ჰაინრიხ ბიოლი – კლოუნის თვალთახედვა (რომანის მოკლე შინაარსი)

—1963—

რომანის მოკლე შინაარსი
კითხვის დრო 9 წთ
ორიგინალი — 9 სთ

მოქმედების ადგილი — ბონი, მოქმედების დრო დაახლოებით ემთხვევა რომანის შექმნის დროს. თავად თხრობა კი წარმოადგენს კომიკოსი მსახიობის ან, უბრალოდ, კლოუნის, ჰანს შნირის ვრცელ მონოლოგს.

ჰანსი ოცდაშვიდი წლისაა და მან ახლახან გადაიტანა ბედის ყველაზე მძიმე დარტყმა — მისგან წავიდა და ვინმე ციუპფნერს, „ამ კათოლიკეს“, გაჰყვა მარი, მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული. ჰანსის ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მარის წასვლის შემდეგ მან სმა დაიწყო, ამის გამო დაუდევრად მუშაობს და ეს იმავე წამს აისახა მის შემოსავალზე. ამასთან, წინა დღეს ბოხუმში, ჩარლი ჩაპლინის განსახიერებისას, დაეცა და მუხლი დაიზიანა. ამ გამოსვლაში აღებული ფული ძლივს ეყო მხოლოდ იმისთვის, რომ სახლამდე მიეღწია.

ჰანსის ჩამოსვლისთვის მისი ბინა მზადაა — ამისთვის მანამდე ტელეგრამით გაფრთხილებულმა მისმა ნაცნობმა, მონიკა ზილვსმა, იზრუნა. სახლამდე მანძილი ძლივს გაიარა. ბინა, რომელიც ბაბუამ აჩუქა (შნირები ნახშირის მაგნატები არიან), მეხუთე სართულზეა და მასში ყველაფერი: კარი, შპალერი, კედლის კარადები ჟანგიან წითელ ფერზეა შეღებილი. მონიკას ბინა დაულაგებია, მაცივარი პროდუქტებით გაუვსია, სამზარეულოში ყვავილები და ანთებული სანთელი დაუხვედრებია, სამზარეულოს მაგიდაზე კი კონიაკის ბოთლი დაუდგამს, სიგარეტი და დაფქული ყავა დაუდვია. ჰანსი ნახევარ ჭიქა კონიაკს სვამს, მეორე ნახევარს შესივებულ მუხლზე ისხამს.

ჰანსის ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანა ფულის შოვნაა, მხოლოდ ერთი მარკა დარჩა. მოხერხებულად ჯდება და მტკივან ფეხს დებს, აპირებს დაურეკოს ახლობლებსა და ნათესავებს, ამიტომ წინასწარ ამოწერს უბის წიგნაკიდან ყველა საჭირო ნომერს. სახელებს ორ სვეტად ყოფს: ისინი, ვისგანაც შეიძლება ისესხოს ფული და ისინი, ვისაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მიმართოს. მათ შორის ლამაზ ჩარჩოში ჩასმული აქვს მონიკა ზილვსის სახელი — ეს ერთადერთი ქალიშვილია, რომელმაც, როგორც ხანდახან ეჩვენება ჰანსს, შეუძლია, მარი შეუცვალოს; მაგრამ ახლა, როდესაც მარის გარეშე იტანჯება, თავს უფლებას ვერ აძლევს, რომ ერთი ქალის „ხორციელი ჟინის“ (როგორც წერენ მარის რელიგიურ წიგნებში) წყურვილი მეორე ქალთან დაიკმაყოფილოს და მშობლების სახლის ნომერს კრეფს, ტელეფონთან ქალბატონი შნირის მისვლას ითხოვს. სანამ დედამისი ყურმილს აიღებს, ჰანსი ასწრებს, გაიხსენოს თავისი არცთუ ისე ბედნიერი ბავშვობა მდიდარ სახლში, დედის მუდმივი ფარისევლობა და მლიქვნელობა. თავის დროზე ქალბატონი შნირი სრულად იზიარებდა ნაციონალ-სოციალისტების აზრებს და, „რათა გერმანიის წმინდა მიწიდან ებრაელი იანკები განედევნათ“, თექვსმეტი წლის ქალიშვილი ჰენრიეთე გაუშვა ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო ნაწილში, სადაც ბავშვი დაიღუპა. ახლა კი ჰანსის დედა, დროის მოთხოვნების მიხედვით, „რასობრივი წინააღმდეგობების შერიგების გაერთიანებულ კომიტეტს ხელმძღვანელობს“. დედასთან საუბარი აშკარად არ გამოსდის. ამასთან, დედამ უკვე იცის მისი ბოხუმური წარუმატებლობის ამბავი და თითქმის დაუფარავი სიხარულით, საკმაოდ იქედნურადაც შეახსენებს ამას.

სულ მალე ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ჰანსი იტყვის: „მე კლოუნი ვარ და წამებს ვაგროვებ“. მართლაც, მთელი თხრობა შედგება მოგონებებისგან, ხშირად სწორედ წამებისგან. ყველაზე დაწვრილებითი, ყველაზე ძვირფასი მოგონებები მარისთანაა დაკავშირებული. ჰანსი ოცდაერთი წლისა იყო და მარი ცხრამეტისა, როდესაც იგი ერთ საღამოს „უბრალოდ შევიდა მარის ოთახში, უნდოდა ის გაეკეთებინა, რასაც ქალი და კაცი ერთად აკეთებენ“. მარიმ ის არ გააგდო, მაგრამ ამ ღამის შემდეგ კიოლნში გაემგზავრა. ჰანსიც მას დაედევნა. დაიწყო მათი ერთობლივი ცხოვრება; არ იყო იოლი, რადგან ჰანსი მხოლოდ მაშინ იწყებდა თავის პროფესიულ კარიერას. მარისთვის, თავდადებული კათოლიკესთვის, ჰანსთან კავშირი, რომელიც ეკლესიას არ უკურთხებია, ყოველთვის ცოდვა იყო — ჰანსი ხომ, პროტესტანტი მშობლების შვილი, რომელთაც ის კათოლიკურ სკოლაში მიაბარეს ყველა აღმსარებლობის შერიგების ომისშემდგომი მოდის მიხედვით, ურწმუნო იყო. ბოლოს და ბოლოს, იმ კათოლიკური წრის წევრებმა (მარი, ჰანსის თანხმობით, ხშირად ესწრებოდა მათს შეკრებას და ჰანსსაც ხშირად თავად მიუყვანია), მარი დაარწმუნეს, მიეტოვებინა თავისი კლოუნი და ცოლად გაჰყოლოდა კათოლიკური სიქველით შემკულ ჰერიბერთ ციუპფნერს. ჰანსს სასოწარკვეთილება იპყრობდა, როცა წარმოიდგენდა, რომ „ციუპფნერს შეეძლო და უფლებაც ჰქონდა, ეცქირა, როგორ იცვამს მარი და როგორ ახრახნის კბილის პასტის ტუბს სახურავს.“ თავისი გამოცდილებით იცოდა, რომ კათოლიკეებმა წვრილმანების ფასი არ იციან. მარიმ თავისი (და ციუპფნერის) ბავშვები ქუჩაში შიშველი უნდა ატაროსო, ფიქრობს ჰანსი, რადგან არაერთხელ და ხანგრძლივად განუხილავთ ერთად, რას და როგორ ჩააცმევდნენ თავიანთ მომავალ ბავშვებს.

ახლა ჰანსი თავის ძმა ლეოს ურეკავს, რომელსაც სასულიერო ასპარეზი აურჩევია. ძმასთან ლაპარაკს ვერ ახერხებს, რადგან ამ მომენტში სტუდენტი-ღვთისმეტყველები სადილობენ. ჰანსი ცდილობს, რამე გაიგოს მარიზე, ურეკავს მისი კათოლიკური წრის წევრებს, მაგრამ ისინი მხოლოდ რჩევას აძლევენ, რომ ვაჟკაცურად გადაიტანოს ბედის დარტყმა და, როგორც წესი, საუბარს იმის შეხსენებით ასრულებენ, რომ კანონის მიხედვით, მარი არც ყოფილა მისი ცოლი. ამასობაში ჰანსს ურეკავს მისი აგენტი, ცონერერი. უხეში და უზრდელია, მაგრამ გულწრფელად ებრალება ჰანსი და პირობას აძლევს, მასთან იმუშაოს, თუკი სმას თავს დაანებებს და სამ თვეს ვარჯიშში გაატარებს. ყურმილს რომ დებს, ჰანსი ხვდება, რომ ეს ერთადერთი კაცი იყო ამ საღამოს, ვისთანაც კიდევ სიამოვნებით ისაუბრებდა.

ზარის ხმაა. ღილაკს თითი დააჭირა, პირველ სართულზე, სტუმრისთვის სახლის შემოსასვლელი კარი რომ გაეღო. ბინიდან გარეთ გავიდა და ლიფტთან დადგა. ლიფტის კარი გაიღო და, ჰანსის გასაკვირად, იქიდან მამამისი, ალფონს შნირი, შნირების ნახშირის კონცერნის გენერალური დირექტორი, გამოვიდა. მამა-შვილი დაბნეულია, ურთიერთობის დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ. მამას უნდა, დაეხმაროს. გენეჰოლმთან ულაპარაკია. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო შეურჩევია, — ფიქრობს ჰანსი: გენეჰოლმი ხომ ფედერაციული რესპუბლიკის საუკეთესო თეატრალური კრიტიკოსია; ის, თურმე, ჰანსს ურჩევს, პანტომიმაში იმეცადინოს ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან და გამოსვლათა ძველ მანერაზე საერთოდ უარი თქვას. მამა მზადაა, ეს მეცადინეობა დააფინანსოს. ჰანსი უარს ამბობს, ამას იმით ხსნის, რომ მისთვის უკვე გვიანაა სწავლა, მან უნდა იმუშაოს. „ესე იგი, ფული არ გჭირდება?“ — ეკითხება მამა და მის ხმაში გარკვეული შვება იგრძნობა. ირკვევა, რომ ფული საჭიროა. ჰანსს მხოლოდ ჯიბეში ჩარჩენილი ერთი მარკა აქვს. როდესაც გაიგებს, რომ ვარჯიშისთვის შვილს დაახლოებით ათასი მარკა სჭირდება თვეში, მამა შოკირებულია. მისი წარმოდგენით, შვილს თვეში ორასი მარკა ეყოფოდა, მზადაა, სამასიც აძლიოს. ბოლოს და ბოლოს, საუბარი სხვა სიბრტყეში გადადის და ჰანსს აღარ უხერხდება, ისევ ფულზე ილაპარაკოს. მამის გაცილებისას, ფული რომ შეახსენოს, ერთადერთი დარჩენილი მონეტით ჟონგლიორობას იწყებს, მაგრამ ეს შედეგს არ გამოიღებს. მამის წასვლის შემდეგ ჰანსი მამის საყვარელს, მსახიობ ბელა ბროზენს ურეკავს და სთხოვს, თუ გამოუვა, შთააგონოს მამას აზრი, რომ ჰანსს ფული „უსაშველოდ“ სჭირდება. ყურმილს დებს იმ განცდით, რომ „ამ წყაროდან არაფერი გამოდინდება“, ქალი მეტისმეტად ბრიყვი აღმოჩნდა. იმდენად ბრიყვი, რომ მამა შეებრალა კიდეც ასეთი საყვარლის ხელში. გამწარებულმა ჯიბიდან უკანასკნელი მარკიანი ამოიღო, ქუჩაში გადააგდო და იმავე წამს ინანა. თვალი გააყოლა, მაგრამ ვეღარ დაინახა. მხოლოდ მოეჩვენა, თითქოს გაიგონა, როგორ დაეცა ჩავლილი ტრამვაის სახურავზე. მზადაა, ჩავიდეს, მოძებნოს, მაგრამ ეშინია, ლეოს ზარი ან მოსვლა არ გამოეპაროს.

ჰანსს ისევ მოერევა მოგონებები: ხან ნამდვილი, ხანაც გამოგონილი. თავისთვის მოულოდნელად, მონიკა ზილვსს ურეკავს, მოსვლას სთხოვს და, ამავე დროს, ეშინია, რომ ქალი დასთანხმდება, მაგრამ მონიკა სტუმრებს ელოდება. გარდა ამისა, ორი კვირით მიემგზავრება რაღაც სემინარზე. შემდეგ კი მოსვლას ჰპირდება. ჰანსს ყურმილში მისი სუნთქვა ესმის („ღმერთო ჩემო, თუნდაც ქალის სუნთქვა…“) ჰანსი ისევ იხსენებს თავის მომთაბარე ცხოვრებას მარისთან ერთად და წარმოიდგენს ახლანდელ მარის, ვერ იჯერებს, რომ მას შეუძლია, სულ არ იფიქროს ჰანსზე და არ ახსოვდეს ის. შემდეგ საწოლ ოთახში შედის, გრიმი რომ გაიკეთოს. ჩამოსვლის დროიდან იქ არ შესულა, რადგან ეშინოდა, მარის რამე ნივთი არ დაენახა; მაგრამ ქალს არაფერი არ დაუტოვებია — მოწყვეტილი ღილიც კი და ჰანსი ვერ ხვდება, კარგია ეს თუ ცუდი.

გადაწყვეტს, სასიმღეროდ გავიდეს ქუჩაში: დაჯდეს ბონის რკინიგზის სადგურის საფეხურზე, როგორც იყო, უგრიმოდ, მხოლოდ ფერუმარილიანი სახით და იმღეროს „საწყალ პაპსა და იოანეს ქდპ-ს არ ეყურება, არც მიულერის ვირია, არც მისი ძროხა სჭირდება“. დაწყება ამითაც შეიძლება, ღვთის გმობასთან მებრძოლი ცენტრალური კომიტეტი სიმღერის ტექსტში ვერ გამოედავება. გვერდით დაიდებს ქუდს, ქუდში სიგარეტსა და რამდენიმე პფენინგს ჩააგდებს. ორი ღერი სიგარეტი დარჩენია, ერთს მოწევს და მეორეს ქუდში ჩააგდებს. პფენინგები ვერ იპოვა. მამამისისთვის დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მისთვის ქუჩის მომღერლის ლიცენზია ეშოვა, ოცნებას აგრძელებს ჰანსი, მაშინ შეეძლებოდა, მშვიდად მჯდარიყო კიბის საფეხურზე და რომის მატარებლის ჩამოსვლას დალოდებოდა (მარი და ციუპფნერი ახლა რომში არიან). თუკი მარი შეძლებს, გვერდით ჩაუაროს დ არ ჩაეხუტოს, რჩება კიდევ თვითმკვლელობა. მუხლი ისე აღარ სტკივა, ჰანსი იღებს გიტარას და ახალი როლისთვის ემზადება. ლეო რეკავს: ვერ მოდის, რადგან გარკვეული დროისთვის უნდა დაბრუნდეს უკან და ვეღარ ასწრებს.

ჰანსი იცვამს ხასხასა-მწვანე შარვალსა და ცისფერ პერანგს, იხედება სარკეში — ბრწყინვალეა! ფერუმარილი მეტისმეტად სქლადაა დადებული და ალაგ-ალაგ დამსკდარია, მუქი თმა პარიკს დამსგავსებია. ჰანსი წარმოიდგენს, როგორ უყრიან ნათესავები და ახლობლები ქუდში მონეტებს. სადგურისკენ მიმავალი ხალხს აკვირდება და ახსენდება, რომ ახლა კარნავალია. რა გაეწყობა, ეს მისთვის უკეთესიცაა, რადგან პროფესიონალი კიდევ უფრო იოლად დაიმალება მოყვარულებში. ბალიშს საფეხურზე დებს, ჯდება მასზე, ქუდში სიგარეტის ღერს აგდებს, თითქოს ვიღაცამ უწყალობა და სიმღერას იწყებს. მალე ქუდში ვარდება პირველი მონეტა — ათპფენინგიანი. მონეტა სიგარეტს მოხვდა და გვერდზე გასწია. ჰანსი სიგარეტს ასწორებს და სიმღერას განაგრძობს.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.