ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი — ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი[1]. განასხვავებენ ორი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს — ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სახეები, რომელთა მეშვეობითაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს[2].

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამარლთლებრივი შედეგები[3]

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს[4].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადგენს ქცევის ზოგად წესს და მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, რითიც იგი განსხვავდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან — ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული (განსაზღვრული) წრისაკენ და აწესრიგებს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს[5].

ლიტერატურა

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 
  • პაატა ტურავა; ნათია წკეპლაძე (2010). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 
  • ზ. ადეიშვილი; ქ. ვარდიაშვილი; ლ. იზორია; ნ. კალანდაძე; მ. კოპალეიშვილი; ნ. სხირტლაძე; პ. ტურავა; დ. ქიტოშვილი (2005). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 
Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.