ჰომეროსი – ილიადა (პოემის მოკლე შინაარსი)

—ძვ. წ. VIII ს.—

პოემის მოკლე შინაარსი
წაკითხვის დრო: საათი-საათნახევარი

პირველი სიმღერა: ჟამიანობა. რისხვა

„ილიადა“ იწყება მეფე აგამემნონისა და ღვთაებრივი აქილევსის დაპირისპირებით. ამის მიზეზი კი გახდა ქალაქ თებეზე ლაშქრობა. ლაშქრობისას აქაველთა ჯარს ხელში ჩაუვარდა აპოლონის ქურუმ ქრისეს ქალიშვილი. ქურუმი ქრისე დიდი ძღვენით ეახლა აქაველთა ჯარს და შეევედრა შვილი გამოესყიდა. აგამემნონმა უარი განაცხადა და მოხუცი გააძევა.

მოხუცმა უხმოდ დატოვა აქაველთა ბანაკი და ზღვის ნაპირს მიაშურა, სადაც აპოლონს შეევედრა, შური ეძია აქაველებზე. აპოლონმაც შეისმინა ქურუმის თხოვნა, გადმოეშვა ოლიმპოსის მთიდან და ცხრა დღის განმავლობაში ისრით მუსრს ავლებდა აქაველთა ლაშქარს. მეათე დღეს კი აქილევსმა კრებაზე მიიწვია ხალხი.

აქილევსმა ხალხს კრებაზე შესთავაზა მიემართათ ქურუმისთვის ან მისნისთვის, რათა გაერკვიათ, თუ რატომ იყო მათზე ასე განრისხებული ღმერთი აპოლონი. ამ სიტყვების შემდეგ ფეხზე წამოდგა თესტორის ძე კალქასი და მიმართა აქილევსს, რომ სიმართლეს იტყოდა, თუ აქილევსი დაჰპირდებოდა და მას დაიცავდა განრისხებული აგამემნონისგან. აქილევსი დაეთანხმა.

კალქასმა კრებას გაანდო ის მიზეზი, თუ რატომ იყო განრისხებული ღმერთი და უთხრა, რომ ერთადერთი გზა მის დასაოკებლად იყო ქურუმ ქრისესთვის ქალიშვილის დაბრუნება. აგამემნონი განრისხდა და ქალწულის სანაცვლოდ სხვა გასამრჯელო მოითხოვა. აქილევსმა აგამემნონს უპასუხა, რომ ისინი აუცილებლად მისცემდნენ ძღვენს მას შემდეგ, რაც ტროას აიღებდნენ. აგამემნონი დაემუქრა აქილევსს, თუ ის განძის გარეშე დარჩებოდა, მასთან მივიდოდა და მის წილს დაისაკუთრებდა, ამავე დროს ბრძანება გასცა, შავი გემი ჩაეშვათ ზღვაში და კალქასის ნათქვამი შეესრულებინათ.

აქილევსისა და აგამემნონის დაპირისპირება უფრო გამწვავდა. სწორედ ამ დროს აქილევსს მოევლინა ქალღმერთი ათენა. ათენამ მიმართა აქილევსს და სთხოვა შუღლი დაევიწყებინა, რადგან მოვიდოდა დრო და ძვირფას ჯილდოს მიიღებდა. აქილევსი არ დათანხმდა აგამემნონის ბრძანებას და ამიტომ ოდისევსი წაუძღვა იმ გემს, რომლითაც ქურუმ ქრისეს ქალიშვილი უნდა დაებრუნებინათ მამისათვის.

აგამემნონი კვლავ განრისხებულია და აქილევსის ბანაკში აგზავნის ევრიბატესსა და ტალთიბიოსს, რომლებსაც დაავალა წამოიყვანონ ბრისეისი, აქილევსის ხარჭა. როდესაც ისინი აქილევსმა იხილა, პატროკლოსს დაავალა, ქალი მიეცა.

შემდეგ აქილევსი წავიდა დედამისთან და აცრემლებულმა უამბო, თუ როგორ დაეპატრონა აგამემნონი მის საკუთრებას. თეტისი დაპირდა შვილს, რომ ოლიმპოსის მთაზე წავიდოდა და ზევსს ყველაფერს უამბობდა.

ამ დროს მიაღწია ოდისევსის გემმა ქურუმ ქრისესთან; მან მამას ქალიშვილი დაუბრუნა, შემდეგ კი აპოლონს ზვარაკი შესწირა. აპოლონი ამან დაამშვიდა და უკან წამოსვლისას ზურგქარით გამოაცილა.

თეტისი ეახლა ზევსს ოლიმპოსზე და სთხოვა ყოფილიყო ტროელთა შემწე მანამ, სანამ აქაველები იძულებულები არ გახდებოდნენ, პატივი მიეგოთ აქილევსისთვის. ზევსმა სთხოვა თეტისს, დაეტოვებინა ოლიმპოსის მთა, რადგან მისი დანახვით ჰერა განრისხდებოდა. ზევსი სასახლეში დაბრუნდა. ღმერთები ზევსს შეეგებნენ. ჰერამ ჰკითხა ზევსს, რატომ უმალავდა თეტისის სტუმრობას. ზევსმა ჰერას თვალთვალი დასწამა და დაემუქრა, რომ ამით მხოლოდ განარისხებდა. ზევსსა და ჰერას შორის დაძაბულობის განეიტრალება ჰეფესტოსმა სცადა.

მეორე სიმღერა: სიზმარი. ბეოტია ანუ ხომალდთა ჩამონათვალი

აგამემნონმა სიზმრად ნახა, რომ იგი ტროასთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა და ამაში მას დაეხმარებოდნენ ღმერთები. ატრევსის ძემ მოიწვია კრება და თავისი სიზმრის შესახებ უამბო: ისინი უნდა ჩაბმულიყვნენ ომში. მისი სიზმარი დაიჯერა პილოსის მეფე ნესტორმა და აქაველებს ბრძოლისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას აქაველთა ჯარში ყიჟინა მოჰყვა, თუმცა აგამემნონმა თქვა, რომ, მიუხედავად აქაველების რაოდენობრივი უპირატესობისა, მათ ვერ შეძლეს ტროას აღება და იგი მაინც ფიქრობდა რომ უკან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჯარში ამან აჟიოტაჟი გამოიწვია, დაბრუნებას აპირებდნენ კიდეც, როდესაც ჰერამ ათენას მიმართა, რომ დაეყოლიებინა აქაველები, შებმოდნენ ტროელებს. ათენა ოლიმპოსიდან ჩავიდა და ოდისევსს მიმართა, რომ არ დაეთმოთ ჰელენე და არ გაეხარებინათ ტროელები.

ოდისევსმა დაიყოლია აგამემნონი, რომ არ დაბრუნებულიყო შინ და ხელმეორედ მოიწვია კრება. კრებაზე ყველა მშვიდად იყო, მხოლოდ თერსიტესი ყბედობდა, მას სძულდა ოდისევსი და უფრო მეტად აქილევსი, ახლა კი ყოვლისშემძლე აგამემნონს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა: ამტყუნებდა და ხალხს შინ დაბრუნებისკენ უბიძგებდა. ამის გაგონებაზე ოდისევსი დაემუქრა, რომ თუ იგი გააგრძელებდა ყბედობას, მას თავი აღარ შერჩებოდა მხრებზე, შემდეგ კი ოდისევსმა თერსიტესს თავში კვერთხი ჩაარტყა და ხმა გააკმენდინა.

აქაველთა რაზმი მრავალრიცხოვანი იყო, მათი ლაშქარი მიწას აზანზარებდა, ისინი ბრძოლის წყურვილით იყვნენ აღვსილნი. ყველა ხომალდს თავისი მეთაური ჰყავდა, ბეოტიელებს მოუძღვოდნენ პენელიუსი, არკესილაოს, კლონიოსი, პროთოენორი და ლეიტოსი. ბეოტიელთა 50 გემი იყო და თითო გემს 120 მოყმე მოყვებოდა, ასპლედონსა და მინიოსის მცხოვრებთ არესის ძენი უძღვოდნენ, ციხე ქალაქ ათენის მკვიდრებს მიუძღვოდა პეტეოსის ძე, მას ვერავინ შეედრებოდა ჯარის განლაგებაში ასაკოვანი ნესტორის გარდა.

ყველაზე მეტად გამოირჩეოდა მენელაოსი, რომელიც 60 გემს მოუძღოდა, მას ჰელენეს გამო შურისძიების სურვილი ამოძრავებდა. მრავალრიცხოვანი იყო ნესტორის ჯარიც, რომელმაც 50 გემი ჩამოიყვანა, ზევსის სადარ ოდისევსს 12 გემი ჰყავდა გამოყვანილი, ამ დროს ფეხმარდი აქილევსი განრისხებული იყო ლამაზთმიანი ბრისეისის დაკარგვის გამო და იგი ომში ჩაბმას არ აპირებდა, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.

აქაველთა რაზმი დაიძრა, ამ დროს ტროაში მივიდა მაცნე ირისი. ტროაში დაიწყეს ბჭობა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ირისმა თქვა, რომ ბევრი სისხლისმღვრელი ომი უნახავს, თუმცა თუმცა ეს ბრძოლა გახდება ყველაზე დიდი და სასტიკი ისტორიაში. ირისმა უთხრა ჰექტორს, რომ ქალაქში ბევრი მოკავშირე ჩამოვიდა და ურჩია, რომ თითოეული ტომისთვის მეთაური დაენიშნა და ჰექტორიც ასე მოიქცა.

ტროასთან ახლოს, ველისპირას ,იყო ბორცვი, ამ ბორცვთან გაიყვნენ ჰექტორი და მოკავშირენი, ჰექტორს რჩეული ჯარი ჰყავდა. აქაც ყველა ტომს თავისი ბელადი ჰყავდა.

მესამე სიმღერა: ფიცი. ალექსანდროსისა და მენელაოსის შერკინება

ორი ლაშქარი ყიჟინითა და საბრძოლო შეძახილებით უახლოვდება ერთმანეთს, ისინი ხმლებისა და ფარების ჟღარუნით ცდილობენ ერთურთის საბრძოლო სულის დაგდებას. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ტროელებს ღვთაებრივი პარისი გამოეყო, მას ბეჭებზე მშვილდი სცემდა, ხოლო თეძოზე ორლესული ხმალი ეხეთქებოდა, მტერს შესარკინებლად მოუხმობდა პარისი. მენელაოსი პარისის დანახვაზე მყისვე გადმოხტა ეტლიდან და მასთან შესარკინებლად გაეშურა.

მენელაოსის დანახვაზე პარისი შეშინდა და ტროელთა ლაშქარში ჩაიკარგა. ამ საქციელზე იგი ჰექტორმა გაკიცხა და ბრძოლის ველისკენ უბრძანა წასვლა. „ნუთუ არ შეხვდები მენელაოსს, რომ გაიგო რა ვაჟკაცის მშვენიერ ცოლს დაეუფლე?!“ შემკრთალი პარისი ბრძოლის ველისკენ გაემართა.

ჰექტორმა მეფესთან მაცნე გაგზავნა, რათა მისი შვილის ბრძოლის დასასწრებად მოეყვანა, შემდეგ ოდისევსთან ერთად ლაშქარი ერთმანეთს დააშორეს და საბრძოლო ადგილის აზომვა დაიწყეს. სპილენძის მუზარადში წილისყრის შემდეგ პარისს ერგო პირველი შუბის ტყორცნა. მრავალი ტროელი და აქაველი შევედროდა ზევსს ამ დროს, რათა მას სამაგალითოდ დაესაჯა ის, ვინც ეს დამღუპველი ომი გამოიწვია.

თორნ-მუზარადით აღიჭურვა პარისი, ფეხებზე ჯერ საბარკულები დაიმაგრა, წვივები დაიცვა, თორნი შეიმოსა, ხმალი მოირგო, რომელსაც ვერცხლით იყო მოჭედილი და ბრინჯაოს პირი ჰქონდა, ხელში ფარი აიღო, თავზე კი მოკაშკაშე მუზარადი წამოიცვა. მძიმე შუბი ხელთ იპყრა. და იმავდროულად აღჭურვადამთავრებულ მენელაოსს სტყორცნა, მაგრამ არც ისე ძლიერად, რადგან მის ფარში შელეწილმა შუბმა ვერ შეძლო დამცავს იქით გაღწევა და მენელაოსის დაზიანება. ახლა მისი დრო იყო დაესაჯა ცოლის წამბილწველი, მისი კაცობის საქვეყნოდ შემარცხვენელი, მექალთანე პარისი. მენელაოსმა ზევსს შეჰვედრა: „შენ შემეწიე, რომ ოჯახის შემგინებელი პარისი მიწას დაასკდეს, რათა შორეული შთამომავლობაც მოერიდოს სტუმარ-მასპინძლობის წესის ბოროტად დარღვევას!“ ამ სიტყვების შემდეგ მენელაოსმა სტყორცნა გრძელი შუბი პარისს, პარისს მრგვალ ფარში შეერჭო შუბი გაარღვია დამცავი და საზარდულთან ტანსაცმლის ქსოვილში გაუჩერდა პარისს. უკან გადმოხტომით შეამსუბუქა დარტყმის ძალა და სიკვდილს ამით გადაურჩა; მაგრამ მტრის წამიერი შეყოვნებით ისარგებლა მენელაოსმა და ვერცხლის სამსჭვალიანი ხმალი მუზარადში ჩაარტყტა. ჩაჩქანის კიდეზე გადაიმსხვრა ხმალი. მენელაოსმა ზევს შეჰყვირა — „შენზე ბოროტი ღვთაება არ მეგულება, ზევსო! ხმალი ხელში შემომემსხვრა და თურმე შუბიც ამაოდ მისტყორცნია“! დაბნეულ პარისს ჩაჩქანში წვდა მენელაოსი და სამარცხვინოდ თრევა დაუწყო მიწაზე მისი ლაშქარის წინაშე მაგრამ მის და საუბედუროდ ნიკაპზე ამოდებული ტყავი გაწყდა და აფროდიტეს დახმარებით გამოწვეულ ბურუსში გაუჩინარდა პარისი, მენელაოსი კი ხელცარიელი დარჩა და გულიც ვერ იჯერა მტრის ბოლომდე დამარცხებით. პარისი კი პირდაპირ ტროაში მეუღლის ოთახში აღმოჩნდა აფროდიტეს დახმარებით.

ქალღმერთი პირდაპირ ჰელენეს ეწვია, რომელიც ტროას მმართველებთან ერთად მაღალი კოშკიდან უცქერდა ბრძოლის ველს და პარისის დამარცხებით შეშფოთებული სირცხვილის ალში იწვოდა. აფროდიტე მოახლე ქალის იერით გამოეცხადა ჰელენეს და უთხრა, რომ პარისი პირისპირ იხმობდა მეუღლეს. ჰელენე შეძრა ამ სიტყვებმა, მაგრამ როგორც კი მიხვდა მოახლის თვალებში მოკაშკაშე ალი ქალღმერთს ეკუთვნოდა, ის გაკიცხა და სასტიკი უწოდა. ჰელენეს ეგონა, რომ სიყვარულის თავბრუდამხვევ ქალღმერთ აფროდიტეს მისთვის კიდევ სხვა კაცი ჰყავდა გამზადებული და კვლავ მის შეცდენას ლამობდა; მაგრამ გაკიცხვა ვერ აიტანა აფროდიტემ და ჰელენეს სასტიკად დაემუქრა, რაზეც ულამაზესი ასული უსიტყვოდ გაჰყვა ქალღმერთს მის მეუღლესთან.

როდესაც პარისი და ჰელენე ერთმანეთს შეხვდნენ, ჰელენემ თვალი მოარიდა პარისის ანთებულ თვალებს და ამასთანავე გაახსენა მისი ტრაბახი, როდესაც ამბობდა მენელაოსს დავჯაბნიო. პარისს ამ სიტყვებმა გული დაუღონა და ულამაზეს ასულთან თავის მართლება სცადა და მარცხი ქალღმერთ ათენას დააბრალა, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ მისი დროც მოვიდოდა. პარისი ტკბილი სიტყვებით მოეფერა ჰელენეს და დაარწმუნა ის, რომ იმაზე მეტად უყვარდა ამ მომენტში, ვიდრე სპარტიდან გატაცების დროს.

ამ დროს კი ბრძოლის ველზე დაძრწოდა გაწბილებული მენელაოსი. ვერავინ შეძლო მისთვის პარისის კვალის ჩვენება. თუმცა უკვე ტროელთაც სძულდათ ლაჩარი პარისი, რომელიც ყოველი უბედურების მიზეზი იყო.

მეოთხე სიმღერა: ფიცის გატეხა. აგამემნონის მიერ ლაშქრის შემოვლა

კრონიდის ოქროს სასახლეში ღმერთები ისხდნენ და ბაასობდნენ, დედოფალი ჰებე ოქროს ფიალით უკვდავებს ნექტარს ურიგებდა. ამ დროს ზევსმა ჰერას გაბრაზება მოინდომა და დამცინავად უთხრა, რომ მენელაოსის მოკავშირედ ორ ქალღმერთს ხედავდა, ჰერა არგოსელსა და ათენა ალალკომენეს, მაგრამ ორივე შორს იყო და ეს ამშვიდებდათ. მოღიმარე აფროდიტე თან ახლდა რჩეულს და ახლაც დაიხსნა იგი, თუმცა აშკარად აჯობა მენელაოსმა. სჯობს მშვიდობა იყოს ამ ორ ტომს შორის და მენელაოსმა შინ წაიყვანოს ლამაზი ჰელენე.

ათენამ და ჰერამ ამოიოხრეს. გვერდი-გვერდ ისხდნენ და ტროელებისათვის ავს იზრახავდნენ. ჰერამ თავი ვერ შეიკავა და ზევსს მიმართა, რომ ეს სასტიკი ნათქვამი იყო, რადგან მან ბევრი ოფლი დაღვარა პრიამოსის დასამარცხებლად. ზევსმა მრისხანედ მიუგო, რომ იგი ბოღმით იყო სავსე და რომ შეძლებოდა, ახლავე დახოცავდა პრიამოსსაც, მის მოდგმასაც და ყველა ტროელსაც. მხოლოდ მაშინ დაიოკებდა ბოღმას და ამიტომ ნება დართო და დაუთმო ქალაქი. ზევსს კვლავ მიუგო ჰერამ, რომ მისთვის დედამიწის ზურგზე სამი ციხე-ქალაქი იყო მნიშვნელოვანი: არგოსი, სპარტა და მიკენი, მაგრამ თუ ზევსი შეიძულებდა, არც ერთს არ დაიცავდა და არც მის წინააღმდეგ წავიდოდა, მაგრამ ამაოდ დაიხარჯა მისი გარჯა, ისიც ხომ ღმერთია, როგორც ზევსი. იგი ამაყია, რომ ზევსის ცოლია და თხოვს რომ შერიგდნენ და ერთმანეთს დაუთმონ რაღაც-რაღაცები, რომ ყველამ მათ მიბაძოს. ბოლოს თხოვა, რომ ათენასთვის ებრძანებინა, ომში ჩართულიყო. დაეთანხმა ზევსი და ათენას უბრძანა, რომ სასწრაფოდ წვეოდა ტროას.

ომის საშინელი ხმა ისმოდა. ანტილოკოსმა მოწინავე ტროელი დასცა. აიას ტელამონის ძემ განგმირა ანთემონის ძე. მისი სიცოცხლე მოკლე აღმოჩნდა. ამ დროს კი პრიამოსის ვაჟს ყრმა ანტიფოსმა შუბი სტყორცნა, მაგრამ ამ ორომტრიალში შუბი აუცდა და ოდისევსის მეგობარს მოხვდა. ოდისევსი გადაირია მეგობრის გამო და დასცა ოროლი. ასე სისხლიან ველზე ეგდო ერთმანეთის გვერდით თრაკიელთა და ეპეიელთა შუბით მოკლული ორი ბელადი და სხვა მრავალი ამათ გარშემო. ვერავინ იტყოდა ამაზე საგმირო საქმეს თუ ვინმე მტრის ბასრ მახვილს გადაურჩებოდა, ვისაც ათენა დაიხსნიდა ომის ველიდან და ააცდენდა მძინვარე ისარს.

ამ დღეს მრავალი აქაველი და ბევრიც ტროელი ერთმანეთის გვერდით დამხობოდა სისხლიან მიწას.

მეხუთე სიმღერა: დიომედესის გმირობანი

ათენამ ტიდევსის ძეს, გმირ დიომედესს მეტი სიმტკიცე მიანიჭა, სახელი მოუხვეჭა და საბრძოლველად გაიყვანა. ხოლო ტროელთა შორის იყო დარესი, სახელოვანი ჰეფესტოსის მოგვი. მას ორი ვაჟი ჰყავდა — იდაიოსი და ფეგევსი. სახელგანთქმული მეომრები მტერთან შესახვედრად წინ გაიჭრნენ, დიომედესი ქვეითად იყო. ტიდიდმა შუბი გულში გაუყარა ფეგევსს. მივარდა იდაიოსი ძმას, მაგრამ ვერ გადაარჩინა, ტროელები შიშმა მოიცვა.

ამ დროს ათენამ ბრძოლიდან გაცლა არჩია და არესიც გაიყვანა. დანაელებმა ტროელები უკუაქციეს, პანდაროსი მიხვდა, რომ მარცხდებოდნენ და გადაწყვიტა დიომედესის მოკვლა. იმარჯვა ისარი, სტყორცნა გმირს და ბეჭში მოარტყა. დაჭრილი დახმარებას ათენას სთხოვდა, ღმერთმა მას ძალა შეჰმატა და დაარიგა. ტროელები განცვიფრებულნი იყვნენ დიომედესის ძალით.

ენეასმა და ლიკაონის ძემ გადაწყვიტეს მტერს პირისპირ შებრძოლებოდნენ, მოითათბირეს, რომ ენეასს ცხენები უნდა ემართა, ხოლო პანდაროსს — მოეკლა. ესროლა გმირმა შუბი, ფარი გაუტეხა და ბრინჯაო დიომედესის აბჯარს შეეხეთქა, თუმცა გადარჩა, საპასუხოდ სტყორცნა შუბი და მოკლა მეომარი. ენეასს კი ფეხში ჩაარჭო შუბი, ის სიკვდილისგან აფროდიტემ იხსნა. დიომედესი გაეკიდა ქალღმერთს შუბით და ხელში გაარტყა, მრისხანედ შესძახა ღმერთს: „ზევსის ასულო, ომს დაეხსენ და მიიმალე! თუ კვლავ გაბედავ გაერიო მებრძოლთა შორის, მჯერა, ხსენებაც თავზარს დაგცემს შერკინებისა!“ წავიდა ღმერთი დაბნეული და გაეშურა ოლიმპოსისკენ.

მისვლისთანავე ჩაიხუტა დედამ აფროდიტე და გამოკითხა ამბავი. დიონემ მოწმინდა სისხლი, მოურჩინა ხელი და უთხრა, ათენამ აამხედრა გმირი შენ წინააღმდეგ, არ იცის ვინც ხელს აღმართავს ღმერთებზე, დღეს მოისწრაფებს!

ათენამ ზევსთან თავი გაიმართლა და შენდობა სთხოვა. ზევსმა აფროდიტე დაიბარა და უთხრა, რომ ამ საქმისთვის თავი დაენებებინა და ვნებამორეული ტრფიალისთვის მიეხედა.

აგამემნონმა მუცელში ჩაასო შუბი და მოკლა ენეასის მეგობარი. ენეასი ორ მოყმეს ებრძოდა, თუმცა ვეღარ გაუძლო, მათ კი მოკლული გაათრიეს თავის რაზმებთან.

ბრძოლაში აბჯროსანნი ჩაებნენ, ტლეპოლემოსი ჰერაკლიდი ბედმა სარპედონს შეახვედრა. სარპედონმა მოიღერა იფნის ოროლი, ტლეპოლემოსმაც ესროლა შუბი. სარპედოსმა ყელში მოარტყა მტერს და მოკლა იგი, ხოლო ტლეპოლემოსის შუბი მას ფერდში მოხვდა, მაგრამ გადარჩა. ის მაშინვე გააცილეს ბრძოლის ველს, ღვთაებრივ ველზე ჩამოსვეს, შუბი მეგობარმა პელაგონმა ამოაძრო.

როდესაც ქალღმერთმა ჰერამ იხილა არგოსელების ხოცვა-ჟლეტა, მაშინვე ათენას უთხრა: მართალია, ჩვენ არესს ვწყალობთ, მაგრამ გვმართებს ფიქრი ბრძოლის სიმამაცეზე. დაეთანხმა ათენა, შეიმოსა ცრემლის მომგვრელ საბრძოლო აბჯრით და შედგა ეტლზე.

ჰერამ მიმართა ზევსს, მამაო, ნუთუ არ განრისხებს არესი? რამდენი გმირი მოსპო?! მზარავს სილაღე აპოლონის და კვიპროსელის. ხომ არ მიწყენ, არესს ბრძოლას ძალით რომ დავათმობინებ? ზევსმა ჰერას არესის შეჩერების უფლება მისცა.

ათენა მივიდა ტიდიდთან და უთხრა, გიცავ ყოველთვის, გამხნევებ რომ შეერკინო მტერს. მაგრამ ან ლაჩარი ხარ, ან კიდევ გაქრა შენი შმაგი გმირობა, ამის შემდეგ შენ ტიდევსის შვილი ხარ? დიომედესმა უპასუხა: არც დაღლილობა და არც სიმხდალე არ მთრგუნავს, არამედ შენი ბრძანება მახსოვს, არ უნდა შევება არც ერთ ღმერთს, გარდა აფროდიტესი. ათენამ გაამხნევა და უთხრა, რომ მის გვერდით იყო, არ შეშინებოდა არესის და შებრძოლებოდა მას. როდესაც ღმერთმა დიომედესი დაინახა, მივარდა მოსაკლავად, მაგრამ ათენამ ხელი შეუშალა, მაშინ დიომედესმა შუბით დაჭრა ღმერთი არესი. ის ღმუილით გავარდა ზევსთან დახმარების სათხოვნელად, თუმცა ღმერთი განრისხებული იყო და მხოლოდ სიკვდილისგან იხსნა.

ასე დათრგუნეს ღმერთი არესი — კაცთა მმუსვრელი.

მეექვსე სიმღერა: ჰექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა

უკვდავმა ღმერთებმა დატოვეს ტროელთა და აქაველთა ბრძოლა, მაგრამ ომი მაინც გრძელდებოდა. მეტოქეები ისევ უტევდნენ ერთმანეთს სიმოეისისა და ქსანთოსის ნაპირებზე. უამრავი ვაჟკაცი დაიღუპა, ადრესტოსი კი ცოცხლად ჩაიგდო ხელთ მენელაოსმა, როცა ის შეშინებულმა ცხენმა ჩამოაგდო. ადრესტოსი თხოვდა რომ არ მოეკლა, სანაცვლოდ კი სპილენძს, ოქროსა და აურაცხელ გამოსასყიდს ჰპირდებოდა. მენელაოსს შეეცოდა დაჩოქილი ადრესტოსი და მის ტყვედ აყვანას ფიქრობდა, მაგრამ მას აზრი შეაცვლევინა აგამემნონმა, რომელმაც შეახსენა რეალობა. მენელაოსმაც მტერს შუბი ჩასცა მუცელში.

ამ დროს ნესტორი მიმართავდა არგოსელებს, რომ არ დახარბებულიყვნენ ნადავლს, ჯერ გაემარჯვათ მტერზე და შემდეგ გაეძარცვათ მტრის ცხედრები. ამ სიტყვებით გულანთებული არგოსელები ქალაქში შეასწრებდნენ აქაველებს, რომ არა ბრძენ პელენოსის რჩევა. მან ურჩია ჰექტორს მტერს დახვედროდა გალავანთან, ქალებისთვის კი ეთხოვა, შეეწირათ ათენასთვის ყველა საუნჯე და თორმეტი უღელდაუდგმელი, ერთწლიანი მოზვერი დაეკლათ. ჰექტორმა ისმინა ბრძნული სიტყვები და გააჩაღა ბრძოლა. არგოსელები შეკრთნენ თავდადებულ ტროელთა ხილვისას.

ჰექტორი მივიდა სკაიის ბჭესთან, სადაც ქალები შემოეგებნენ. ჰექტორს შემოხვდა დედამისი ჰეკაბე, რომელსაც სთხოვა, ელოცათ ათენას ტაძარში და შესაწირი შეეწირათ მისთვის. ჰექტორი ამშვიდებდა ცოლს, ეფერებოდა და ანუგეშებდა. მამა გაეთამაშა შვილს და ღმერთებს სთხოვა, რომ ის მამამისზე უკეთესი მებრძოლი გაზრდილიყო. ჰექტორი დაემშვიდობა ცოლ-შვილს და გზა გააგრძელა. ანდრომაქე კი წავიდა სასახლისკენ უსიტყვოდ. ამასობაში ჰექტორს თავისი ძმა ალექსანდროსიც წამოეწია, რომელიც ებოდიშებოდა. მან კი უპასუხა, რომ ომში არ იყო ერთმანეთის განსჯის დრო.

მეშვიდე სიმღერა: ჰექტორისა და აიასის შერკინება

ჰექტორი კარიბჭისაკენ გაემართა, მას გაჰყვა ალექსანდროსიც. თანამებრძოლთ გული კვლავ აევსოთ ბრძოლის სურვილით. თითქოს ზურგქარი მიადევნაო ზღვაოსნებს ზევსმა, ხომალდები ტალღებს აპობდნენ, მენიჩბეებს სახსრები სტკიოდათ შრომისაგან. ტროელებთან მივიდნენ მათი თავკაცები.

არეითოს მეფისა და ფილომედუსას შვილი მენესთიოსი პარისს მოუკლავს, ჰექტორს ეიონევსი მოუკლავს, გლავკოსს, ლიდიელთა მეფეს კი დექსიადე განუგმირავს.

როცა ათენამ ნახა, რომ არგოსელთა ჯარი სასტიკად დამარცხებულიყო, მაშინვე გაეშურა ოლიმპოსიდან ილიონისკენ. მის შესახვედრად წამოვიდა აპოლონი, რომელსაც ტროელთა დიდება სურდა. ისინი ერთმანეთს მუხასთან შეხვდნენ. აპოლონმა ჰკითხა ქალღმერთს, ნუთუ არასდროს შებრალებია მას ტროელნი, შემდეგ კი შესთავაზა შეეწყვიტათ ხოცვა. ხოლო როცა კვლავ განახლდება ბრძოლა, იგი იქამდე არ დაცხრებაო, სანამ არ დაეცემა ტროის ციხე, რადგან ასე სურთ ღმერთებს.

ათენა დაეთანხმა, მხოლოდ აინტერესებდა, როგორ უნდა დაეცხროთ ბრძოლა. აპოლონმა უპასუხა, რომ ჰექტორი გამოიხმობდა ვინმე დანაელ ჭაბუკს საბრძოლველად. ჰელენოსმა იგრძნო ღმერთების თათბირის არსი და ჰექტორს ურჩია ბრძოლაში გამოეწვია ვინმე აქაველთაგანი და თან გაამხნევა და უთხრა, რომ მას არ ელოდებოდა დამარცხება ამ შერკინებაში.

ჰექტორი გამოეყო ტროელთა რაზმს. აგამემნონმაც შეაჩერა აქაველები. მუხაზე ჩამომსხდარი ათენა და აპოლონი ხარობდნენ ცქერით.

ჰექტორმა მიმართა შეკრებილთ, ზევსი მანამ დაგვატეხს უბედურებას, სანამ რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებსო. აქაველები გამოიწვია და აბჯარ-ბექთარს დაპირდა მას, ვინც მოახერხებდა მის დამარცხებას ბრძოლაში. იმ პირობით, რომ გამარჯვებული დამარცხებულ მხარეს დაუბრუნებდა გვამს.
აქაველები შეყოყმანდნენ. ვერც ჰოს თქმას ბედავდნენ და ვერც არას.

მენელაოსმა გაკიცხა ისინი სიმხდალის გამო და თქვა რომ თვითონ შეებმებოდა გმირ ჰექტორს.

აგამემნონმა ძმა შეაჩერა და შეახსენა, რომ ის ჰექტორზე ბევრად სუსტი იყო, მასთან ხომ აქილევსიც ერიდებოდა შებმას.

საბრძოლველად მომზადებული გმირი არესს ჰგავდა. მან ჰექტორს შეახსენა, რომ აქაველები გმირები არიან. მათ აქილევსი ჰყავთ, რომელიც აგამემნონზე განრისხებულია და ამიტომ არ იბრძვის.

დაიწყო ბრძოლა. ჰექტორმა აიასს შვიდტყავიან აბჯარში მოარტყა შუბი, რომელმაც ქიტონი გაუფხრიწა გმირს. კვლავ მოიღერეს შუბები, სისხლისმსმელ ლომებს ჰგავდნენ. ჰექტორმა ფარის შუაში მოარტყა შუბი, მაგრამ ვერ გააპო. ფარსვე დაუმიზნა აიასმაც. ჰექტორს სისხლი წასკდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ღმერთები ჩაერივნენ ორთაბრძოლაში. მოვიდნენ მაცნეები ტალთიბიოსი და იდაიოსი და ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს მებრძოლეებს. გმირებიც დათანხმდნენ.

ჰექტორმა ვერცხლისსამსჭვალიანი აჩუქა აიასს. აიასმა კი ძოწეულის სარტყელი მისცა მას. აგამემნონმა ხუთწლიანი ხარი დააკვლევინა ამ ამბის აღსანიშნავად და შესწირა კრონიონს. ნესტორმა უთხრა აქაველებს, რომ დაღუპულ თანამოძმეთა გვამები უნდა დაეწვათ. შემდეგ გალავანი უნდა აეგოთ ისე, რომ მხოლოდ ეტლებს დარჩენოდათ გასასვლელი, მერე კი ფართო სანგრები გაეჭრათ.

ალექსანდროსს ანტენორმა ურჩია, ჰელენე დაებრუნებინა, რათა გადაერჩინათ ტროა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

ადგა პრიამოსი და ტროელებს უთხრა, რომ ალექსანდრეს სიტყვა ეცნობებინათ ატრიდებისათვის. ამის გამოგონე აქაველებმა ალექსანდროსის გამოგზავნილ ძღვენზე უარი თქვეს, დაღუპულთათვის პატივის მიგების ნება კი დართეს. დაწვეს გარდაცვლილი გვამები.

მერვე სიმღერა: ღმერთების ბჭობა. შეწყვეტილი ბრძოლა

ზევსმა ღმერთები მოიხმო ოლიმპოსის მთაზე. უბრძანა მათ, რომ არც ერთი მათგანი არ ჩაბმულიყო ომში, ხოლო ის ვინც არ დაემორჩილებოდა, სასტიკად დაისჯებოდა. ათენა დაპირდა, რომ არ ჩაერეოდა, მხოლოდ რჩევას მისცემდა დანაელებს. ზევსმა შეაბა ეტლში ცხენები და იდის მთისკენ წავიდა. თხემზე მჯდარი ტროელთა ქალაქს და აქაველთა გემებს დაჰყურებდა. აქაველები შეიმოსნენ აბჯრებით, გახსნეს ყველა კარი, გამოცვივდნენ და შეიქნა ბრძოლა. ზევსმა აქაველების რაზმებს ცეცხლი სტყორცნა. იდომენევსი, აგამემნონი და აიასიც შიშმა შეძრა. მხოლოდ ნესტორი ვეღარ დაიძრა, რადგან ალექსანდროსმა ნესტორის ცხენი თავში დაჭრა. ამ დროს კი ჰექტორი მასთან მიახლოებას ცდილობდა. მოხუცს მოკლავდნენ, რომ არ შეენიშნა დიომედესს. მან ოდისევსს დაუძახა, მაგრამ ვერ გაიგო მისი ხმა. ტიდიდმა მარტომ გადაწყვიტა მოხუცის დაცვა და შეისვა ეტლზე. ზევსმა სტყორცნა ელვა ქუხილით და ძირს დაანარცხა დიომედესის ცხენის ფეხებთან. ნესტორს უკნიდან წაართვეს დაწნული სადავეები. მან დიომედესს მიმართა და უთხრა, რომ ასეთი იყო ზევსის ნება და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა მას. ტიდიდს ძალიან უჭირდა ამ აზრთან შეგუება, არცხვენდა ის ფაქტი, რომ ჰექტორს მისთვის შეიძლება ლაჩარი და სუსტი ეწოდებინა. ნესტორი კი ამშვიდებდა მას.

ჰექტორმა და ტროელებმა ყიჟინით დააყარეს ისართა სეტყვა. ის ომახიანად შესძახოდა და ტიდიდს სიკვდილით ემუქრებოდა. ასევე, ტროელებს ამხნევებდა, რომ ისინი გაანგრევდნენ სანგრებს, მიადგებოდნენ გემებს და მის დაწვასაც შეძლებდნენ.
ქალღმერთები ოქროს სავარძლებზე მდუმარედ და დარდით დასხდნენ სხვა ღმერთების გვერდით. მათთან ზევსი მივიდა და ჰკითხა, თუ რამ დააღონა ისინი. ათენამ ხმა ვერ გასცა, ხოლო ჰერამ ვერ მოითმინა, უთხრა, რომ დაემორჩილებოდა მას და ბრძოლაში არ ჩაებმებოდა, მაგრამ რჩევის მიცემის უფლება მაინც ითხოვა. ზევსმა უპასუხა, თუ რა ელის არგოსელებს; რომ ისინი აქილევსის გამოჩენამდე ვერ მოიპოვებენ გამარჯვებას და რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც პატროკლოსი მოკვდება. ჰერაც გაყუჩდა.

მეცხრე სიმღერა: ელჩობა

ტროელები მედგრად იბრძოდნენ, ხოლო აქაველები ძრწოლამ მოიცვა. აგამემნონმა ბელადები თავისთან იხმო სათათბიროდ. დამწუხრებულები ისხდნენ. ცრემლმორეული მხედართმთავარი ადგა და მიმართა აქაველებს: „ბრძენო ბელადებო, ზევსმა დიდი ვაება მარგუნა. მე მერგო მისგან შინ დაბრუნება ილიონის დაუქცევლად. მაშინ მიმუხთლა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ახლა კი მაიძულებს არგოსში გაქცევას სახელგატეხილს და ამდენი ადამიანის დამღუპველს. ეს არის ყოვლისშემძლე ზევსის ნება, მან უამრავ ქალაქს დაულეწა მაღალი კოშკები და თუ მოისურვებს კიდევ ბევრ ქალაქს დაულეწავს, მის ძლიერებას საზღვარი არ აქვს. ახლა მომისმინეთ და რასაც ვიტყვი, შეასრულეთ. უნდა გავიქცეთ და დავბრუნდეთ ჩვენს სანუკვარ სამშობლოში. ჩვენ ტროას ვერ დავამარცხებთ“, — ეს თქვა და ღრმა დუმილმა მოიცვა ყველა.

წამოდგა დიომედესი: „ატრევსის ძეო, უგუნურ სიტყვას არ შევისმენ. ამას წინათ ხალხის წინაშე მიწუნებდი მამაცობას, მხდალი და ცუდი მეომარი მიწოდე, მაგრამ არგოსელებმა იციან ყველაფერი. ზევსმა მხოლოდ ძალაუფლების კვერთხი მოგანიჭა და არა სიმტკიცე. ნუთუ მართლა გჯერა, რომ უძლურები ვართ?! ასე ძალიან თუ მოგენატრა სამშობლო, გემები აქვეა და წადი! სხვა აქაველები აქ დარჩებიან და განაგრძობენ ბრძოლას. თუ ვინმეს შენსავით მოენატრა სამშობლო, შეუძლია, წამოგყვეს. მე და სთენელოსი აქ დავრჩებით, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ტროას დასასრულს არ ვნახავთ. მჯერა ღმერთი შეგვეწევა“. ეს რომ გაიგეს აქაველებმა, ყიჟინი დასცეს.

ნესტორმა წარმოთქვა სიტყვა: „ტიდევსის ძეო, სიბრძნითა და მამაცობით განთქმულო, აქაველები ვერ დაიწუნებენ შენ სიტყვას, მაგრამ მე ერთს გეტყვი, ახლა ღამეს უნდა დავმორჩილდეთ, ჯარმა ივახშმოს და მერე გუშაგებად გავუშვათ ჭაბუკები. ჩვენ კი მოვილხინოთ, სასმელი ბევრია. ეს დღე ან დაგვაქცევს, ან იხსნის ლაშქარს“. ყველა დამორჩილდა ნესტორს. გაუშვეს გუშაგები. იქეიფეს, მერე კი ნესტორმა შეცდომები შეახსენა აგამემნონს და უთხრა, რომ ჯობს გმირის გული ძღვენითა და მეგობრული სიტყვით მოვიგოთო. აგამემნონმა კი უთხრა: „მართალი ხარ, მე ბევრი შეცდომა დავუშვი აღბორგებული გულით. ბევრ ძვირფასეულობას და განძს მივცემ დიდ გმირს. ტროელ ქალთაგან ვინც მას უნდა, ის აირჩიოს ჰელენეს გარდა. სამი ლამაზი ქალიშვილია მშვენიერ სახლში, რომელიც უნდა ის აირჩიოს და მას მზითევში შვიდ აყვავებულს ქალაქს გავატან. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შეგვირიგდეს გმირი აქილევსი“.

ნესტორმა კი მიუგო: „ძღვენი მართლაც კარგია, ახლა გავგზავნოთ ელჩობა მასთან, ოდისევსი გაყვეს მათ“. მართლაც გმირებმა იპკურეს ხელზე წყალი, მიირთვეს ღვინო, რჩევა მიიღეს ნესტორისგან და წავიდნენ აქილევსთან. მივიდნენ გმირები. აქილევსი მოეგება მათ და უთხრა: „მეგობრებს ვხედავ, ალბათ რამე გასაჭირია აქაველებს შორის, თქვენ მირჩევნიხართ ყველას. პატროკლოსმა კარგად უმასპინძლა მათ და ოდისევსმა აქილევს უამბო მათი გასაჭირის შესახებ, ძღვენიც ახსენა, ბრისეს ქალიშვილის დაბრუნება აღუთქვა, რომელთანაც აგამემნონს არ გაუყვია სარეცელი. თხოვა, რომ შეიბრალოს აქაველები და ჩაებას მათთან ერთად ბრძოლაში, რათა დაამარცხოს დიდი ჰექტორი.

აქილევსმა უპასუხა: „როდის დაამთავრებთ ამ მოსაბეზრებელ ჭრიჭინს, ვერავინ გულს ვერ მომილბობს. რამდენჯერ ვიბრძოლე და მოვუტანე უთვალავი განძი აგამემნონს. ბევრს თავისთვის იტოვებდა და ცოტას სხვას აძლევდა. ახლა ხომ საყვარელი ქალის გამო, ჰელენეს გამო იბრძვის, მაშ მე რატომ წამართვა ჩემი სატრფო? ჩემი იმედი ნუ გექნებათ, სანამ მე აქაველებთან ერთად ვიბრძოდი, ჰექტორი ვერ სცილდებოდა ციხის ბურჯს. თუკი სურვილი გაქვს, დავტვირთავ ჩემ გემებს და ხვალვე წავალ ჰელესპონტიდან. შინ დავბრუნდები და ვნახავ ლამაზ ქალს, რომელიც შემიყვარდება და მასთან ქორწინების წმინდა კავშირი მექნება. რომ ვიბრძოლო, მალე მოვკვდები, სახელი ჩემი კი დარჩება და რომ არ ვიბრძოლო, ცოტა ხანს ვიცოცხლებ უსახელოდ, მე კი ეს მირჩევნია. თქვენც გირჩევთ უკან დაბრუნდით. ჩემი რისხვა გარდაუვალია, გადაეცით აგამემნონს“.

შემდეგ ფოინიქსმა გაახსენა, თუ როგორ შეიფარა პელევსმა იგი და როგორ აღზარდა მან აქილევსი. ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდა. აქილევსმა ფოინიქსს იქ დარჩენა სთხოვა და უთხრა, აგამემნონზე ნუღარ დამელაპარაკებიო. ბოლოს ტელემანიდმა თქვა სიტყვა, მაგრამ აქილევსი ვერავინ დაიყოლია. წავიდნენ ელჩები და მიიტანეს აქაველთათვის ცუდი ამბავი. დიომედესმა კი თქვა: „არ უნდა გაგეგზავნათ აქილევსისთვის ელჩები, ახლა უფრო გაამაყდება. ახლა ვინადიმოთ და ხვალ დილით კი შევუდგეთ ბრძოლას“. აქაველები მას დათანხმდნენ.

მეათე სიმღერა: დოლონია

როდესაც ყველას ეძინა, აგამემნონმა მენელაოსის დახმარებით შეკრიბა აქაველთა მთავრები სათათბიროდ. გადაწყვიტეს, რომ ტროელთა ბანაკის დასაზვერად გაეგზავნათ დიომედესი და ოდისევსი. ამასობაში, თავის მხრივ, ჰექტორმაც გააგზავნა მზვერავი, დოლონი. იგი ხელთ ჩაუვარდა ოდისევსსა და დიომედესს, რომლებმაც დოლონს გამოსტყუეს თავისთვის საჭირო ცნობები და შემდეგ მოკლეს. მისგან შეიტყო ორმა აქაველმა გმირმა ის, რომ თრაკიელთა მეფე რესოსი მოსულა ტროელთა დასახმარებლად თავისი განთქმული ცხენებით. ოდისევსი და დიომედესი შეიჭრნენ მოწინააღმდეგის ბანაკში, მოკლეს რესოსი და მისი თანამგზავრები და თრაკიელთა მეფის რაშებით დაბრუნდნენ უკან თავის ბანაკში.

მეთერთმეტე სიმღერა: აგამემნონის გმირობანი

შემდეგ დილას აქაველებმა თავიანთი მარცხის შემდეგ შეძლეს და უკვე შუადღისთვის წარმატებას მიაღწიეს. თვალწარმტაცად ჩაცმულმა და აღჭურვილმა აგამემნონმა მრავალი მტერი გაჟლიტა ტროამდე მიმავალ გზაზე და მტრის ჯარი ისევ ქალაქის კარიბჭესთან მიაბრუნა. ზევსმა ერისი გამოუგზავნა ჰექტორს და გადასცა, იქამდე დაეცადა, სანამ აგამემნონი დაიჭრებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგრძელებინა ბრძოლა. მალე ანტენორის შვილმა, კოოსმა აგამემნონი დაჭრა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა კოოსის ძმა მოკლა. დაჭრილმა აგამემნონმა ბრძოლა მაინც არ დათმო და კოოსი მოკლა, მაგრამ ტკივილს ვერ გაუძლო და ბრძოლის ველის დატოვება მოუწია.

მას შემდეგ, რაც აგამემნონმა ბრძოლის ველი დატოვა, ჰექტორმა აქაველებს შეუტია და მტერი უკან დაწია. ჰექტორის მოქმედებას აქაველთა რიგებში პანიკა მოჰყვა და მათ უკან დახევა გადაწყვიტეს, თუმცა ოდისევსმა და დიომედესმა ისინი გაამხნევეს და ახალი სიმამაცე შთაბერეს. სწორედ დიომედესმა ისროლა ის შუბი, რომელიც ჰექტორის მუზარადს მოხვდა. სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილმა ჰექტორმა უკან დაიხია. ჰექტორის ძმამ და მშვენიერი ჰელენეს მეუღლე პარისმა ოდისევსის ამ საქციელს დიომედესის დაჭრით უპასუხა. ტროელებმა მარტო დარჩენილ ოდისევსს ალყა შემოარტყეს, თუმცა მან შეძლო მტრის მოგერიება, სამწუხაროდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოკოსმა ის ნეკნებთან დაჭრა. ავგეასმა ოდისევსი ბანაკში წაიყვანა, რათა ტროელებს კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიეყენებინათ მისთვის.

ჰექტორმა ისევ შეუტია აქაველებებს მეორე მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები თავდაპირველად მედგრად დაუდგნენ ჰექტორის შეტევას, მათ უკან დახევა მოუწიათ, რადგან ჯარისკაცთა რიგებში პანიკა გავრცელდა, როდესაც პარისმა მათი მკურნალი მაქაონი დაჭრა. სანამ ნესტორს მაქაონი თავის კარვამდე მიჰყავდა, ჰექტორმა და მისმა ჯარმა აიასი აიძულეს, უკან დაეხია. ამასობაში, აქილევსმა დაჭრილი მაქაონი დაინახა ეტლში და პატროკლოსი გაგზავნა მისი ამბის გასაგებად. ნესტორი პატროკლოსს მოუყვა ყველა იმ ჭრილობის შესახებ, რომელიც ტროელებმა აქაველთა მეთაურებს მიაყენეს. ნესტორი დაჟინებით სთხოვს პატროკლოსს, რომ დაარწმუნოს აქილევსი, ისევ შეუერთდეს ბრძოლას, ხოლო თუ ის აქილევსის დარწმუნებას ვერ შეძლებს, თავად მაინც იბრძოლოს აქილევსის აბჯით. ამ შემთხვევაში აქაველთ აქილევსის სახელის რისხვა დაეხმარებათ ტროელთა შესაშინებლად. პატროკლოსი ნესტორის თხოვნას დათანხმდა.

მეთორმეტე სიმღერა: გალავანთან შერკინება

დანაელებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან არ უძღვნეს ჰეკატომბე ღმერთებს და არც ილოცეს მათი ხალხისა და დოვლათის გადარჩენისათვის, რომელიც იმ სიმაგრეს უნდა დაეცვა, რაც ღმერთების ნებით არ იყო აგებული. პოსეიდონმა და აპოლონმა გადაწყვიტა მათი დასჯა და გალავნის დანგრევა. პოსეიდონმა ყველა მდინარე მიმართა ერთი გზით გალავნისაკენ, ხოლო ზევსმა კი ცხრა დღე-ღამე დელგმა დაურთო, რომ ზღვის ტალღებს წაეღოთ ციხე, ხოლო აპოლონი კი ძირფესვიანად ყველაფერს წყალში ყრიდა, რის შემდეგაც აქაველთა ნაშრომ-ნაჯაფარი მიწასთან განადგურდა.

შეშინებული არგოსელები გემების ახლოს გალავანში ჩაიკეტნენ. ხოლო ჰექტორს კი შიში სულაც არ შეპარვია, პირიქით, მისი მძვინვარებით კიდევ უფრო შეშინდნენ აქაველები. ჰექტორის გული ისევ ისე მამაცურად და შეუპოვრად მიიწევდა წინ და სთხოვდა სანგრის გადასვლას ტროელ მეომრებს, თუმცა ეს ცხენებით შეუძლებელი იყო. პულიდიმასმა ურჩია ჰექტორს, ჩამოქვეითებულიყვნენ და ფეხით გადასულიყვნენ სანგარზე. ჯარი გაყვეს ხუთ ნაწილად. პირველს, ყველაზე მრავალსა და სიმამაცით მოწადინებულს პულიდიმასი და ჰექტორი გაუძღვნენ. ხოლო მეორეს მიუჩინეს: პარისი, ეგენორი, ალკათოოსი. მესამეს: ძმები ჰელენოს და დეიფობოსი, ასევე გმირი ასიოსი. მეოთხე რაზმს გაყვა ანქისესის ძე, გმირი ენეასი, ანტენორის ორი ძეც ახლდა — არქელოქოს და აკამასი. მოკავშირეთა რაზმს კი გმირი სარპედონი, გლავკოსი და ასეროპოსი მიუძღოდნენ.

ყველა დაემორჩილა ჰექტორის ბრძანებას, რომ ფეხით გაეგრძელებინათ გზა გარდა ერთი მამაცი გმირი ასიოსისა. ის პირველი მიადგა კოშკს, თუმცა ვერც საკლიტური იხილა და ვერც ბჭე დახშული. მათ ეგონათ, რომ შეშინებული არგოსელები გემებისკენ გაიქცეოდნენ, თუმცა კოშკთან ორი მოყმე შემოხვდათ (პერითოოს-გმირის ვაჟი პოლიპოიტე და ლეონტევსი). ისინი შეუპოვრად და ამაყად იდნენ, როგორც მუხა და როგორც კი მეომრებმა განგაში გამოაცხადეს, მტერთან შესარკინებლად გაეშურნენ.

მეხთამტყორცნელმა თავის ისრები ესროლა იქაურობას და თოვლში გაახვია ყველაფერი. ზევსი გმირ სარპედონსაც შეეწია და ძალა და სიმამაცე უბოძა. რომ არა მისი ასეთი ლომური მოწადინება სისხლისა და ხორცისა, ტროელები ვერ შეძლებდნენ ბჭეს შელეწვასა და საკლიტურების შემტვრევას. დაბრკოლება მასაც შეხვდა. მას წინ კომბლიანი მწყემსები დახვდნენ, თუმცა ფიქრადაც არ მოსვლია დაცხრობა. სარპედონმა გლავკოსსაც მიმართა დასახმარებლად და უბიძგა მასთან ერთად ლიკიელთა დიდ ლაშქართან საბრძოლველად, რომელსაც ის მყისვე გამოეხმაურა და თან გაყვა საბრძოლველად.

ამის შემხედვარე პეტეოსი, რომელიც კოშკს იცავდა, შეკრთა და მაცნე თოოტო აფრინა აიასთან დასახმარებლად. მაცნეს სიტყვას ხალისით დაეთანხმა ტელამონის ძე და აიასს დარჩენა ურჩია, ხოლო საბრძოლველად კი ის გაემართა ტევკროსისა და პანდიონისთან ერთად.

მებრძოლები ერთმანეთს ყიჟინით შეხვდნენ. პირველი ეპიკლევსი დასცა ტელამონის ძემ. შემდეგ კი ტევკროსმა ჰიპოლოქოსი დაჭრა, შემდეგ კი თესტორმა ალკამონს სტყორცნა შუბი და სხეულთან ერთად მოქაჩა. როდესაც გალავნის კარი გაიხსნა აიანტი და ტევკროსი დახვდნენ ყმას. მტერი უკუიქცა გულდაზაფრული, თუმცა ბრძოლის ასპარეზს, დიდების მოპოვების იმედით, არ გაცილებია.

მეფის შეძახილმა ლაშქარი მტკიცედ შეკრა. გზის გაკაფვა ხომალდებისკენ ძლიერ უჭირდათ, თუმცა დანაელებსაც ასევე უჭირდათ კარზე მომდგარი ლიკიელი ლაშქრის უკუგდება. ლაშქარმა მტრის ლაშქარი ვერ გადაწონა, სანამ ჰექტორს კვლავ ზევსი არ დაეხმარა და გმირული საქმით არ დაამშვენა. ზევსმა შეუმსუბუქა მძიმე ლოდი ჰექტორს და კარიბჭისკენ მიატანინა. მან ორივე საძალი ჩამოგლიჯა და შიგ დაახეთქა ლოდი. შიგნით შეიჭრა ცეცხლით ანთებული თვალებით და უბრძანა თავის მეგობრებს გალავნის თავზე ასულიყვნენ, რის შემდეგაც განგაშიც ატყდა.

მეცამეტე სიმღერა: ბრძოლა ხომალდებთან

ზევსმა ტროელები მტერს შეატოვა, ომის სიმძიმე ბოლომდე რომ ეგრძნოთ. თავად კი სხივოსანი თვალი შორეულ თრაკიელთა მიწას მიაპყრო. მთის მწვერვალიდან პოსეიდონი გამოიჭრა, უღელტეხილები თრთოდნენ უკვდავი ღმერთის ტერფქვეშ. ტენედოსის მღვიმესთან შეჩერდა, ეტლი ჯაჭვით დააბა და ბერძნებისკენ გაემართა.

ტროელთა ჯარი ოცნებობდს, რომ მტერს ხომალდებთან დასცემდნენ. პოსეიდონი კალქასს ემსგავსა და ათენელებს მიმართა. „სხვა დროს ტროელთა შიში არ მაქვს, მაგრამ მოგიზგიზე სპა მოჰყავს ჰექტორს. ვნატრობ ღმერთებმა ჩაგინერგონ გულში სიმტკიცე. რაც უნდა მოხდეს, გემები არ დათმოთ.“ ეს თქვა და ქვეყნის შემარყეველი კვერთხი შეახო გმირებს, საოცარი ძალით აღავსო, თვითონ კი გაქრა ფრინველების დამაფრთხობელი. პოსეიდონის სიტყვებმა ბრძოლის სურვილით აავსო ბერძნები.

ტროელებმა დაასწრეს შერკინება, ჰექტორი ეკვეთა მტერს, როგორც კლდეს მოხეთქილი მძიმე ლოდი. მან ტროელებს მიმართა: „ტროელებო, აქაველნი დიდხანს ვერ გამიძლებენ, თუკი ნამდვილად ღმერთი მყავს შემწედ“. ამ სიტყვებით მებრძოლებს გული ცეცხლით აუნთო. ყველა თავგანწირვით იბრძოდა, საშინელი გმინვა ისმოდა, ტევკროსმა თავდაპირველად მძლე მებრძოლი იმბრიოსი დასცა.

პოსეიდონი რისხვით აინთო და აქაველთა ბანაკისკენ მიისწრაფოდა. იდომენევსი ღმერთს შემოხვდა, რომელმაც დაჭრილი მეგობარი ექიმს მიაბარა თვითონ კი ბრძოლის ველზე მიეჩქარებოდა. პოსეიდონმა გმირს უთხრა, იდომენევს, სად არის შენი ჟინი, გმირმა მიმართა: „სიმხდალეს არავინ შეუბორკავს, არავინ გაურბის სასტიკ ბრძოლას. შენ კი ნუ დათმობ მებრძოლთა სულს, შთაბერე ძალა“.

გმირები თავს არ ზოგავდნენ. ძლევის ღრჭიალი ისმოდა. მენელაოსი ზევსს შესთხოვდა სამართლიანად ტროელთა დამარცხებას და გემების გადარჩენას. ჰექტორი გემებთან იბრძოდა. ათენელებიც შეუცდომლად იბრძოდნენ, თავზარს სცემდნენ ტროელთა ლაშქარს. პულიდამასმა რჩევით მიმართა ჰექტორს, რომ უკან არ დაეხია ბრძოლის სურვილით ანთებული ბრძოლის ველს დაუბრუნდა. ჰექტორი დეიფობოსს, ასიოსს და სხვა გმირებს ეძებდა. ნახა, მაგრამ ყველა ცოცხალი აღარ იყო. ბრძოლის მარცხენა მხარეს ნახა მხოლოდ ალექსანდროსი და გმირების ადგილსამყოფელი ჰკითხა. მან კი მიუგო, რომ მხოლოდ გმირი დეიფობოსი გადაურჩა სიკვდილს. ბრძოლის ველზე გაემართნენ, ზევსისგან ანთებულნი მტერს ეკვეთნენ. ჰექტორი წინ ედგა ლაშქარს. გმირს მიმართეს ათენელებმა, ტყუილად გაქვს იმედი, რომ გემებს დაგვილეწავ, რადგან ჯერ გვაქვს ძალაო. გმირმა მტკიცედ მიუგო, რომ ყველას დაღუპვა მოელოდა. ასე უთხრა და წინ გაიჭრა. ჯარიც მას გაჰყვა. ყიჟინით გაჰყვა ლაშქარი.

მეთოთხმეტე სიმღერა: ზევსის მოხიბლვა

ბრძოლის საშინელმა ღრიანცელმა შეაშფოთა კარავში მყოფი ტკბილმოუბარი ნესტორი და მაქაონს იქ დარჩენა უბრძანა, თვითონ კი სერიდან გადახედვა და ამბის გარკვევა მოინდომა. სამარცხვინო საქმე იხილა პილოსის მეფემ: დაქცეული აქაველთა ციხე, გაქცეული სპა, კვალში ჩამდგარი ტროელები. მოხუცს სული შეეძრა, აღარ იცოდა, აქაველებს დახმარებოდა თუ აგამემნონთან მისულიყო. ბოლოს მაინც აგამემნონთან მისვლა გადაწყვიტა.

აგამემნონთან თავი მოეყარათ დაჭრილ იდომენევსს და ოდისევსს. ერისმთავარმა მათ შესთავაზა გემების ზღვაში ჩაშვება და სიკვდილისგან გაქცევით შველა. ოდისევსი მას არ დაეთანხმა და ფრთიანი სიტყვით გაკენწლა მისი სიტყვები. აგამემნონმა იკითხა, თუ ვინ იყო კაცი, რომელიც უკეთესს რჩევას მისცემდა მას ამ მძიმე მომენტში. ასეთი ადამიანი ტიდევსის ძე დიომედესი აღმოჩნდა. თუმცა იგი უმრწმესი იყო მათ შორის, მაგრამ მისი კეთილშობილური წარმომავლობა აბედვინებდა ამას. იგი სთავაზობდა სარბიელზე გასვლას, ლაშქრის გამხნევებას.

გზად მიმავალ გმირებს პოსეიდონი წამოეწია და აგამემნონი გაამხნევა, დაპირდა, რომ შორს არ იყო დრო, როდესაც იგი იხილავდა გემებიდან უკუქცეულ ტროელთა ლაშქარს. ჰერამ შენიშნა ომის სარბიელზე თავისი ძლიერი მაზლი და ძმა — პოსეიდონი და შვება იგრძნო. ფიქრობდა, თუ როგორ შეეჩერებინა ზევსის რისხვა. ბოლოს იაზრა და მისი მოხიბლვა და მიძინება გადაწყვიტა.

ჰერა თავის საწოლ ოთახს ეწვია, რომელიც ჰეფესტოს აუგია მისთვის. ჰერამ ჩაკეტა მოელვარე საკლიტურები. მშვენიერი სხეული ამბროსიული სურნელოვანი სითხით დაიზილა. თმა დაივარცხნა, სამთვლიანი საყურეები გაიკეთა. ეშხით ელავდა ქალღმერთი; პირმშვენიერი აფროდიტე გაიხმო და სთხოვა მისთვის ძალა მიეცა, ვნებითა და სურვილით აღევსო, რათა დედამისი ტეთისი და მამა ოკეანე შეერიგებინა ერთმანეთისთვის.

აფროდიტეც მაშინვე დაეთანხმა, სარტყელი მოიხსნა, რომელიც ყველა წადილს იტევდა. ხარისთვალება დედოფალმა შვილს გაუღიმა და უბეში ჩაიცურა სარტყელი. შემდეგ ჰერა ძილის ღმერთს — ჰიპნოსს ეწვია კუნძულ ლემნოსზე და ზევსის დაძინება სთხოვა, სანაცვლოდ კი ოქროს ტახტსს და მშვენიერ ქარისს, პასითეას დაპირდა.

გახარებულმა ჰიპნოსმა ფიცი მოსთხოვა დედოფალს. მანაც დაიფიცა ზღვა და მიწა, რომ პირობას აუცილებლად შეასრულებდა. ამის შემდეგ ორივე ღმერთმა დასტოვა ლიმნოსის მხარე. ჰიპნოსი დიდ ნაძვზე დაჯდა და გარეგნობით ქორს დაემსგავსა.

ჰერა იდის მთაზე მივიდა და იქ იხილა იგი ღრუბელთმარეკმა ზევსმა. მისი სული ძლიერმა სურვილმა შეძრა და ცოლს მიეგება. ცბიერმა ცოლმა აუწყა, რომ იგი ოკეანისა და ტეთისის შესარიგებლად მიდიოდა და მასთან ნებართვის ასაღებად მივიდა. ზევსმა ნება დართო, მაგრამ დაუმატა, რომ მასავით არ ჰყვარებია არც იქსიონეს ცოლი, არც დანაე, არც ფენიქსის ასული, არც სემელე, არც ალკმენე, არც ქალღმერთი დემეტრე, არც ქალღმერთი ლეტო და არც თავად ჰერა.

ჰერამ განმარტოება შესთავაზა ღრუბელთმარეკს, რადგან შეეშინდა ჩახუტებულები ვინმეს არ დაენახათ. ზევსმა დაამშვიდა და უთხრა, რომ თვით ჰელიოსიც კი, რომელსაც მახვილი თვალი აქვს მათ ვერ შეამჩნევდა. გარშემო ოქროს ღრუბელს შემოიხვევდნენ და შიგ მზის სხივიც კი ვერ შეაღწევდა. ზევსი მოეხვია მეუღლეს და მყისვე გარს მოებურათ ოქროს ღრუბელი და იმ ღრუბლიდან მოწვეთავდა კამკამა წვიმა.

ეძინა ზევსს. როცა ეს სასიხარულო ამბავი ჰიპნოსმა პოსეიდონს უამბო. მანაც გაამხნევა აქაველები და აუწყა რომ ზევსს მათთვის აღარ ეცალა. ამის გამგონე დაჭრილ გმირებსაც მიეცათ ძალა. ლაშქარს თვით პოსეიდონი მიუძღოდა. საშინელი შუღლი აღიმართა ზღვის ღმერთსა და ჰექტორს შორის.

ჰექტორმა აიასს ტყორცნა შუბი, მაგრამ ღვედმა იხსნა იგი. აიასმაც საპასუხოდ მკერდში ლოდი მოარტყა ჰექტორს. დაეცა ჰექტორი და ზემოდანვე დაეცა თავისი ფარი. ყიჟინით გაიჭრნენ აქაველები, მაგრამ ტროელს გადაეფარნენ პულიდამასი, ენეასი და აგენოსი, ლიკიის მეფე სარპედონი და გლავკოსი. მეგობრებმა ჰექტორი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. ეტლით ქალაქისკენ გააქანეს დაჭრილი გმირი.

მრავალი ტროელი და აქაველი დაეცა იმ დღეს ბრძოლის ველზე.

მეთხუთმეტე სიმღერა: ხომალდებიდან მოგერიება

ჰერას ალერსით გაბრუებული ზევსი გამოფხიზლდა და განურისხდა მეუღლეს. მისი აზრით, ტროის ასაღებად გამართულ ბრძოლაში განვითარებულ მოვლენებში სწორედ დედოფლის ხელი ერია, რომელიც ზევსის დაუკითხავად მოკვდავთა საქმეებში „ჰყოფდა ცხვირს“. გაბრაზებულმა ზევსმა ჰერას ჰერაკლესის გამო რისხვა გაახსენა, როდესაც უძლეველმა ღმერთმა ის სამაგალითოდ დასაჯა. ჰერამ თავის მართლება სცადა, თუმცა ზევსმა მას ყური აღარ დაუგდო და ის ღმერთთა მაცნე ირისთან და აპოლონთან გაგზავნა, რათა ღმერთები ზევსს საკუთარი გეგმის განხორციელებაში დახმარებოდნენ. ირისი პოსეიდონთან უნდა მისულიყო და მისთვის აქაველების დახმარება უნდა აეკრძალა, ხოლო აპოლონს ჰექტორი საბრძოლველად უნდა აღეგზნო. ზევსის გეგმა ასეთი იყო: ბრძოლის დროს, სიჩქარეში ტროელები აქილევსის გემებსაც უნდა შეხებოდნენ, რის შედეგადაც გმირი საბრძოლველად პატროკლოსს ჩააბამდა, რომელსაც ილიონის ციხესთან ჰექტორი მოუღებდა ბოლოს. თავის მხრივ ჰექტორს კი შურისმაძიებელი აქილევსი მოკლავდა. ამის შემდეგ კი აქაველები ილიონსაც აიღებდნენ.

ზევსის განრისხების შემდეგ, ჰერა ოლიმპოსისკენ სწრაფად გაეშურა. იქ მისულს მართლმსაჯულების ქალღმერთმა თემისმა თასი მიაწოდა და დედოფალს შეშფოთების მიზეზი ჰკითხა. დედოფალმა ღმერთებს უსაყვედურა, რომ მათ ზევსის დასამარცხებლად ჭკუა არ ჰყოფნიდათ. ის არესის ვაჟის, ასკალაფოსის ბრძოლის ველზე სიკვდილის ამბავსაც მოჰყვა. ამ ფაქტმა არესი განარისხა, თუმცა ღმერთი ათენამ შეაჩერა და უთხრა, რომ ღმერთები უბრალო ადამიანების სიკვდილში არ უნდა ჩარეულიყვნენ. ათენას აზრით, ასკალაფოსი არც პირველი იქნებოდა და არც უკანასკნელი იმ მოკვდავთა შორის, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ.

განრისხებული არესი ჰერამ ტახტზე დასვა, ხოლო აპოლონსა და ირისს ზევსის დანაბარები გადასცა. ირისი და აპოლონი ზევსს იდის მთაზე ეახლნენ, საიდანაც ყოვლისშემძლე ღმერთმა მაცნე პოსეიდონთან გააგზავნა. პოსეიდონთან ზევსმა ირისს საკმაოდ უხეში სიტყვა დააბარა, რითაც მისი ძმა განაწყენებული დარჩა. ზევსის აზრით, მთელ ქვეყანაზე მხოლოდ ის არის ყველაზე დიდებული და უძლეველი და ამიტომ მის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. განსხვავებული აზრი აქვს ჰადესს, რომელიც საკუთარ ძმას თანასწორად თვლის, თუმცა მიუხედავად ამისა, იმავე ირისის რჩევით, ის ძმის თხოვნას მაინც ასრულებს და აქაველთა ხომალდებს ზღვის ზვირთებში ახვევს.

აპოლონიც დაემორჩილა ზევსის ნებას და ჰექტორს საბრძოლველად საოცარი ძალა შთაბერა. მიუხედავად იმისა, რომ აქაველები ტროელებს უკან მოსდევდნენ და მათ უმოწყალოდ ხოცავდნენ, ჰექტორის დანახვაზე მომხდური მებრძოლები შეშინდნენ და ნაწილმა გემებს მიაშურა. აქაველთა ერთ-ერთი გმირი თოანტი ჰექტორის ბრძოლისუნარიანობით განცვიფრებულ დარჩა. ტროელი უფლისწულის დასახვედრად დიომედესი, აიასი და სხვა გმირები შეიკრიბნენ. თუმცა ტროელთა ლაშქარს ჰექტორთან ერთად თვით აპოლონიც მოუძღოდა. ღმერთს ხელში საშინელი აიგიდა ეჭირა, რომლის აქნევის შემდეგაც, აქაველების საქმე ცუდად წავიდა. ბრძოლის ველზე უამარავი მეომარი დაეცა. ჰექტორმა ტროელებს ბოლომდე ბრძოლა უბრძანა. აპოლონის დახმარებით ტროელებმა აქაველების ხომალდებს შეუტიეს და გამაგრებული სანგრები გაანადგურეს. ამ დროს კარავში პატროკლოსი ევრიპილეს ჭრილობაზე მალამოს ადებდა. ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების გამო, მან ავადმყოფს მოუბოდიშა და საბრძოლველად გაეშურა.

ჰექტორი იმ გემის დაუფლებას ცდილობდა, რომელსაც აქაველთა გმირი აიასი იცავდა. ზევსი, რომელიც ამ ყოველივეს იდის მთიდან ადევნებდა თვალს, აქაველების გემების ცეცხლში გახვევას ელოდა, რის შემდეგაც ის მომხდურთა მხარეს დაიჭერდა. ბრძოლა გემისთვის კვლავ გრძელდებოდა. თავის მხრივ აიასი არ ნებდებოდა და მან ჰექტორის თვალწინ თორმეტი მამაცი ტროელი გმირიც მოკლა. ჰექტორი კი აქაველებისგან გემის ჩაბარებას მოითხოვდა. ყველა აშკარად ხვდებოდა, რომ ტროელების ჯარს თვით აპოლონი მფარველობდა.

მეთექვსმეტე სიმღერა: პატროკლეა

აქაველები და ტროელები ხომალდებისთვის იბრძოდნენ, როცა თვალცრემლიანი პატროკლოსი აქილევს ეწვია. ამ უკანასკნელს გაუკვირდა, პატროკლოსი პატარა გოგოსავით რომ ატირებულიყო და დამწუხრების მიზეზი ჰკითხა.

პატროკლოსმა ამოიოხრა და აქილევსს ამცნო, რომ ბერძნების ყველა სახელოვანი გმირი დაჭრილი იყო. ფეხმარდ გმირს შეუბრალებლობა დასწამა. შეჰბედა, რომ პელევსისა და თეტისის შვილს არ ეკადრებოდა, აქაველებს რომ არ ეხმარებოდა.

პატროკლემ აქილევსს სთხოვა, ომში წასვლის ნება მისთვის მაინც დაერთო. მირმინდონელთა ჯარი გაეყოლებინა და უფლება მიეცა, მისი საჭურველი მოესხა, რათა ასეთი ხერხით მტრისთვის აქილევსად მოეჩვენებინა თავი. რა იცოდა პატროკლემ, რომ სინამდვილეში სიკვდილს სთხოვდა.

ფეხმარდმა აქილევსმა პატროკლოსი თავისი ბექთარით შემოსა და სთხოვა, როგორც კი, გემებს გადაარჩენდა და უკან დასაბრუნებელი გზა გაუთავისუფლდებოდათ, მასთან დაბრუნებულიყო და აქაველები ბრძოლის ველზე დაეტოვებინა. აქილევსი ღმერთებს: ზევსს, ათენასა და დიდ აპოლონს შეევედრა, რომ ტროელებისა და აქაველების ჯარს, თუნდაც, ერთმანეთი მოესპოთ, ოღონდ ღმერთებს პატროკლოსი გადაერჩინა.

აქილევსმა მირმიდონელთა ლაშქარი საბრძოლველად დააწყო. რაზმებს მეთაურები ჩაუყენა და ბრძოლისაკენ მოუწოდა. ლაშქარი კრაზანებივით გაცვივდა. ტროელები პატროკლოსის დანახვამ შეაშფოთა. ეგონათ, აქილევსმა კვლავ მეგობრებისკენ მოიბრუნა გული. პატროკლოსი მტრის შუაგულში შუბით შეიჭრა. ბრძოლა პროტესილაეს გემთან დაიწყო. პირველად პეონთა ტომის მეთაური პორაიქმესი დასცა. ნახევრად დამწვარ ხომალდს მტრებმა თავი დაანებეს. აქაველები მოძლიერდნენ. ჰექტორი ხედავდა, რომ გამარჯვება ხელიდან ეცლებოდა, თუმცა ბრძოლის ველს არ თმობდა.

პატროკლოსმა მრავალ გმირზე იძია შური. ერიალოსს თავის ქალა ლოდით გაუჩეხა და სხვა მრავალი გმირი გამოასალმა სიცოცხლეს.

სარპედონმა რომ პატროკლოსისგან გაქცეული ლიკიელები დაინახა, მასთან შებრძოლება მოისურვა. გმირები ერთმანეთს ეტაკნენ. მართალია, თავდაპირველად, ზევსს სარპედონი სიკვდილისთვის არ ემეტებოდა, თუმცა მოგვიანებით, სხვა ღმერთების ნებას მიჰყვა. საბოლოოდ, პატროკლოსმა სარპედონი შუბით განგმირა. მომაკვდავი მებრძოლი გლავკოსს შეევედრა, რომ მტრისთვის მისი აბჯარ-ბექთარი არ დაეთმო. ამ დროს გლავკოსი დაჭრილი იყო და სარპედონის შველა არ შეეძლო. მან აპოლონს შესთხოვა, რომ მისთვის ჭრილობა დაეამებინა, რათა მეგობრის სურვილი შეესრულებინა.

აპოლონმა გმირს იარა მოუშუშა და ძალა შეჰმატა. გლავკოსმა სარპედონის გვამის დასაცავად პულიდამასს, აგენორს, ენეასს და ჰექტორს მოუწოდა. საშინელი ბრძოლა ატყდა. ჯერ ტროელები დაწინაურდნენ, მრავალი აქაველი და მირმიდონელი დასცეს. სარპედონის სხეულს ვერავინ იცნობდა. გვამი თავიდან ფეხებამდე სისხლით, ისრებით და ტალახით იყო დაფარული. ამასობაში ზევსი პატროკლოსის ბედს წყვეტდა. ვერ მოეფიქრებინა, პატროკლოსი ჰექტორის ხელით იქვე გაეგმირა, თუ მირმიდონელთა ჯარი ტროელებისთვის ილიონის გალავნებამდე დაედევნებინა. ბოლოს ეს უკანასკნელი აზრი აირჩია. ჰექტორს სულმდაბლობა შთააგონა და ტროელ ლაშქართან ერთად გააქცია.
დიდი ბრძოლის შემდეგ აქაველებმა და მირმიდონელებმა სარპედონს აბჯარ-ბექთარი ააგლიჯეს და პატროკლოსმა ბრძანება გასცა, რომ ნადავლი გემებისკენ წაეღოთ. ამ დროს ზევსმა აპოლონს უბრძანა, სარპედონის გვამი გამოეტაცა, განებანა და პატივი მიეგო. შემდეგ სიკვდილისა და ძილის ღმერთებისთვის გადაეცა, რომ გვამი ახლობლებისთვის ჩაებარებინათ.

პატროკლოსი ტროელებს დაედევნა. მრავალი გმირი დახოცა და ილიონის ციხის აღება სამჯერ სცადა, თუმცა აპოლონმა სამჯერვე უკუაგდო. მეოთხე გალაშქრება უკვე საბედისწერო აღმოჩნდა. პატროკლოსს ზურგს უკან აპოლონი დაუდგა, ბეჭებზე ხელი დაჰკრა, თვალთ დაუბნელა და ჩაჩქანი გადაუგდო. გმირს შუბი და ფარი დაელეწა. აპოლონმა სპილენძის სამკერდული ახსნა. ამასობაში ევფორბოსმა პატროკლოსს შუბი ზურგიდან ბეჭებშუა გაუყარა და მაშინვე მეგობრებს ამოეფარა, რადგან აბჯარახსნილ გმირთან შებრძოლება ვერ გაბედა. ჰექტორმა პატროკლოსის დაუძლურება როგორც შენიშნა, წელს ქვემოთ შუბი დაჰკრა და აქილევსის მეგობარი სიცოცხლეს გამოასალმა.

სუნთქვაშეგუბებული პატროკლოსის უკანასკნელი სიტყვები კი იყო, რომ მართალია, ამჯერად, აპოლონი, ზევსის შეწევნით, დაეხმარა, მაგრამ საბოლოოდ აქილევსი ბოლოს აუცილებლად მოუღებდა.
ჰექტორს მისი წყევლა ეწყინა და მიუგო, რომ ბრძოლის ველზე აქილევსს სწორედ თვითონ გამოასალმებდა სიცოცხლეს. იგი პატროკლოსის გვამს ტერფით დააწვა და შუბი ააძრო.

მეჩვიდმეტე სიმღერა: მენელაოსის გმირობანი

პატროკლოსის გვამის გარშემო ცხარე ბრძოლა გაიმართა. ჯერ მენელაოსის, შემდეგ კი აიასის ხელმძღვანელობით აქაველები იცავდნენ პატროკლოსის ცხედარს. ჩამოწვა ბურუსი. აქილევსის ციურ ცხენებს, რომლებიც პატროკლოსის გვამს დასტიროდნენ, ზევსმა კვლავ ჩაუნერგა ძალა. ათენასა და აპოლონის წყალობით ბრძოლა პატროკლოსის ცხედრის გარშემო კიდევ უფრო გაცხარდა. მას შემდეგ, რაც ზევსმა აიასის თხოვნის პასუხად ღრუბელი ჩამოაწვინა, მენელაოსმა მონახა ნესტორის ძე ანტილოქოსი და დაავალა, აქილევსისთვის პატროკლოსის სიკვდილი ეუწყებინა. გამარჯვების სასწორი ტროელთა მხარეს გადაიხარა.

მეთვრამეტე სიმღერა: იარაღის დამზადება

აქილევსი გლოვამ მოიცვა. მის დასახმარებლად ზღვის სიღრმიდან ამოვიდნენ თეტისი და ნერეისები. აქილევსის თხოვნით, თეტისი გაემართა ჰეფესტოსთან შვილის იარაღის გამოსაჭედად, რადგან ჰექტორს მოესწრო პატროკლოსისთვის აქილევსის საჭურვლის აყრა. ტროელთა დასაშინებლად, ირისის მოწოდებით, აქილევსი გამოჩნდა ბრძოლის ველზე. ათენამ იგი აამაღლა და პელევსის ძის საშინელმა ყვირილმა ტროელებში შიში და ძრწოლა გააჩინა. ჰერას ნებით, მზე დროზე ადრე ჩავიდა და ბრძოლა დროებით შეწყდა. პულიდამასმა ურჩია ჰექტორსა და ტროელებს ქალაქში შებრუნება, მაგრამ პრიამოსის ძე არ დათანხმდა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა.

ამასობაში თეტისი მივიდა ჰეფესტოსის სამჭედლოში. ღმერთმა აქილევსს გამოუჭედა ახალი იარაღი. განსაკუთრებით მშვენიერია აქილევსის ფარი, რომელზეც ამოტვიფრულია მრავალი სურათი — კოსმოსური მოვლენებით დაწყებული, ქალაქური და სოფლური ცხოვრების აღწერით დამთავრებული.

ფარი ხუთი ფურცლისგან შეადგინა მჭედლობის ღმერთმა და მასში მრავალი შემოქმედებითი ჩანაფიქრი ჩააქსოვა. წარმოადგინა მასზე დედამიწა, ზეცა, ზღვა, დაუღალავი მზე და ვერცხლის სავსე მთვარე. ყველა მშვენიერი ვარსკვლავი, ცას რომ ამშვენებს: პლეადები, ჰიადები, ორიონი და არქტოსი. იქვე წარმოსახა ორი ქალაქი: პირველში ქორწილები და ნადიმები მზადდებოდა. მეორე ქალაქს იარაღით მოელვარე ორი ლაშქარი ერტყმოდა გარს. წინამძღოლებად ლაშქრებს არესი და ათენა ჰყავდათ. ორივე ოქროსი იყო და ორივეს ოქროს სამოსი ეცვა.

მეცხრამეტე სიმღერა: რისხვაზე უარის თქმა

დილით თეტისმა აქილევსს იარაღი მოუტანა, ხოლო პატროკლოსის გვამი გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით დაამუშავა. აქილევსმა მოუწოდა თანამოძმეთ, შეეკრიბათ ჯარი და მზადყოფნა გამოთქვა, შერიგებოდა აგამემნონს და დაევიწყებინა რისხვა. ოდისევსის რჩევით, აგამემნონმა აქილევსს დაპირებული ძღვენი მიართვა და ბრისეისი დაუბრუნა. აგამემნონმა მოინანია თავისი შეცოდება და გონების დაბნელება ზევსს დააბრალა. გაიშალა შერიგების აღსანიშნავი სუფრა. სუფრის შემდეგ აქილევსი ბრძოლაში ჩასაბმელად მოემზადა. მისმა ცხენმა, ქსანთოსმა, ადამიანის ხმით უწინასწარმეტყველა პელევსის ძეს მოახლოებული დაღუპვა.

მეოცე სიმღერა: ღმერთების ბრძოლა

აქილევსს, ხომალდებთან ახლოს, გვერდში ამოუდგნენ აქაველები. ტროელები ამ დროს მტერს ელოდნენ. ზევსმა უბრძანა ქალღმერთ თემისს, ყველა ღმერთისთვის თავი მოეყარა ოლიმპოსის სასახლეში. ოკეანის ღმერთის გარდა ყველა შეიკრიბა. დასხდნენ ისინი პალატებში, რომლებიც ჰეფესტოსმა კრონიდს აუგო წინათ. ზევსმა ღმერთებს ბრძოლაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა, რათა აქილევსი შემთხვევით არ ასცდენოდა ბედს და ტროა არ დაენგრია. სანამ ღმერთები ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ, აქაველებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ, რადგან აქილევსი იბრძოდა მათთან ერთად, მაგრამ ომის ღმერთმა არესმა ტროელებს ბრძოლის ჯინი შთაბერა. ზევსმა იქუხა, ხოლო პოსეიდონმა ველი შეარყია, ყველაფერი თრთოდა, ისეთი საზარელი იყო ეს ყოველივე, რომ ჰადესიც კი შეძრწუნდა.

პოსეიდონის წინააღმდეგ აპოლონი იყო, არესის წინააღმდეგ — ათენა, ჰერას წინააღმდეგ — არტემისი, ლეტოს წინააღმდეგ — ჰერმესი, ჰეფესტოს წინააღმდეგ კი მდინარის ღმერთი ქსანთოსი. ღმერთები ერთმანეთს ეომებოდნენ, აქილევსი კი ამ დროს ჰექტორს ეძებდა. აპოლონმა პრიამოსის ძის, ლიკაონის სახე მიიღო და ენეასს უბიძგა აქილევსთან ბრძოლისკენ. ენეასი უკან იხევდა, იცოდა, რომ აქილევსს ვერაფერი შეაჩერებდა, სანამ მტრის სისხლს არ დალევდა, მაგრამ აპოლონმა ის გაამხნევა და უთხრა, რომ მის ძარღვებში ზევსის სისხლი ჩქეფდა, რადგან ის აფროდიტეს შვილი იყო, ხოლო აქილევსი უფრო მდაბალი ქალღმერთის შვილი იყო, ამიტომ ის თამამად უნდა შერკინებოდა აქილევსს. აპოლონმა ღმერთებს ბრძოლის ველის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან აქილევსი შეკრთებოდა, თუ რომელიმე ღმერთს ომში ჩაბმულს დაინახავდა.

ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ მიწისმრყეველ პოსეიდონს და ათენას აქილევსის გამხნევებისკენ მოუწოდა. პოსეიდონი არ დაეთანხმა ჰერას, ომი ადამიანებს მივანდოთ, ჩვენ ნუ ჩავერევითო, მაგრამ თუ აპოლონი და არესი აქილევსს წინააღმდეგობას გაუწევენ, ჩვენც არ დავიხევთ უკანო.

პოსეიდონი და ათენა ჰერაკლეს ბორცვზე დასხდნენ, მათთან სხვა ღმერთებიც იყვნენ, ხოლო კალიკონეს თხემზე აპოლონი და არესი დარჩნენ.

ენეასი გამოეყო ლაშქარს, სპილენძის ოროლს იღერებდა. ლომივით გამოიჭრა მისკენ აქილევსი. ენეასმა აქილევსის ღვთაებრივ ფარს სპილენძის შუბი დაჰკრა. შემდეგ აქილევსმა ესროლა და გააპო ენეასის ფარი. აქილევსმა მახვილით დაიწყო ბრძოლა, ენეასმა ლოდს სტაცა ხელი. აქილევსი გამოასალმებდა მას სიცოცხლეს, ენეასი პოსეიდონს რომ არ გახსენებოდა და არ დახმარებოდა მას. პოსეიდონმა აქილევსს თვალზე ნისლი ააფარა, ამოგლიჯა აქილევსის შუბი და წინ დაუგდო, ხოლო ენეასი ბრძოლის ველიდან დაიტაცა.

ენეასი საბრძოლო ველის ბოლოს აღმოჩნდა. მას პოსეიდონმა უსაყვედურა, რატომ შეერკინე აქილევსს, ვინ წაგაქეზაო, აქილევსის გარდა არავის შეუძლია შენი დამარცხებაო. პოსეიდონმა აქილევსის წინ ბურუსი გაფანტა, აქილევსს უკვირდა ასეთი სასწაული რომ მოხდა. აქილევსი და ჰექტორი ამხნევებდნენ თავიანთ ლაშქრებს. აპოლონმა გააფრთხილა ჰექტორი, ჯერ ნუ შეებრძოლები აქილევსსო. მან ძლიერი გმირები დასცა, მათ შორის პრიამოსის ძე — პოლიდორი. ჰექტორმა ამას ვერ გაუძლო და წინ გამოიჭრა, აქილევსიც დაუხვდა. ჰექტორმა მას შუბი ესროლა, მაგრამ ათენამ ის შეაჩერა და უკანვე დაუგდო ფეხებთან ჰექტორს. აქილევსი ჰექტორისკენ გაიჭრა, მაგრამ აპოლონმა მას ბინდი გადააკრა თვალებზე. აქილევსმა სამჯერ სცადა ბინდის გაფანტვა შუბით, მეოთხედ კი გამწარებულმა შეჰყვირა, რომ იმის მიუხედავად, რომ ჰექტორს აპოლონი იცავდა, მაინც ვერ გაექცეოდა და ის მაინც აიღებდა ტროას.

აქილევსმა დრიოპოსს შუბი დასცა, შემდეგ მეორე ტროელს, მესამეს. ტროელი ტროსი მუხლზე მოეხვია ვაჟკაცს შეწყალების იმედით, თუმცა ამანაც არ გაჭრა განრისხებულ აქილევსთან. მრავალი ტროელი დასცა გამძვინვარებულმა აქილევსმა.

ოცდამეერთე სიმღერა: ბრძოლა მდინარესთან

ტროელმა მეომრებმა მდინარე ქსანთოსს ფონი უპოვნეს და აქილევსისისაგან გამოქცეულნი წყალში გადაეშვნენ. გმირმა კი შუბი ნაპირზე დატოვა, ტოტს ჩაუყვა და მდინარეში მყოფი სასოწარკვეთილი მეომრების ხმლით აჩეხვა დაიწყო. როცა აქილევსი დაიღალა, მეგობრის სიკვდილისთვის შურის საძიებლად, ტყვედ ჩაიგდო თორმეტი ტროელი, რომლებიც მეგობრებს გადასცა ხომალდებთან წასაყვანად. კვლავ საბრძოლველად გაჭრილს პრიამოსის ძე, ლიკაონი, შეხვდა. ლიკაონი კი თორმეტი დღის დაბრუნებული იყო ტყვეობიდან. აქილევსის დანახვისას თავზარი დაეცა, რადგან სწორედ მან გაყიდა პრიამოსის ძე ლემნოსზე. ლიკაონი მიხვდა, რომ სიკვდილი არ ასცდებოდა და სიცოცხლის მწყურვალი გმირს ფეხებში ჩაუვარდა, დიდძალ ძღვენს დაპირდა, თავს აცოდებდა, მაგარამ პატროკლოსის სიკვდილით გაშმაგებულმა აქილევსმა არ დაინდო და მოკლული მდინარეში გადააგდო.
მდინარე ქსანთოსი განარისხა აქილევსმა, რომელიც ტროელებს დასცინოდა და საბრძოლველად თავისი შთამომავალი ასტეროპეოსი, პელეგონის ძე, წააქეზა. პეონთა მეფემ გმირი საბრძოლველად გამოიწვია. ერთმანეთს შუბები სტყორცნეს, მაგრამ ააცდინეს, შემდეგ აქილევსმა ხმალი იშიშვლა და უიარაღო მეტოქე, რომელიც ცდილობდა თავის დასაცავად იფნის ტოტი ამოეძრო, სიცოცხლეს გამოასალმა. გმირმა გარდაცვლილს მიმართა და დაიქადნა, რომ ზევსის შთამომავალს მდინარის ღმერთის შვილი ვერასდროს დააკლებდა რამეს, რადგან ზევსი უზენაესია. ეს თქვა და პეონიელ მხედრებს გამოედევნა. მრავალი მათგანის შემუსვრის შემდეგ მდინარეს მრისხანება მოერია და აქილევსს მიმართა, რათა გაერეკა მებრძოლები სხვაგან და აღარ აევსო მისი კალაპოტი გვამებით, რომელთაც ოკეანესთან შესართავი ჩაუხერგეს. აქილევსი დაეთანხმა მას, მაგრამ უთხრა, რომ მებრძოლთა ჟლეტვას არ მორჩებოდა, სანამ ჰექტორს არ მოკლავდა ან თვითონ არ შეაკვდებოდა. ეს თქვა და მდინარეში გადაეშვა ტროელთა გვამების ამოსაყრელად. გმირის წინ კი საზარი ღელვა ატყდა, ტალღები თავზე უვლიდა, წყალწაღებული წნორს ეჭიდებოდა. აქილევსი გაურბოდა მდინარეს, მაგრამ წყალი უკან მისდევდა და ფეხქვეშ მიწას აცლიდა. ბოლოს უსახელო სიკვდილის მოლოდინით შეწუხებულმა გმირმა ზევსს მიმართა დახმარებისთვის, მან კი უმალ ათენა და პოსეიდონი მოუვლინა, რომელთაც იგი მდინარიდან ამოიყვანეს. განრისხდა ქსანთოსი, საშველად სიმოეისს მოუხმო, გმირის დაღუპვა გადაწყვიტა და მიუშვა მასზე საზარელი ტალღები. ჰერა შეშინდა და თავისი ძე ჰეფესტოსი გააგზავნა მდინარის დასაშოშმინებლად. ჰეფესტოსმა ცეცხლი მოუკიდა მდინარის ნაპირებს და აშიშინდა წყალი მცხუნვარებისაგან. ქსანთოსმა ჰერას შეჰღაღადა და აღუთქვა რომ ამ ბრძოლაში აღარასდროს ჩაერეოდა, ქალღმერთმაც დაიცხრო მრისხანება და გააჩერა თავისი ძე.

აქილევსი კვლავ უმოწყალოდ მუსრავდა ტროელებს, ამიტომ ცრემლმორეულმა პრიამოსმა ილიონის კარიბჭეები გააღო და მეომრებს უკანდახევისკენ მოუწოდა. აპოლონმა კი ანტენორის ძე აგენორი გააძლიერა პელიდთან შესაბმელად. აგენორი გმირს ჩაუსაფრდა.ცფიქრობდა, რომ აქილევსიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და შეძლებდა მის დამარცხებას. შუბშემართულმა მუქარით შესძახა გმირს და ისინი შეიბნენ. შუბები სტყორცნეს, მაგრამ ორივეს ხელი მოეცარა. აპოლონმა იხსნა აგენორი და გააპარა, თვითონ კი სახეშეცვლილმა გაიტყუა აქილევსი. გმირს რამდენჯერაც ეგონა რომ მეტოქეს ეწეოდა, იმდენჯერ ვერ დაიჭირა. ამ დროს კი უკან მიქცეული ტროელნი ქალაქის კარიბჭეს ტალღასავით აწყდებოდნენ და გადარჩენის სიხარულით გული სწრაფად უცემდათ.

ოცდამეორე სიმღერა: ჰექტორის სიკვდილი

ტროელებმა აქილევსს ქალაქში შეასწრეს. კარიბჭესთან გარეთ მხოლოდ ჰექტორი დარჩა. კედელზე შემომდგარი მშობლები, პრიამოსი და ჰეკაბე ამაოდ ევედრებოდნენ, ქალაქში შესულიყო. ჰექტორს რცხვენოდა ტროელებისა, რომლებიც მან ასე ბევრი დაღუპა, როდესაც პულიდამასის რჩევა არ მიიღო. მან გადაწყვიტა, დახვედროდა აქილევსს, მაგრამ როდესაც პელევსის ძე მიუახლოვდა, მისმა საშინელმა შესახედაობამ თავზარი დასცა, ადგილს მოსწყვიტა და გააქცია. მდევნელმა და ლტოლვილმა სამი წრე დაარტყეს ტროას. ზევსმა გმირთა ხვედრი სასწორზე შეაგდო. ჰექტორის პინა ძირს დაეშვა. აპოლონმა შეწყვიტა მისი მფარველობა და ბედის ამარა დააგდო ჰექტორი. ათენამ პრიამოსის ძის, დეიფობოსის სახით შეარცხვინა ჰექტორი და როგორც ძმას, მოუწოდა ერთად დახვედროდნენ აქილევსს.
დაიწყო სასტიკი ორთაბრძოლა, რომელიც პრიამოსის ძის დაღუპვით დასრულდა. აქილევსმა არ შეისმინა მომაკვდავის ვედრება და დამცირება არ აარიდა მის ცხედარს. მან ეტლზე გამოაბა ჰექტორის გვამი და თავისი ხომალდებისკენ გააქანა. პრიამოსი, ჰეკაბე, ანდრომაქე და მთელი ქალაქი ცხარედ მისტიროდა ტროელთა დაღუპულ ბურჯს.

ოცდამესამე სიმღერა: პატროკლოსის დაკრძალვა. ასპარეზობა

ჰექტორის გვამი აქილევსმა პატროკლოსთან მოიტანა და დანაპირები, რომ მისი მკვლელს ცოცხალს არ დატოვებდა, შეუსრულა. პატროკლოსის ცხედრის გარშემო უამრავი პირუტყვის სისხლი დაიღვარა.

აქაველებმა აქილევსი აგამემნონთან მოიხმეს. მტვრისგან და სისხლისგან განბანვა შესთავაზეს, თუმცა გმირმა განაცხადა, რომ იქამდე არ დათანხმდებოდა, სანამ ახალგაზრდა მეგობრის გვამს არ დაწვავდა. დიდი სერობა გამართეს აქაველებმა. ყველამ დაიკმაყოფილა შიმშილის გრძნობა და მოსასვენებლად გაიფანტა, ხოლო აქილევსი იჯდა ზღვის ტალღების მახლობლად პატროკლოსზე დადარდიანებული. დაღლილ, დაქანცულს ჩაეძინა და სიზმრად მეგობარი გამოეცხადა. მან დაკრძალვა სთხოვა და მათი მეგობრობის წლები გაიხსენა. უწინასწარმეტყველა ტროის მაღალი გალავნის ქვეშ სიკვდილი.

მეორე დღეს აგამემნონმა ჯარი გაგზავნა შეშის მოსატანად, რათა დაეწვათ პატროკლოსის გვამი და მისთვის მოსასვენებელი მიეცათ. როდესაც შეშა მოაგროვეს და დათქმულ ადგილას მიიტანეს, აქილევსმა უბრძანა, შეეკაზმათ ეტლი და ცხენები, ასევე სპა აბჯრით აღჭურვილიყო. თვითონ აქილევსი მეგობარს ჰადესის სავანისკენ მიაცილებდა.

როდესაც დანიშნულ ადგილას მივიდნენ, აქილევსმა კულული მოიჭრა და პატროკლოსს ხელში ჩაუდო. მისმა ასეთმა საქციელმა ცხარე ცრემლი მოჰგვარა ყველას, თუმცა აქილევსმა მათ ტირილი აუკრძალა და სამხრის მომზადება მოსთხოვა. პატროკლოსის გვამს თორმეტი რჩეული ტროელი ტყვე შესწირა. ჰექტორის გვამს კი დაწვა არ ეღირსა. პელიდს განიზრახული ჰქონდა, ჰექტორის გვამი ძაღლების საჯიჯგნად მიეგდო, თუმცა ქალღმერთი აფროდიტე ვარდის სურნელით ინახავდა მის ცხედარს, ისე რომ იარების კვალი სრულიად გამქრალიყო.

აქილევსს ბორეასისა და ძეფიროსის დახმარება სჭირდებოდა. იმ დროისთვის ქარებს წვეულება ჰქონიათ და მათთან ამბის მისატანად ირისი მივიდა. გადასცა, რომ აქილევსი მათ ძვირფას ძღვენს ჰპირდებოდა.მთელი ღამე ქარები ძლიერ კოცონს ანთებდნენ აქილევსი კი ღვინოს ცეცხლის გარშემო ასხურებდა.

განთიადისას დაქანცულ აქილევსს ძილი ეწვია, თუმცა ლაშქრის ფეხის ხმამ დაურღვია მყუდროება. ბრძანა, ჩაექროთ ნაკვერჩხალი და აეგროვებინათ პატროკლოსის ძვლები, რომლებიც შუაში ეყარა, ხოლო ირგვლივ, გროვად იწვოდნენ კაცნი და ცხენნი. შეაგროვეს მეგობრის თეთრი ძვლები და თასში ქონით მოფინეს. ეს თასი კარავში მოათავსეს და ტილო დაადეს. კოცონის ახლოს მონახეს საფლავი და მოაყარეს ფხვიერი მიწა. აქილევსმა მოიტანა გემიდან განძი, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა ასპარეზობის გამართვა. მასში გამარჯვებული კი უამრავ ძღვენს მიიღებდა.

თავდაპირველად დოღის გამართვა მოისურვა. პირველი მსურველი ეტლის მართვით სახელგანთქმული ევმელოსი აღმოჩნდა, მას დიომედესი, მენელაოსი და ანტილოქოსი მოჰყვნენ. დოღის მიმდინარეობისას აიასმა და იდომენევსმა სანაძლეო დადეს, თუ ვინ გახდებოდა გამარჯვებული. მოწმედ კი აგამემნონი აირჩიეს. საბოლოო ჯამში, ეს დავა დაპირისპირებაში გადაიზარდებოდა, რომ არა აქილევსი.

გამარჯვებული მალევე გამოირკვა. იგი დიომედესი გახდა. მის შემდეგ ანტილოქოსი, რომელმაც ძალიან მცირე მანძილით შეძლო მენელაოსის დამარცხება. სულ ბოლო კი ევმელოსი, ადმეტოსის ძე.

აქილევსმა კიდევ რამდენიმე სახეობაში მოაწყო შეჯიბრი. იყო მაგალითები იმისა, თუ როგორ ეხმარებოდა ქალღმერთი ათენა ოდისევსს მალმსრბოლელთა ასპარეზობაში. აიასმა ათენას ოდისევსის მფარველი ღმერთი უწოდა, რადგან ასაკით უფროსია და მიიჩნია, რომ ღმერთი იყო გამარჯვების მთავარი მიზეზი.

აქილევსმა ბრძანა, ორ მსურველ მეომარს აესხა აბჯარი და შერკინებოდა ერთმანეთს. აიასსა და დიომედესს გაუჩნდათ სურვილი ამ ასპარეზობაში მონაწილეობის მიღებისა. აქაველები შიშის ზარმა შეიპყრო. თუმცაღა შერკინება თანაბარი წარმატებით დასრულდა და ჯილდოც თანაბარი მიიღეს.

ოცდამეოთხე სიმღერა: ჰექტორის გამოსყიდვა

კრების დაშლის შემდეგ აქილევსი დამწუხრებული იყო, დაღუპულ მეგობარზე ტკბილი მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა. მოულოდნლად შეკაზმა ცხენი და ჰექტორის ცხედარი სათრევად ეტლს მიაბა, მეგობრის სასაფლაოს სამჯერ შემოვლის შემდეგ კი კარავში დამშვიდებული დაბრუნდა.

ჰექტორის გვამს აპოლონი სწყალობდა, ნაგვემ-ნათრევს სხეულს ოქროს აიგისით უფარავდა, კვალი რომ არ დასტყობოდა. ღმერთებმა რომ იხილეს აქილევსის მრისხანება, ჰერმესს ურჩიეს ჰექტორის გვამის მოპარვა. ეს გადაწყვეტილება ყველას მართებულად მიაჩნდა, მხოლოდ ჰერა და პოსეიდონი იყვნენ წინააღმდეგნი, რადგანაც მათ ილიონი და პრიამოსი ძველებურად სძულდათ. აპოლონმა ღმერთებს საყვედურით მიმართა და შეახსენა, თუ რაოდენ ძღვენს სწირავდა ჰექტორი მათ, ხოლო ღმერთები გვამის გადარჩენაზე ყოყმანობდნენ. ზევსმა გადაწყვიტა თეტისის დახმარებით მოეგვარებინა საქმე და ირისი გაგზავნა თეტისთან.

ზევსმა ოლიმპოსზე გამოცხადებულ თეტისს მოახსენა, რომ სურდა აქილევსს საზღაური აეღო ტროელთაგან და გვამი დაებრუნებინა მათთვის, რათა არ გაეწბილებინა ღმერთები. ოლიმპოსიდან ქალღმეღთი აქილევსთან მიიჭრა, რომელიც კარავში კვნესოდა. თეტისმა შვილს მოახსენა ზევსის დანაბარები და დაითანხმა გვამი გაეცვალა გამოსასყიდში.

პრიამოსმა თავისი სურვილი, წასულიყო ჰექტორის გვამის გამოსასყიდად, უამბო ჰეკაბეს, რომელიც მეუღლის აქილევსთან მისვლას მახედ მიიჩნევდა. მეუღლეს ისიც გაანდო პრიამოსმა, რომ ზევსის გამოგზავნილი მაცნისგან შეიტყო ყველაფერი და შიშის საბაბი არ ჰქონდათ. მოხუცი შეუდგა განძის შეგროვებას, მას არაფერი არ ენანებოდა შვილის გამოსასყიდად. მეფემ შვილები გალანძღა და გოდებდა: ნეტავ ჰექტორის ნაცვლად ყველანი ერთად დახოცილიყავითო. პრიამოსმა ისინი დააჩქარა, რომ ეტლი შეეკაზმათ და განძით სავსე სკივრი შეებათ. მეფემ ჰეკაბეს თხოვნით აღავლინა ლოცვა და ღვინო ასხურა, რათა კრონიდს ფრინველი მოევლინა მარჯვენა მხრიდან.

ზევსს გული ეწვოდა პრიამოსის სიბრალულით, ამიტომაც ჰერმესი მიუვლინა მოხუცს, რომელსაც ეხერხებოდა კაცთა შველა და მეგობრობა. ჰერმესი პრიამოსს ახალგაზრდა მეომრის სახით მოევლინა. ის მოხუცს საამოდ ესაუბრა ჰექტორის გმირობაზე.

ჰერმესმა გუშაგები დააძინა და ისე შეაპარა პრიამოსი პელიდის კარავთან. მან მოხუცს უთხრა, რომ მის წინაშე იდგა ღმერთი, რომელიც ზევსის მიერ იყო მოვლენილი. ამის შემდეგ ჰერმესი ოლიმპოსისკენ გაეშურა, რადგანაც არ შეიძლებოდა ღმერთებს პატივი ეცათ მოკვდავი მეომრებისათვის.

კარავში შესული პრიამოსი მუხლებში ჩაუვარდა შვილის მკვლელს და სთხოვა ცხედრის დაბრუნება. აქილევსს მამა მოაგონდა, მოხუცი პელევსი, რომელსაც ერთი შვილი ჰყავდა და ისიც დღემოსწრაფებული. პელიდმა მოხუცს უთხრა, რომ ცრემლის ღვრით ვერაფერს გახდებოდა, რომ ყველაფერი ღმერთების ნება იყო და ზევსი გადაწყვეტს მათ ბედსა თუ უბედობას. აქილევსმა მსახურებს უბრძანა ჰექტორის ცხედრისთვის მიეხედათ, რათა ამით უფრო არ გაეღიზიანებინა მოხუცი.

მეფეს სუფრა გაუშალეს, რომელსაც შვილის გარდაცვალების შემდეგ ლუკმაც არ მიუღია და არ უძინია. აქილევსი პრიამოსს შეჰპირდა, რომ რამდენი დღეც დასჭირდებოდათ დასაკრძალად, იმდენ დღეს საბრძოლველად არ გავიდოდა. მეფემ აქილევსს სთხოვა მოსვენების უფლება მიეცა.

ჰერმესმა, რომელიც განცვიფრებული იყო პრიამოსის ტკბილი ძილით მტრის ბანაკში, გააღვიძა მოხუცი, ცხენები შეუკაზმა და სამშვიდობოს რომ გაიყვანა, კვლავ ოლიმპოსზე დაბრუნდა. კასანდრამ აივნიდან დაინახა მამა და ხალხს აცნობა მათი დაბრუნება, ტროაში შესულთ მტირალნი დახვდნენ. ჰექტორის გვამის სარეცელზე დასვენების შემდეგ ის პირველი ცოლმა, ანდრომაქემ დაიტირა. მოიგონა ვაჟკაცი მეუღლის გმირობა და პატარა ვაჟი, რომელიც ადრე დაობლდა. შემდეგ დედამ დაიტირა ჰექტორი, უსაყვარლესი შვილი. ჰელენემაც დაიტირა მაზლი, რომელიც ყოველთვის კეთილად ექცეოდა მას.

პრიამოსმა ხალხს მოახსენა აქილევსის პირობა და უბრძანა მსახურებს შეშის მოტანა. ცხრა დღე შეშას ეზიდებოდნენ, ხოლო მეათე დღეს გვამს ცეცხლი შეუნთეს. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რომელთაც ღვინო ასხურეს საფლავს. ძმებმა ძვლები შეკრიბეს, ნეშტი ჩადეს ოქროს ლარნაკში და თხელი პეპლოსი დააფარეს, ღრმა სავანეში ჩაასვენეს, ლოდები დააფარეს და შემდეგ აღუმართეს ყორღანი, რომელსაც მცველები დაუყენეს. საფლავზე მიწის დაყრის შემდეგ ყველა წავიდა სასახლეში, სადაც ზევსის საყვარელმა მეფე პრიამოსმა დიდი ქელეხი გადაიხადა.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.