაკეთებას აპირებს, წაქეზებით კი არასოდეს აქეზებს. პოლიტიკაში მოსვლით სოკრატე ვერაფერს მიაღწევდა, რადგან ვისაც სოკრატესავით მოქმედება შეუძლია, ის კერძო პირად უნდა დარჩეს და საზოგადოებრივ ასპარეზს არ უნდა გაეკაროს.
საინტერესოა, რატომ ეხვევა სოკრატეს ამდენი ხალხი: ფილოსოფოსის პასუხი ასეთია – ხალხს მოსწონს, რომ სოკრატე აწამებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია, როცა ეს ასე არ არის. ეს სიამოვნებს ხალხს, ამის კეთებას კი სოკრატეს ღმერთი უბრძანებს.

III ნაწილი: მსაჯულები

6. საბრალდებო განაჩენის შემდეგ

ბევრი რამ მაიძულებს, არ აღვშფოთდე იმის გამო, რაც მოხდა, მათ შორის ისიც, რომ განაჩენი ჩემთვის მოულოდნელი არ არის, – ამბობს სოკრატე მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს. გაცილებით მეტად მაკვირვებს, რომ მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს ჩემმა ბრალმდებლებმა, მე მეტს ველოდიო: ოცდათერთმეტი კენჭი ერთი მხრიდან მეორეში რომ მომხვდარიყო, გამართლებულიც კი ვიქნებოდიო. შეგნებულად არც ერთ ადამიანისთვის არ მიწყენინებია, მაგრამ ამაში თქვენი დარწმუნება არ შემიძლიაო. რაც შეეხება სასჯელს, რომელიც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ უნდა შესთავაზოს სასამართლოს – სოკრატე მას უარყოფს და სასჯელის ნაცვლად პირიქით, დამსახურებულ ჯილდოს მოითხოვს და მის არსსაც განსაზღვრავს: მისი აზრით, ეს უნდა იყოს უფასო სადილი პრიტანიონში. მიუხედავად ამისა, სოკრატეს მოსწავლეები მზად არიან ჯარიმის სახით 30 მნა გადაიხადონ – მეტი მათ ვერ შეაგროვეს.

7. სასიკვდილო განაჩენის შემდეგ

სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ სოკრატემ ირონიულად აღნიშნა, ცოტაც რომ მოგეცადათ, ათენელებო, ოდნავ რომ დაკვირვებოდით ჩემს ასაკს, ისედაც მოვკვდებოდი და სახელის გატეხას გადარჩებოდით, ახლა კი არ აგცდებათ საშვილიშვილო ბრალდება, რომ სოკრატე, ცნობილი ბრძენი მოჰკალითო. ათენელები, რა თქმა უნდა, სიკვდილს არ მიუსჯიდნენ სამოცდაათ წელს მიტანებულ ბერიკაცს, მას რომ სხვებივით ხვეწნა-მუდარა დაეწყო და სიცოცხლეს ჩაბღაუჭებოდა, მაგრამ ამას ის ვერ იკადრებდა.
სოკრატემ ცალკე მიმართა იმ მსაჯულებს, რომლებმაც მის სიკვდილით დასჯას არ დაუჭირეს მხარი. სწორედ მათ უთხრა ბრძენკაცმა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც სასამართლოზე გამოდიოდა, მას არ გაუგონია შინაგანი ხმა, რომელიც რომელიმე სიტყვის თქმას არ დაანებებდა, – ასე რომ მისი საბრალდებო სიტყვას ადამიანთა მოწონება თუ არა ღვთის მოწონება მაინც დაუმსახურებია.
ბოლოს სოკრატემ ორიოდე სიტყვა თქვა თავად სიკვდილის რეაბილიტაციისთვის. მსაჯულებთან მიმართვაში მან აღნიშნა, რომ მის მოსამართლეებსაც არაფერი ცუდი არ ელოდებათ სიკვდილისგან, ამიტომ არ რისხავს სოკრატე არც თავის ბრალმდებლებს არც განაჩენის გამომტანთ. ერთადერთი სათხოვანი აქვს მათთან, როდესაც მისი შვილები გაიზრდებიან, ისევე დაესაჯათ და გაეკიცხათ, როგორც სოკრატე ექცეოდა თანამოქალაქეებს, ვაჟკაცობაზე უფრო თუ სიმდიდრისკენ გაუწევთ გული, თავს ლაფი დაასხით, როგორც მე გრისხავდით, როცა ასე იქცეოდითო.
ამას მოჰყვება სოკრატეს ბოლო სიტყვები „აპოლოგიაში“: „უკვე დროა, წავიდეთ აქიდან: მე – რათა მოვკვდე, თქვენ – რათა იცოცხლოთ, ხოლო რომელი ჩვენგანი მიდის უკეთესისკენ, არავისთვის ცხადი არ არის, გარდა ღმერთისა.“

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.