ხულიო კორტასარი – კლასობანა (რომანის მოკლე შინაარსი)

— Rayuela 1963 —

რომანის მოკლე შინაარსი
კითხვის დრო 6 წთ, ორიგინალი 15 სთ

ყველაფერი იწყება ავტორის მითითებით, რომ მისი ნაწარმოები ორგვარად შეიძლება წაიკითხოთ: ერთი ვარიანტია რომანის პირველი ორი ნაწილის ანუ პირველი ორმოცდათექვსმეტი თავის წაკითხვა; მესამე ნაწილს, რომელშიც თავმოყრილია „არააუცილებელი თავები“, ყურადღებას არ ვაქცევთ. მეორე ვარიანტის მიხედვით, შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ თავებად, რომელთა მიმდევრობა განსაზღვრულია მწერლის მიერ შედგენილი თავისებური ცხრილის მიხედვით.

რომანის მოქმედება მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ხდება.

ორასიო ოლივეირა, გაურკვეველი საქმიანობის ორმოცი წლის არგენტინელი, მეტად მოკრძალებულად ცხოვრობს პარიზში იმ სახსრებით, ხანდახან ბუენოს-აირესიდან რომ უგზავნიათ მდიდარი ნათესავები. მისი საყვარელი საქმიანობაა ქალაქში უმიზნოდ ხეტიალი. ორასიო უკვე კარგახანია ჩამოსულია პარიზში თანამემამულეების მსგავსად, რომლებსაც საფრანგეთის დედაქალაქი იდეალურ ადგილად მიაჩნიად გრძნობათა აღზრდისათის. ორასიო თავის თავშია ჩაღრმავებული, გამუდმებით აანალიზებს თავის აზრებს, განცდებსა და საქციელს, დარწმუნებულია თავის გამორჩეულობაში და განზრახ უპირისპირებს საკუთარ თავს ირგვლივ არსებულ სინამდვილეს, რომელსაც მკვეთრად ემიჯნება. მას ეჩვენება, რომ ნამდვილი ყოფიერება ყოველდღიურობის ტერიტორიის მიღმაა და მუდმივად ელოდება, რომ მისი შინაგანი პრობლემები გარედან გადაწყდება. ისევ და ისევ მიდის იმ დასკვნამდე, რომ „ფიქრი ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ყოფნა და მოქმედება“, ხოლო საკუთარი თვის პოვნა ამ ცხოვრებაში ესაა „წრის გათელვა, რომლის ცენტრი ყველგანაა და წრე არსად“. ორასიო განიცდის აბსოლუტურ მარტოობას, ისეთს, როდესაც საკუთარ თავთან ურთიერთობის იმედიც არ გაქვს და თავს აიძულებს, კინოში, კონცერტზე ან მეგობრებთან სტუმრად წავიდეს. უჭირს, გაერკვეს ქალებთან — ფრანგ პოლასა და ურუგვაელ მაგასთან ურთიერთობაში. როცა გაიგებს, რომ პოლა ავადაა, მკერდის კიბო აქვს, წყვეტს მასთან ურთიერთობას და, ბოლოს და ბოლოს, არჩევანს აკეთებს. მაგას მომღერლობა სურს და მუსიკის გაკვეთილებს იღებს. იძულებულია, შვილი, პატარა როკამანდური, სოფელში დატოვოს ძიძასთან. მწირი სახსრების ეკონომიის მიზნით ორასიო და მაგა ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. „ერთმანეთზე შეყვარებული არ ვიყავით, სიყვარულს უბრალოდ ვეძლეოდით გარიყულობითა და კრიტიკული დახვეწილობით“, — გაიხსენებს შემდეგ ორასიო. მაგა ხანდახან აღიზიანებს კიდეც, რადგან ძალიან განათლებული არ არის, ბევრი არ წაუკითხავს, ორაციო მასში ვერ პოულობს იმ ნატიფ სულიერებას, რომელსაც თავად მიესწრაფვის. ამავე დროს, მაგა ბუნებრივია და უშუალოა, ყველაფრის გაგების განხორციელებაა.

ორასიოს მეგობრების წრეში შედიან მხატვრები ეტიენი და პერიკო, მწერლები: ვონგი, გი მონო, ოსიპ გრეგოროვიუსი, მუსიკოსი რონალდი, კერამიკოსი ქალი ბეპსი. ამ თავის ინტელექტუალურ თანამეგობრობას „გველის კლუბს“ უწოდებენ და ყოველკვირეულად იკრიბებიან ლათინურ კვარტალში, რონალდისა და ბეპსის მანსარდაზე, სადაც ეწევიან, სვამენ, მწვანე სანთლების შუქზე უსმენენ ჯაზს ძველ ფირფიტებზე, საუბრობენ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ხშირად კამათობენ და მათი ურთიერთობა მეგობრების საუბარზე უფრო სნობების შეჯიბრებას ჰგავს. ბებერი, მომაკვდავი მწერლის, მორელის, რომელმაც წიგნი ჩაიფიქრა, მაგრამ მხოლოდ მოუწესრიგებელი ჩანაწერები დატოვა, არქივის შესწავლა ვრცელ მასალას იძლევა წერის თანამედროვე მანერის, ავანგარდული ლიტერატურის განსახილველად, რომელიც თავისი არსით არის წამქეზებლობა, შარავანდედის მოცილება და დაცინვა. მაგა თავს უფერულად და უმნიშვნელოდ გრძნობს ამ ჭკუის კოლოფების, სიტყვის ნიაღვრის ამ ბრწყინვალე ფანფარონების გვერდით, თუმცა ორასიოს თავისთვის სულიერად და აზრების წყობის მიხედვით ახლობელ ადამიანებთანაც ემძიმება ხანდახან ყოფნა და ვერ გრძნობს ღრმა კავშირს იმათთან, ვისაც „წმინდა შემთხვევითობით გადაეყარა დროსა და სიცრცეში“.

როცა როკამადური დაავადდა და მაგას ბავშვის წამოყვანა და მისი მოვლა მოუხდა, ორასიო თავის თავში წყენასა და გაღიზიანებას ვერ მოერია. ბავშვის სიკვდილსაც იგი გულგრილად შეხვდა. მეგობრებმა მას ღირსების სასამართლოს მაგვარი რამ მოუწყვეს, ვერ აპატიეს ორასიოს არც მისი „განდგომა“ მაგასათვის მძიმე მომენტში და არც ამ სიტუაციაში გამოვლენილი გულგრილობა. მაგა მიემგზავრება და ორასიო მხოლოდ ახლა ხვდება, რომ ეს ქალი უყვარდა და მისი დაკარგვით მისმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ახლა მართლა მარტო დარჩება და ჩვეული წრიდან ამოვარდნილი მაწანწალების საზოგადოებაში ეძებს „საძმოს“, მაგრამ პოლიციაში მოხვდება და ქვეყნიდან დეპორტაციას მიუსჯიან.

და აი, სამშობლოდან გამგზავრებიდან მრავალი წლის შემდეგ ორასიო ისევ აღმოჩნდება ბუენოს-აირესში. სასტუმროს პატარა ოთახში ცხოვრობს დიდ გაჭირვებაში და უწევს ხეკრეპტენის გულისამაჩუყებელი მზრუნველობის ატანა. ერთადერთი ხალხი, ვისთანაც ურთიერთობა შეუძლია, მისი ბავშვობის მეგობარი ტრეველერი და მისი ცოლი ტალიტაა. ცოლ-ქმარი ცირკში მუშაობს. ორასიოს სიამოვნებს მათთან ურთიერთობა, მაგრამ მეგობრების მიმართ ყოველთვის სულიერი შეპყრობის მანია ახასიათებდა და ახლა ეშინია, „ეჭვი არ დათესოს და კეთილ ხალხს მოსვენება არ დაუკარგოს“. ტალიტა რაღაცით მაგას აგონებს და ქალი მისდა უნებურად იზიდავს. ტრეველერი ამჩნევს ამას, ღელავს კიდეც, მაგრამ ორასიოსთან მეგობრობასაც ვერ ელევა, მასთან საუბრებში სული მოითქვა — მას ხომ დიდი ხნის განმავლობაში ინტელექტუალური ურთიერთობა სწყუროდა. და მაინც, ორასიომ კინაღამ სხვათა შორის არ დაანგრია მეგობრების ბედნიერი სიყვარული.

ცირკის მეპატრონე ფარაგუტო ფსიქიატრიულ კლინიკას ყიდულობს და სამი მეგობარი მასთან გადადის სამუშაოდ. უჩვეულო გარემოში მათ თავიდან უჭირთ, ორასიოს კი სულ უფრო ხშირად ეტყობა ფსიკიკაში უცნაურობანი, სინდისის ქენჯნას განიცდის, სულ უფრო უძლიერდება რწმენა, რომ მაგა მის გამო მოკვდა. თავი დაირწმუნა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ტრეველერი საქმის გარჩევას უპირებს და ფანჯრიდან ქვაფენილიან ეზოში გადახტომით იმუქრება. ტრეველერის მიმნდობი ტონი და სწორი საქციელი ჩანაფიქრს გადააფიქრებინებს.

პალატაში ჩაკეტილი და განმარტოებული ორასიო ფანჯრიდან იხედება და ფიქრობს შესაძლო გამოსავალზე: „საოცრად ტკბილი წამი, როდესაც ყველაზე უკეთესია ოდნავ გადაიხარო ქვემოთ და გაუშვა საკუთარი თავი — ჰოპლა და დასასრული!“ მაგრამ ქვემოთ დგანან მოყვარული, თანამგრძნობი, მის გამო შეწუხებული ტრეველერი და ტალიტა.

რომანის ფინალი ღია რჩება. გადადგა თუ არა ორასიომ თავისი უკანასკნელი ნაბიჯი სიცარიელეში თუ გადაიფიქრა — ეს მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. ეპიზოდების მონაცვლეობა, როდესაც ორასიო სიცოცხლესთან განშორების განზრახვის შემდეგ სახლში აღმოჩნდება, შეიძლება სიკვდილისწინა ხილვა იყოს. და მაინც, გამორიცხული არ არის, რომ ადამიანურ ურთიერთობათა საიმედო ნამდვილობაში დარწმუნებული ორასიო დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „ტერიტორიიდან წასვლის ერთადერთი შესაძლებელი ხერხია მისგან ყველაზე მაღალ მწვერვალზე ახვიდე“.

 

წყარო: დიადი წიგნები

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.