თომას მანი – დოქტორი ფაუსტუსი (რომანის მოკლე შინაარსი)

—1947—
რომანის მოკლე შინაარსი
წაკითხვის დრო — 8 წთ
ორიგინალი — 19 სთ

თხრობას უძღვება ფილოსოფიის დოქტორი ზერენუს ცაიტბლომი. იგი 1883 წელს დაიბადა, დაამთავრა პატარა ქალაქ კაიზერსაშერნის გიმნაზია, შემდეგ უნივერსიტეტი, გახდა კლასიკური ენების მასწავლებელი და შექმნა ოჯახი.

ადრიან ლევერკიუნი მასზე ორი წლისთ უმცროსია. ადრეული ბავშვობა მან მშობლების მამულ ბუხელში გაატარა, კაიზერსაშერნის მახლობლად. ოჯახში კიდევ ორი ბავშვია — უფროსი ძმა და უმცროსი და; ოჯახის ცხოვრების წესი განსაზღვრულია კეთილსინდისიერებით და ტრადიციებისადმი მყარი ერთგულებით.

ადრიანს ადრე ჩამოუყალიბდა მეცნიერებისადმი მიდრეკილება, იგი გიმნაზიას მიაბარეს. ქალაქში იგი ბიძამისის, ნიკოლაუს ლევერკიუნის სახლში ცხოვრობს, რომელსაც მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია აქვს. სწავლაში ბრწყინვალე წარმატებების მიუხედავად, ბიჭი ერთგვარად ქედმაღალი და გულჩათხრობილია და მისი ასაკისთვის შეუსაბამოდაა შეყვარებული მარტოობაზე.

თოთხმეტი წლის იყო, როდესაც პირველად გამოავლინა მუსიკისადმი ინტერესი და ბიძის რჩევით დაიწყო მუსიკის შესწავლა მუსიკოს ვენდელ კრეჩმართან. ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერად ებმოდა ენა, კითხულობდა მშვენიერ საჯარო ლექციებს მუსიკის თეორიასა და ისტორიაში და ახალგაზრდა ადამიანებს დახვეწილ მუსიკალურ უყალიბებდა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰალეს უნივერსიტეტში ადრიან ლევერკიუნი ღვთისმეტყველებას სწავლობს და იქ გადადის ცაიტბლომიც. პროფესორებს შორის მრავალი საინტერესო ადამიანია: მაგალითად, არქაიზებული გერმანულის მოყვარული ლექტორი ერენფრიდ კუმპფი ან რელიგიის ფსიქოლოგიის მასწავლებელი, პრივატდოცენტი ებერჰარდ შლეპფუსი თავის მოსწავლეებს ასწავლიდა ადამიანის ცხოვრებაში მაგიისა და დემონიზმის არსებობის თეორიას. თანატოლების გარემოცვალი ადრიანს რომ აკვირდება, ცაიტბლომი სულ უფრო რწმუნდება მისი ბუნების არაორდინალურობაში.

ლევერკიუნი არ წყვეტს კრეჩმართან კავშირს და როდესაც მასწავლებელს ლაიპფიგის კონსერვატორიაში მიიწვევენ, თვითონაც გადადის იქ. მას გული უცრუვდება ღვთისმეტყველებაზე და ახლა სწავლობს ფილოსოფიას, მაგრამ კიდევ უფრო იხრება მუსიკისაკენ; ამასობაში კრეჩმარს მიაჩნია, რომ ისეთი სასწავლო დაწესებულება, როგორიც კონსერვატორიაა, ტალანტისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

ლაიფციგში ჩასვლის დღეს ადრიანი სასადილოს ნაცვლად ბარგის დამტარებელს საროსკიპოში მიჰყავს. გარყვნილებიგან შორს მდგარ ყმაწვილთან მიდის ბოლეროში გამოწყობილი, ნუშისებრ თვალებიანი შავგვრემანი, პაჭუა ცხვირიანი „ასული“ და ცდილობს, ლოყაზე მოეფეროს. გონებაში ადრიანმა მას „ესმერალდა“ (Haetera Esmeralda) უწოდა. ყმაწვილი გარბის. ამის შემდეგ ამ ქალის ხატი მას არ მიატოვებს, მაგრამ მთელი წელიწადი გაივლის, სანამ ყმაწვილი გადაწყვეტს, რომ უნდა იპოვოს. მას მოუხდება ქალის გულისთვის ბრატისლავაში ჩასვლა, მაგრამ როდესაც ადრიანი ბოლოს და ბოლოს იპოვის გოგონას, ქალი აფრთხილებს, რომ სიფილისითაა დაავადებული; მიუხედავად ამისა, ყმაწვილი მის სხეულს მაინც დაეუფლა.

ლაიფციგში დაბრუნების შემდეგ ადრიანი მეცადინეობებს განაახლებს, მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ ექიმს უნდა მიმართოს. მკურნალობა ბოლომდე არ იყო მიყვანილი, როდესაც ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა. სხვა ექიმის პოვნის მცდელობა უშედეგოდ მთავრდება: ექიმს აპატიმრებენ. ამის შემდეგ ყმაწვილი გადაწყვეტს, აღარ იმკურნალოს.

ამასობაში ადრიანი გატაცებით ქმნის მუსიკას. ამ პერიოდის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს რომანტიკოსი პოეტის კლემენს ბრენტანოს ლექსებზე სიმღერების შექმნისას. ლაიფციგში ლევერკიურნი გაიცნობს პოეტსა და მთარგმნელ რიუდიგერ შილდკნაპს, რომელსაც დაითანხმებს, რომ შექმნას საოპერო ლიბრეტო შექსპირის კომედიისათვის „ამაო გარჯა სიყვარულისა“ (“Love’s Labour’s Lost”).

1910 წ. კრეჩმარი მიიღებს ლიუბეკის თეატრის მთავარი დირიჟორის პოსტს, ხოლო ლევერკიუნი გადადის მიუნხენში, სადაც ოთახს იქირავებს ბრემენელი სენატორის, გვარად როდეს, ქვრივისა და მისი მოზრდილი ქალიშვილების — ინესისა და კლარისას სახლში. სახლში ხშირად იმართება წვეულებები და ლევერკიურნის ახალ ნაცნობებს შორის ბევრია ხელოვანთა წრიდან, მათ შორის, ახალგაზრდა მევიოლინე რუდოლფ შვერდტფეგერი. იგი ადრიანის მეგობრობას ჯიუტად მიელტვის და მისთვის სავიოლინო კონცერტის დაწერასაც კი სთხოვს. მალე მიუნხენში გადადის შილდკნაპიც.

ლევერკიუნი ვერსად ვერ პოულობს მოსვენებას და გაგანია ზაფხულში, ივნისის მიწურულს შილდკნაპთან ერთად იტალიაში მიემგზავრება. ცხელ ზაფხულს ისინი ატარებენ სამთო დასახლება პალესტრინაში. იქ ჩამოაკითხავს ცოლ-ქმარი ცაიტბლომები. ადრიანი ბევრს მუშაობს ოპერაზე, ხოლო ცაიტბლომი აღმოაჩენს, რომ მისი მუსიკა უაღრესად გასაოცარი და ნოვატორულია. ძველი მეგობარი ადრიანს შეატყობს, რომ კომპოზიტორი ქალებს თავს არიდებს.

აქ ლევერკიუნს შეემთხვევა ეპიზოდი, რომლის დეტალურ აღწერასაც ბევრად გვიან მის სანოტო რვეულში აღმოაჩენს ცაიტბლომი. როდესაც მარტოდმარტო ზის და კიერკეგორის ნააზრევს კითხულობს მოცარტის „დონ ჯოვანიზე“, გამთბარ ოთახში ფანჯრიდან ყინვა შემოიჭრება, მას ეწვევა თვით სატანა და უცხადებს, შენს საიდუმლო სნეულებასა და შენი ბედით დაუღალავ ინტერესში ჩემი ხელი ურევიაო. ეშმაკი ლევერკიუნს ნაციის კულტურაში გამორჩეულ როლს, ახალი ერის გამომცხადებლის როლს ჰპირდება და მას „უახლესი ბარბაროსობის ერას“ უწოდებს. ეშმაკი აცხადებს, რომ როდესაც ადრიანი ცუდი სნეულებით, სატანის სიტყვებით, „ფრანგული ავადმყოფობით“ შეგნებულად დაავადდა, ამით მან კავშირი შეჰკრა ბოროტების ძალებთან და იმ დროიდან დრო აითვლება და ოცდაოთხი წლის შემდეგ სატანა მას თავისთან მოუხმობს. ამავე დროს, არის ერთი პირობა: ლევერკიუნმა სამუდამოდ უნდა თქვას უარი სიყვარულზე.

1912 წლის შემოდგომაზე მეგობრები იტალიიდან ბრუნდებიან და ადრიანი ოთახს ქირაობს შვაიგენშტილის მამულში, მიუნხენის მახლობლად, რომელიც ადრევე შეამჩნია თავისი ქალაქგარეთ სეირნობების დროს: ეს ადგილი გასაოცად ჰგავს მისი მშობლების მამულს. აქ მასთან ხშირად ჩამოდიან მიუნხენელი ნაცნობ-მეგობრები.

ლევერკიუნმა ოპერა დაასრულა და ისევ ვოკალური პიესების შექმნას შეუდგა. ნოვატორობის გამო ფართო საზოგადოება მათ არ აღიარებს, მაგრამ მაინც სრულდება გერმანიის ბევრ ფილარმონიაში და ავტორისთვის სახელი მოაქვთ. 1914 წელს წერს სიმფონიას „სამყაროს სასწაულები“. დაწყებული მსოფლიო ომი ლევერკიუნს არანაირად არ ეხება, იგი შვაიგენშტილებთან ცხოვრობს და ძველებურად ბევრს მუშაობს.

ამასობაში ინეს როდე ცოლად მიჰყვება პროფესორს ინსტიტორისს, თუმცა კი სინამდვილეში გამოუტყდომლად უყვარს შვერდტფეგერი, რაშიც თავად უტყდება ავტორს. მალე კავშირსაც დაამყარებს მევიოლინესთან, მაგრამ იტანჯება განშორების აუცილებლობით. მისი და კლარისაც ტოვებს მშობლირ სახლს, რათა უშურველად მიუძღვნას საკუთარი თავი სცენას, ხოლო უკვე ასაკში შესული სენატორის ქვრივი როდე პფაიფერინგში გადადის, ადრიან ლევერკიუნის მახლობლად, რომელსაც სწორედ ამ დროს წამოუწყია ორატორია „აპოკალიფსი“. მას ჩაფიქრებული აქვს თავისი დემონიური მუსიკით დაანახოს კაცობრიობას მიჯნა, რომელსაც ის უახლოვდება.

1922 წლის გაზაფხულზე პფაიფერინგში დედასთან ბრუნდება კლარისა როდე. მან შემოქმედებითი ფიასკო განიცადა, პირადი ბედნიერების იმედიც დაკარგა და სიცოცხლესთან ანგარიში გაასწორა: საწამლავი დალია.

ლევერკიუნი ბოლოს და ბოლოს ყურს ათხოვებს შვერდტფეგერის თხოვნებს და უძღვნს მას კონცერტს, რომელსაც ხმაურიანი წარმატება აქვს. განმეორებით ამ კონცერტს ციურიხში ასრულებენ, სადაც ადრიანი და რუდოლფი გაეცნობიან თეატრის მხატვარ მარი გოდეს. თვეების შემდეგ მარი მიუნხენში ჩადის, ხოლო რამდენიმე დღეში მევიოლინე ლევერკიუნს სთხოვს, მარისთან უმაჭანკლოს. კომპოზიტორი უხალისოდ ეთანხმება და აღიარებს, რომ თვითონაც ცოტა შეყვარებულია. ორი დღის შემდეგ ყველამ იცის, რომ რუდოლფი და მარი დაინიშნენ. ქორწილი პარიზში უნდა შედგეს, სადაც მევიოლინეს ახალიკონტრაქტი აქვს; მაგრამ მიუნხენში კონცერტიდან დაბრუნებისას მევიოლინეს ინეს როდე ჰკლავს: ეჭვიანობის ნიადაგზე პირდაპირ ტრამვაიში ესვრის ტყვიას. ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ საჯაროდ სრულდება „აპოკალიფსი“. კონცერტი სენსაციური წარმატებით ტარდება, მაგრამ ავტორი ღრმა სულიერი გულდამძიმებულობის გამო მას ვერ ესწრება. კომპოზიტორი აგრძელებს საოცარი კამერული პიესების წერას, ამავე დროს, მწიფდება კანტატის, „დოქტორ ფაუსტუსის გოდების“ გეგმა.

1928 წელს ლევერკიუნთან პფაიფერინგში სტუმრად ჩამოჰყავთ მისი უმცროსი დისწული, ხუთი წლის ნეპომუკ შვაიდევაინი, რადგან ბავშვის დედა, ადრიანეს და ურზულა სანატორიუმში მკურნალობდა. ადრიანი მთელი გულით შეიყვარებს ამ საოცარ, წყნარ და სათუთ ლურჯთვალება ანგელოზს, ეს სიყვარული, შესაძლოა, მისი ცხოვრების ყველაზე უფრო ნათელი ნაწილიც კი იყო. ჯადოსნური ბავშვი არა მხოლოდ ამ სახლის მკვიდრების, მთელი სოფლის აღტაცებას იწვევდა; მაგრამ ორი თვის შემდეგ ნეპომუკს ანუ „ნეპოს“, როგორც შინაურები ეძახდნენ, ან კიდევ „ექოს“, როგორც თავად ეძახდა საკუთარ თავს, მენინგიტი ემართება და რამდენიმე დღეში ტანჯვაში ამოხდება სული. ექიმები უძლურები არიან. მშობლემბა პატარა კუბო თან წაიღეს თავიანთ სამშობლოში.

შემდეგი ორი წელი ლევერკიუნისთვის დაძაბული შემოქმედებითი აქტივობის ხანაა: წერს თავის კანტატას. 1930 წ. მაისში ნაცნობ-მეგობრებს მოუხმობს თავისი ახალი ნაწარმოების მოსასმენად. ოცდაათამდე სტუმარი იყრის თავს და სწორედ მაშინ წარმოთქვამს იგი აღსარებას, რომ უკანასკნელი ოცდაოთხი წლის განმავლობაში ყველაფერში, რაც შეუქმნია, სატანის ხელი ურევია. მისი უნებლიე მცდელობები, ეშმაკის მიერ აკრძალულ სიყვარულს მისცემოდა (ყმაწვილ მევიოლინესთან მეგობრობა, ქორწინების სურვილი და უმანკო ბავშვის სიყვარულიც კი) ყველას აღსასრულით დამთავრდა, ვის მიმართაც მას სიყვარული აღძვრია; სწორედ ამიტომ იგი თავის თავს არა მხოლოდ ცოდვილად, არამედ მკვლელადაც მიიჩნევს. სტუმრები შოკში ჩავარდნენ, ბევრი მათგანი წავიდა კიდევ.

ლევერკიუნი იწყებს თავისი ქმნილების შესრულებას ფორტეპიანოზე, მაგრამ უეცრად იატაკზე ვარდება, ხოლო როდესაც გონს მოდის, შეშლილობის ნიშნებს ამჟღავნებს. კლინიკაში სამი თვის მკურნალობის შემდეგ დედას ნებას რთავენ, სახლში წაიყვანოს და ისიც სიცოცხლის ბოლომდე პატარა ბავშვივით უვლის მას. როდესაც 1935 წელს ცაიტბლომი მასთან ორმოცდაათი წლისთავის მისალოცად ჩადის, ადრიანი მეგობარს ვერ იცნობს, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გენიალური კომპოზიტორი გარდაიცვლება.

თხრობა ხშირად წყდება ავტორისეული წიაღსვლებით, რომლებშიც მისი თანამედროვე გერმანიაზეა საუბარი; ეს წიაღსვლები სავსეა „სახელმწიფო-ურჩხულის“ ტრაგიკულ ხვედრზე განსჯით, იმ ნაციის კრახზე მსჯელობით, რომელმაც საკუთარი თავის მთელ სამყაროზე მაღლა დაყენება განიზრახა. ავტორი წყევლა-კრულვას უთვლის ხელისუფლებას, რომელმაც აყვავების ლოზუნგებით დაღუპა საკუთარი ხალხი.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.