ფიოდორ დოსტოევსკი – იდიოტი (რომანის მოკლე შინაარსი)

—1868—

რომანის მოკლე შინაარსი
წაკითხვის დრო — 12 წთ
ორიგინალი — 22 სთ

1867 წლის ბოლოა. თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი შვეიცარიიდან პეტერბურგში ჩადის. ოცდაექვსი წლისაა, უკანასკნელია სახელოვანი დიდგვაროვანი გვარიდან; ადრე დაობლდა, ბავშვობაში მძიმე ნერვული დაავადებით დასნეულდა და მისმა მეურვემ და კეთილისმყოფელმა პავლიშჩევმა შვეიცარიის სანატორიუმში გააგზავნა. იქ ოთხი წელი დაჰყო და ახლა რუსეთში, სამშობლოსადმი მსახურების გაურკვეველი, მაგრამ დიდი გეგმით ბრუნდება. მატარებელში ეცნობა პარფენ როგოჟინს, მდიდარი ვაჭრის ძეს, რომელსაც მამის სიკვდილის შემდეგ მისი უზარმაზარი მემკვიდრეობა ერგო. მისგან პირველად გაიგონებს ვინმე მდიდარი არისტოკრატის, ტოცკის საყვარლის, ნასტასია ფილიპოვნა ბარაშკოვას სახელს, რომელიც ვნებიანად იტაცებს როგოჟინს.
ჩამოსვლისთანავე მოკრძალებული ბოხჩით მიდის სახლში გენერალ ეპანჩინთან, რომლის მეუღლეც, ელიზავეტა პროკოფიევნა, მას შორეულ ნათესავად ერგება. ეპანჩინების ოჯახში სამი ქალიშვილია — უფროსი ალექსანდრა, საშუალო ადელაიდა და უმცროსი, ყველას საყვარელი ლამაზმანი აგლაია. თავადი ყველას მოხიბლავს თავისი უშუალოებით, მიმნდობობით, გულწრფელობითა და მიამიტობით; იგი იმდენად უჩვეულოა, რომ თავიდან მეტად დაძაბულად მიიღებენ, მაგრამ შემდეგ სულ უფრო ეზრდებათ ცნობისმოყვარეობა და სიმპათია. აღმოჩნდება, რომ თავადი თავიდან ვიღაცას უბირ და ვიღაცას ეშმაკ კაცად მოეჩვენა, ბრიყვი სულაც არ არის, ხოლო ზოგიერთ საკითხში ნამდვილად ღრმაა, მაგალითად, უცხოეთში ნანახ სიკვდილით დასჯაზე საუბრისას. აქვე თავადი გაიცნობს გენერლის მეტისმეტად თავმოყვარე მდივანს, განია ივოლგინს, რომელსაც ნასტასია ფილიპოვნას პორტრეტს უპოვნის. ქალის დამაბრმავებელი სილამაზის ამაყი სახე, სავსე ზიზღითა და გულში ჩამარხული ტანჯვით, თვადს სულის სიღრმემდე შეძრავს.
თავადი გაიგებს დეტალებსაც: ნასტასია ფილიპოვნას მაცდუნებელი ტოცკი, რომელიც აპირებს მისგან განთავისუფლებასა და ეპანჩინების ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინებას, ნასტასიასთვის სამოცდათხუთმეტათასიანი მზითვის მიცემასა და მის განია ივოლგინზე დაქორწინებას აპირებს. განიას ძალიან უნდა ფული; მისი საშულებით აპირებს, ხალხში გაერიოს და შემდგომში კიდევ უფრო გაზარდოს კაპიტალი, მაგრამ არ ასვენებს მდგომარეობის დამამცირებლობა. მას ერჩივნა დაქორწინება აგლაია ეპანჩინაზე, რომელიც, შესაძლოა, ცოტა უყვარს კიდეც (თუმცა აქაც გამდიდრების შანსი აქვს). ქალისგან გადამწყვეტ სიტყვას ელოდება და თავის მომავალ მოქმედებას ამ პასუხს უკავშირებს. თავადი თავისდა უნებურად შუამავალი ხდება აგლაიასა, რომელმაც იგი მოულოდნელად თავის მესაიდუმლედ გაიხადა, და განიას შორის, რითიც აღიზიანებს და აბოროტებს ამ უკანასკნელს.
ამასობაში თავადს სადმე სხვაგან კი არა, სწორედ ივოლგინების ბინაში ურჩევენ, დასახლდეს. ის იყო, რომ მისთვის გამოყოფილი ოთახი ნახა და ყველა მობინადრე გაიცნო: განიას ნათესავებით დაწყებული და მისი დის საქმროთი, მევახშე პრიცინითა და გაურკვეველი საქმიანობის ფერდიშჩენკოთი დამთავრებული, რომ ორი მოულოდნელი ამბავი მოხდა. სახლში გამოჩნდება თავად ნასტასია ფილიპოვნა, რომელიც აპირებს, განია და მისი ახლობლები საღამოს თავისთან მიიპატიჟოს. იგი ერთობა და ისმენს გენერალ ივოლგინის ფანტაზიებს, რომლებიც ატმოსფეროს კიდევ უფრო ძაბავს. მალე გამოჩნდება ხმაურიანი კომპანია; მას მეთაურობს როგოჟინი, რომელიც ნასტასია ფილიპოვნას წინ თვრამეტი ათასს დაუდებს. იწყება ვაჭრობისმაგვარი რამ, რომელშიც ნასტასია აგდებულად მონაწილეობს: ეს მასში, ნასტასია ფილიპოვნაში, იხდიან თვრამეტი ათასს? როგოჟინი უკან დახევას არ აპირებს: არა, თვრამეტი ათასი კი არა — ორმოცი. არა, ორმოცი კი არა — ასი ათასი!..

განიას დისა და დედისათვის აუტანელი და შეურაცხმყოფელია ყველაფერი, რაც ხდება: ნასტასია ფილიპოვნა როსკიპი ქალია, რომლის შეშვება წესიერ სახლში არ შეიძლება. განიასათვის კი იგი გამდიდრების იმედია. ამას მოჰყვება სკანდალი: აღშფოთებულმა დამ, ვარვარა არდალიონოვნამ განიას სახეში შეაფურთხა, იგი აპირებს, ხელი დაარტყას, მაგრამ საქმეში თავადი ერთვება და გაცოფებული განიასგან სახეში სილას მიიღებს. „ო, როგორ შეგრცხვებათ მაგ საქციელის“ — ამ ფრაზაშია მთელი თავადი მიშკინი, მთელი მისი უმაგალითო თვინიერება. ამ წუთშიც კი იგი სხვას თანაუგრძნობს, თუნდაც მასზე მოძალადეს. შემდეგი მისი სიტყვა ნასტასია ფილიპოვნასადმია: „თქვენ კი ვითომ არა გრცხვენიათ! თავს რად იკატუნებთ, განა ეგეთი ხართ!“ — ეს გახდება სულის გასაღები ამაყი ქალისთვის, რომელიც ღრმად განიცდის თავის დამცირებას და მთელი გულით შეიყვარებს თავადს ქალის სისუფთავის აღიარების გამო.

ნასტასია ფილიპოვნას სილამაზით მოხიბლული თავადი მასთან მიდის საღამოს. აქ ფრიად ჭრელი საზოგადოებაა შეკრებილი, მასპინძლით გატაცებული გენერალი ეპანჩინით დაწყებული და მასხარა ფერდიშჩენკოთი გაგრძელებული. ნასტასია ფილიპოვნას მოულოდნელ კითხვაზე, გაჰყვეს თუ არა ცოლად განიას, თავადმა უარყოფითად უპასუხა და ამით ჩაშალა იქ მყოფი ტოცკის გეგმა. თორმეტის ნახევარზე ზარმა დაიწკრიალა და როგოჟინი და მისი ძველი კომპანია გამოჩნდა. ვაჭარმა თავისი რჩეულს წინ დაუდო გაზეთში გახვეული ასი ათასი.

და ისევ მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდება თავადი, რომელიც მომხდარს მძიმედ განიცდის, სიყვარულში უტყდება ნასტასია ფილიპოვნას და მზადყოფნას გამოთქვამს, მოიყვანოს ის, „სუფთა“ და არა „როგოჟინისეული“, ცოლად. აქ მოულოდნელად გაირკვევა, რომ თავადს გარდაცვლილი დეიდასგან საკმაოდ სოლიდური მემკვიდრეობა მიუღია; მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია — ნასტასია ფილიპოვნა როგოჟინთან ერთად წასვლას აპირებს, ხოლო ასიათასიან საბედისწერო შეკვრას ანთებულ ბუხარში აგდებს და განიას სთავაზობს, გამოიტანოს იქიდან. განია მთელი ძალით ცდილობს, თავი შეიკავოს და უკვე ცეცხლმოდებული ფული დაწვას არ გადაარჩინოს, წასვლა უნდა, მაგრამ გული წაუვა. ნასტასია ფილიპონა მაშით თავად გამოიღებს შეკვრას და განიას უტოვებს მისი ტანჯვის ჯილდოდ (შემდგომში განია მას ამაყად დააბრუნებს).

გადის ექვსი თვე. თავადმა რუსეთი მოიარა, მათ შორის, მემკვიდრეობის საქმის გამოც და სამშობლოსადმი ინტერესის გამოც, ჩამოდის მოსკოვიდან პეტერბურგში. ამ დროის განმავლობაში, ჭორების თანახმად, ნასტასია ფილიპოვნა რამდენჯერმე გაქცეულა როგოჟინიდან თავადთან, შემდეგ კი თავადიდანაც.

სადგურში თავადი ვიღაცის ცეცხლოვან მზერას გრძნობს და ბუნდოვანი წინათგრძნობა უჩნდება. როგოჟინს ესტუმრება მის მუქ-მწვანე, ციხესავით პირქუშ სახლში გოროხოვოიას ქუჩაზე; საუბრის განმავლობაში თავადს არ ასვენებს ბაღის დანა, რომელიც მაგიდაზე დევს, სულ ხელში იღებს, სანამ გაღიზიანებული როგოჟინი ბოლოს და ბოლოს არ ჩამოართმევს (შემდეგ სწორედ ამ დანით მოკლავს ნასტასია ფილიპოვნას). როგოჟინის სახლში თავადი კედელზე თვალს მოჰკრავს ჰანს ჰოლბეინის ნახატის ასლს, რომელშიც ქრისტეს ცხედარი კუბოშია ჩასვენებული. როგოჟინი ამბობს, ამ სურათის ყურება მიყვარსო, თავადი კი გაოგნებული შესძახებს, ამ სურათისგან კაცმა შეიძლება რწმენა დაკარგოსო და როგოჟინი მოულოდნელად დაუდასტურებს ამას. ჯვრებს გაცვლიან, პარფენს თავადი დედასთან მიჰყავს დასალოცად, რადგან ისინი ახლა ღვიძლი ძმებივით არიან.

სასტუმროში დაბრუნებისას თავადი ალაყაფის კარებში ისევ ნაცნობ ფიგურას ხედავს და ბნელ კიბეზე დაედევნება. ისევ იმას ხედავს, რაც სადგურზე ნახა: როგოჟინის ანთებულ თვალებს და მოსაქნევად გამზადებულ დანას. იმავე წამს თავადს ეპილეფსიის შეტევა მოუვლის. როგოჟინი გარბის.

ეპილეფსიის შეტევიდან სამი დღის შემდეგ თავადი ლებედევის აგარაკზე გადადის პავლოვსკში, სადაც ასევე იმყოფება ეპანჩინების ოჯახი და, ჭორების თანახმად, ნასტასია ფილიპოვნაც. იმავე საღამოს თავადთან იკრიბება ნაცნობების დიდი საზოგადოება, მათ შორის ეპანჩინებიც, რომელთაც სნეული თავადის მონახულება გადაწყვიტეს. განიას ძმა, კოლია ივოლგინი აგლაიას „ბეჩავი რაინდით“ აღიზიანებს, ანუ აშკარად მიანიშნებს ქალის სიმპათიაზე თავადის მიმართ, რითიც აგლაიას დედის, ელიზავეტა პროკოფიევნას, ავადმყოფურ ინტერესს იწვევს, ასე რომ, ქალიშვილი იძულებუი ხდება, განმარტოს, რომ ლექსში ასახულია ადამიანი, რომელსაც შეუძლია, იდეალი ჰქონდეს და ეს იდეალი იმდენად ირწმუნოს, რომ მას შეიძლება სიცოცხლე შესწიროს; ამის შემდეგ იგი თავდავიწყებით კითხულობს პუშკინის ამ ლექსს.

ოდნავ მოგვიანებით ჩნდება ახალგაზრდების კომპანია ვინმე ყმაწვილი ბურდოვსკის მეთაურობით, რომელიც თითქოს „პავლიშჩევის შვილია“. ერთი შეხედვით, ნიჰილისტები არიან, მაგრამ, ლებედევის სიტყვებით, „უფრო შორს წავიდნენ, რადგან, უპირველეს ყოვლისა, საქმიანნი არიან“. კითხულობენ გაზეთიდან პასკვილს თავადზე და შემდეგ სთხოვენ, რომ, როგორც კეთილშობილმა და პატიოსანმა კაცმა, დაასაჩუქროს თავისი კეთილისმყოფლის შვილი; მაგრამ განია ივოლგინი, რომელსაც თავადმა დააკისრა ამ საქმეში გარკვევა, ამტკიცებს, რომ ბურდოვსკი სულაც არ არის პავლიშჩევის ვაჟი. დაბნეული კომპანია უკან იხევს, ყურადღების ცენტრში კი რჩება მხოლოდ ერთი მათგანი — ჭლექიანი იპოლიტ ტერენტიევი, რომელიც თვითდამკვიდრების სურვილით იწყებს „ორატორობას“. უნდა, რომ შეიბრალონ და შეაქონ, მაგრამ საკუთარი გულახდილობისა რცხვენია, მისი აღტკინება იცვლება მრისხანებით, განსაკუთრებით, თავადის მიმართ. მიშკინი კი ყველას ყურადღებით უსმენს, ყველა ებრალება და თავს ყველას მიმართ დამნაშავედ ცნობს.

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ თავადი ეწვევა ეპანჩინებს, რის შემდეგაც ეპანჩინების მთელი ოჯახი თავად ევგენი პავლოვიჩ რადომსკისთან, რომელიც აგლაიას ეტრფოდა, ადელაიდას საქმრო თავად შ-სთან ერთად სასეირნოდ მიემართება. სადგურზე მათ მახლობლად აღმოჩნდება სხვა კომპანია, რომელთა შორის ნასტასია ფილიპოვნაცაა. ქალი ფამილარულად მიმართავს რადომსკის და აცნობს მისი ბიძის ამბავს, რომელსაც დიდი რაოდენობის სახელმწიფო თანხა გაუფლანგავს და თავი მოუკლავს. ყველა აღშფოთებულია ამ პროვოკაციით. რადომსკის ახლობელი ოფიცერი აღშფოთებული ამბობს, აქ მათრახია საჭირო, სხვაგვარად ამ დედაკაცთან ვერაფერს გავაწყობთო, რის პასუხადაც ნასტასია ფილიპოვნამ ვიღაცას ხელიდან წკეპლა გამოსტაცა და ოფიცერს სახე დაუსისხლიანა. კაცი ხელის დარტყმას უპირებდა, მაგრამ თავადმა მიშკინმა დააკავა.

თავადის დაბადების დღის აღნიშვნისას იპოლიტ ტერენტიევი კითხულობს საკუთარ ნაშრომს „ჩემი აუცილებელი განმარტება“ — უკვე თითქმის მიცვალებული, ფიქრებით მრავლის გადამხარშავი, სნეულების მიერ სასივდილოდ განწირული ახალგაზრდის სულის სიღრმემდე შემძრავ აღსარებას. კითხვის დასრულების შემდეგ იგი თავის მოკვლას შეეცდება, მაგრამ პისტოლეტში ტყვია არ აღმოჩნდება. თავადი თავდასხმებისა და დაცინვისგან იცავს იპოლიტს, რომელსაც ავადმყოფური შიში აქვს, სასაცილო არ გამოჩნდეს.

დილით შეხვედრისას აგლაიამ შესთავაზა თავადს, ჩემი მეგობარი გახდიო. თავადი გრძნობს, რომ მართლა უყვარს იგი. ოდნავ მოგვიანებით იმავე პარკში თავადი ნასტასია ფილიპოვნას ხვდება, რომელიც მუხლებზე ეცემა მის წინაშე და ეკითხება, ბედნიერია თუ არა აგლაიასთან და შემდეგ ქრება როგოჟინთან ერთად. ცნობილია, რომ ნასტასია წერილს სწერს აგლაიას, სადაც სთხოვს, თავადს გაჰყვეს ცოლად.

ერთი კვირის შემდეგ თავადი ფორმალურად ცხადდება აგლაიას საქმროდ. ეპანჩინებთან მაღალი სტუმრები არიან მოწვეული თავადის „გადასანახულებლად“. თუმცა აგლაია თვლის, რომ თავადი მათზე შეუდარებლად მაღლა დგას, გმირს, სწორედ ქალის მიკერძოებისა და მოუთმენლობის გამო, ეშინია, არ გადადგას მცდარი ნაბიჯი, დუმს, ხოლო შემდეგ ავადმყოფურად აღიგზნება, ბევრს ლაპარაკობს კათოლიციზმსა და ანტიქრისტიანობაზე, ყველას სიყვარულს უხსნის, ამსხვრევს ძვირფას ჩინურ ლარნაკს და ისევ შეტევა ემართება, რითიც დამსწრეებზე მძიმე და უხერხულ შთაბეჭდილებას ახდენს.

აგლაია შეხვედრას უნიშნავს ნასტასია ფილიპოვნას პავლოვსკში და ამ შეხვედრაზე თავადთან ერთად ცხადდება. მათ გარდა, შეხვედრას მხოლოდ როგოჟინი ესწრება. „ამაყი ქალკიშვილი“ მკაცრად და მტრულად ეკითხება ნასტასია ფილიპოვნას, თუ რა უფლება აქვს მას, წერილები უგზავნოს და, საერთოდ, ჩაერიოს მისი და თავადის პირად ცხოვრებაში. მეტოქის ტონითა და დამოკიდებულებით შეურაცხყოფილი ნასტასია ფილიპოვნა თავადს მოუწოდებს, მასთან დარჩეს და როგოჟინს აძევებს. ორ ქალს შორის მოქცეული თავადი უმძიმეს დღეშია: აგლაია უყვარს, მაგრამ ნასტასია ფილიპოვნაც უყვარს სიბრალულ-სიყვარულით. შეშლილს უწოდებს, მაგრამ ვერ მიატოვებს. თავადის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და იგი სულ უფრო ეფლობა სულიერ არეულობაში.

მოსალოდნელია თავადისა და ნასტასია ფილიპოვნას ქორწილი. ამ მოვლენას უამრავი ჭორი ახლავს, თუმცა ნასტასია ფილიპოვნა, ერთი შეხედვით, სიხარულით ემზადება ქორწილისთვის, გამოიწერს ტანსაცმელს და ხან აგზნებულია, ხანაც უმიზეზო სევდას მიეცემა. ქორწილის დღეს, როდესაც ეკლესიისკენ მიდიან, მოულოდნელად ბრბოში მდგარ როგოჟინს მივარდება, ისიც აიტაცებს, ეკიპაჟში ჩაისვამს და წაიყვანს.

ნასტასიას გაქცევის მეორე დღს თავადი პეტერბურგში ჩადის და დაუყოვნებლივ როგოჟინთან გაემართება. ის სახლში არ არის, მაგრამ თავადს ეჩვენება, რომ როგოჟინი აკვირდება ფარდის მიღმა. თავადი ნასტასია ფილიპოვნას ახლობლებში დადის, ცდილობს, რამე გაიგოს მის შესახებ, რამდენჯერმე უბრუნდება როგოჟინის სახლს, მაგრამ უშედეგოდ: კაცი არ არის, არავინ არაფერი არ იცის. მთელი დღე დადის თავადი პაპანაქება სიცხეში, იმედი აქვს, რომ პარფენი მაინც სადაცაა, გამოჩნდება. ასეც ხდება: ქუჩაში ხვდება როგოჟინი და ჩურჩულით სთხოვს, გაჰყვეს. სახლში იმ ოთახში შეჰყავს, სადაც ნიშაში თეთრზეწრიან ლოგინზე, რომელსაც აქეთ-იქით შემოწყობილი აქვს ჟდანოვის სითხით სავსე შუშები, რომ ხრწნის სუნი არ იგრძნობოდეს, წევს მკვდარი ნასტასია ფილიპოვნა.

თავადი და როგოჟინი უძილო ღამეს გაატარებენ ცხედართან, ხოლო როდესაც მეორე დღეს პოლიციის თანხლებით გააღებენ კარს, აღმოაჩენენ, რომ ბოდვაში ჩავარდნილ როგოჟინს ანუგეშებს თავადი, რომელსაც უკვე არაფერი ესმის და ვერავის ცნობს. ბოლო ამბებმა მთლიანად დაანგრია მიშკინის ფსიქიკა და იგი საბოლოოდ გადაიქცა იდიოტად.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.