საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი — მიღებულ იქნა 2009 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს[1].

კოდექსის შემუშავება

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავავებაში სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არამსათავრობო ორგანიზაციები, საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტი (US Department of Justice), გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაცია (GTZ), ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA), ევროპის საბჭო, ევროკავშირი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვ. პროექტის შემუშავების პროცესს, სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უწვედნენ კოორდინაციას. კოდექსის დებულებები, მუშაობის პროცესში, არაერთხელ შეიცვლა და მრავალი დისკუსიის საგანი გახდა[2].

კოდექსის მიღების მიზანი და მიზეზი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია, რომელიც 2005 წელს №549 განკარგულებით მოიწონა საქართველოს პრეზიდენტმა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კანონპროექტის მიზანი იყო, შეექმნა ახალი საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც აგებული იქნებოდა შეჯიბრებითობის, საჯაროოგის, მხარეთა თანასწორობის, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის, ბრალდებულის უფლებათა პატივისცემისა და სხვა პროგრესულ პრიცნიპებზე. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ენა მაქსიმალურად მარტივი, ხოლო კოდექსის სტრუქტურა საკმარისად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არმქონე პირისთვისაც კი[3].

კოდექსის სიახლეები

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 2006 წლის დეკემბერში მიიღო. კოდექსი არსებითად განსხვავდება წინამორბედი, 1998 წლის საპროცესო კოდექსისგან. პირველი განსხვავება მდგომარეობს ბრალდების ერთიანი დეფინიციის ჩამოყალიბებაში. ძველი კოდექსი სხვადასხვა სტატუსს ანიჭებდა დაცვის მხარეს სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე, კერძოდ, დაცვის მხარეს უწოდებდა „ეჭვმიტანილს“, „ბრალდებულსა“ და „განსასჯელს“. ახალი კოდექსის ავტორთა აზრით, ამ ტერმინებს შორის განსხვავება მხოლოდ ფორმალურ დადგენილებებს ეყრდნობოდა, ამიტომ კანონმდებელმა შემოიღო ახალი ერთიანი სტატუსი — „ბრალდებული“, რომელიც მოიცავს „ეჭვმიტანილსაც“ და „განსასჯელსაც“[3].

კოდექსის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის არსებითი გარდაქმნა ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებად. ამ სიახლის არსი არის მაქსიმალურად მკაცრი სასამართლო კონტროლის დაწესება ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტად აღწევს ბრალდებულის თუ სხვა პირის პირად ცხოვრებაჩი, როგორიცაა ფარული მოსმენა-მიყურადება, ვიზუალური კონტროლი, კონტრულირებული მიწოდება, კონსპირაციული საქმიანობა და სხვა ფარული ღონისძიებები[3].

ახალმა კოდექსმა გააუქმა გამოძიების დროს მოწმის მიერ ჩვენების სავალდებულოობა. ეს განპირობებულია სასამართლო გამოძიების პრიორიტეტისა და შეჯიბრებითობის პირობებში სასამართლოში მტკიცებულებთა გამოკვლევაზე გაკეთებული აქცენტით[3].

კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს მხოლოდ საჯარო. პროკურორის მიერ დევნის განხირციელება არ არის სავალდებულო დანაშაულის ყველა ფაქტზე. ეს ცნობილია როგორც დევნის დისკრეციულობის პრინციპი. ამასთან, აღნიშნული დისკრეცია არ არის შეუზღუდავი — კონკრეტული პირის მიმართ დევნის დაწყება, წარმოება და შეწყვეტა მოწესრიგებული იქნება სავალდებულო მითითებებით — სისხლის სამართლის პოლიტიკით[3].

კოდექსმა ახლებურად მოაწესრიგა დაზარალებულის სტატუსი და უფლებები — იგი აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს, არამედ არის პროცესის მონაწილე. მას გააჩნია ბრალდებისგან ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღების ფართო უფლებები, თუმცა აღარ აქვს ძველი კოდექსით გათვალისწინებული მრავალი გასაჩივრებისა და პროცესის მსვლელობაში ჩარევის უფლება. ამასთან, დაზარალებულს შეუძლია ქონებრივი ინტერესების დაცვა სამოქალაქო წესით. სამოქალაქო სარჩელის განხილვა აღარ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმის შედეგზე[3].

ახალმა კოდექსმა ჩაოაყალიბა მტკიცებულებებისა და მტკიცების წესების ახლებური და მარტივი სისტემა, რომელიც ეყრდნობა ძირითად მტკიცებით სტანდარტებს — გონივრული ეჭვის, დასაბუთებული ვარაუდის, მაღალი ალბათობის ხარისხისა და გონივრული ეჭვს მიღმა (უტყუარი მტკიცებულების) სტანდარტებს. წინამორბედი კოდექსს, ახლისგან განსხვავებით, არ ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული სტანდარტები და ეს მის ნაკლოვანებას წარმოადგენდა[3].

კოდექსი ადგენს წინასასამართლო სხდომის სავალდებულოობას უველა სისხლის სამართლის საქმეზე და ტარდება ბრალდებულის მოსამართლესთან პირველი წარდგენიდან სამოცი დღის ვადაში. ამასთან, გაუქმებულია საქმის წინასასამართლო გამოძიებაში დაბრუნების შესაძლებლობა. წინასასამართლო სხდომაზე წყდება საქმის არსებითი განხილვისთვის მნიშვნელოვანი მრავალი საკითხი[3].

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქოს პირდაპირ, დემოკრატიულ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. თორმეტი ნაფიცი მსაჯულისგან შემდგარი სასამართლო, რომლის განსჯადობას მოიცავს მხოლოდ შერჩეულ დანაშაულებს, დადაწყვეტს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს და მისცემს ან არ მისცემს სასამართლოს რეკომენდაციას სასჯელის შემცირების თაობაზე. მოქალაქე ვალდებულია, მისი მსაჯულად არჩევის შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში, თუ ის პასუხობს ნაფიცი მსაჯულისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, არ აქვს ადგილი შეუთავსებლობას ან უარს არ განაცხადებს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლით[3].

კოდექსით გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და მხარეთა მიერ მათი გამორიცხვის საკმაოდ რთული და მოცულობითი სისტემა, რომლის მიზანია მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებელი კოლეგიის შერჩევა. ნაფიცი მსაჯულები, მხარეთა კამათის მოსმენის შემდეგ, სათათბირო ოთახში იღებენ გადაწყვეტილებას პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. გამამტყინებელი ვერდიქტისთვის საჭიროა ცხრა მსაჯულის ხმა. სხვა შემთხვევაში, პირი გამართლებულად უნდა იქნეს ცნობილი. ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, მოსამართლე, ცალკე გამართულ სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, მსჯავრდებულს შეურჩვს სასჯელს[3].

ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი არ საჩივრდება, ხოლო გამამტყუნებელი ვერდიქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ კასაციის წესით. როგორც ჩვეულებრივი სასამართლოს, ისე ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავა, ხოლო განაჩენის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას[3].

შინაარსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შედგება რვა კარის, ოცდაათი თავისა და სამას ოცდაცამეტი მუხლისგან.

კარი I

კოდექსის პირველი თავი ეხება სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობასა და პრინციპებს.

თავი I

კოდექსის პირველი თავი ეძღვნება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, მისი ამოცანებსა და მოქმედების სფეროს. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით[4].

თავი II

მეორე თავში მოცემულია სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადადგენილი წესით[5].

პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა[6].

გამოძიების პროცესში მხარეს არ აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება[7].

ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა[8].

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება[9].

სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლირება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლო უფლებამოსილია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. დასაშვებია სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა სასამართლოს მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით[10].

კარი II

კოდექსის მეორე კარი ეხება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს.

თავი III

მესამე თავი აწესრიგებს ნორმებს სასამართლოს შესახებ. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი[11].

თავი IV

მეოთხე თავი ეძღვნება პროკურორებსა და გამომძიებლებს. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. იგი კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას[12].

პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას იგი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში[13].

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები[14].

გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. იგი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორი აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებას ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება. კანონის შესაბამისად მის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსათვის[15].

თავი V

მეხუთე თავი აწესრიგებს ნორმებს ბრალდებულისა და ადვოკატის შესახებ. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, — ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, — ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, — ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაკავებისას ან დაპატიმრებისას შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად[16].

ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია — უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას[16].

ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, — მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული (მისი ახლო ნათესავი, სხვა პირი) და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე[17].

თავი VI

მეექვსე თავი ეხება მოწმეებსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებს. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს[18]:

რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

ვიკიციტატა
„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ.“

მოწმე უპასუხებს:

ვიკიციტატა
„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“

არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

ვიკიციტატა
„დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ.“

მოწმე უპასუხებს:

ვიკიციტატა
„ვფიცავ!“

თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

ვიკიციტატა
„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“

მოწმე უპასუხებს:

ვიკიციტატა
„დიახ, ვადასტურებ!“
თავი VII

მეშვიდე თავი ეძღვნება დაზარალებულს. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა[19].

თავი VIII

მერვე თავში მოცემულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები და აცილება.

თავი IX

მეცხრე თავი ეხება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს.

თავი X

მეათე თავი ეძღვნება მტკიცებულებას, მტკიცების საგანსა და პროცესს. ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას[20].

თავი XI

მეთერთმეტე თავი ეხება საპროცესო პასუხისმგებლობას სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა[21].

თავი XII

მეთორმეტე თავი ეხება საპროცესო ვადებსა და ხარჯებს. ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები[22].

საპროცესო ხარჯებს მიეკუთვნება[23]:

  • ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი;
  • ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
  • თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
  • მოწმის გამოცხადების ხარჯი;
  • ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;
  • ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი;
  • დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი;
  • ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი;
  • მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.
თავი XIII

მეცამეტე თავში მოცემულია შუამდომლობის, საჩივრისა და მათი განხილვის შესახებ ზოგადი წესები. მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე[24], ხოლო საჩივრით მხარეს უფლება აქვს, კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება[25]. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება[26].

კარი IV

მეოთხე კარი ეძღვნება გამოძიებას.

თავი XIV

მეთოთხმეტე თავში მოცემულია გამოძიების საფუძვლები. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში[27]. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს[28].

პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ[29].

თავი XV

მეთხუთმეტე თავი ეძღვნება საგამოძიებო მოქმედებებს. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები, გარდა კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ კოდექსით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში[30].

თავი XVI

მეთექვსმეტე თავი ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილია დანაშაული, და არსებული ინფორმაცია ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას[31].

თავი XVII

მეჩვიდმეტე თავი ეძღვნება სხვა საპროცესო მოქმედებებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინა თავებში. ამ თავში გათვალისწინებულია ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლები, საექსპერტო კვლევის ობიექტი, ნიმუშის აღება და აღების საფუძვლები, ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძვლები, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი და სხვ.

კარი V

მეხუთე კარში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა და საპროცესო შეთანხმება.

თავი XVIII

მეთვრამეტე თავი ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლებს, დაკავებასა და ბრალდებულად ცნობას. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა[32]. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი სასამართლოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან[33].

პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა[34].

დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად[35]. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე[36].

თავი XIX

მეცხრამეტე თავში მოცემულია სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებები. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს[37].

თავი XX

მეოცე თავი ეძღვნება ბრალდებულის პირველ წარდგენას სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებებს.

თავი XXI

ოცდამეერთე თავი ეხება საპროცესო შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა და ბრალეულობის ხარისხი. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც ბრალდებულს უზღუდავსუფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება[38].

კარი VI

მეექვსე კარი აწესრიგებს ნორმებს წინასასამართლო სხდომისა და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

თავი XXII

ოცდამეორე თავი ეხება წინასასამართლო სხდომას. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით. მოსამართლე აგრეთვე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას[39].

თავი XXIII

ოცდამესამე თავი აწესრიგებს სასამართლოში საქმის არსებით განხილვას. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად[40].

თავი XXIV

ოცდამეოთხე თავი ეძღვნება სასამართლო განაჩენის დადგენასა და განაჩენის აღსრულებას. სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით[41]. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს[42].

თავი XXV

ოცდამეხუთე თავი ეხება აპელაციას. სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას[43]. სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში[44]. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია[43].

თავი XXVI

ოცდამეექვე თავი ეხება კასაციას. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ:

  • არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს;
  • მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა;
  • გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს. ადვოკატს უფლება აქვს, შეიტანოს საკასაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი მის დაუსწრებლად იქნა გამოტანილი, უფლება აქვს, გაასაჩივროს განაჩენი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში[45].

უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს განსახილველად დაუშვებს, თუ[46]:

  • საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
  • სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
  • სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
თავი XXVII

ოცდამეშვიდე თავში მოცემულია ახლადაღმოჩემილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია[47].

კარი VII

მეშვიდე კარი ეძღვნება ცალკეული კატეგორიის საქმეთა წარმოებას.

თავი XXVIII

ოცდამერვე თავი ეხება პროცესს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულის საქმეზე. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესის განხორციელების წესი ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად[48]. არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, ასევე პედაგოგს უფლება აქვთ, დაესწრონ სასამართლო სხდომას ან საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს. თუ სასამართლო ან პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს ემსახურება, მას შეუძლია სავალდებულო წესით უზრუნველყოს მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის, ასევე პედაგოგის მონაწილეობა[49].

თავი XXIX

ოცდამეცხრე თავი ეძღვნება პროცესს იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ოცდამეცხრე თავის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს [სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მისუფლებამონაცვლეს). იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესისა და ოცდამეცხრე თავის შესაბამისად. იურიდიულ პირებზე კოდექსის ნორმები ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით[50].

კარი VIII

მერვე კარში მოცემულია გარდამავალი დებულებები.

თავი XXX

ოცდამეათე თავი ეხება დასკვნით და გარდამავალ დებულებებს. კოდექსი ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად აცხადებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, გამოიყენება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ[51]. 333-ე მუხლში მოცემულია კოდექსის ცალკეული ნაწილების ამოქმედების დრო.

ლიტერატურა

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

სტუდენტური პრეს კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.