პლატონი – ნადიმი (დიალოგის მოკლე შინაარსი)

წაკითხვის დრო 15-20 წთ.

1. აპოლოდორე და მისი მეგობარი

სახლიდან ქალაქს მიმავალი აპოლოდორე თავის ნაცნობ გლავკონს ხვდება, რომელიც თავაზიანად სთხოვს, მოუყვეს „იმ ნადიმზე აგათონთან, სადაც იყვნენ სოკრატე, ალკიბიადე და სხვები და გაარკვიოს, რა სიტყვები ითქვა იქ სიყვარულზე“. აპოლოდორე აცხადებს, რომ თავად არ დასწრებია იმ ნადიმს, რადგან იგი მრავალი წლის წინ ყოფილა; მაგრამ მას სმენია ამ ნადიმის შესახებ ვინმე არისტოდემესგან და ეს სიტყვები აპოლოდორესთვის სოკრატესაც დაუდასტურებია.
ერთხელ არისტოდემეს დაუნახავს „დაბანილი და სანდლებიანი, რაც იშვიათად ხდებოდა“ სოკრატე, რომელიც აგათონთან მიდიოდა ვახშამზე. სოკრატემ შესთავაზა ამ ნადიმზე წაჰყოლოდა დაუპატიჟებლად. გზაში სოკრატე თავის ფიქტებს ეძლეოდა და მუდმივად უკან რჩებოდა, ხოლო როდესაც არისტოდემე აგათონის სახლს მიადგა, სოკრატე საერთოდ აღარ ჩანდა. არისტოდემე მიიწვიეს სუფრასთან და დაინტერესდნენ, რატომ არ მოიყვანა სოკრატე, რაზეც შემცბარმა არისტოდემემ უპასუხა, რომ სოკრატე მასთან ერთად მოდიოდა, მაგრამ გაუგებარია, სად გაქრა. აგათონის მსახურს სოკრატე შეუნიშნავს მეზობლის სახლთან. არისტოდემეს რჩევით, სოკრატეს თავი დაანებეს და ჩათვალეს, რომ იგი მალე თვითონ მოვიდოდა.
ვახშმის შუაგულში მოდის სოკრატე და გახარებული აგათონი სთავაზობს მის გვერდით დაიკავოს ადგილი, რათა „იმ სიბრძნის ნაწილი მოუწიოს“, რომელიც ფილოსოფოსს ეწვია. ამაზე სოკრატე აღნიშნავს: „კარგი იქნებოდა, აგათონ, სიბრძნეს რომ გადადინების უნარი ჰქონდეს, როგორც კი ერთმანეთს შევეხებით იმისგან, ვინც მისით სავსეა იმაში, ვინც ცარიელია, როგორც წყალი მიედინება შალის ძაფით სავსე ჭურჭლიდან ცარიელში“. „მას შემდეგ, რაც სოკრატე წამოწვა და ყველამ ივახშმა, ზედაშე დაღვარეს, ღვთის სადიდებელი იმღერეს, ყველაფერი შეასრულეს, რაც საჭიროა და გადავიდნენ ღვინოზე“. გადაწყვიტეს, ღვინო შეესვათ მხოლოდ სიამოვნებისთვის და არა სათრობად. და ექიმმა ერიქსიმაქემ ყველას შესთავაზა, ეს შეხვედრა რაიმე საუბრისთვის მიეძღვნათ – ყველა დამსწრეს „რაც შეიძლება უკეთესი საქებარი სიტყვა“ უნდა ეთქვა ეროსისთვის, სიყვარულის „ასეთი მძლავრი და დიდი“ ღმერთისთვის. და პირველი სიტყვა მან საზეიმოდ გადასცა მეგობარ ფედროსს, რადგან მას არაერთგზის გამოუთქვამს საყვედური, რომ არც ერთ პოეტს არ დაუწერია საქებარი სიტყვა ამ ღვთაებისთვის. აპოლოდორე თანხმდება, რომ მეინახეთა სიტყვებიდან ყველაზე უკეთ დამახსოვრებული პასაჟები გადმოსცეს.

2. ფედროსის სიტყვა: ეროსის უძველესი წარმოშობა

ფედროსი იმით იწყებს, რომ ეროსი უძველესი ღმერთია, რადგან მას მშობლები არ ჰყავს (იგი იმოწმებს ჰესიოდეს „თეოგონიას“, აკუსილაოსსა და პარმენიდეს) და ამიტომ ეს უკვე ერთ-ერთი მიზეზია, რატომ არიან მისით აღფრთოვანებულები. სიყვარულს შეუძლია ყველაფერი გასწავლოს. მაინც რა? „გრცხვენოდეს სამარცხვინოსი და პატივმოყვარედ მიესწრაფოდე მშვენიერს, რომლის გარეშე არც სახელმწიფოს, არც ცალკეული კაცს არ ძალუძს დიდი და კეთილი საქმეები აკეთოს“. რაიმე „უღირს საქციელს“ თუ ჩაიდენს, შეყვარებული ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ შეიძლება სატრფომ ამხილოს და პირიქით. მეტიც, შეყვარებული არასოდეს არ მიაგდებს ბედის ანაბრად თავის სატრფოს და განსაცდელში არ მიატოვებს. „და თუკი ჰომეროსი ამბობს, რომ ზოგიერთ გმირს სიმამაცეს შთააგონებს ღმერთი, შეყვარებულებს მას სწორედ ეროსი ანიჭებს“.
შემდგომში ფედროსი ამოდის იმ აზრიდან, რომ „მხოლოდ შეყვარებულები არიან მზად მოკვდნენ ერთმანეთისთვის, თანაც არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც“ და ამ აზრს ამაგრებს დამაჯერებელი მაგალითებით (ალკესტისი ქმრის მაგივრად მოკვდა; აქილევსი პატროკლესთვის მოკვდა; ორფევსმა ვერ შეძლო სიცოცხლე გაეწირა თავისი სატრფოსთვის, ამიტომ ჰადესში მან მხოლოდ მისი აჩრდილი ნახა).
მსჯელობის საფუძველზე ფედროსი ასკვნის, რომ „ღმერთები მაღალ შეფასებას აძლევენ სიყვარულში სიკეთეს და უფრო მეტად აღფრთოვანდებიან, განცვიფრდებიან და კეთილად განეწყობიან იმ შემთხვევაში, როდესაც სატრფო ერთგულია საყვარლისა, ვიდრე მაშინ, როდესაც შეყვარებული ერთგულია თავისი სიყვარულის საგნისადმი. მართლაც, შეყვარებული ხომ უფრო ღვთაებრივია, ვიდრე სატრფო, რადგან ღვთის მიერ არის შთაგონებული“. შესაბამისად, ფედროსისთვის დასკვნა ცალსახაა: „ეროსი ყველაზე ძველი, ყველაზე საპატიო და ყველაზე მძლავრი ღმერთია, რომელსაც შეუძლია ადამიანებს სიმამაცე აჩუქოს და მიანიჭოს მას ნეტარება სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ“.

3. პავსანიას სიტყვა: ორი ეროსი

პავსანია მიმართავს ფედროსს და ამბობს, რომ ეროსები ბევრია, ამიტომ უნდა დაზუსტდეს, კერძოდ რომლის ქებას აპირებენ ასე ერთიანად. ეროსი განუყოფლად დაკავშირებული სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესთან, მაგრამ აფროდიტეც ორია – უფროსი (ურანოსის ასული, რომელსაც უწოდებენ „ზეციურს“) და უმცროსი (დიონესა და ზევსის ასული, რომელსაც „გარყვნილს“ უწოდებენ). შესაბამისად, არსებობს ორი ეროსი – ზეციური და გარყვნილი, თანაც ორივე მათგანს თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს.
„აფროდიტე გარყვნილის ეროსი მართლაც გარყვნილია და ყველაფერს იკადრებს; ეს სწორედ ის სიყვარულია, რომლითაც უყვართ არარაობებს“. ასეთ ხალხს ერთნაირად უყვართ ქალებიც და ბიჭებიც და უყვართ სხეულის გამო, არა სულისთვის; თანაც უყვართ ისინი, ვინც უფრო სულელია, რადგან თავის გამორჩენაზე ზრუნავენ. მათ შეუძლიათ ცუდიც გააკეთონ და კარგიც, რადგან ასეა თუ ისე, ეს სიყვარული ქალღმერთისგან მოდის, რომელიც თავისი წარმოშობით ერთდროულად მიემართება მამრობით და მდედრობით საწყისებს.
აფროდიტე ზეციური, პირიქით, „დაკავშირებული მხოლოდ მამრობით საწყისთან“ – ამიტომ ესაა სიყვარული ყმაწვილებისადმი. ქალღმერთისთვის „უცხოა დანაშაულებრივი სითამამე“ და სწორედ ამიტომ „ასეთი სიყვარულით ატანილები მიმართავენ მამრობით სქესს და უპირატესობას ანიჭებენ იმას, ვინც ბუნებით უფრო ძლიერია და მეტი გონებითაა დაჯილდოებული“.
ბიჭების მოყვარულთა შორისაც შეიძლება იცნოთ ისინი, ვისაც მხოლოდ ასეთი სიყვარული აღძრავს. რადგან მათ უყვართ არა არასრულწლოვანნი, არამედ ისინი, ვისაც უკვე გამოუვლინდა გონება, ხოლო გონება, ჩვეულებრივ, გამოვლინდება პირველ ღინღლთან ერთად. ისინი, ვისი სიყვარულიც ამ ასაკში დაიწყო, მზად არიან, როგორც მე მეჩვენება, არასოდეს არ დაშორდნენ და ერთად გაატარონ მთელი ცხოვრება; ასეთი კაცი არ მოატყუებს ყმაწვილს, არ ისარგებლებს მისი უმწიფრობით, არ უღალატებს და არ დასცინებს მას.
პავსანია განიხილავს შეყვარებულის სატრფოსთან ურთიერთობის საკითხსაც და ამტკიცებს, რომ შეყვარებულს მაშინ უნდა დაუთმო, როდესაც იგი ამის ღირსია და როდესაც ამას ზნეობრივი სრულყოფისაკენ მივყავართ.
ამის შემდეგ სიტყვა უნდა ეთქვა არისტოფანეს, მაგრამ მას სლოკინი აუტყდა და ერიქსიმაქეს სთხოვა, სიტყვა წარმოეთქვა.

4. ერიქსიმაქეს სიტყვა: ეროსი დაღვრილია მთელ ბუნებაში

პავსანიას აზრს ეროსის ორსახოვნების შესახებ ჩაეჭიდება ერიქსიმაქე და ამტკიცებს, რომ ეს ღმერთი განფენილია ყველაფერში, რაც არსებობს. იგი ჩართულია თვით სხეულის ბუნებაში; მისი აზრით, ორი საწყისის – ჯანმრთელისა და სნეულის – ბრძოლაში ექიმის დანიშნულებაა უნარი ჰქონდეს ამ საწყისებს ურთიერთშიყვარული შთაუნერგოს. ერიქსიმაქეს გადააქვს ეროსის ორსახოვნება იმ სფეროებზეც, რომლებიც ექიმობისგან განსხვავდებიან – მუსიკაზე („მუსიკალური ხელოვნება არის ცოდნა სატრფიალო საწყისებისა, რომლებიც წყობასა და რიტმს ეხება“), წლის დროების თვისებებზე („როდესაც … სითბოსა და სიცივეს, სიმშრალესა და სისველეს ეუფლება ზომიერი სიყვარული და ისინი ერთმანეთს ერთვიან აზრიანად და ჰარმონიულად, წელიწადი მაშინ მოსავლიანია“), მკითხაობის ხელოვნებაზე და ა.შ. სწორედ ამ დროს არისტოფანეს სლოკინი გაუვლის და ერიქსიმაქე მას სთავაზობს, გამოვიდეს.

5. არისტოფანეს სიტყვა: ეროსი, როგორც ადამიანის მისწრაფება თავდაპირველი ერთიანობისკენ

თვისი სიტყვის დასაწყისში არისტოფანე ადამიანის ბუნების საიდუმლოს ახდის ფარდას. თურმე „ოდესღაც ჩვენი ბუნება ისეთი არ იყო, როგორიც ახლაა, არამედ სრულიად სხვაგვარი“. როგორი იყო ადამიანის ბუნება? ადამიანები იყვნენ სამი სქესისანი: მამრობით, მდედრობითი და განსაკუთრებული სქესისა, რომელიც უკვე გაქრა და რომელიც თავის თავში მამრობით და მდედრობით სქესებს მოიცავდა – ესენი იყვნენ ანდროგინოსები. ისინი, არსებითად, მახინჯები იყვნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ ღმერთებისთვის, რადგან „საშიშნი იყვნენ თავისი ძალითა და სიმძლავრით“.
… მათ ჰქონდათ მრგვალი სხეულები, ზურგი მკერდისაგან არ განსხვავდებოდა, ოთხი ხელი ჰქონდათ, ფეხიც ამდენიმე, მრგვალ კისერზე საერთო თავი ედგათ და სხვადასხვა მხარეს მიქცეული იყო ორი სრულიად ერთნაირი სახე ორი წყვილი ყურით და ორი სარცხვინებლით…
ასეთი კაცი გადაადგილდებოდა პირდაპირ, ჩვენსავით, ოღონდ ორიდან ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო როდესაც ჩქარობდა, ბურთივით გადაგორდებოდა რვა კიდურით. სქესი კი სამი იყო, რადგან მამაკაცური წარმოიშვა მზისგან, ქალური მიწისგან და შერეული – მთვარისგან, რადგან მთვარეში ეს ორი საწყისი შერეულია. რაც შეეხება ამ არსებების სფეროსებრობას, აქ წინაპრებთან მსგავსებამ იჩინა თავი.
ზევსი მათ უსაქციელობას ვერ შეეგუა და გადაწყვიტა შუაზე გაეკვეთა ყოველი ანდროგინოსი. ამის შემდეგ ისინი ორი ფეხით გადაადგილდებოდნენ.
როდესაც ისინი გაიკვეთნენ, აპოლონმა, ზევსის ბრძანებით, გაკვეთილი ნაწილისკენ მოუბრუნა სახე და კისრის ნახევარი, რომ თავისი სახიჩრობის მზირალნი უფრო მოკრძალებულები გამხდარიყვნენ, ყველაფერი დანარჩენი კი განიკურნა. აპოლონიც სახეს აბრუნებდა და ყოველი მხრიდან კანს მოჭიმავდა, როგორც ტომარას ჭიმავენ ხოლმე და მუცლის შუაგულში თავს უკრავდა იმ ადგილას, ახლა რომ ჭიპს ვუწოდებთ.
და როდესაც ამგვარად გაიკვეთა სხეული შუაში, თითოეული ნახევარი გაექანა მეორე ნახევრისკენ, ეხუტებოდნენ, ეხვეოდნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ ისევ ერთად ქცეულიყვნენ და შიმშილისა და უქმობისგან კვდებოდნენ, რადგან ცალ-ცალკე არაფრის გაკეთება არ სურდათ. და თუ ერთი ნახევარი კვდებოდა, ცოცხლად დარჩენილი ნებისმიერ სხვა ნახევარს ეძებდა და მას უერთდებოდა, იმისგან დამოუკიდებლად, ქალის ნახევარი შეხვდებოდა, ახლა რომ ქალად ვუხმობთ თუ კაცისა. ასე კვდებოდნენ ისინი. მაშინ ზევსს შეეცოდა ისინი და სხვა რამ მოიფიქრა: გადაუადგილა მათ სასირცხვო ნაწილები და ერთმანეთისკენ მიუქცია, დაადგინა ქალების განაყოფიერება მამრებისგან, რომ ქალისა და კაცის შეერთებისგან შობილიყვნენ ბავშვები და გაგრძელებულიყო მოდგმა, ხოლო კაცის კაცთან შეერთებისგან მიეღოთ სიამოვნება. აი, ასეთი ძველი დროიდან ახასიათებთ ადამიანებს ერთმანეთისადმი მისწრაფება და ისინიც ძველი ნახევრების შეერთებით ცდილობენ ორისგან ერთის გაკეთებას და ამით ადამიანური ბუნების განკურნებას.
როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, ამ ნახევრებს ეუფლებათ „გასაოცარი გრძნობა ერთგულებისა, სიახლოვისა და სიყვარულისა, ისე რომ მათ მართლაც არ სურთ ერთმანეთს თუნდაც ხანმოკლე ხნით დაშორდნენ“. ოღონდ ეს უბრალო ავხორცობა კი არ არის, ეს სულთა ნათესაობაა, მაგრამ ისევ და ისევ გამოცანად რჩება, რა უნდათ ამ ნახევრებს ერთმანეთისაგან. ანდროგინების ისტორიით არისტოფანე ხსნის, რომ „სიყვარული ეწოდება მთლიანობის წყურვილს და მისდამი მისწრაფებას“ და რომ „ჩვენი მოდგმა ნეტარებას აღწევს მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად დავაკმაყოფილებთ ეროსს და თითოეული იპოვის სიყვარულის თავის შესაბამის საგანს, რომ დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ ბუნებას“.

6. აგათონის სიტყვა: ეროსის სრულყოფილება

აგათონმა აღნიშნავს, რომ წინამავალი გამომსვლელები იმ სიკეთეებს უფრო აქებდნენ, რაც ეროსს მოაქვს, ვიდრე თვით ეროსს, ამიტომ თავად აპირებს უშუალოდ სიყვარულის ღმერთს აღუვლინოს ქება. აგათონის მიხედვით, ეროსი ყველაზე ლამაზი, სრულყოფილი და ნეტარია ღმერთთაგან, რადგან იგი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის. თვისი ბუნებით მას სძულს სიბერე და გაურბის მას, ხოლო ახალგაზრდებთან განუყოფელია. ამით აგათონი უპირისპირდება ფედროსის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ეროსი ყველაზე ძველი ღმერთია. აგათონი ასე მსჯელობს: „ღმერთები ხომ არ დაასაჭურისებდნენ და არ შეკრავდნენ ერთმანეთს და საერთოდ, ძალადობას არ მიმართავდნენ, მათ შორის ეროსი რომ ყოფილიყო, არამედ იცხოვრებდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად, როგორც ახლა ცხოვრობენ, როდესაც მათ მართავთ ეროსი“.
ეროსი მარად ახალგაზრდა და ნაზია, იგი ცხოვრობს ღმერთებისა და ადამიანების რბილ სულებში. როგორც კი რომელიმე სულის უხეშობას წააწყდება, ეროსი სამუდამოდ ტოვებს მას. ეს ღმერთი უჩვეულოდ ლამაზია. გარდა წარმოუდგენლად მშვენიერი გარეგნობისა, ეროსი სახელგანთქმულია თავისი სიქველეებით: იგი სამართლიანია, გონიერია, ჭეშმარიტად მამაცია, დაჯილდოებულია სიბრძნით. იგი უმაღლესი დონის პოეტია და მას შეუძლია პოეტად აქციოს ნებისმიერი სხვა. სიყვარულს აგათონი ასახელებს მრავალი ღვთაებრივი და ადამიანური ისეთი სიკეთის პირველმიზეზად, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ეროსის ქება აგათონის სიტყვის აპოთეოზად ჟღერს: იგი გვათავისუფლებს გაუცხოებისგან და გვიხმობს შემჭიდროებისკენ, დღევანდელისა არ იყოს, აწყობს ყველანაირ შეკრებებს, ხდება ჩვენი წინამძღოლი დღესასწაულებზე, ფერხულსა თუ მსხვერპლშეწირვაში. იგი მოყვარული სინაზისა, მდევნელი უხეშობისა, მდიდარია სიყვარულით და ღარიბი სიძულვილით. კეთილთა მიერ შემწყნარებელია, ბრძენთა მიერ აღიარებულია, ღმერთთათვის საყვარელია; იგი სუნთქვაა უბედურთა, მონაპოვარი იღბლიანთა; მამა ხელგაშლილობისა, დახვეწილობისა და განცხრომისა, სიხარულისა, ვნებისა და წადილისა; მფარველი კეთილშობილთა, შემძულებელი უვარგისთა, შიშსა და ტანჯვაში, ფიქრსა და წამებაში საუკეთესო დამრიგებელი, დამხმარე, მხსნელი და თანამგზავრია, ისაა მორთულობა ღმერთებისა და ადამიანებისა, ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ღირსეული ბელადი, რომელსაც უნდა მიჰყვებოდეს ყველა, უნდა უმღეროდეს ყველა და იმეორებდეს მის მშვენიერ სიმღერას, რომელიც იპყრობს ყველა ღმერთისა და ადამიანის გონებას.
აგათონის სიტყვამ შეკრებილთა სრული მოწონება დაიმსახურა. თვით სოკრატემაც კი, რომელსაც შემდეგს უნდა ეთქვა თავისი მონოლოგი, აღიარა, სიტყვიერ ჩიხში ვარ, წარმოთქმული სიტყვა თავისი მგზნებარებით „დიდი მოლაპარაკე“ გორგიასის მგზნებარე ბაგეთა ღირსი იყოო. სოკრატე ერთგვარად სარკასტულად აღნიშნავს: „… მშვენიერი ქების სიტყვის წარმოთქმის უნარი იმაშია, … რომ საგანს მიეწეროს რაც შეიძლება მეტი მშვენიერი თვისება, იმისდა მიუხედავად, აქვს მას ეს თვისება თუ არა“. ამის საწინააღმდეგოდ, ამბობს ის, მე ვაპირებ ეროსზე სიმართლე ვთქვაო, „ხელში პირველად მოხვედრილი, ალალბედზე აღებული სიტყვებით“ და ფედროსთან ამოწმებს, დამსწრეებისთვის ეს მართლა საინტერესო იქნება თუ არაო. როცა დადასტურებს მიიღებს, სოკრატე იწყებს თავის გამოსვლას.

7. სოკრატეს სიტყვა: ეროსის მიზანი – კეთილდღეობის დაუფლება

განსხვავებით მონოლოგის ფორმისა, რომლითაც იწყებდნენ და ამთავრებდნენ თავი ზეპირ ტექსტებს წინამავალი გამომსვლელები, სოკრატე მიმართავს თავის საყვარელ ხერხს – დიალოგს.
კითხვების დასმით აგათონისთვის, რომელიც სიტყვიერი ლოგიკის გამო ყველაფერში ეთანხმება ფილოსოფოსს, სოკრატე ასკვნის, რომ ეროსი ეს სიყვარულია, რომელიც მიმართულია ვინმეზე ან რამეზე, ხოლო მისი საგანია, „ის, რის ნაკლებობასაც განიცდი“. მეტიც, რაკი ეროსი არის სილამაზის სიყვარული, ხოლო ეროსი თვითონ არის მოკლებული სილამაზეს და რაგინდ პარადოქსალური უნდა იყოს, სჭირდება იგი! და რადგან ეროსი სულაც არ არის მშვენიერი, ამიტომ ის კეთილიც ვერ იქნება. ამგვარად, სოკრატე სრულიად უარყოფს აგათონის ნათქვამს.
აგათონი ამბობს, რომ სოკრატესთან კამათი არ შეუძლია. „იყოს, როგორც შენ ამბობ“. „არა, ჩემო კარგო აგათონ, შენ არ შეგიძლია ჭეშმარიტებასთან კამათი, თორემ სოკრატესთან კამათი დიდი საქმე არაა“.
ეყრდნობა რა ამ დასკვნებს, სოკრატე გადადის მონოლოგზე და გადმოცემს მანტინეელი ბრძენი ქალის, დიოტიმას ნათქვამს. ჯერ ერთი, ეროსი ლამაზი არ არის, მაგრამ აქიდან პირდაპირ არ გამომდინარეოს, რომ იგი უშნო და ბოროტია. ეროსი „სადღაც შუაგულშია ამ უკიდურესობებს შორის“. შემდეგ მეტი ხდება. ღმერთად შეიძლება წოდებული იქნას მხოლოდ მშვენიერი, კეთილი, ლამაზი, ამიტომ დიოტიმა საეჭვოს ხდის ეროსის ღვთაებრიობას ან მოკვდავობას და ამბობს, რომ „იგი რაღაც საშუალოა უკვდავსა და მოკვდავს შორის“. ეროსი დიდი გენიაა, „ყველა გენია ხომ რაღაც საშუალოა ღმერთსა და მოკვდავს შორის“.
მაშინ გონივრულია, დაისვას კითხვა ეროსის დანიშნულებაზე სამყაროში. და დიოტიმა ამბობს: გენიის დანიშნულებაა განმმარტებელი და შუამავალი იყოს ადამიანებსა და ღმერთებს შორის; გენიები გადასცემენ ღმერთებს ადამიანების ლოცვასა და მსხვერპლს, ხოლო ადამიანებს — ღმერთების დავალებებსა და ჯილდოს მსხვერპლის სანაცვლოდ. ისინი შუაში არიან და ავსებენ სივრცეს მათსა და სხვებს შორის, ასე რომ სამყარო შეკრულია შინაგანი კავშირით. მათი წყალობით შესაძლებელია ყველანაირი მისნობა, ქურუმის ხელოვნება და საერთოდ, ყველაფერი, რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას, საიდუმლოს, შელოცვას, წინასწარმეტყველებას და ჯადოქრობას.
ღმერთები არ ეხებიან ადამიანებს, ურთიერთობენ და საუბრობენ მათთან მხოლოდ გენიების მეშვეობით ცხადში და სიზმრად. და ვინც გარკვეულია ამგვარ საქმეებში, არის ღვთაებრივი კაცი, ხოლო ვინც გარკვეულია ყველა დანარჩენში, იქნება ეს ნებისმიერი ხელოვნება თუ ხელობა, უბრალოდ, ხელოსანია. ეს გენიები მრავალრიცხოვანი და განსხვავებულია, ხოლო ეროსი ერთი მათგანია. ამას მოჰყვება ეროსის მშობლების ამბავი. იგი ჩაისახა ზევსის ჭალაში აფროდიტეს დაბადებისადმი მიძღვნილ ღვთაებრივ ნადიმზე ორი ღმერთის მიერ – სიღატაკის ქალღმერთ პენიასა და შემოქმედებითი გამომგონებლობის ღმერთ პოროსის მიერ. ნექტარისაგან მთვრალ და მიძინებული პოროსს, სიბრძნის ქალღმერთ მეტისის ვაჟს, პენია მიუწვა და მისგან მუცლად იღო. ამიტომაა ეროსი აფროდიტეს მუდმივი თანამგზავრი და მსახური, რომელსაც ყველაფერი ლამაზი უყვარს. თავად ეროსი ღარიბი, შეუხედავი, უხეში, ფეხშიშველი და უსახლკაროა, მაგრამ მუდმივად მიელტვის მშვენიერსა და სრულყოფილს, იგი მამაცია, თამამია, მთელი ცხოვრება ფილოსოფიითაა დაკავებული, იგი ჯადოქრობის, მისნობისა და სოფისტიკის დიდოსტატია. „თავისი ბუნებით ის არც უკვდავია და არც მოკვდავი“; „იგი ასევე დგას სიბრძნისა და უმეცრების შუა“; მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ღმერთები ისედაც ბრძენნი არიან, ისინი არ არიან ფილოსოფიით დაკავებული, ხოლო უმეცრები ამის საჭიროებას არ განიცდიან. ფილოსოფოსს საშუალედო მდგომარეობა უჭირავს ბრძენსა და უმეცარს შორის, ხოლო ეროსი – ფილოსოფოსია, რომელსაც უყვარს სამყაროს მშვენიერი სიკეთე – სიბრძნე, რადგან მიელტვის მშვენიერს.
ეროსს ადამიანისთვის ბევრი სარგებლობა მოაქვს იგი მშვენიერს მიელტვის მუდმივად. ხოლო ის, ვისაც სურს მშვენიერი, სურს კეთილდღეობა, რომლის წყალობითაც ბედნიერებას მიაღწევს. ამრიგად, ეროსს შეუძლია ბედნიერებას გვაზიაროს. დიოტიმას მიხედვით, სიყვარული არის მშვენიერისადმი სწრაფვა; ესაა სიყვარული კეთილდღეობის მარადიული მფლობელობისა და უკვდავებისამდი (უკანასკნელისადმი გზაა ბავშვების შობა და ისტორიაში თვისი სახელის უკვდავყოფა). დიოტიმა ამბობს:

საქმე ისაა, სოკრატე, რომ ყველა ადამიანი ორსულადაა როგორ სხეულით, ისე სულიერად და როდესაც ისინი გარკვეულ ასაკს აღწევენ, ჩვენი ბუნება ითხოვს მშობიარობას. ხოლო მშობიარობამ უნდა მოგვცეს მშვენიერი და არა უსახური. კაცისა და ქალის შერთვა არის ასეთი მშობიარობა. და ეს ღვთაებრივი საქმეა, რადგან მუცლადღება და შობა არის მოკვდავ არსებაში უკვდავი საწყისის გამოვლენა. მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ შეიძლება მოხდეს შეუსაბამოში, ხოლო შეუსაბამო ყოველგვარი ღვთაებრივისათვის არის სიმახინჯე, მაშინ როდესაც მშვენიერი – შესაბამისია. ამდაგვარად, მოირა და ილითია ყოველგვარი შობისა – სილამაზეა. ამიტომ, როდესაც მშვენიერს უახლოვდება, ორსული არსება განიმსჭვალება სიხარულით და მხიარულებით, შობს და სამყაროს უვლენს, ხოლო მახინჯს რომ უახლოვდება, მჭმუნვარებს, წყინს, იკრუნჩხება, სახეს აბრუნებს, იკეტება და იმის ნაცვლად, რომ შობოს, წუხს საშოში შეკავებული ნაყოფით. აი ამიტომაა, რომ ორსულებსა და მშობიარეებს ასე წყურიათ მშვენიერი – იგი ათავისუფლებს მათ მშობიარობის დიდი ტკივილებისგან.

სიყვარული არის მუდმივი კეთილდღეობისკენ მისწრაფება, მაგრამ სიკეთის გარდა ადამიანი ცდილობს უკვდავების დაუფლებასაც, ასე რომ სიყვარული არის უკვდავებიკენ მისწრაფება. ასე ამბობდა დიოტიმა. ასე ამთავრებს თავის სიტყვას. სოკრატე.
„მოულოდნელად გარეთა კარზე ისე მაგრად დააკაკუნეს, თითქოს მოქეიფეთა მთელი დასტა მოვიდა და ფლეიტის ხმებიც გაისმა“. ეს იყო მთვრალი ალკიბიადე. იგი სუფრასთან მიიწვიეს. სტუმარი აგათონსა და სოკრატეს შორის ჩამოჯდა და ეს უკანასკნელი ჯერ ვერც იცნო. როდესაც ფილოსოფოსი იცნო, გაოგნდა, ეს კაცი თავიდან ვერაფრით მომიშორებიაო. სოკრატემ ბრძანა, ალკიბიადეს ჩემდამი სიყვარული მაშინებს და აგათონს ვთხოვ შემოსწრებული სტუმრის სავარაუდო ბრიყვული მოქმედებებისგან დამიცვასო. ალკიბიადე ყველას სთავაზობს, თრობამდე ვსვათო, მაგრამ ერიქსიმაქე უხსნის, რომ ამ წვეულებაზე ყველა შეთანხმდა, ეროსისთვის საქებარი სიტყვა ეთქვა და მასაც ერგება სიტყვით გამოსვლა. ალკიბიადე აცხადებს, რომ სოკრატეს ლოგიკურად ვერავინ შეეკამათება და სიტყვით გამოსვლაზე უარს აცხადებს. მაშინო, შესთავაზა ერიქსიმაქემ, სოკრატეს ქება მაინც გვითხარიო.

8. ალკიბიადეს სიტყვა: სოკრატეს პანეგირიკი

ალკიბიადე სოკრატეს სიტყვებს მარსიასის ფლეიტაზე დაკვრას ადარებს და ამბობს, რომ იგი სატირია ინსტრუმენტების გარეშე. „როცა მას ვუსმენ, გული უფრო მაგრად მიცემს, ვიდრე გამძვინვარებულ კორიბანტებს და მისი სიტყვებისგან ცრემლი მომდის; როგორც ვხედავ, იგივე მოსდის ბევრ სხვასაც“.
ალკიბიადე ფილოსოფოსს მაღალმორალურ ადამიანად თვლის, რომლის წინაშეც რცხვენია თავისი საქციელის გამო. სოკრატესთვის, ამბობს ალკიბიადე, სულ ერთია, ლამაზია თუ არა ადამიანი. დასადასტურებლად ჰყვება ამბავს, როგორ უპირებდა ერთხელ სოკრატეს ცდუნებას. ვერც გიმნასტიკამ, ვერც ერთობლივმა ვახშამმა, რომლის შემდეგ სოკრატე აიძულა ღამის სათევად (ალკიბიადესთან ერთად) დაწოლილიყო, ვერ მოახდინა მასზე გავლენა და იგი შეურყეველი დარჩა. ასე დაიპყრო სოკრატემ ალკიბიადე. ერთ-ერთი ლაშქრობისას სოკრატემ იგი გააკვირვა თავშეკავებით, მოთმინებით და სიმთვრალის „შეუძლებლობით“. ერთ-ერთ ბრძოლაში სოკრატემ სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც ალკიბიადემ ითხოვა, ამისთვის დაეჯილდოებინათ სოკრატე, სოკრატემ ითხოვა, ჯილდო ალკიბიადესთვის მიენიჭებინათ. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ სოკრატე „არ ჰგავს არც ერთ ადამიანს არც ძველებიდან და არც ცოცხლებიდან“, რომ მას ვერავის ვერ შეადარებ, მხოლოდ სილენებსა და სატირებს. მისი სიტყვები ღვთაებრივია, „თავის თავში მოიცავენ ქველმოქმედების მრავალ ქანდაკებას და ეხება მრავალ საკითხს, უფრო სწორად, ყველა საკითხს, რომელსაც უნდა იხილავდეს იგი, ვისაც სურს მიაღწიოს უმაღლეს კეთილშობილებას“.

9. დასკვნითი სცენა

სოკრატე ჩაწვდა ალკიბიადეს განზრახვას და აგათონს უთხრა, ფრთხილად ყოფილიყო. აგათონი მიუახლოვდა სოკრატეს და მის გვერდით დაწვა. მაშინ ალკიბიადემ თხოვა აგათონს, ჩემსა და სოკრატეს შორის მაინც დაწექიო, მაგრამ სოკრატემ ხუმრობით უპასუხა, ასე არ გამოვა, რადგან შენ ჩემი სადღეგრძელო თქვი და მე ახლა ჩემს მარჯვენა მეზობელს უნდა ვუთხრა სადღეგრძელო. ხოლო აგათონი თუ მარცხნივ მომიწვა, მეორეჯერ მოუწევს ჩემი სადღეგრძელოს თქმაო, დაწყნარდი და ნუ შეგშურდება აგათონისა, როდესაც მე მის საქებარ სიტყვას ვიტყვიო, მე კი ძალიან მინდა მისი სადღეგრძელო ვთქვაო.
ამ დროს სახლში სხვა მოქეიფეები შემოვიდნენ, ხმაური ატყდა, ვიღაც-ვიღაცეები სახლში წავიდნენ. არისტოდემეს ჩაეძინა და როცა დილით მამლის ყივილმა გააღვიძა, ნახა, რომ ზოგი შინ წასულიყო, ზოგს ეძინა, ხოლო სოკრატე, აგათონი და არისტოფანე საუბრობდნენ და ერთი დიდი თასიდან სვამდნენ, რომელსაც მარცხნიდან მარჯვნივ გადასცემდნენ. საუბრის არსი ის იყო, რომ სოკრატემ ორივე დაითანხმა, ერთსა და იმავე ადამიანს უნდა შეეძლოს როგორც ტრაგედიის, ისე კომედიის შეთხზვა და ნამდვილი ტრაგიკოსი კომიკოსიც უნდა იყოსო. მალე არისტოფანესაც ჩაეძინა და შემდეგ – აგათონსაც. სოკრატე წამოდგა და წავიდა, მას მიჰყვა არისტოდემეც. სოკრატე კი „ლიკეიონში მივიდა, დაიბანა და დღის დარჩენილი ნაწილი ჩვეულებრივად გაატარა, ხოლო საღამოს სახლში წავიდა მოსასვენებლად“.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.