საჯარო ლექცია „ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“

23 იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე.

ინსტიტუტის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი შეაჯამებს გასულ წლებში სორბონისა და ექსი-მარსელის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ლექცია მიეძღვნება მწერლობის დაპირისპირებას ნაცისტურ რეჟიმთან და მის ანტისემიტურ იდეოლოგიასთან. მომხსენებელი განიხილავს, რა ფორმით ხდება ანტისემიტური კლიშეებისა და კანონების დაგმობა იმ მწერლების/ინტელექტუალების ტექსტებში, რომლებიც 1930-იანი წლებიდან დაუპირისპირდა ჰიტლერის რეჟიმს. როდესაც ვიქტორ კლემპერერი ნაცისტურ დეფილეს აღწერს, იგი ამბობს, რომ სწორედ ეს უკანასკნელი და კონკრეტულად კი მისი განუყოფელი ელემენტი – მედაფდაფე, რომელიც მიუძღვის და „ერთიან სხეულად“ აქცევს აღლუმის წევრებს, გახდება მისთვის „პირველი შეხვედრა“ ნაციონალ-სოციალიზმთან. ჩანს პარალელები ამგვარად გააზრებული მედაფდაფის ფიგურასა და გიუნტერ გრასის ცნობილ რომანს შორის (თუნუქის დოლი), რომლის ეკრანიზაციაც ფოლკერ შლონდორფს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ სწორედ ნაცისტური აღლუმი წარმოჩნდება ფრანგი მწერლის, ანდრე შამსონის რომანის (დამარცხებულთა წელი, 1934) იმ ძირითად ქვაკუთხედად, რომელიც 1934 წელს წინასწარ განჭვრეტს რეჟიმის ადამიანის მოძულე იდეოლოგიის განხორციელებას. 1939 წელს ჟან-პოლ სარტრი ფაშიზმის საშიშროებას ფრანგულ საზოგადოებაში ნაციონალისტურ-ანტისემიტური ჯგუფური იდენტობის გამოხატვაში ხედავს (კედელი, 1939). 1943 წელს მაქს ჟაკობი ადამიანი-კიბორჩხალას ავტოპორტრეტს შექმნის, რომელსაც გულზე ებრაელების მარკირების ყვითელი ვარსკვლავი აქვს მიმაგრებული და რომელიც ნუსბაუმის ცნობილი ტილოს „ავტოპორტრეტი ებრაული პასპორტით“ (1943) მხატვრულ პარალელს იხმობს.

 

დრო: 23 იანვარი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.